თამთა ჩაჩანიძე
(27.11.2023)

14-15 დეკემბრის ევროკავშირის სამიტზე ოფიციალურად უნდა გადაწყდეს, მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველო და აუნთებენ თუ არა მწვანე შუქს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებისთვის უკრაინას და მოლდოვას. თუმცა, უკრაინის საკითხს თავად ევროკავშირში ჰყავს მოწინააღმდეგეები. პირველ რიგში, კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგება უნგრეთი. ასევე უკრაინის დაჩქარებული ინტეგრაციის წინააღმდეგია ავსტრიაც, თუკი ამის პარალელურად ბალკანეთის ქვეყნების შანსებიც არ გაიზრდება. ასევე ჯერჯერობით უცნობია როგორი იქნება იმ ქვეყნების პოზიცია, სადაც ახლახანს არჩევნებში მემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვეს - ნიდერლანდები და სლოვაკეთი. ომში მყოფ უკრაინისთვის კი ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებას ღიად მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება, რადგან ევროკომისიამ უნგრეთს პანდემიის შემდგომი ეკონომიკური სტიმულაციისთვის განკუთვნილი ფონდიდან თანხის გამოყოფა გაუყინა ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ამის გამო, თავის მხრივ, უნგრეთი ბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უკრაინთან მიმართებაში.

უნგრეთის აღდგენის განახლებული გეგმა რამდენიმე წლის განმავლობაში 10,4 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. 23 ნოემბერს კი ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამ მოლაპარაკებებს უკავშირდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 27 ნოემბრის ვიზიტი ბუდაპეშტში და ორბანთან შეხვედრა. როგორც კახა გოგოლაშვილი ამბობს, თუ ორბანმა ამის შემდეგაც გახმოვანებული პოზიცია არ გადათქვა, არაა გამორიცხული, რომ ევროკავშირმა სხვა ბერკეტიც გამოიყენოს -თავისი წესდების მე-7 მუხლი აამოქმედოს და უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას.

ვინაა წინააღმდეგი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს დასათანხმებლად, რომ სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით „დადებითი გადაწყვეტილება" იქნას მიღებული. სწორედ ამას უკავშირდება ორშაბათს მისი ვიზიტი ბუქარეტში.

მანამდე, გამოცემა „პოლიტიკოს" ცნობით, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა შარლ მიშელს წერილი მისწერა, სადაც უკრაინის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიის გადახედვაზეა საუბარი. გამოცემის ცნობით, ორბანი აცხადებს, რომ არ დაუშვებს უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას და ასევე მისთვის დახმარების გამოყოფას მანამ, სანამ ევროკავშირში არ გაიმართება გაღრმავებული დისკუსია ამ ქვეყნის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიის შესახებ. ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშრმა უნდა შეცვალოს მიდგომა უკრაინის კონფლიქტის მიმართ და უნდა არსებობდეს „გეგმა ბე".

გარდა ამისა, უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის უარის თქმის კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს - მიიჩნევს, რომ უკრაინაში უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებები ირღვევა, რადგან უნგრელებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება არ აქვთ და სანამ ეს არ იქნება გათვალისწინებული, ბუდაპეშტი უარს ამბობს დაუჭიროს მხარი უკრაინის სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა კი გასულ კვირას „ფაინენშალ თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშრმა არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა უკრაინას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით, როდესაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე იქნება მსჯელობა.

მისი თქმით, სტაბილურობის განმტკიცება საჭიროა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპაში და უკრაინა და ბოსნია ჰერცოგოვინა ევროკავშირის ორბიტაზე ერთ დონეზე უნდა იყვნენ, რათა რუსეთის გავლენებს დაუპირისპირდნენ. შალენბერგი აცხადებს, რომ ეს იქნება „გეოსტრატეგიული კატასტროფა", თუ ევროკომისია „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს გამადიდებელი შუშით შეხედავს, ხოლო უკრაინას - ვარდისფერი სათვალით". იგი მიუღებლად მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ზოგისთვის დაჩქარებული წესით იყოს, ზოგისთვის კი - ჩვეულებრივი.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ავსტრია უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე ვეტოს დადებას, თუ ბოსნია ჰერცოგოვინას მოლაპარაკებებისთვის ასევე მწვანე შუქს არ აუნთებენ, შალენბერგმა თქვა, რომ დისკუსიები „უკვე მიდის სწორი მიმართულებით".

„ძალიან მწვავე დებატები იქნება და ჩვენ გვინდა, რომ გეოსტრატეგიული მიზეზების გამო სიგნალები ორივე მიმართულებით იყოს ერთი და იგივე", - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სალენბერგი ევროკავშირის გაფართოების ძლიერი მხარდაჭერია, მიაჩნია, რომ ევრპოკავშირს ახლა განსხვავებული მიდგომა სჭირდება, ვიდრე გაფართოების წინა ტალღების დროს 2004, 2007 და 2013 წლებში იყო. ამბობს, რომ თუ ძველი მიდგომა შენარჩუნდა, „უკრაინა ალბათ მისი (ევროკავშირის) ნაწილი ვერასდროს გახდება".

გარდა ამისა, ორიოდე კვირის წინ ნიდერლანდებში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც პირველი ადგილი დაიკავა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ძალამ, რომლის ლიდერი გერტ ვილდერსია. იგი ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ კურსს უჭერს მხარს და უკრაინის დახმარების წინააღმდეგია.

მანამდე, 30 სექტემბერს, სლოვაკეთში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა მემარცხენე პარტიამ „კურსი - სლოვაკური სოციალ-დემოკრატია". მისი ლიდერი რობერტ ფიცო უკვე ორჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ის ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.

აუნთებენ თუ არა უკრაინას მწვანე შუქს

„რონდელიდ ფონდის" ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიუხედავად ორბანის ღია წინააღმდეგობისა, ევროკავშირს აქვს ბერკეტი, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი არ შეფერხდეს. მისივე თქმით, ბალკანეთის ქვეყნებს მოლაპარაკებებზე მწვანე შუქი უკვე აქვს და ამიტომაც ავსტრიას უკრაინის დაბლოკვის მიზეზი აღარ ექნება. ნიდერლანდებში არჩევნები ახლა ჩატარდა და ჯერ ახალი მთავრობა არაა ჩამოყალიბებული, რაც შეეხება სლოვაკეთს, გოგოლაშვილის თქმით, ვეტოს დადებას დიდი ალბათობით ვერ გარისკავს.

„ერთადერთი ორბანია, რომელმაც განაცხადა, რომ შეიძლება დავბლოკოო, მაგრამ მას თავისი საკითხი აქვს - ანუ ევროკომისიის დახმარება უნგრეთს დიდი ხანია შეჩერებული აქვს. ბიუჯეტიდან გადარიცხვები, რომელიც ძირითადად ევროპის სტრუქტურული ფონდებიდან გამოდის, ნაწილობრივ შეიძლება გაუხსნან. ათ მილიარდზეა საუბარი, რომელიც შეჩერებულია იმის გამო, რომ გარკვეული პირობები აქვს დათქმული, ისევე, როგორც ჩვენ დაგვისვეს პირობები კანდიდატის სტატუსზე, ისე უნგრეთს უსვამენ პირობებს, რომ მრავალმილიარდიანი დახმარება მიიღოს. ამასთან დაკავშირებით ასეთ ზეწოლას აწარმოებს.

„არის მეორე საკითხიც, რომელიც უკრაინისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - ევროკავშირიდან დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს როგორც სამხედრო, ისე ყველა სახის დახმარებას, მათ შორის ჰუმანიტარულს და ა.შ. აქაც კი იმუქრება ორბანი - სანამ ჩემს საკითხს არ გადაწყვეტთ, მე ხელს არ მოვაწერო.

„ასეთი მცდელობები არის, მაგრამ, რადგანაც ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ამ დიდი ათმილიარდიანი დახმარების 20% მისცეს, ალბათ უნგრეთი დათანხმდება. ვაჭრობაში ასეთი შეფასება იკვეთება, რომ დაპირებული თანხების 20%-ს მისცემენ, სამაგიეროდ კი უნგრეთი არ დაბლოკავს არც უკრაინის დახმარებას და არც მოლაპარაკების დაწყების საკითხს.

„ბალკანეთის ქვეყნებს მოლაპარაკებებზე პრინციპში მწვანე აქვთ ანთებული. უბრალოდ გარკვეული პირობები დაუსვეს, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. მაგალითად, ბოსნიასთან არის პირობები, რომელიც მოლაპარაკების დაწყებამდე უნდა შეასრულონ და არ მგონია ახლა ეს საკითხი ასე აქტუალური იყოს. ავსტრიას ეს პოზიცია ჰქონდა და ევროკომისიაზე ზეწოლას ახორციელებდა მანამდე, სანამ დასკვნა დაიდებოდა, მაგრამ ევროკომისიამ ბოსნიასთან დაკავშირებითღ დასკვნა დადო, რომ მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას აძლევს, მაგრამ ამავე დროს სთხოვენ დამატებითი პირობები შეასრულოს. ასე რომ, მემგონი ავსტრიაზეც შეფერხება არ იქნება.

„ნიდერლანდებში მთავრობა ფორმირებული არაა და მხოლოდ ერთი პარტია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება სლოვაკეთს, კი მოვიდნენ იმ უმრავლესობით, რომ მთავრობის ფორმირებაც შეუძლიათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ვერ გაბედავენ დაბლოკვას, რადგან სლოვაკეთს ევროკავშირის მხრიდან ჯერჯერობით შენიშნვნები არ აქვს, მაგრამ შესაძლოა ძალიან მალე გაუჩნდეს ისეთივე, როგორიც უნგრეთის მიმართაა - ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. თუ სლოვაკეთი უნგრეთივით გადაწყვეტილებების დაბლოკვას დაიწყებს, შესაძლოა უნგრეთის დღეში ჩავარდეს", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ორბანმა ამის შემდეგაც გახმოვანებული პოზიცია არ გადათქვა, არაა გამორიცხული, რომ ევროკავშირმა მეშვიდე მუხლი აამოქმედოს და უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას.

„უნგრეთს ევროპარლამენტი საერთოდაც დაემუქრა, რომ საჭიროა მეშვიდე მუხლის ამოქმედება. უნგრეთს საერთოდაც შეუჩერდეს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება, შესაძლოა საქმე აქამდეც მივიდეს, რადგან ქვეყანას შესრულებული არ აქვს ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი მოთხოვნა, რომელიც ევროკომისიამ შეაფასა და დაწერა, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერია გაკეთებული.

„ევროპარლამენტმა რეზოლუციაშიც დაწერა და სრულიად ლეგიტიმური იქნება, რომ უნგრეთს ხმის უფლება საერთოდ შეუჩერდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირი საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს მაინც მიიღებს, ოღონდ ამ შემთხვევაში უნგრეთის გარეშე. მეშვიდე მუხლს თუ აამოქმედებენ, ევროკავშირი უნგრეთს (ხმების) 4/5-ით ხმის უფლებას ისე შეუჩერებენ, რომ მას აღარ დაეკითხებიან", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე