მოსაზრება
12.04.2021

ზურაბ ვახანია 

დ. უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის  მოადგილე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ანონიმური და სრულიად მიუკერძოებელი გამოკითხვა იანვარში ჩატარდა, ზურაბ ვახანიას და მისი 80 სტუდენტის მიერ. გამოკითხვის შედეგების პირველი ნახევარი ოქტომბრის არჩევნებს ეხებოდა - გამოქვეყნებულია „რეზონანსის“ 10 აპრილის ნომერში.

მივმართეთ 2901 მოქალაქეს, 24%-მა უარი თქვა, დარჩა 2205 რესპონდენტი, სხვადასხვა ასაკისა, ყველა რეგიონიდან. შედეგები პროცენტებშია (დამრგვალებულად). 

ვახანია თვითონ იყო წარდგენილი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ამიტომ მიკერძოების ასაცილებლად ინსტრუქციაში მოთხოვნა გვქონდა: „არ გამოკითხოთ ის, ვისთანაც გისაუბრიათ ჩვენი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის შესახებ.“ მით უმეტეს, ვახანიას ნაცნობი მხარდამჭერები რესპონდენტებად არ ყოფილან.

არ დარჩენილა არცერთი მცირე პარტია, რომელიც არ დასახელებულა. ეს რესპონდენტების კარგ წარმომადგენლობითობას და, შესაბამისად, გამოკითხვის სანდოობას ასაბუთებს.

40% ამბობს, რომ ხელახალ არჩევნებზე არცერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს, ან არ იცის, რომელს მიემხრობა, ან პასუხს უარობს. ხელახალ არჩევნებს უგულებელყოფს ორჯერ მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ოქტომბრის არჩევნებზე იყო. ეს ბუნებრივია, ვინაიდან მრავალ ადამიანს აუცრუვდა გული.

ჩვენი კითხვარი მოიცავდა აგრეთვე დამატებით შეკითხვას - ყველაზე მიუღებელი სამი პარტიის დასახელებას. ამან მნიშვნელოვანი ახალი მონაცემები გამოავლინა: პარტიების რეალური რეიტინგი - ესაა მხარდამჭერთა პროცენტს გამოკლებული მძაფრ მოწინააღმდეგეთა პროცენტი. ეს გაცილებით უკეთ გვიჩვენებს საზოგადოების დამოკიდებულებებს, ვიდრე მხოლოდ დადებითი რეიტინგი ანუ მხარდამჭერთა პროცენტი. 

მართლაც, ვთქვათ, რომელიღაც პარტიას მოსახლეობის 15% გულწრფელად ემხრობა, მაგრამ 70%-ს ეს პარტია ყველაზე უარეს, ყველაზე მიუღებელ პარტიად მიაჩნია. ხოლო მეორე პარტიას 10% ემხრობა, ხოლო ყველაზე მიუღებელ პარტიად მხოლოდ 2%-ს მიაჩნია. განა პირველი პარტია უფრო პოპულარულია, ვიდრე მეორე?! ცხადია, რომ მხოლოდ 15% და 10% მცდარ წარმოდგენას გვიქმნის, იმისგან დამოუკიდებლად, თუ არჩევნებში ეს ორი პარტია რამდენ-რამდენ პროცენტს მიიღებს. 

მთავარი ცხრილის მე-3 სვეტში მოცემულია პასუხები შეკითხვაზე „ხელახალ არჩევნებში რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ ანუ დადებითი რეიტინგი; მე-4 სვეტში - პასუხები შეკითხვაზე „რომელია ყველაზე მიუღებელი სამი პარტია“ ანუ უარყოფითი რეიტინგი; მე-5 სვეტში - ამ ორი პროცენტის სხვაობა ანუ პარტიის რეალური რეიტინგი. 

პირველი უეჭველად და მყარად „ქართული ოცნებაა“. ამჟამად მას არჩევნებში მონაწილეთა 28,4% ემხრობა, მეორე ადგილზე მყოფ „ნაცებს“ - 15,4%.  ხოლო მთელ მოსახლეობაში პროპორციულად უფრო მცირე იქნება - დაახლოებით 18% და 9,5%. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროცენტი (18%) ახლოსაა იმ მოსახლეობის პროცენტთან (21%), რომელსაც მიაჩნია, რომ ოქტომბრის არჩევნები თითქმის არ გაყალბებულა. სწორედ ეს 18-21% არის „ქართული ოცნების“ ნამდვილი მხარდამჭერი.

განხილული რიცხვები დადებით რეიტინგებს გამოსახავს. ხოლო რეალური რეიტინგით: „ქართული ოცნება“ - მაქსიმუმ  40%  15% = 25%; „ნაცები“ - 23%  17% = 6%.  მთელ მოსახლეობაში - სავარაუდოდ, 16% და 4%. თუმცა „ნაცებისა“ და მათი სატელიტების ჯამური პროცენტი კი გაცილებით მეტია, ვიდრე „ქართული ოცნებისა“.

გამოიკვეთა საზოგადოების ძლიერი პოლარიზაცია ამ ორი პოლუსით. ამასთან, სხვა პარტიების დიდ უმრავლესობას უარყოფითი რეალური რეიტინგი აქვს - ანუ პარტია უფრო მეტი ადამიანისთვისაა მიუღებელი, ვიდრე მისაღები (გამონაკლისია მხოლოდ „გირჩი“, „ლელო“, „სოციალ-დემოკრატები“, ზვიად ძიძიგური, „ზვიადის გზა“, ალეკო ელისაშვილი). 

თანაც მაღალი დადებითი რეიტინგის მქონე ყველა პარტიას ასევე მაღალი აქვს უარყოფითი რეიტინგიც. ანუ რაც უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს პარტიას, მით უფრო მეტ სხვა ადამიანს სძულს ის. მაშასადამე, ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის მხარდაჭერაც ძირითადად სიძულვილს, მიუღებლობას ემყარება: „ქართული ოცნების“ სიძულვილით ემხრობიან „ნაცებს“ ან მათ სატელიტებს და პირუკუც - ნაცებისა და მათი სატელიტების სიძულვილით ემხრობიან „ქართულ ოცნებას“ (ანუ ეს ორი პარტია, არსებითად, ერთმანეთს ასულდგმულებს და აძლიერებს). 

ამ გამარტივებულ-გაუხეშებულ თეთრ-შავ და პიროვნებებზე ცენტრირებულ ზერელე დამოკიდებულებებში იკარგება სხვადასხვა პარტიის არამარტო იდეოლოგია, არამედ მათი სახელწოდებებიც კი. გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ პარტიების სახელწოდებებიც კი არ იცის და მით, უმეტეს, იდეოლოგია; განიხილავენ მხოლოდ ზოგიერთი პარტიის ლიდერს და ამ ლიდერის მიმართ ზერელე სუბიექტური მოწონება-არმოწონებით აფასებენ დანარჩენ ყველაფერს. ეს ყოველივე განუვითარებელი სამოქალაქო შეგნებისა და უდაბლესი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. 

ცხადია, ამას ისიც ემატება, რომ საჯარო დაწესებულებებში მომუშავეთა და მათ ახლობელთა უზარმაზარი რაოდენობა არსებულ მთავრობას უჭერს მხარს, თანაც ყოველგვარი „ადმინისტრაციული წნეხის“ გარეშეც (ჩვენმა გამოკითხვამაც ამის უამრავი მაგალითი გვიჩვენა). 

ერთი საიმედო ტენდენცია მაინც გამოიკვეთა: ხელახალი არჩევნებისთვის პოლარიზაციის შემცირებაა მოსალოდნელი. ანუ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცებს“ ნაკლები ამომრჩეველი დაუჭერს მხარს და მათი ხმები ან დაიკარგება/გაყალბდება (ვინც არ მივა არჩევნებზე), ან სხვა, მათ შორის მცირე პარტიებზე გადანაწილდება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×