
სალომე ზურაბიშვილი და ამ ქარტიის გარშემო არსებული რკალი რადიკალური ოპოზიციის სახლობანას თამაშობენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, ტექნიკური მთავრობის შექმნის უფლებამოსილება სალომე ზურაბიშვილს არ აქვს და ამ საკითხზე შეხვედრები რადიკალურ ოპოზიციასთან და კონსულტაციები ღიმილის მომგვრელია.
„სალომე ზურაბიშვილი რა ტექნიკურ მთავრობას და რომელი მინისტრის თანამდებობაზე წარადგენს რომელიმე პიროვნებას, ამაზე უფრო მეტად ღიმილის მომგვრელი ინფორმაცია შეიძლება ვერც მოიძიოს მედიამ. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციურად არაფერი მსგავსი არათუ არ ევალება, არამედ ამასთან არანაირი წვდომა და შემხებლობა არ აქვს. ის არის ფორმალური მხარე ამ ურთიერთობის. როდესაც კონკრეტული მხარე გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარტია წარადგენს, პრემიერობის კანდიდატი დააკომპლექტებს კაბინეტს ამ ყველაფერზე თანხმობის მიცემა მისი ნება და სურვილი კი არ არის, კონსტიტუციური ვალდებულებაა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით სალომე ზურაბიშვილი ცდილობს შეასრულოს ის დავალებები, რომელსაც იღებს გარედან. დავით მათიკაშვილის განცხადებით, ტექნიკური მთავრობის შექმნის თაობაზე ზურაბიშვილის შეხვედრები ოპოზიციასთან, „ნაცმოძრაობის“ ფილოსოფიაში ჯდება.
„მთელი მზაკვრობა ამ ისტორიის არის ის, რომ საზოგადოებაში შექმნან არჩევნებამდე იმის ვარაუდის შესაძლებლობა, „ნაცმოძის“ ფილოსოფიაში ძალიან კარგად ჯდება, შექმნან იმის აღქმა, რომ აი ისეთი მოცემულობა გვექნება არჩევნებზე, რომ აუცილებელია ტექნიკური მთავრობა, რაც სრული აბსურდია. ამაზე არც შეიძლება იყოს საუბარი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა და აღნიშნა, რომ გარკვეული ძალებს სურს საქართველოს ომში ჩართვა და სალომე ზურაბიშვილი მათ ხელში პედალირების ინსტრუმენტია.
მისივე თქმით, მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში ზუსტად არის ასახული რა სურთ გარე ძალებს და რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში. დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ოპოზიციისთვის წაგებული თამაშია და ეს იციან მათმა პატრონებმაც.