აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, 22 მარტს, ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს მეგობრობა აკავშირებთ; უკრაინის ხელისუფლება ახალ არჩევნებზე თანახმაა და რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას გამორიცხულია. გარდა ამისა, უიტკოფი „სრულიად დარწმუნებულია“, რომ რუსეთი ევროპას თავს არ დაესხმება.
ყველაზე სკანდალური კი ის იყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ფაქტობრივად ლეგიტიმურად სცნო რუსების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები და ამის საფუძველზე ამ ოლქების რუსეთის ნაწილად გამოცხადება.
უკრაინის ხელისუფლებას ამის საპასუხოდ ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.
„ფოქს ნიუსის“ ყოფილ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან სტივ უიტკოფის ინტერვიუ საათნახევარს გაგრძელდა. კითხვაზე - „როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა არჩევნები უკრაინაში?“ - უიტკოფმა განაცხადა:
„დიახ, იქნება. ისინი დათანხმდნენ ამას. გაიმართება არჩევნები უკრაინაში“.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მაისში უნდა ჩტარებულიყო, თუმცა, კონსტიტუციის შესაბამისად, რადგანაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, არჩევნები არ ჩატარებულა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება.
პუტინი-ტრამპის ურთიერთობები
სტივ უიტკოფმა ჟურნალისტს რუსეთში თავისი მეორე ვიზიტის შთაბეჭდილებები გაუზიარა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინს ცუდ ადამიანად არ მიიჩნევს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ყვება, რუსეთის პრეზიდენტმა მას განუცხადა, რომ დონალდ ტრამპისთვის ლოცულობდა მას შემდეგ, რაც მას საარჩევნო კამპანიის დროს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.
„როცა პრეზიდენტი დაჭრეს, პუტინი ადგილობრივ ეკლესიაში მივიდა თავის მოძღვართან და ლოცულობდა პრეზიდენტისთვის“, - განაცხადა უიტკოფმა და დაამატა, რომ ეს „სენტიმენტალური ამბავი“ მან ტრამპს გადასცა კიდეც.
გასული წლის ივლისში, როდესაც დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში პენსილვანიაში თავის მხარდამჭერებს ხვდებოდა, მას 20 წლის თომას მეთიუ კრუკსის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა.
უიტკოფი ინტერვიუს პერიოდში კიდევ რამდენჯერმე შეეხო ტრამპი-პუტინის პირადი ურთიერთობების თემას. მაგალითად, განაცხადა, რომ პუტინმა მას აშშ-ის პრეზიდენტისთვის საჩუქრად გადასცა რუსი მხატვრის მიერ შესრულებული დონალდ ტრამპის პორტრეტი.
„მე არ ვთვლი პუტინს ცუდ ადამიანად“, - განაცხადა უიტკოფმა.
აღსანიშნავია, დონალდ ტრამპიც თავის მხრივ ხშირად აფიქსირებს თავის სიმპათიებს პუტინის მიმართ, მას „გენიოსს“ და „ძლიერ ლიდერს“ უწოდებს, რის გამოც კრიტიკოსები მას კრემლისადმი „რბილი პოლიტიკის“ გატარებაში ადანაშაულებენ.
გასულ კვირას ორმა ლიდერმა ტელეფონით დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ისაუბრა, რათა განეხილათ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულების საკითხი. ტრამპმა საუბარს „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ უწოდა.
უკრაინა და ნატო
როგორც უიტკოფმა ინტერვიუსას აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოში ვერ გაწევრიანდება.
„ვფიქრობ, რომ ზელენსკიმ და ერმაკმა დიდწილად აღიარეს, რომ ისინი არ გახდებიან ნატოს წევრი“, - განაცხადა უიტკოფმა.
თუმცა, მისივე თქმით, გრძელდება დისკუსია ნატოს წევრობის გარეშე უკრაინაში კოლექტიური თავდაცვის პრინციპის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც ეს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლშია ასახული. მან დასძინა, რომ განხილვის საგანი რჩება აშშ-ს ან ევროპის ქვეყნების მხრიდან უკრაინის დაცვის უზრუნველყოფის საკითხი.
მარტის დასაწყისში იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონი ინიციატივით გამოვიდა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის გავრცელება უკრაინაზე ნატოში ოფიციალურად გაწევრიანების გარეშე მომხდარიყო. მელონი მიიჩნევს, რომ ეს უკრაინის გრძელვადიან და ეფექტურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მომავალი შეთანხმების ფარგლებში, ის გამორიცხავს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სწორედ უშალოდ ნატო და უფრო კონკრეტულად კი, დაპირება, რომ უკრაინა საბოლოოდ გახდებოდა ამ ალიანსის წევრი, იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზეზი უკრაინაში.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ასევე გამორიცხა უკრაინის ნატოში გაწევრიანება, როგორც ომის „მოლაპარაკების გზით მოგვარების“ ნაწილი.
ყირიმი და „ოთხი რეგიონი“
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომის მოგვარების ყველაზე დიდი დაბრკოლება არის „ე.წ. ოთხი რეგიონი - დონბასი, ყირიმი, ლუგანსკი და კიდევ ორი“.
„იქ რუსულენოვანი მოსახლეობაა. იყო რეფერენდმები, სადაც ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიუთითა, რომ მათ სურთ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი საკითხი კონფლიქტში“, - განაცხადა უიტკოფმა.
მისი თქმით, ეს თემა ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა ამაზე საუბარი არავის სურდა, ახლა კი „ძალიან პოზიტიური საუბრები მიმდინარეობს“.
19 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებში ტერიტორიული საკითხები იქნება განხილული. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა:
„ჩვენთვის წითელი ხაზი არის უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსულად აღიარება. ჩვენ ამას არ დავთანხმდებით“.
30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა
უიტკოფმა თქვა, რომ აშშ მუშაობს დროებითი ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც უნდა გახდეს შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველი:
„საბოლოო მიზანი არის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის დროსაც ჩვენ განვიხილავთ მუდმივ ზავს. ჩვენ არც თუ ისე შორს ვართ ამისგან.“
მან ასევე გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის განცხადება რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების ნაწილის სავარაუდო ალყაში მოქცევის შესახებ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის სამინისტრომ და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა არაერთხელ უარყვეს ეს ინფორმაცია.
უიტკოფის ინფორმაციით, კურსკის ოლქში არსებული ვითარების გარდა, უკრაინასა და რუსეთს შორის 2000 კილომეტრიანი საზღვარია, სადაც 70-90 შეტაკება მიმდინარეობს. თითოეული მათგანის შემთხვევაში ბრძოლის ველზე განსხვავებული ვითარებაა და თითოეულს „ცალკე საუბარი სჭირდება“.
უიტკოფმა თქვა, რომ ის ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ აშშ წარმატებით შეძლებს შუამავლობას მხარეებს შორის:
„ჩვენ ასე მნიშვნელოვნად შევამცირეთ საკითხები, ამიტომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.
ცნობისათვის, თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინის სამშვიდობო საკითხის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი საუდის არაბეთში 23-24 მარტს გაიმართება. ამასთან, აშშ-ის წარმომადგენლები ცალცალკე გამართავენ შეხვედრებს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებთან. ეს შეხვედრები კი, სავარაუდოდ, გვერდიგვერდ მდებარე ოთახებში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე