
გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა წინაპირობა მოაწესრიგეს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. მეორე მხრივ, სიტუაცია მოთელეს, პარლამენტში შემოსვლის გამო როგორ ქარტეხილს დაატეხდნენ მათივე მოკავშირეები, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, „ამასთანავე, წინაპირობა მოამზადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შემოვიდნენ და საქმიანობა გააგრძელონ“.
„მათი პარტიის ლიდერის განცხადება არ დაგვავიწყდეს, რომ პარლამენტში არშემოსვლა შეცდომა იყო. სწორია, როცა ადამიანები მეტ-ნაკლებად აანალიზებენ არასწორ მოქმედებებს, რომელსაც ჩადიან, მათ შორის საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს და ფეხქვეშ გათელეს ის მანდატები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აიღეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
არსებული ინფორმაციით, „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის რვა წევრი პარლამენტში შედის. თავად პარტიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.