მარიამ ვეკუა
(20.03.2025)

თურქეთში პროტესტი მასშტაბურ სახეს იღებს - პოლიციამ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი დააკავა. ათიათასობით ადამიანი ქუჩაში ქერემ იმამღლუს გათავისუფლებას ითხოვს. სტუდენტებმა ბარიკადების გარღვევა მოახერხეს და უნივერსიტეტების კამპუსები დაიკავეს. პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ სტამბოლის მერი, პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავა.

ეკრემ იმამოღლუ, რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან, განიხილება, როგორც პრეზიდენტ ერდოღანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური კონკურენტი. პროკურორები მას კორუფციასა და ტერორისტული ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებენ და ბრალს „კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერობაში" სდებენ.

პოლიციამ გამოძიების ფარგლებში 100 ადამიანი დააკავა - მათ შორის სხვა პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები, ხოლო სტამბოლის გუბერნატორმა ქალაქში ოთხდღიანი შეზღუდვა დააწესა.

იმამოღლუმ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა: "ხალხის ნების ჩახშობა შეუძლებელია"

მომიტინგეებმა ქუჩები, უნივერსიტეტის კამპუსები და მიწისქვეშა სადგურები დაიკავეს, სადაც ხალხი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდა.

„ეს არის საზოგადოების აღშფოთების უკიდურესი წერტილი, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა," - წერენ ადგილობრივი გამოცემები.

თურქეთის უდიდეს ქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც დაფიქსირდა. სააგენტო "როიტერზის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია სტამბოლის უნივერსიტეტის გარეთ ხალხის დასაშლელად წიწაკის სპრეის იყენებს.

ათასობით ადამიანი სიცივეში მერიის წინ შეიკრიბა - შეძახილებით: "ერდოღან, დიქტატორო!" "იმამოღლუ, შენ მარტო არ ხარ!"

ოთხდღიანი შეზღუდვის ფარგლებში მთავრობამ თურქეთის უდიდეს ქალაქში საზოგადოებრივი შეკრებები აკრძალა. მაგრამ მოსალოდნელია უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით, რადგან ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის იმამოღლუს ცოლი, ხალხს „ხმის ამაღლებისკენ" მოუწოდებენ.

სტამბოლის მრავალ ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია, ხოლო მეტროს ზოგიერთმა ხაზმა მომსახურება გააუქმა.

სოციალური მედიის ვიდეოში, რომელიც იმამოღლუმ დაკავებამდე გაავრცელა, ამბობს, რომ სახლის მიმდებარე პოლიციაა მობილიზებული და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქი ხალხისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

დაკავების შემდეგ "იქსზე" მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ თურქი ხალხი „ტყუილს, შეთქმულებებსა და ხაფანგს" შესაბამისად უპასუხებს.

ამის პარალელურად მთავრობამ მკაცრად შეზღუდა წვდომა სოციალურ მედია საიტებზე, როგორიცაა „იქსი", იუთუბი, ინსტაგრამი და ტიკ-ტოკი.

„გადატრიალება მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ"

დაკავებების სერია, რომლის სამიზნეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები თუ გასართობი ინდუსტრიის მოღვაწეები არიან, თურქეთში ბოლო რამდენიმე თვიეა აქტიურად მიმდინარეობს.

სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ, ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ შეშფოთება თურქეთის ავტოკრატული მმართველობის გამო სოციალურ მედიაში გამძაფრდა, ზოგი ოპოზიციას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს და ამტკიცებს, რომ სამართლიანი და დემოკრატიული კენჭისყრა აღარ არის შესაძლებელი.

იმამოღლუს პარტიამ დაგმო დაპატიმრებების სერია და მისი დაპატიმრება მოიხსენიეს, როგორც „გადატრიალება მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ", რასაც ოპოზიიციის ელექტორატისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა გააკრიტიკა ისინი, ვინც დაპატიმრებების სერიას პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევენ.

ილმაზ თუნჩმა თქვა, რომ „უკიდურესად საშიში და არასწორია" ვარაუდი, რომ ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი და იფიცება, რომ თურქეთში კანონზე მაღლა არავინ დგას.

ერდოღანმა და მისმა პარტიამ ასევე უარყვეს პრეტენზიები და ამტკიცებენ, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი ხელისუფლებაში 22 წელია იმყოფება.

გასულ წელს იმამოღლუმ სტამბოლის მერი გახდა, როცა მისმა პარტიამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში.

ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მისი პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით არ ლიდერობდა. ეს არჩევნები თურქეთის პრეზიდენტისთვის დიდი დარტყმა იყო.

ათობით პოლიციელი მონაწილეობდა სტამბოლში, იმამოღლუს სახლის დარბევაში.

რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა, რომელშიც იმამოღლუ ერთადერთი კანდიდატია, კვირას გაიმართება.

იმამოღლუს დაპატიმრება მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც სტამბოლის უნივერსიტეტმა მისი დიპლომი სავარაუდო „დარღვევების" გამო გააუქმა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შესვლის შემთხვევაში იმამოღლუს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ხელს შეუშლის. თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული უმაღლესი განათლება თანამდებობის დასაკავებლად.

იმამოღლუმ ამ ნაბიჯს უწოდა „სამართლებრივად უსაფუძვლო" და დასძინა, რომ უნივერსიტეტები „უნდა დარჩეს დამოუკიდებელი, თავისუფალი პოლიტიკური ჩარევისგან და და მხოლოდ ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული".

საპრეზიდენტო არჩევნები ამჟამად 2028 წელს არის დაგეგმილი. ერდოღანი ამჟამად კვლავ ვერ იყრის კენჭს, რადგან ის თავის მეორე ვადაშია და მანამდე პრემიერ-მინისტრი იყო.

ერთადერთი გზა, რითაც ერდოღანს შეუძლია კიდევ ერთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, იქნება კონსტიტუციის შეცვლა ან მისი ვადის ამოწურვამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

გარდა იმისა, რომ ბრალად ედება გამოძალვასა და თაღლითობაში, იმამოღლუს ასევე აბრალებენ კავშოირს ქურთისტანის მუშათა პარტიასთან.

ეს პარტია 1984 წლიდან აჯანყებას აწარმოებს და აკრძალულია, როგორც ტერორისტული ჯგუფი თურქეთში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

ამ თვის დასაწყისში ჯგუფმა იარაღის დაყრის გადაწყვეტილება მიიღო, დაპატიმრებული ლიდერის მოწოდების შემდეგ, რომელიც მოლაპარაკებებს თურქეთის ოფიციალურ პირებთან აწარმოებდა.

საერთაშორისო რეაქცია იმამოღლუს დაკავებაზე უარყოფითი იყო. ევროკავშირის, საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალური პირები გმობენ ამ გადაწყვეტილებას.

ევროპის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ იმამოღლუს დაკავება „ზეწოლის სახეა, რომელიც, შესაძლოა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიჩნეულ პოლიტიკურ ფიგურაზე ხორციელდება ".

საინტერესოა ისიც, რომ თურქული ლირა, აშშ დოლართან მიმართებაში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რადგან ბაზრები პოლიტიკურ გაურკვევლობაზე ნეგატიურად რეაგირებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იმამოღლუს დაპატიმრების ამბის შემდეგ, ბევრი გაოცებული იყო პოპულარულ ოპოზიციურ ლიდერზე სამართლებრივი ზეწოლა სულაც არ არის ახალი.

იმამოღლუს წინააღმდეგ მრავალი საგამოძიებო პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა და 2022 წლის დეკემბერში, 2019 წელს თურქეთის საარჩევნო კოლეგიის შეურაცხყოფის ბრალდებების გამო, პოლიტიკური აკრძალვაც მიიღო - თუმცა განაჩენი მან გაასაჩივრა და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე