მოსაზრება
09.04.2021

ზურაბ ვახანია

დ.უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ანონიმური და სრულიად მიუკერძოებელი გამოკითხვა იანვარში ჩატარდა ზურაბ ვახანიასა და მისი 80 სტუდენტის მიერ. მივმართეთ 2901 მოქალაქეს, 24%-მა უარი თქვა, დარჩა 2205 რესპონდენტი, სხვადასხვა ასაკისა, ყველა რეგიონიდან.

ვახანია თვითონ იყო წარდგენილი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ამიტომ მიკერძოების ასაცილებლად ინსტრუქციაში მოთხოვნა გვქონდა: „არ გამოკითხოთ ის, ვისთანაც გისაუბრიათ ჩვენი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის, შესახებ.“ მით უმეტეს, ვახანიას ნაცნობი მხარდამჭერები რესპონდენტებად არ ყოფილან.

არ დარჩენილა არც ერთი მცირე პარტია, რომელიც არ დასახელებულა. ეს რესპონდენტების კარგ წარმომადგენლობითობას და, შესაბამისად, გამოკითხვის სანდოობას ასაბუთებს. შედეგები პროცენტებშია (დამრგვალებულად).

რა აზრისა ხართ გაყალბებაზე?

არჩევნები თითქმის არ გაყალბებულა, მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები იყო - 21%;

არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამას შედეგები მნიშვნელოვნად არ შეუცვლია - 19%;

გაყალბებამ შედეგები მნიშვნელოვნად შეცვალა - 35%

არ ვიცი - უარი პასუხზე - 25%.

რომელ პარტიას მიეცით ხმა?

არჩევნებში არ ვმონაწილეობდი/ბიულეტენი გავაფუჭე - 6%;

ხმა მივეცი ..... პარტიას - 68%;

თავი შეიკავა/უარი პასუხზე - 26%.

მაშასადამე, მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ლეგიტიმაციას. ეს ბუნებრივია, ვინაიდან კონკრეტული ფაქტებია ცნობილი, მაგალითად: თბილისში, იმერეთში თუ აჭარაში გაქრა მთელი ოჯახების მიერ სოც.-დემ. პარტიისთვის მიცემული ხმები; ყველა რეგიონში მრავლად იყო ე.წ. დაუბალანსებელი ოქმები. თანაც "დაუბალანსებლობა" რომ მხოლოდ მექანიკური შეცდომების ბრალი ყოფილიყო, მაშინ ჯამი ზოგან მეტი უნდა ყოფილიყო და ზოგან - ნაკლები, მაგრამ ყველგან მეტია. აქედან ის გამომდინარეობს, რომ ეს იყო არა შემთხვევითი შეცდომების შედეგი, არამედ მიკერძოებული დამახინჯების შედეგი (რით ვეღარ ისწავლიდნენ კალკულატორის გამოყენებას?! თანაც საუბნო კომისიის წევრები ხომ ამოწმებდნენ?!). მარტივად: ეს იყო ზედმეტად ჩაყრილი ბიულეტენების შედეგი. საარჩევნო უბნები ოფიციალურად იღებენ გაცილებით მეტ ბიულეტენს, ვიდრე დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობაა. თანაც არჩევნებზე ყველა არ მიდის. ამიტომ კომისიას უამრავი გამოუყენებელი ბიულეტენი რჩება, რაც გაყალბების ფართო გზაა (ახალმა საარჩევნო კანონმა ეს უნდა აღკვეთოს!). მართლაც, ჩვენ ვიცით კონკრეტული ფაქტები, რომ მე-9 კლასელებს შეავსებინეს ცარიელი ბიულეტენები და ჩააყრევინეს.

მთავარი ცხრილის მე-3 სვეტში ცესკოს დამტკიცებული შედეგებია; მე-4 სვეტში - ჩვენი გამოკითხვის შედეგები ანუ რეალური პროცენტები; მე-5 სვეტში - ამ ორი პროცენტის სხვაობა (ვისთანაც მნიშვნელოვანია). 

თითქმის 60 პარტიიდან მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და ნაცების შედეგებია მნიშვნელოვნად გაბერილი, ხოლო ყველა სხვა პარტიის შედეგები შემცირებულია ან მიახლოებით მართებულია. მაშასადამე, „ქართული ოცნებაც“ და „ნაცებიც“ შეძლებისამებრ აყალბებდნენ, იყენებდნენ რა ყველა ხრიკს, ვისაც როგორ შეეძლო და სადაც შეეძლო. ამას ისიც ადასტურებს, რომ არჩევნების მთელი დღის განმავლობაში „ნაცებს“ მასობრივ გაყალბებაზე ყვირილი არ აუტეხიათ. იყო მხოლოდ მცირერიცხოვანი ცალკეული საჩივრები, ისიც უმეტესად მაჟორიტარებთან დაკავშირებით. ხმაურიანი მასობრივი აღშფოთება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეგზიტპოლების შედეგები გამოცხადდა და „ნაცები“ უკმაყოფილო დარჩნენ მათთვის მიწერილი პროცენტით. მაგრამ არჩევნები ხომ დღის განმავლობაში ყალბდებოდა, „ნაცებს“ კი ყველა საუბნო კომისიაში ჰყავდათ წევრები. მაშ, რატომ იყვნენ ჩუმად? პასუხია: „შენც სუ და მეც სუ!“ არსებითად, ეს იყო დაუწერელი შეთანხმება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცებს“ შორის, თუმცა შემდეგ მოპარული პროცენტები ვეღარ გაიყვეს. 

გაყალბების დიდი გამოცდილებაა დაგროვებული, ხრიკების არსენალი გაცილებით დიდია, ვიდრე თუნდაც შევარდნაძის ზეობისას იყო. გაყალბებით ყველაზე მეტად „გირჩი“ დაზარალდა. ეს შედეგი ჩვენი გამოკითხვის მიუკერძოებლობას განამტკიცებს, ვინაიდან „გირჩი“ ჩვენთვის ყველაზე მიუღებელი პარტიაა. თუმცა ამ პარტიას უეჭველი მხარდაჭერა ჰქონია (ახალგაზრდებში). ძლიერ დაზარალდნენ  აგრეთვე: ნინო ბურჯანაძე (ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი მეორე პარტია), დავით ჭიჭინაძე და სოციალ-დემოკრატები. სამივეს  გადალახული ჰქონდა ბარიერი, მაგრამ გაყალბების გამო პარლამენტში  ვერ მოხვდნენ. დაზარალდნენ აგრეთვე: „პატრიოტები“, „ევროპული საქართველო“, თამაზ მეჭიაური, შალვა ნათელაშვილი, კახა კუკავა, „ლელო“.  

საერთო ტენდენციაც ცხადად ჩანს: ერთის გარდა, ყველა მცირე  პარტიას დაკლებული აქვს პროცენტი. ეს რომ მხოლოდ სიზუსტის ცდომილების გამო ყოფილიყო, მაშინ ზოგისთვის ნაკლები უნდა ყოფილიყო და ზოგისთვის - მეტი, შემთხვევითად.  მაშასადამე, ორმა დიდმა პარტიამ, რომლებსაც ყველა საარჩევნო კომისიაში ჰყავდათ წარმომადგენლები, დანარჩენებს მოჰპარეს ხმები. თანაც ამ პატარა პარტიებისთვის 1%-ის დანაკლისიც ძალიან მტკივნეულია. 

„ქართული ოცნება“ მაინც უეჭველად და მკვეთრად პირველია,  თუმცა „ნაცებისა“ და მისი სატელიტების ჯამური პროცენტია  გაცილებით მეტი. გაუყალბებელი არჩევნებით „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 32% ექნებოდა, „ნაცებსა“ და მათ ბარიერგადალახულ სატელიტებს - 44 %. დარჩენილი 24% ასე განაწილდებოდა:  „პატრიოტები“ - 4%, სოციალ-დემოკრატები - 3 %, ნინო ბურჯანაძე - 2%, დავით ჭიჭინაძე - 1,3%, თამაზ მეჭიაური - 1%, კახა კუკავა - 1%. ... და იქნებოდა კოალიციური პარლამენტი და მთავრობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×