რეზონანსი
(28.03.2023)

თათია სამხარაძე აქტივისტებს, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ნებისმიერმა აქტივობამ, რომელმაც შეიძლება ის დააზარალოს, აღქმული იქნება როგორც მისი "ინსტრუმენტალიზაციის მცდელობა და საკადრისი პასუხი გაეცემა".

"მოვუწოდებ ყველა აქტივისტს და სამოქალაქო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს:

ნებისმიერი აქტივობა, რომელმაც შეიძლება დამაზარალოს ამ პროცესში, ჩემგან აღქმული იქნება როგორც ჩემი ინსტრუმენტალიზაციის მცდელობა და საკადრისი პასუხი გაეცემა!

აქტივობა რომელიც არ აძლიერებს მსხვერპლებს და მათ ზურგს უკან არის დაგეგმილი, გაცნობიერების გარეშე, რომ ქალი მსხვერპლები არიან ცენტრალური გადაწყვეტილების მიმღები ფიგურები, ჩვენგან იქნება შეფასებული როგორც ოპორტუნისტული და ეგოცენტრული ზრახვებით ნაკარნახევი ქმედება" - წერს სამხარაძე

ცნობისთვის, 26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.

24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა.

სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე