ქართველმა ახალგაზრდებმა მოტორბოლაში უკრაინის საერთაშორისო შეჯიბრზე წარმატება მოიპოვეს. ურთულეს ტრეკზე, რომელსაც ცნობილ RedBull Romaniacs-ს ადარებენ, გამარჯვებული 20 წლის ქართველი მოტომრბოლელი გიორგი გახელაძე გახდა. საერთაშორისო შეჯიბრზე, სადაც 17 ქვეყნიდან 320 რაიდერი მონაწილეობდა, ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიოში აღიარებული მრბოლელები დაამარცხა და პირველი ადგილი მოიპოვა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ქართველ მონაწილეს, დავით გულაშვილმა და გიორგი ოთიაშვილმა "ოქროს ტრეკი" გადალახეს, შედეგად "ფინიშერის" წოდება და ოქროს მედალი მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი გახელაძემ რუს კონკურენტს, ლეონოვს და თანაც უკრაინაში მოუგო, რომელიც ძალიან გამოცდილ მოტომრბოლელად არის მიჩნეული. დავით გულაშვილს კი ტურნირის ორგანიზატორებმა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების მიხედვით ვერცხლი ეკუთვნოდა, ოქრო მიანიჭეს იმ მართლაც გმირული საქციელის გამო, რადგან ერთ-ერთი მძიმედ დაზიანებული მონაწილესთან შეყოვნდა და დახმარება გაუწია. დავით გულაშვილის წინ მიმავალ რაიდერს ცუდი ამბავი შეემთხვა. მონაწილე წაიქცა და მძიმედ დაიმტვრა. მას ხერხემალი დაუზიანდა, ადგომას ვერ ახერხებდა. დავითმა კი ბევრი დრო დაკარგა, მის კონკურენტს დაელოდა, წამოდგომაში დაეხმარა. გულაშვილმა, მიუხედავად შეფერხებისა, მაინც მოახერხა და მივიდა მეორე პოზიციამდე.
უკრაინაში საერთაშორისო შეჯიბრი 2018 წლიდან ყოველწლიურად იმართება. წელს 21 აგვისტოდან დაიწყო და 23 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. ტრეკი ჩატარდა ჰარდ ენდურო მოტომრბოლელთა შორის, ანუ, მთისმოტოციკლეტებით, როცა ხელოვნური და ბუნებრივი სირთულეების გადალახვა ცუდ ბუნებრივ პირობებში უწევთ. მსოფლიო დონის ტრეკზე ქართველი მოტომრბოლელი გიორგი გახელაძე პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ მესამე ადგილზე იყო, მაგრამ შემდეგ მსოფლიო დონის რაიდერებს - რუს დავიდ ლეონოვსა დაბელარუს არტიომ გავრილოვს აჯობა და საბოლოოდ პირველი ადგილი დაიკავა. ამ გამარჯვებით გახელაძემ უკრაინაში ერთწლიანი ჩემპიონობა მოიპოვა.
გიორგი გახელაძემ GTmedia-სთან ტურნირის მიმდინარეობაზე, მოლოდინებზე, არსებულ სირთულეებსა და შედეგებზე ისაუბრა. სპორტსმენი ჰყვება, რა ტექნიკური სირთულეები შეექმნა ფინალის დროს და როგორ მოახერხა მისი კონკურენტების დამარცხება.
"პირველ დღეს, ტექნიკური პრობლემების გამო, საპრიზო ადგილი ვერ მოვიპოვე და ხუთეულში შევედი, მეორე დღეს საკმაოდ რთული ტრეკი გავიარე და მესამე ადგილზე გავედი. მესამე, დასკვნით დღეს კი მიწევდა 90-კილომეტრიანი რთული ტრეკის გადალახვა და 320 მონაწილიდან ვინც უფრო მოკლე დროში გაივლიდა ამ რთულ გზას, ის იქნებოდა გამარჯვებული. შეჯიბრის განმავლობაში ძალიან დიდი წინაღობების გადალახვა მომიწია. რაც შეეხება მონაწილეებს, ძალიან ძლიერები იყვნენ. ვფიქრობ, რუსი და ბელარუსი ერთად შეკრულები დადიოდნენ და ჩემი მესამე ადგილზე გასვლა უნდოდათ. მაგრამ ამ წნეხს გავუძელი და პირველი ადგილი მოვიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა დამიზიანდა, კონკრეტულად კი დაზიანდა უკანა მუხრუჭი და ბოლო სამი კილომეტრი უკანა მუხრუჭის გარეშე ვიარე და ასე ვიგერიებდი ამ ორ მონაწილეს. ტრეკის განმავლობაში მივყვებოდი მათ და კონკურენტების დადებით და უარყოფით მხარეებს ვაკვირდებოდი. ისინი კარგად შევისწავლე - სად უშვებდნენ შეცდომებს, სად უფრო ძლიერები იყვნენ და ამის მიხედვით ბოლო 10 კილომეტრი შევუტიე და ფსიქოლოგიურად გავტეხე.
რა თქმა უნდა, დასკვნითი დღე ძალიან ემოციური იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვებული ის ხდება, ვინც ემოციებს იკავებს და შეჯიბრს მშვიდად შეხედავს. რთული ტრეკიდან გამომდინარე, მონაწილეები ხშირად ვიქცეოდით და ვიმტვრეოდით, შესაბამისად იყო საშუალო დონის ტრავმები. მე გამიმართლა და დიდი ტრავმა არ მიმიღია. შესაბამისად, არ მომიწია, გავჩერებულიყავი და დავრჩენილიყავი იგივე ადგილზე,"- აცხადებს გახელაძე.
ჩემპიონი შეჯიბრში მონაწილე დანარჩენ ორ ქართველ მონაწილეზეც საუბრობს და მათ სირთულეებს იხსენებს. როგორც გახელაძე ჰყვება, ფინალის დროს ქართველმა სპორტსმენმა, დავით გულაშვილმა დიდი დრო მისი კონკურენტისთვის გამო დაკარგა, რომელმაც შეჯიბრის მიმდინარეობისას ხერხემალი დაიზიანა.
"იყო ასეთი შემთხვევა, საქართველოს სახელით ვინც მონაწილეობდა - დავით გულაშვილი, მის წინ მიმავალ რაიდერს ცუდი ამბავი შეემთხვა. მონაწილე წაიქცა და მძიმედ დაიმტვრა. მას ხერხემალი დაუზიანდა, ადგომას ვერ ახერხებდა. დავითმა კი ბევრი დრო დაკარგა, მის კონკურენტს დაელოდა, წამოდგომაში დაეხმარა და ალბათ ესეც მიზეზი იყო, რომ დავითმა ტრეკი ბოლომდე ვერ დაფარა. მან ძალიან დიდი დრო დაკარგა, თავისი შედეგი გადადო უკან და ადამიანობა პირველ რიგში დააყენა. იმ მონაწილეს დაეხმარა იქამდე, ვიდრე სასწრაფო დახმარებამ არ წაიყვანა," - ამბობს გახელაძე.
"მსგავს შეჯიბრში მონაწილეობის მიღება ყველა მოტომრბოლელს შეუძლია, თუმცა ამისთვის ფიზიკურად და ტექნიკურად მზად უნდა იყოს. როცა მრბოლელი მზად იქნება ყველანაირად, მაშინ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. ეს სამოყვარულო შეჯიბრი არაა და აქ მოყვარულები არ იღებენ მონაწილეობას,"- დასძენს ქართველი მრბოლელი და ამბობს, რომ ამ შეჯიბრზე წინასწარ დაიგეგმა, საქართველოს სახელით ვინ მიიღებდა მონაწილეობას.
ამასთან, გახელაძე ერთ საინტერესო ფაქტის შესახებაც გვიყვება. სპორტსმენის თქმით, ვინაიდან საქართველოში ენდურო მოტორბოლა, როგორც სპორტის ახალი სახეობა, ჯერ კარგად არაა განვითარებული, ვერავის წარმოედგინა, რომ საერთაშორისო დონეზე ქართველები თავს გამოიჩენდნენ.
"სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენი მომზადების დონით ძალიან გაკვირვებული დარჩა. მგონია, თავიდან ყველაზე დაბალ ღობედ ჩვენ გვთვლიდნენ, მაგრამ შეჯიბრის პირველ დღესვე ჩვენზე წარმოდგენა შეეცვალათ. ყველამ აღნიშნა ის ფაქტი, რომ ამ დონის მომზადებულები ვიყავით და არავის ეგონა, რომ საქართველოში შესაძლოა ამ დონის რაიდერები ვყოფილიყავით და ასეთი წინააღმდეგობა შეგვეძლო გაგვეწია. ზედმეტია ლაპარაკი, რომ არავინ განიხილავდა ქართველის საპრიზიოროადგილზე გასვლას, ყველას ეგონა, რომ შეიძლება ვერც კი დაგვეფინიშებინა, მაგრამ დავუმტკიცეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. მგონია, თავიდან ყველაზე დაბალ ღობედ ჩვენ გვთვლიდნენ, მაგრამ შეჯიბრის პირველ დღესვე ჩვენზე წარმოდგენა შეეცვალათ," - აცხადებს გიორგი გახელაძე.
ქართველი მოტომრბოლელი სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილ ტურნირებზეც გვესაუბრა. მომდევნო შეჯიბრი, რომელზეც გიორგი გახელაძე იასპარეზებს, 11-13 სექტემბერს პოლონეთში გაიმართება. ოქტომბრის დასაწყისში კი - ესპანეთის ტურნირი ჩატარდება. ორივე ეს შეჯიბრი განსაკუთრებით რეიტინგული და მნიშვნელოვანია. 2021 წლის სეზონი კი თურქეთში დაგეგმილი კიდევ ერთ საერთაშორისო შეჯიბრითდასრულდება, რომელშიც მონაწილეობას 10 ქართველი მრბოლელი მიიღებს.
თათია შაიშმელაშვილი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე