ნატალია ჯვარიძე
(12.02.2025)

ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ამერიკულ დახმარებას შეაჩერებს, ევროპა შექმნილი სივრცის შევსებას ვერ შეძლებს.

„არის ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა ამერიკელების გარეშე, და ყოველთვის ვამბობ, რომ არა. ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები არაა...

მათ, ვინც უკრაინის გადარჩენაში გვეხმარება, (შანსი ექნებათ) მოახდინონ მისი რესტავრაცია, თავისი ბიზნესებით უკრაინულ ბიზნესთან ერთად. ამ ყველაფერზე მზად ვართ დეტალურად ვისაუბროთ",- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელიც 14 თებერვალს იხსნება და მასზე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსთან შეხვედრას გეგმავს. ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრებთან შეხვედრებს გეგმავს, ისევე როგორც ამერიკელ სენატორებთან, თუმცა თავად ტრამპთან შეხვედრისთვის „თარიღი ჯერ არ არის".

ამასთან, გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ის სავარაუდოდ, ზელენსკის შეხვდებოდა. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გუნდები შეერთებულ შტატებში შეხვედრების თარიღსა და გეგმას შეათანხმებენ; როგორც კი შეთანხმდება, მზად ვართ, მზად ვარ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ევროპის უსაფრთხოება ამერიკის სამხედრო ძალაზეა დამოკიდებული.

„სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ ევროპის უსაფრთხოება დიდი ხანია იყო, არის და ახლო მომავალშიც დამოკიდებული იქნება ამერიკის სამხედრო ძალაზე. ის შეუჩერებელი მოწოდებები ვაშინგტონიდან, რომ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს ჯერჯერობით პრაქტიკაში ნაკლებად ჩანს.

გარკვეულმა სახელმწიფოებმა კი გადადეს საკუთარი დაფინანსება ევრობლოკში, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ამავე დროს, ჩვენ გვესმის ტრამპის განცხადება, რომ თუ მას წვდომა ექნება უკრაინის სასარგებლო წიაღისეულზე და ამისთვის მზად არის, ის უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას. ფაქტია, რომ ამ სასარგებლო წიაღისეულზე საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებია, რომ თუ რომელ ტერიტორიაზეა ეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუ მის სიახლოვეს.

„თუმცა, ეს ყველაფერი, რომ შევაჯამოთ, გამოდის ახლა აუქციონია უკრაინის წიაღისეულზე, თუ ვინ უფრო მეტს ჩადებს, ის იქნება უკრაინის დამცველი? და სად არის აქ ევროკავშირში და ნატოში ევროინტეგრაცია?

გუშინ კიდევ უფრო შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო, როცა ზელენსკიმ თქვა, რომ ის მზადაა პუტინთან დაჯდეს და ტერიტორიების გაცვლაზე მოლაპარაკება აწარმოოს. ამ ყველაფერს ემატება, რომ ტრამპი ეკონომიკურად დაპირისპირებულია ევროპასთან, სატარიფო სავაჭრო პოლიტიკით. რასაკვირველია, ეს სიტუაციას ართულებს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტერის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ევროპას შეუძლია უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, თუმცა, მისივე თქმით, ამერიკის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება.

„ევროპას უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები, რომ მისცეს, გარკვეულწილად შეუძლია, რადგან საფრანგეთს, დიდი ბრიტანეთს სამხედრო პოტენციალი საკმაოდ მაღალია. თუმცაღა ეს საკმარისი ვერ იქნება, რადგან ვიცით, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯების დაახლოებით 70% მოდის ამერიკის წილად.

ამერიკა თავდაცვაზე ყოველწლიურად 850 მილიარდ დოლაზე მეტ თანხას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის სრულყოფილი დახმარება იქნება, თუ ამერიკა ამ მიმართულებით ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმუშავებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე