თამთა ჩაჩანიძე
(01.11.2024)

რუსეთ-უკრაინის ომში ოფიციალურად უკვე მესამე ქვეყანაც ერთვება, ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ რუსების სასარგებლოდ იბრძოლებენ უკრაინის წინააღმდეგ. ოფიციალურმა კიევმა კი არ გამორიცხა, რომ მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩრდილოკორეელი ლიდერის კიმ ჩენ ინის დაპატიმრების ორდენის გაცემის თაობაზე.

დასავლური მედია წერს. რომ აშშ სთხოვს ჩინეთს, რათა მან ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა უკრაინაში ჯარების გაგზავნისგან გადაარწმუნოს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე უკრაინა-რუსეთის ომში ოფიციალურად ერთვება და არაა გამორიცხული, რომ ამის საპირწონედ სამხრეთ კორეამ მიაწოდოს ინტენსიურად შესაბამისი ამუნიცია უკრაინას.

"ჩრდილო კორეის შეიარაღებული ძალები წარმოდგენილია მეცხრე საარმიო კორპუსით, ესაა სპეციალური დანიშნულებისა და სპეციალური მართვის ცენტრი, სადაც 50 ათასამდე სპეციალური დანიშნულების კვალიფიციური მებრძოლია, ოღონდ მათ შეიარაღება ჩრდილოკორეული აქვთ. რუსებმა შესთავაზეს, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ მანევრირებადი ბრძოლების სიღრმისეულ და დივერსიულ ოპერაციებში. უკრაინელები კოტრდივერსიულ ოპერაციებს საკმაოდ კარგად ახორციელებენ, ამის საწინააღმდეგოდ რუსებს რესურსები არ ჰყოფნიდათ და ჩრდილოკორეელები გადაისროლეს.

"ომში მესამე ქვეყანა ოფიციალურად ერთვება. ერთის მხრივ, სამხედრო-პოლიტიკური სამმხრივი ალიანსია ჩრდილოეთ კორეა-რუსეთ-ირანს შორის და მეორეს მხრივ, რუსეთმა და ჩრდილო კორეამ გააფორმეს სპეციალური სტრატეგიული ხელშეკრულება - თავდაუსხმელობის პაქტი. ეს ხელშეკრულება დაიდო ამა წლის ზაფხულში და მისი რატიფიცირება ახლახანს მოხდა.

"ეს ვარიანტი ჩრდილოეთ კორეას აწყობს,რაც აძლევს საშუალებას, რომ მათმა მებრძოლებმა საბრძოლო გამოცდილება მიიღონ რეალურ პირობებში. ასევე მათ მიეცემათ თანამედროვე შეიარაღებასთან უშუალო შეხება, ამასთან ექნებათ სერიოზული ფინანსური მოტივაცია, ჩრდილოკორეელ თითო ჯარისკაცში რუსები 2-დან 5 ათას დოლარამდე აძლევენ თვეში, სტაჟს გააჩნია - ეს მათთვის არის ძალიან დიდი ანაზღაურება. ეს თანხა პუტინის რეჟიმისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ დიდი ფინანსებია ჩრდილოკორეელებისთვის.

"საკმაოდ სერიოზული ძალაა, ესენი არიან დიდი რაოდენობით დივერსანტები. როგორც ვიცი, ისინი ჯერ კურსკსში არიან ჩართულები და როგორც ჩანს, დონბასშიც გადაისვრიან. პირველი მსხვერპლი უკვე არის, ბოლო მონაცემებით 38 ჩრდილოკორეელია მოკლული და ასზე მეტი დაჭრილი.

"ამის საპასუხოდ უკრაინა ზომებს მიიღებს, არაა გამორიცხული სამხრეთ კორეა ჩაერთოს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად მიაწოდოს საჭირო ამუნიცია, რომ ჩრდილოკორეულ საფრთხეს გაუკეთონ ნეიტრალიზაცია. სხვა რა ზომებს მიიღებენ, ალბათ უკვე ადგილზე გამოჩნდება.", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა უკრაინამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართოს კიმ ჩენ ინის დაპატიმრების ორდენის გაცემის თაობაზე.

„გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც ჩრდილოეთ კორეის არმია გამოყენებული იქნება უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ. მაგრამ თუ სამხრეთ კორეა მხარს დაუჭერს ჩვენს შესაბამის ნაბიჯებს, ვფიქრობ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩო სონ ჰუიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის გვერდით იდგება, სანამ მოსკოვი უკრაინაში არ "გაიმარჯვებს".

"ვიმეორებთ, რომ [რუსეთის უკრაინაში] გამარჯვების დღემდე, ჩვენ ყოველთვის მტკიცედ ვიდგებით რუსი ამხანაგების გვერდით". - თქვა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"აშშ-ის ხელისუფლება სთხოვს ჩინეთს, რათა მან ზემოქმედება მოახდინოს ჩრდილოეთ კორეაზე, რომ მან საკუთარი საჯარისო შენაერთები რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად არ გააგზავნოს", - წერს "ნიუ იორკ თაიმსი".

გამოცემის მტკიცებით, აშშ-ის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ჩინეთი შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის უსაფრთხოების სფეროში მზარდი პარტნიორობით.

აშშ-ს სახელწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთში 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 000 კურსკის ოლქში.

ბლინკენის თქმით, რუსეთი წვრთნის ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს არტილერიის, უპილოტო საფრენ აპარატების გამოყენებასა და ძირითად ქვეით ოპერაციებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სრულად აპირებენ გამოიყენონ ისინი წინა ხაზის ოპერაციებში.

„ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები, თუ ბრძოლის ველზე. შევლენ. ჩვენ ჯერ არ გვინახავს ეს ჯარები უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში განლაგებული, მაგრამ მოველით, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება", - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების უკრაინის წინააღმდეგ "ხორცსაკეპ მანქანა" ომში გამოყენება "სისუსტის აშკარა ნიშანია".

„არსებობს მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ რუსეთში წვრთნებისთვის დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი გაგზავნა და ჯარისკაცების ნაწილი უკვე უკრაინასთან ახლოს გადაადგილდა", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მისივე თქმით, შეშფოთებულია, რომ კრემლი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების კურსკის ოლქში გამოყენებას გეგმავს.

„პუტინი უკრაინაში გამარჯვებას ჩრდილოეთ კორეის დახმარებითაც კი ვერ მიაღწევს, მაგრამ ეს ღრმად შემაშფოთებელი მოვლენების განვითარება, სამხრეთ კორეასთან და სხვა მოკავშირეებთან ჩვენი ალიანსის მნიშვნელობას ხაზს უსვამს", - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე