აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შესაძლოა გლობალური მასშტაბის ძვრების მიზეზი გახდეს. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმდა, რომ შესაბამისმა გუნდებმა „დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები" რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. მხარეები კონტაქტების გაგრძელებასა და შეხვედრის ორგანიზების შესახებ შეთანხმდნენ.
როგორც სატელეფონი საუბრის მეორე დღით კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინმა და ტრამპმა თანაშემწეებს უკვე დაავალეს, რომ შეხვედრაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყონ.
პუტინთან კომუნიკაციიდან რამდენიმე წუთში ტრამპი ვოლოდიმირ ზელანსკისაც ესაუბრა ტელეფონით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა მას საუბრის დეტალები გაუზიარა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ერთად „ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად" შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.
როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარმა საერთაშორისო დონეზე გავლენა იქონია, იკვეთება, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ინდიკაციები, ამბობს, რომ „საერთაშორისო ბირჟებზე წამყვარი რუსული კომპანიების ფასი 8%-ით გაიზარდა".
ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ოთხი წლით მაინც წერტილი დაესვა. თუმცა მაისაია დასძენს, რომ რუსებმა ფრონტზე ვერ შეასრულეს სტრატეგიული ამოცანები და პუტინს ამ მოცემულობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა არ აწყობს. მისი თქმით, ომი შეიძლება კვლავაც გაჭიანურდეს.
ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარს მალევე ევროპა გამოეხმაურა. საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, ნათქვამია, რომ საერთო მიზანი უკრაინის ძლიერ პოზიციაში დაყენება უნდა გახდეს; გარდა ამისა, ევროპა და უკრაინა ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყოს.
„მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რუსეთის აგრესიული ომის ფონზე ვიღებთ ვალდებულებას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიარებთ მიზანს, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევამდე", - აღნიშნულია განცხადებაში.
მინისტრები ასევე აცხადებენ, რომ უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები და რომ უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა ძლიერი ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაპირობაა.
„შეგახსენებთ, რომ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ამიტომ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად," - აღნიშნულია განცხადებაში.
რაზე ისაუბრეს აშშ, უკრაინა რუსეთის პრეზიდენტებმა
პუტინთან საუბრის შესახებ ინფორმაცია თავად ტრამპმა გაასაჯაროვა. „გრძელი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. განვიხილეთ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის ძალა, და რამდენიმე სხვა საგანი...
„შევთანხმდით ერთად მუშაობაზე, ძალიან ახლოს, მათ შორის ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებზე. ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენმა შესაბამისმა გუნდებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები, დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ზარით, რათა საუბარის შესახებ შევატყობინოთ, რასაც ახლავე გავაკეთებ.
„მივმართე სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორ ჯონ რეტკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ მაიკლ უილცსა და ელჩსა და სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უილტკოფს, რომ გაუძღვენ მოლაპარაკებებს, რომლებიც, ძალიან მჯერა, რომ წარმატებული იქნება", - წერს ტრამპი.
რაც შეეხება ტრამპი-ზელენსკის საუბრის შინაარსს, ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა.
„შინაარსიანი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. დიდხანს ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე მშვიდობის მისაღწევად, განვიხილეთ გუნდების დონეზე ერთად მუშაობის ჩვენი მზაობა, უკრაინის ტექნოლოგიური შესაძლებლობები - მათ შორის დრონები და სხვა მოწინავე ინდუსტრიები. მადლობელი ვარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისი ინტერესისთვის იმაში, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად.
„ასევე ვისაუბრეთ სკოტ ბესენტთან [აშშ-ის სახაზინო მდივანი] ჩემს დისკუსიაზე და უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რესურსების პარტნიორობაზე ახალი დოკუმენტის მომზადებაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები.
„უკრაინაზე მეტად არავის სურს მშვიდობა. შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ვხაზავთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ხანგრძლივი, სანდო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მოდით გავაკეთოთ ეს. შევთანხმდით შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზე და მომავალი შეხვედრების დაგეგმვაზე", - წერს ზელენსკი.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გაკეთდება ახალი განცხადებები ნატო-ს მეშვეობით უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.
„ჩვენ გვსურს ვიხილოთ გრძელვადიანი მშვიდობა და არა კონფლიქტისა და აგრესიის დაბრუნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საფრთხედ უკრაინის მიღმაც რჩება", - აღნიშნა ჯონ ჰილიმ.
„აშშ-ის მცდელობები უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ ღალატი არ არის", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ნატო-ს წინაშე „წარმოუდგენელი ვალდებულება" აიღო და რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს აშშ-ზე მეტი ვალდებულება უკრაინის მიმართ. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვისაც მშვიდობის დასამყარებლად მხარეების მოწვევა შეუძლია.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მხარეები ერთად მოიწვიოს მშვიდობის დასამყარებლად", - აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.
რა პერსპექტივა აქვს სამშვიდობო პროცესის დაწყებას
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პუტინი ამ მოცემულობით სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დაჯდეს, თუმცა სატელეფონო საუბარმა რუსეთ-უკრაინის ომში გარკვეული გადრატეხა შეიტანა.
„ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარმა გარკვეულწილად საერთაშორისო დონეზე იქონია გავლენა. უკვე ეკონომიკური ინდიკაციებია, საერთაშორისო ბირჟებზე რუსული წამყვანი კომპანიების აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა, ასევე ხელი შეუწყო რუბლის სტაბილიზაციას ბოლო კურსთან მიმართებაში. საუბრის თემას რაც შეეხება, პირველ რიგში რუსი კიბერჯაშუში ამერიკელ დიპლომატზე გაცვალეს. რუსი ჯაშუში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო ჩართული, იყო კიბერთავდასხმების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია. ასეთი დანაშაულის მქონე პირი წესით არ უნდა გაეცვალათ.
„მეორე მომენტი ისაა, რომ ტრმპი და პუტინი საუდის არაბეთში შეხვდებიან, ეს ნიშნავს, რომ როგორც ჩანს ტრამპი თანახმაა, რუსეთთან დეტანტის პოლიტიკა დაიწყოს, როგორიც იყო კენედისა და ხრუშჩოვის პერიოდში, რამაც მერე საერიოზული დაპირისპირება და არასასურველი პროცესები გამოიწვია საერთაშორისო დონეზე. ასევე საინტერესო მონენტია, როცა უკრაინის თემასთან ერთად, ირანის ბირთვულ პროგრამას შეეხენ.
„ამერიკის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი რამშტაინის შეხვედრაზე ჩავიდა, რომელსაც პირველად ამ შეხვედრას მეთაურობს არა ამერიკის, არამედ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი. ამერიკამ ევროპას მოსთხოვა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი 5%-მდე უნდა ავიდეს. თავად ჰეგსეტმა ნატოსთან მიმართებაში ძალიან ქარაგმით ისაუბრა, რითაც ფაქტიურად ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას წერტილი დაესვა, უახლოესი ოთხი წელი მაინც. თუმცაღა ეს კარდინალურად ეწინააღმდეგება ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების პოზიციას, განსაკუთრებით წინააღმდეგი არიან საფრანგეთი და ბრიტანეთი. ამერიკის მხრიდან 4 წელი მაინც უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ალბათ არ დაისმება. ეს არცთუ ისე კარგია.
„ტრამპმა და თავდაცვის ახალ მდივანმაც თქვეს, რომ უკრაინელები ვერ დაიბრუნებენ 2014 წლამდე არსებულ ტერიტორიას. ამის საფუძველი შეიძლება ის იყოს, რომ უკრაინის შეირაღებული ძალები არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში არიან და გეოსტრატეგიული კუთხით ამ ტერიტორიების დაბრუნება ცოტა რთული ამოცანაა. ტრამპის ადმინისტრაცია პლიუს იმასაც ითვალისწინებს, რომ რუსეთმა წარუმატებელი საომარი კამპანიებიდან დასკვნები გამოიტანა და გადაიარაღება დაიწყო, შექმნა დამატებით ორი არმია, ხუთი დივიზია და 26 ბრიგადა და აპირებს, რომ მილიონნახევრამდე გაზარდოს მობილიზებულთა რიცხვი.
„ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა კურსკის გათავისუფლების სანაცვლოდ უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნოს. ამერიკელები უკრაინას აწვებიან, რომ კურსკი დატოვოს, თუმცა აქ მთავარია მოლაპარაკებები როგორ წავა. უკრაინაში ამერიკის ახალი ფინანსთა მინისტრია ჩასული, რომელიც ათანხმებს ახალი დახმარების პაკეტის სანაცვლოდ იმ ახალი სამრეწველო და წიაღისეულის ნუსხას, რომელიც უკრაინელებმა ამერიკელებს უნდა გადასცენ.
„პუტინს კურსკის ოკუპირებული ტერიტორიები ერთის მხრივ აწყობს კიდეც, რადგან მობილიზაცია უფრო გაუიოლდეს და ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება შექმნას. პუტინი და ტრამპი ალბათ მარტში შეხვდებიან, აქ უკვე ჩაერთო სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი, რომელინ მიუნხენის კონფერენციაზე წარადგენს ახალ სამშვიდობო ინიციატივას.
„რუსებმა ვერ შეასრულეს ის სამხედრო-სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მყარად დასხდნენ, ოთხი რეგიონის ოკუპაცია ვერ განხორციელდა, ასევე ოდესა-ნიკოლაევზე ვერ გავიდნენ და ამ მომენტისთვის შესაძლოა რუსეთისთვის მომგებიანი არ იყოს მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომა.ეს კი გაჭიანურებულ სამხედრო ოპერაციებზე მიგვითითებს.
„ამასთან, პუტინის შიდა რეიტინგი 8-9%-ით დაეცა და ამ მოცემულობით ომის დასრულება მას არ აწყობს. არ ვიცი ტრამპის მიწოლა რამდენად საკმარისი აღმოჩნდება ომის დასრულებისთვის. თან საინტერესოა სამშვიდობო მონიტორინგი უკრაინაში ვისი ეგიდით განხორციელდება, ეს არც აშშ-სა და არც ნატოს ეგიდით არ იქნება და ევროკავშირის სამშვიდობო მისია საკარისი არა. რესურსი ბრიტანეთს გააჩნია, მაგრამ რა და როგორ იქნება, ჯერ უცნობია. თანაც, სამშვიდობო მისია ჩვენთან არაა ეფექტური და უკრაინის 1500 კმ-იან ფონტზე იქნება ეფექტური და ამას გააკონტროლებენ? ესაა სერიოზული გამოწვევა და მე ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ არც უშუალოდ მხარეები- უკრაინა-რუსეთი და არც მესამე ძალის წარმომადგენლები უბრალოდ არ არიან მოლაპარაკებებისთვის და ომის დასრულებისთვის მზად. ის ნაბიჯი, რაც ტრამპმა გადადგა, წინასაარჩევნი დაპირება იყო ამით გაიმარჯვა კიდეც. ახლა იტყვის, რომ მე შევეცადე, ყველაფერს ხელი შევუწყე და ახლა თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მე რა შუაში ვარო.
„არ მგონია პუტინს და ტრამპს ერთმანეთისთვის მიცემული პირობის სჯეროდეთ, ადრე თუ აშშ-რუსეთს შორის პარტნიონული ურთიერთობა ისევ იყო შენარჩუნებული, ახლა ისინი მოწინააღმდეგეები არიან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე