ბაჩანა ტყემალაძე
(26.03.2023)

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, „მეორე ფრონტი" შესაძლოა ყარაბაღში გაიხსნას, სადაც ბოლო 24 საათში მნიშვნელოვნად დაიძაბა ვითარება აზერბაიჯანულ ნაწილებსა და რუსულ საშვიდობო კონტიგენტს შორის - ამის შესახებ „რეზონანსს" სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა რეგიონში შექმნილი ვითარების კომენტირებისას.

ვითარება 25 მარტს გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანულმა მხარემ ე.წ. ლაჩინის კორიდორში სტრატეგიული მაღლობი დაიკავა და სომხეთისა და ყარაბაღის გამაკავშირებელი შემოვლითი გზა გადაკეტა. ცნობისათვის, ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტს სომხხეთთან აკავშირების, 12 დეკემბრის შემდეგ ფაქტობრივად ბლოკირებულია, თუმცა აქამდე მიმოსვლა შემოვლითი გზით ხდებოდა. ახლა კი აზერბაიჯანულმა ნაწილებმა ეს შემოვლითი გზაც გადაკეტეს.

ადგილზე მობილიზებული არიან რუსი სამშიდობოები და ზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებას ცდილობენ.

„2023 წლის 25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების 1-ელი პუნქტის დარღვევით შუშას რეგიონში კონტაქტის ხაზი გადაკვეთა, 2 054,0 ნიშნულის სიმაღლე დაიკავა (სარიბაბას მთისგან 2.9 კმ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) და პოსტის საინჟინრო მოწყობა დაიწყო", - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

რუსული მხარე აზერბაიჯანელებისგან მოითხოვს, რომ დაუბრუნდნენ ძველ პოზიციებს და შეწყვიტონ ახალდაკავებულ ტერიტორიაზე სანჟინრო სამუშაოები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები ზომებს იღებენ, რათა არ დაუშვან დაპირისპირებული მხარეების მიერ ორმხრივი პროვოკაციები.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იარაღისა და საბრძოლო მასალების გადასროლის აღმოსაფხვრელად დაიწყეს კონტროლის სათანადო ზომების ამოქმედება.

ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთს ბოლო დღეების განმავლობაში ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დიდი რაოდენობით იარაღი გადააქვს ლაჩინის დერეფნის გვერდის ავლით, ხოლო 25 მარტს განხორციელებული ოპერაცია ამ მოქმედებების აღკვეთისთვის ჩატარდა.

ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შემოვლით გზებს არა იარაღის გადასაზიდად, არამედ სტეფანაკერტისა და შუშის რაიონის ოთხ თემს შორის გადაუდებელი კავშირისთვის იყენებდნენ.

ამის გარდა, აღსანიშნავია, რომ 24 მარტს, აზერბაიჯანი სომხეთს საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს როგორც საზღვარზე, ისე ყარაბაღის რაიონში, რაზეც საპასუხო ზომები მიიღეს.

ერევანი საკუთარი თავდაცვის უწყების მეშვეობით ბაქოს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და სროლის შესახებ ცნობებს ტყუილი უწოდა.

სამხედრო ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ სიტუაცია დაძაბულია როგორც სომხეთ-აზერბაიჯანს, ისე ირან-აზერბაიჯანს შორის, ამ ყველაფერმა კი შეიძლება რუსეთისთვის აზერბაიჯანთან მეორე ფრონტის გახსნა და ირან-რუსეთის ერთობლივი მოქმედებები გამოიწვიოს.

„აქ სომხეთ-აზერბაიჯანის გარდა იკვეთება ირან-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გაღვივების საფრთხეც, რადგან ირანის ისლამური რევოლუციის დაჯგუფება ირან-აზერბაიჯანის საზღვართან ახორციელებს სამხედრო ტექნიკის ინტენსიური კონცენტრაციას და იწყებს სამხედრო სწავლებებს. ასევე ისინი არღვევენ აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეს და სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს.

„ხოლო უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანს და რუსეთს რაც შეეხება, აქ შეიძლება რეალურად გაიხსნას მეორე ფრონტი და საკმაოდ რეალური სცენარია. საინტერესო კონფიგურაციას ვიღებთ და არ გამოვრიცხავ, რომ ირანმა და რუსეთმა ერთ მხარეს დაიწყონ ბრძოლა.

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს არავითარ შემთხვევაში არ აწყობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ასე არ მოხდეს. შეიძლება აქ ვაჭრობის ვარიანტიც დაიწყოს, რომ აზერბაიჯანმა რუსეთის სამშვიდობოებს აიძულოს, რომ თავიანთი მოვალეობა შეასრულონ.

„საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ ბოლოს რუსულ სამშვიდობოებში სერიოზული კორუფცია გამეფდა, რადგან კრემლმა ყურადღება მოადუნა თავის კავკასიურ შენაერთებზე და მთლიანად უკრაინაზეა კონცენტრირებული, სადაც ასევე დაძაბული სიტუაციაა. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი უარყოფით ფონს ქმნის. ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე