ბაჩანა ტყემალაძე
(28.03.2023)

რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს" გადადგამს. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ სომხეთს სჩვევია მსგავსი თამაშები კრემლთან და ეს პრემიერ ნიკო ფაშინიანის პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც მოსკოვის ინტერესებს ატარებს.

რუსული „რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთი სომხეთისგან მოითხოვს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, არ დაემორჩილოს. მათივე ცნობების თანახმად, თუ სომხეთის პარლამენტი შესაბამისი კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდება.

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, სომხეთის კავშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ პუტინს სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დააკავებენ, მაგრამ თუ ერევანი არ გაითვალისწინებს რუსეთის მოწოდებებს, მათზე დიდი ზეწოლა იქნება.

„ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ფაშინიანის თამაშების ნაწილია, რადგან მას სჩვევია კრემლთან მიმართებაში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.

„პირველ რიგში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი და ხელის მოწერა არ ნიშნავს იმას, რომ პუტინს სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დააკავებენ. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ერევანმა შეგნებულად მიიღო, რაც გამოწვეულია მოსკოვის ბოლო დროის ქმედებებიდან, ვგულისხმობ აზერბაიჯანის ინტერესების მეტად გათვალისწინებას, მასთან პარტნიორობას და ა.შ.

„მაინც მგონია, რომ ფაშინიანი გაატარებს რუსულ ინტერესებს, რადგან მოსკოვს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს სომხეთის წინააღმდეგ. მაგალითად, მათ შეუძლიათ ყარაბაღის ბლოკადაში მოქცევა, ან საერთოდაც სომხეთის მიმართ ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება. მით უმეტეს, მოგეხსენებათ, რომ სომხური ეკონომიკა ძლიერაა დამოკიდებული რუსულზე. ამის გარდა, პუტინს შეუძლია გაააქტიუროს რუსეთში მცხოვრები სომხები, რომლებსაც ძალიან დიდი გავლენა აქვთ ერევანზე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობის გამო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე