რეზონანსი
05.04.2021

 არაპოლიტიკური ღია ტექსტით, გულწრფელად ნაფიქრით მინდა მივმართო რუსთაველზე მოპროტესტე ახალგაზრდების და არა მარტო მათ.

თქვენს პატრონებს, წინამძღოლებს, უმომავლო გზაზე დამკვალიანებლებს უფრო მივმართავ, ახალგაზრდებო.

ბოლშევიკებმა ადამიანებს ერთი მშვენიერი სიტყვა და ტერმინი „ამხანაგი" შეაძულეს.

ბოლო დროს საზღვრებგარეთიდან ბოღმისძუძუნაწოვმა და მათთან გათანაბრებულმა ლაქიებმა ქართველთათვის საკრალურად ქცეულ ტერმინს „ეროვნულ მოძრაობას" შეუტიეს.

„ეროვნული მოძრაობა" გაცილებით ფართო და მაღალი ტერმინია, ვიდრე ეს მათ შეზღუდულ გონებას შეუძლია წარმოიდგინოს, ძვირფასო ახალგაზრდებო.

„ეროვნული მოძრაობის" ორი დიდი ტალღა ერთმანეთისგან საუკუნის დაცილებით აზვირთდა ჩვენს ქვეყანაში და ორივეჯერ ერის გამოფხიზლება და თავისუფლებისკენ ისეთი სწრაფვა გამოიწვია, რომ ორივეჯერ მივიღეთ ნანატრი თავისუფლება. პირველი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა სწორედ სულგაყიდული ბოლშევიკების და მათთან ალიანსში მყოფი მანქურთების გამო.

მეორედ მოპოვებული თავისუფლებასაც დიდი ხიფათი ემუქრება ბოლშევიკების სულიერი შვილების სახით - დღვანდელი „პოლიტიკური ელიტის" სრული უვიცობის, უხამსობის, ღორობის და სულგაყიდულობის გამო.

„პოლიტიკურ ელიტაში" იგულისხმებიან ზემოთნახსენები მანქურთებიც, შალიკოს ფანჩატურში თუ ერთი მევახშის ოფისში შეძუძგულები, გულზე რომ იბაგუნებენ ხელებს და „ეროვნულ მოძრაობას" უთანაბრებენ ხმელი ხის თავებს, აგრეთვე დღევანდელი მმართველი ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი ნედლი ხის თავებით.

გაფრთხილებთ, მოაშორეთ თქვენი ბინძური ხელები „ეროვნულ მოძრაობას"!

რასაც თქვენ შეეხეთ, ყველაფერი წაბილწეთ... ყველაფერი იყიდებაო, სინდისის გარდა. სინდისი იმიტომ არ და ვერ გაყიდეთ, რომ, უბრალოდ, არ გაგაჩნდათ. გქონებოდაც კიდეც, თქვენი საზღვრისგადაღმელი პატრონები სინდისის მყიდველები არ არიან - არ სჭირიათ. უსინდისოდაც ადვილად გადიან იოლას.

შორს თქვენი ბინძური ხელები და ბინძური სულები ეროვნული მოძრაობისგან!

ეროვნული მოძრაობა ილიაა, მესამე დასია, აკაკია, ვაჟაა, მერაბ კოსტავაა, ზვიად გამსახურდიაა და მათი ნამდვილი თანამებრძოლებია!

მათი ნამდვილი თანამებრძოლებია და არა ნაცისტებთან შეყუჟული სულგაყიდული და ქვეყნის გამყიდველი ყოფილი უზენაესი საბჭოს ზოგიერთი დეპუტატი... საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი რომ შერყვნეს ბინძური ხელმოწერით...

აღარაფერი დატოვოთ ამ ქვეყანაში წაუბილწავი!...

თქვენთვის ხომ სუფთა და მაღალი არაფერი არსებობს გარდა ოქროსი და უცხოელი პატრონებისა...

„გიყვარდეს ეროვნული მოძრაობა შენში და არა შენი თავი ეროვნულ მოძრაობაში" - თურმე რაოდენ საჭირო და აუცილებელი ყოფილა დიდი მერაბის ეს, ერთის შეხედვით გულუბრყვილო და უაღრესად მარტივი თეზის ხმამაღლა, ყველას გასაგონად ამოძახება. ამოძახებაც და ხშირად გამეორებაც.

იქონიეთ ნამუსი-თქო, გითხრათ, აზრი არა აქვს. ნამუსი და სინდისი, სამშობლო და მამული რომ გესმოდეთ რაა, ამ წერილის დაწერა არც იქნებოდა საჭირო.

სამშობლო და მისთვის ბრძოლა თქვენ მტრისთვის შიშველი უკანალის მიშვერა გგონიათ... გორში ცხვირით ხოხვა გგონიათ... ომისთვის მზადებისას წუნდებული იარაღის ყიდვა (ტყვიას რომ ჭედავს სროლისას) და ათეულობით მილიონის მოპარვა გგონიათ... ნარკოტიკებით ახალგაზრდების გამოთაყვანება და მომავლის დაღუპვა გგონიათ... რურუას და მსგავსების, პოლიტიკურ პატიმრებად გამოცხადება გგონიათ... მამულის და მიწის გამყიდველების სინდისის პატიმრებად გამოცხადება გგონიათ...

შორს თქვენი ბინძური ხელები და ბინძური სულები ამაღლებული, სუფთა, ჩვენთვის ძვირფასი „ეროვნული მოძრაობისგან"!

კიდევ ერთი, ისეთივე უსირცხვილო პროვინციალიზმის გამოვლენაა - „ჯოს!... ჯოს!... ჯოს!...", მთქმელის აუცილებელი ჩართულობით, ორჯერ „არ ვარგა!"-თი და მესამე, გაგრძელებული „ჯოოოოს!..."

თქვენი არ ვიცი, ძვირფასო მეგობრებო, მე კი გულისრევის შეგრძნება მეუფლება ამ, უკვე ფარსად ქცეული ქცევის და შეძახილის დანახვა-მოსმენისას.

„საქართველოს გაუმარჯოს!" ამაღლებული, სულის ამტაცი, ზედა, მაღლ დონეზე გადამყვანი იყო სულგანათლებული მერაბის და სულგანათლებული ზვიადის შესრულებით და იმ ხალხით, ვინც მათ უსმენდა, სწამდა და მიჰყვებოდა. გულწრფელად მიჰყვებოდა. მრავალთაგან ხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლები - ვინც გურამ პეტრიაშვილივით უშვერდა ქედს და მშრომელი, უღალატო ხარივით ედგა გვერდით ეროვნულ მოძრაობას. და, რას ითხოვდა გურამ პეტრიაშვილი?!... თანამდებობას და რეგალიებს კი არა, ერთი ჯარისკაცის სახელი ჰქონდა და ჰყოფნიდა. გურამისნაირებს უყვართ საქართველო გულში და სულში... და, არა საკუთარი თავი საქართველოში.

ნელ-ნელა მივდივარ მთავარ სათქმელამდე - საქართველოში 90-იან წლებში მოდაში შემოვიდა ტერმინი „კრემლის აგენტი" და „კაგებეს აგენტი". დაიწყეს ამ იარლიყების მიკერება და ეძახდნენ ყველას, ვინც მათ აზრს არ იზიარებდა. ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, თითქოს საქართველოში მაშინ არ იყვნენ, ან ახლა არ არიან, კაგებეს აგენტები. აი, სასარგებლო იდიოტების რაოდენობით რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე თუ არა, სამეულში რომ ვართ, ამ აზრს ვერავინ გამიქარწყლებს.

ის რაც გუშინწინ თბილისში მოხდა და რაც ბოლო დროს რუსთაველზე ხდება, ჩემში სირცხვილს და უღონო იმედგაცრუებას იწვევს.

ძალიან მაფიქრებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ძაფებშებმულ სათამაშო თოჯინებად, მარიონეტებად ქცეულან ავანტიურისტების ხელში. არ ვიცი, შემეცოდონ თუ უარესი - მთელი ცხოვრება ყუმებად დარჩენა ვუსურვო, რათ ვერასოდეს გაისიგრძეგანონ, რამხელა ზიანს აყენებენ ჩვენს ქვეყანას.

არ მავიწყდება ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვანი, ასაკის და პოლიტიკური შეხედულებების ცვალებადობის შესახებ. იმედს ვიქონიებდი, ახლა რო ასეთი შეურიგებლები არიან, მერე, ჭკუა და განათლება რომ მოემატებათ, სიდინჯეც მოემატებათ და განსჯის უნარიც-მეთქი, მაგრამ ძალიან მწყინს, რომ ეს ნიშნები არ ეტყობათ.

რატომ არ ეტყობათ, ახლავე მოგახსენებთ. უცხოეთის მაგალითს მოვიტან - ერთი ჩვეულებრივი ფრანგი ახალგაზრდა (მათ, ასე მგონია, გენებში აქვთ პროტესტის გამოხატვს უნარი) როცა ვინმეს მოქმედებას აპროტესტებს, აპროტესტებს გულწრფელად. მისთვის არ არსებობს მისი მომხრის მიერ ჩადენილ გასაპროტესტებელ ქცევაზე თვალის დახუჭვა ან ვერშემჩნევა.

ჩვენში კი რა ხდება?!...

ახალგაზრდები აპროტესტებენ ერთი ჟურნალისტის, კაგებეს აგენტის (ამაში ეჭვი არც მეპარება) თბილისში სტუმრობას და დაბადების დღის აღნიშვნას. მას ცუდი, ჩემთვის მიუღებელი გამონათქვამები აქვს საქართველოს შესახებ - „აფხაზეთი არასოდეს დაუბრუნდებაო საქართველოს" და ამნაირები.

კი ბატონო, დაგიჯერებ და ეჭვსაც არ შევიტანდი შენს გულწრფელობაში, „მაგრამ..." და, „რომ არ..."

ერთ-ერთი, ვინც გმართავთ ვინმე ე.ხოშტარიაა, რომელსაც კაგებეს სამჭედლო, მგიმო აქვს დამთავრებული. და, რომლის ქცევა, რატომღაც ყოველთვის კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს.

გმართვს ერთი ავანტიურისტი, რომელიც კიევში ზის და იქედან გეძახით, ყველაფერზე წამსვლელი ვარო. აწი რაზე წავა, აღარ მაინტერესებს. დღემდე კი რაზეც წავიდა და რაც აკეთა, ამას მინდა დაუკვირდეთ, ახალგაზრდებო.

ერთ ფაქტსაც შეგახსენებთ: ბიძა კაგებეს ჩინოსანი იყოს და დისშვილი სწორედ იმ კაგებეს ღიად ებრძოდეს, ცოტათი ძნელი დასაჯერებელია. რატომ, ამაზეც მოგახსენებთ ჩემს აზრს.

მიმიხვდებოდით, რომელ ბიძაზეა საუბარი - აი, იმ ბიძაზე, ქართველ ხალს დედის უკანალი რომ გვაგინა (ბევრ თქვენგანს აქვთ მოსმენილი და ნანახი. მთელ ქართველ ხალხს დედა რომ უშვერად გვაგინა და სულ ჩლუნგები რომ გვეძახა. მას კვერს უკრავდა მისი დისშვილი, რომელსაც ბედმა თუ სულწაწყმედილმა, ჩემი ერის და ხალხის წამბილწველმა ამოვარდნაძემ, ტახტი გადაულოცა ორიათას სამში.

რატომ მწამს, რომ თქვენ სულ და ქვეყანა გამყიდველი ავანტიურისები გმართვენ, ახლავე მოგახსენებთ - მხოლოდ სამ მაგალითს მოგიტანთ:

1) სანამ "მონადირე" იყო დალის ხეობაში, მანამ იქ რუსებმა და სეპარატისტებმა ცხვირი ვერ შეჰყვეს.

მაშინდელმა პრეზიდენტმა და მისმა მინისტრმა, ერთი კაცის, ემზარ კვიციანის ბიოლოგიური სიძულვილის გამო, "მონადირე" გააუქმეს, დალის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდეს და აფხაზეთის ასსრ-ს შეუერთეს.

შეგიძლიათ მითხრათ, სადაა დღეს დალის ხეობა?!...

დიახ, აფხაზეთთან ერთად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. (ამას მაინც იზამდაო პუტინი, ეს არგუმენტი, დამეთანხმეთ, არ გამოდგება).

2) ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ახალგორის რაიონში. მიუერთეს მაშინდელი პრეზიდენტის მიერ შექმნილ "სამხრ. ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას" (რომელიც მანამდე არც არსებულა).

სადაა ახლა ახალგორის რაიონი?

დიახ, სამაჩაბლოსთან ერთად რუსებს აქვთ ოკუპირებული და იმ ე.წ. საზღვარს სწორედ ყოფილი პრეზიდენტის მიერ გავლებული საზღვრის მიხედვით ავლებენ. ჩვენ კი არაფრისთავიც არა გვაქვს - წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ...

აქაც, ის არგუმენტი თითქოს, რუსები მაინც ასე იზამდნენო, დამეთანხმეთ, არგამოდგება.

3) ყოფილმა პრეზიდენტმა, მისი ზეობისას, (ვფიქრობ ბიძამისის მითითებით) ენერგეტიკის უმრავლესობა რუსულ ფირმებს, ანუ რუსებს ჩუგდო ხელში.

ენერგეტიკას რომ ქვეყანა სხვა ქვეყანას ჩაუგდებს ხელში, ასეთი ქვეყანა განვითარებული, ნორმალურ ქვეყნების სიაში არმეგულება.

ესეც ღიაღალატია.

(აქ შეიძლება ვცდებოდე. ვცდებოდე იმაში, რომ მხოლოდ ბიძამისს არ მიუთითებია ამისკენ. შესაძლებელია, სხვებმაც დააძალეს).

კიდევ მრავალი არგუმენტის მოტანა შემიძლია თქვენი ბელადების გამყიდველური ბუნების დამადასტურებლად, მაგრამ, ვფიქრობ ესენიც კმარა.

ისეთი ფაქტები მოვიყვანე, ყველამ რომ იცის. საყოველთოდ რომაა ცნობილი.

აქარაფერი მითქვამს ცენტრ-პოინტის მიერ გამწარებული ხალხის დაცინვაზე ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. დასაჭერი ხალხი, ამდენი ადამიანის და ოჯახის გამამწარებელი, კიარდაიჭირადანაკისრივალდებულებებიკიარშეასრულებინა, პირიქით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა (იმუნიტეტით შეაიარაღა) და სწორედ ამით ამ გამწარებულ ხალხს თავზე დაასაქმა. თავზე დაასაქმა ოჯახებს, სადაც ბევრმა ვერ გაუძლო ამხელა უიმედობა-სასოწარკვეთას და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მე არ ვიცი, წაიკითხავთ, ან წაგაკითხებენ თუ არა ამ გზავნილს. არც ის ვიცი, შეგეცვლებათ თუ არა შეხედულებები და გაგიჩნდებათ თუ არა ნამდვილ სიყვარული და პატრიოტიზმის გრძნობა ჩემი და თქვენი ქვეყნისადმი.

ამ წუთას რაც ვიცი, ესაა - მრცხვენია!

მრცხვენია მაიმუნებივით რომაჰყევით მოღალატე სულის ადამიანებს თუ სასარგებლო იდიოტებს და ერთი ბეხრეკი ბერიკაცი გააძევეთ ქვეყნიდან.

არ ხართ გულწრფელები, ახალგაზრდებო!

არ ხართ გულწრფელები და სწორედ ამიტომ ხართ ცოტანი. ეს ცუდი კი არა, მეტად კარგია და დამამშვიებელი - ცოტანი ხართ მარიონეტები.

გულწრფელი რომ იყოთ, მოხუცი პოვზნერის თბილისში სტუმრობას კი არ გააპროტესტებდით მხოლოდ...

თქვენი პროტესტის ხმა რაღაც არ გაგვიგონია კიტოვანის მიერ თბილისში კაგებეს (გრუს) პენსიით გატარებული უზრუნველყოფილი სიბერისადმი. თუ ახალგაზრდები ხართ და არ იცით, რამხელა უბედურება მოუტანა ჩემს ქვეყანას კიტოვანმა? არავინ გასწავლათ?

მე კი, ერთი ყოვლად უღონო, პოლიტიკაში უვიცი ადამიანი, იმ აფხაზ ბიჭებს ვლოცავდი, ჩემი ქვეყნის გამყიდველი, ჩემი ქვეყნის მოქალაქე რომ დააჩმორეს თვითმფრინავში... ვინ იცის, იმ აფხაზმა ბიჭებმა, ჩემი ოთარ ჯაფარიძეც კი მომიკლეს, ან ანდრია ყურაშვილი მომიკლეს იმ ავადსახსენებელ ომში, რომლის ვულკანივით გაღვიძებაში სხვა სამთნ ერთად, ამ სულგაყიდულმაც დიდი წვლილი შეიტანა - თურმე, კაგებეს დავალებას ასრულებდა....

თქვენთვის არავის უთქვამს, ალბათ, არძინბას სიტყვები - ჩვენ მივაღწიეთ რომ ქართველებმა პირველებმა გვესროლეთო... არძინბამ რა საქმეც დამართა აფხაზებს, ეს ცალკე თემაა. აქ, მოღალატე კიტოვანზეა ლაპარაკი - რომელმაც სხვებთან ერთად, ჩემი ქვეყანა ორმოცდაათი წლით მაინც, უკან, სიბნელეში გადააგდო. სიბერეს კი სწორედ იმ, მისსავე მიერ გადამწვარ და სხვების აღდგენილ ქალაქში ატარებს - წყნარ, კაგებეს პენსიით უზრუნველყოფილ სიბერეს.

მიმიხვდით, ახალგაზრდებო, რატომ ხართ არაგულწრფეები და მარიონეტები სასარგებლო იდიოტებს ხელში?...

ღმერთი არავის გაგიწყრეთ, და ამ ერთ ლეშზე ნათქვამი, მოწოდებად არავინ ჩამითვალოს!... ის ლეში სად ეგდება, მნიშვნელობა აღარ აქვს.

და ბოლოს, ერთიც რომ არ ვთქვა, არ შემიძლია:

80-იან წლებში, როცა პერესტროიკობანას თამაში დაიწყო, მოდაში შემოვიდა ტელეხიდები საბჭოთ და ამერიკულ ქალაქებს შორის.

საბჭოთ მხარეს პოვზნერი, იმ კედაროს კი, თუ მეხსიერება არმღალატობს, ფილ დონაჰიუ იყვნენ წამყვანები. ერთ-ერთი ტელეხიდისას, სტუდიებში ქალები იყვნენ, იქაურმა ქალბატონმა იკითხა, სექსის საქმე როგორააო მანდ თქვენში, რაზეც საბჭოთა მხარეს თავმოყრილმა პარტ-აქტივისტკებიდან ერთ-ერთმა ხმამაღლა, ამაყად გასძახა ამერიკელ ქალებს „ვ სოვეტსკომ სოიუზე სეკსა ნეტ!"-ო. გაგიგნიათ ალბათ, ეს ფრთიანად ქცეული ნათქვამი. ორივე მხარე ხმამაღლა ხარხარებდა. დონაჰიუ და პოვზნერი იატაკზე გორავდნენ.

ემდეგი ტელე-ხიდები უფრო დაიწმინდა და უფრო ადამიანური, უფრო გულწრფელი გახდა, რისთვისაც დონაჰიუ პოვზნერს დიდი მადლობას უხდიდა.

თქვენს მიერ ასე მოძულებული პოვზნერი ახალგაზრდა ქართველ ჟურნალისტებს რომ მასტერკლასებს უტარებდა, ალბათ არ იცით. ქართველ ალპინისტებთან მისი ურთიერთობაც არავის უამბნია, ალბათ, თქვენთვის.

ვიმეორებ, ისეც ნუ გამიგებთ, თითქოს ვამართლებდე და მომწონდეს მისი აზრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ნამდვილად არ მომწონს. და, ძალიანაც არ მომწონს, მაგრამ, მოდით შევადაროთ, მისი, ვიღაც ჟურნალისტის და ლაგებეს აგენტის, ამერიკის და საფრანგეთის მოქალაქის მიერ გაჟღერებული აზრი უფრო მიუღებელია თქვენთვის, თუ, თქვენით რომ მანიპულირებენ, ერთი ტელედიქტორის სტუდიაში შეყრილების აზრი - „დავითგარეჯი საქართველო არააო!" - უფრო მიუღებელია?

გულწრფელად გეუბნებით, ამ მანქურთების აზრი ბევრად დამაზიანებელია ჩემი ქვეყნისთვის, ვიდრე პოვზნერის და მისნაირი სტუმრების.

მე რომ პოვზნერის ადგილას ვყოფილიყავი (ეცადეთ, თქვენც წარმოიდგინოთ თვი მის ადგილას, თუ გეყოფათ ფანტაზია), მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო საშუალებებს ხანგრძლივ ინტერვიუებს მივცემდი და უსასრულოდ გავაგრძელებდი მტკიცებას, რომ ქართველებში მაიმუნები სჭარბობენ, ისეთი მაიმუნები, რომლებიც ამერიკის მოქალაქეს რესტორანში დაბადების დღის აღნიშვნას არ აცლიან... რომ ასეთი ხალხი არც იმსახურებს ცივილიზებული ერების გვერდით დგომას, რომ ამ ხალხმა ჯერ მოკლა, მერე კი, უკვე მკვდარი განადიდა მათი პირველი პრეზიდენტი. რომ ამ ველურებმა, პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებები არ გამოიძიეს... რომ ამ ველურებმა, თბილისის დანგრევა-გადაწვის შემოქმედები დიდი პატივით დაასაფლევეს, ერთი პირდაპირ პანთეონში, სხვა კი მშობლიურ ქალაქში წყნარი სიბერით უზრუნველჰყვეს და სხვ. და ამნაირები.

რომელიმეს მოგიტრიალდებათ ენა, თქვათ, უნდოდეს კიდეც, ვერ მოახერხებსო? იმედი მაქვს, ასეც არ ხართ დაცემულები, არ იცოდეთ, შეუძლია თუ არა პოვზნერს უარყოფითი პიარის აგორება.

როგორ მოიქცა პოვზნერი?

ყველა სააგენტოს, ვინც მასთნ ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა, მშვიდად განუცხადა - ისინი ვინც მე ეს პროვოკაცია მომიწყო, არ იმსახურებენ მათზე რამე ვთქვა და ამით რეკლამა გავუწიოო.

არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო, ამას რომ ამბობდა, ერთს კი ვფიქრობ - აქაურ მეგობრებს, ეტყობა, იმდენ პატივს კი სცემს, რომ თქვენს გამო, ახალგაზრდებო, მთელი ერი არ ამოსვარა წუნწუხში. შეეძლო კია. აქ, ჩვენი პოეტის სიტყვებს მოვიტან - დიდებული პოეტისას:

ცოტნე გმირია,

დიდებული გმირი... ოღონდაც

თუ ბიჭები ვართ,

ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს,

ვახსენოთ სახედაღრეჯილი

ლომი მონღოლიც,

გმირობისა და ვაჟკაცობის

უბადლო მცოდნე...

( შოთა ნიშნიანიძე)

ნათქვამი არ ჩამითვალოთ პოვზნერის ქებაში ან მისი გამართლების ცდაში. უბრალოდ, მე ქართველი კაცი ვარ და სისხლში და ხორცში მაქვს გამჯდარი ვაჟას შეგონება - „დღეს სტუმარია ეგ შენ ჩემი

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა."

სკოლაში გისწავლიათ და გახსოვთ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ამ დღეებში რომ ხშირად გაიგონებდით, ცხადია. გაიგონებდით და, მაინც იმედი მაქვს, ერთი ტელედიქტორის ბუნაგში (სხვას სახელს ვერ დავარქმევ) თავმოყრილი მანქურთებივით საღლიცინოდ არ გახდით გენიალურ ვაჟა-ფშაველას.

მე თქვენ გულწრფელად გლოცავთ და გისურვებთ გონებით და გულით, გულწრფელად გიყვარდეთ ეს ქვეყანა. მეტ განათლებას და გონიერებას გისურვებთ. შეცდომებს ახალგაზრდები ყველგან და ყველა ეპოქაში უშვებდნენ. მთვარია, მასწავლებლად და გზისმკვლევებად არ გაიხადოთ სულგაყიდული მანქურთები, რომლებიც საკუთარი ისტორიის და საკუთარი საწყისის დავიწყებამ აქცია ასეთებად. მატსა და ქვეყანას შორის არჩევანი ქვეყანაზე გააკეთეთ. გარწმუნებთ, მეტ სარგებლობას მოუტანთ ქვეყანას.

 

სოლომონ ნერგაძე

მოლეკულური ბიოლოგიის ას.-პროფესორი,

პავიას უნივერსიტეტი, პავია (იტალია)

2021 წლის 2-4 აპრილი

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×