თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კრემლის მისამართით ტონი მკვეთრად შეარბილა - მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ „ნეგატიური დამოკიდებულება არასწორია", რუსეთი კი „ჩვეულებრივი ქვეყანა არაა". როგორც „რეზონანსთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, ამას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს, ერთი ყარაბაღის ამბები, მეორე კი ერდოღანის სურვილი, რომ თურქეთი ნავთობისა და მარცვლეულის საერთაშორისო ჰაბი გახდეს.
„ეს განცხადება ყარაბაღის ომისგანაც გამომდინარეობს, როგორც ჩანს, თურქეთი და რუსეთი ერთმანეთთან კავშირზე მიდიან. როგორც ჩანს უნდათ, რომ კავკასიის რეგიონში თავიანთი რეგიონალური უსაფრთხოების წესრიგი დაამყარონ და ამ კონტექსტში შეიძლება, რომ გარკვეული შეთანხმებები არსებობდეს, 3+3 ფორმატი შეიძლება გააქტიურდეს.
„მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ თურქეთს უნდა, რომ ნავთიბისა და ხორბლეულის საერთაშორისო ჰაბი გახდეს, ეს კი რუსეთის გარეშე არ გამოუვა. ევროკავშირმაც თურქეთს მკაცრი შფასება და გაფრთილება მისცა, რის შემდეგაც ერდოღანმა თქვა, რომ თუ ევროკავშირი ასე გვექცევა ჩვენ სხვა ალტერნატივაც გვაქვსო. ეს განცხადება ასეც უნდა გავიგოთ.
„ამ განცხადებაში შესაზლოა ის ქვეტექსტიც იკითხებოდეს, რომ ერდოღანი თურქეთის მიზნების მისაღწევად ყველა ხერს იყენებს და შესაძლოა პუტინის მოთაფვლის ერთ-ერთი გზაც იყოს, მაგრამ უფრო მგონია, რომ ეს განცხადება იმ პოლიტიკური განწყობის გამოვლენაა, რაც მოცემულ მომენტში, რუსეთისა და თურქეთის დღევანდელ ხელისუფლებას შორისაა. არ მგონია, რომ ერდოღანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის მთლიანად გაძევება აწყობდეს",-განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
მაისაია ფიქრობს, რომ ნატოსა და ევროკავშირის ამაზე არაფერი რეაგირება არ ექნება, რადგან „დასავლეთიც უკვე მიეჩვია ერდოღანისგან ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას".
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ იზიარებს ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერების აზრს ვლადიმერ პუტინის მიმართ „ნეგატიური დამოკიდებულების" შესახებ, - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"როგორც ლიდერებს, ასევე პრემიერ მინისტრებს (სხვა სახელმწიფოების) ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ პუტინის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იგივე დამოკიდებულება. არ ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება სწორია. რადგან რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა," - განაცხადა თურქეთის ლიდერმა, რომელსაც „ბლუმბერგი" ციტირებს.
მისი თქმით, რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, ამიტომ „ასეთი ქვეყნის იგნორირება შეუძლებელია. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან პოზიტიურად ურთიერთობას", - განაცხადა ერდოღანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე