ია აბულაშვილი
12.04.2021

"ეჭვი მაქვს, რომ ჩიხიდან გამოსავალს ვერ მოძებნის ის, ვინც ეს ჩიხი შექმნა - ვერც "ნაციონალები" და ვერც "ოცნება" ამას ვერ შეძელებენ. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ჯერ-ჯერობით არ გამოჩნდა ისეთი ძალა, ვისაც პოლიტიკური ალტერნატივის შემოთავაზება შეუძლია"- აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მცდელობები უშედეგოდ დამთავრდა, მხარეები კვლავ თავის პოზიციებზე დარჩნენ.

ზაზა ფირალიშვილი: ყველაფრიდან ჩანს, რომ, ვინც არ უნდა უშუამავლოს, დღევანდელი დაპირისპირებული ძალებისათვის სიტუაციიდან გამოსვლა ლამის გადაუჭრელ ამოცანად იქცა. ვერც ერთი ძირითადი დაპირისპირებული ძალა, ვერც "ოცნება" და ვერც "ნაციონალური მოძრაობა" თავის მომხრეებთან ერთად ვერ თმობენ იმედს, რომ მეორე მხარის სრულ განადგურებას შეძლებენ. ნებისმიერ დათმობას სისუსტედ აღიქვამენ.

დემოკრატიას გაცილებით მეტი ინტელექტუალური და მორალური რესურსი სჭირდება, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამჟღავნებს.

ადრეც მითქვამს: ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ვერ გათავისუფლდა პიროვნული და კორპორატიული მესიანიზმის, სამიტინგო-რევოლუციური პათოსისა და პოლიტიკური ბრძოლის ცივ სამოქალაქო ომამდე მიყვანის ჟინისაგან.

ბოლო ხანებში ხშირად მახსენდება ტალეირანი. როდესაც მას ჰკითხეს, დარჩა თუ არა ვინმე, ვისთვისაც მას არ უღალატია, უპასუხა, რომ არასოდეს უღალატია საფრანგეთისათვის.

მართლაც, მისი ბიოგრაფიის მკვლევარები ადასტურებენ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ის დგამდა სწორედ იმ ნაბიჯებს, საფრანგეთის მოცემული მომენტისათვის ოპტიმალური რომ იყო. ამას პოლიტიკურ ინტელექტთან ერთად დიდი ძალაც უნდა.

თურმე, ამ გამყიდველობითა და ორპირობით ცნობილ ადამიანსაც კი გააჩნდა მორალური ღერძი, რომლის ერთგულიც რჩებოდა და ეს ღერძი საფრანგეთის ინტერესები იყო.

არ ვგულისხმობ, რომ ჩვენში ვინმე მიზანდასახულად ღალატობს ქვეყნის ინტერესებს. ეს სხვა თემაა. ცუდ შედეგს ბუნებრივად ვიღებთ, როდესაც პირად თუ კორპორატიულ მისიაზე წარმოდგენებს და ქვეყნის ბედს ბარბაროსულად ვურევთ ერთმანეთში.

ცუდი ტრადიციით, ჩვენში სახელმწიფოებრივი განვითარების ერთი კონცეფცია მის მატარებელ ჯგუფთან ერთად ხისტად გამორიცხავს მეორეს. არადა, სახელმწიფოებრივი განვითარება გვაქვს იქ, სადაც განსხვავებულ და ზოგჯერ დაპირისპირებულ კონცეფციათა დიალექტიკაა.

ყველაფერი ამის შესახებ უკვე დაუფარავად გვესაუბრებიან დასავლელი პარტნიორები. როგორც ჩანს, მათ იმედი გადაეწურათ, რომ დიპლომატიური მინიშნებებით რაიმეს მიგვახვედრებენ და უკვე ღიად ახსენებენ პოლიტიკური სიმწიფის დეფიციტს, არადემოკრატიულ და არაევროპულ პოლიტიკურ ქცევას, ქვეყნის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენების აუცილებლობას, ჩვენთვის სავალალოდ გამწვავებულ რეგიონალურ სიტუაციას და ა.შ. ჩვენები კი კმაყოფილი ღიმილით ერთმანეთისაკენ იშვერენ ხელს, იმას გულისხმობდაო და უხერხულების განცდაც არა აქვთ.

"რ": როგორ უნდა გამოვიდნენ ჩიხიდან, რას ელით, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები?

ზ.ფ: ეჭვი მაქვს, ჩიხიდან გამოსავალს ვერ მოძებნის ის, ვინც ეს ჩიხი შექმნა. ვერც "ნაციონალები" და ვერც "ოცნება" ამას ვერ შეძლებენ.

დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ჯერჯერობით არ გამოჩანდა ისეთი ძალა, ვისაც პოლიტიკური ალტერნატივის შემოთავაზება შეუძლია. ვერც "ლელომ" და ვერც "სტრატეგია აღმაშენებელმა", სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაინც, ეს ვერ შეძლეს, თუმცა კი არც ინტელექტუალური რესურსი აკლიათ და არც ენერგია.

როგორც ჩანს, არ ეყოთ გამოცდილება და "ნაციონალების" ერთ-ერთ შემთხვევად იქცნენ, რითაც რეიტინგის თვალსაზრისით სერიოზულად დაიზიანეს თავი. არადა, დიდი იყო იმედი, რომ ან ერთი და ან მეორე, უფრო კი ერთიცა და მეორეც ერთად და ერთიანობაში შეძლებდნენ ამ თავსმოხვეული დღის წესრიგისაგან გათავისუფლებას.

აშკარაა, რომ ოპოზიციაში მნიშვნელოვანი მოძრაობებია. ბოლო დღეების დამოუკიდებელი აქციებით, როგორც ჩანს, "სტრატეგია აღმაშენებელიც" და "ლელოც" ცდილობენ თავისი ინდივიდუალობის დაბრუნებას.

მიმანიშნებელია ისიც, რაც "ევროპულ საქართველოში" ხდება. არჩევნებში მიღებული შედეგების გამო რამდენიმე ლიდერის გადადგომა მნიშვნელოვან სიმპტომად მეჩვენება. მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ მძიმე საარჩევნო შედეგი მხოლოდ მეტოქის ხრიკების ბრალი არ არის. დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება მხოლოდ რეგიონში რუსულ ინტერესების წისქვილზე ასხავს წყალს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლებაში მრავლად არიან ისეთები, ვისაც არ ესმის, რას ნიშნავს შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო და ის საფრთხე, რაც დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულების შეცვლამ შეიძლება შეგვიქმნას.

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ მათთვის უმთავრესი "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაა და ბრძოლის აზარტში ვერც შეცვლილ საერთაშორისო გარემოს ხედავენ და ვერც რიგითი ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობათა ცვლილებას.

მოკლედ რომ ვთქვა, "ნაციონალური მოძრაობა" 2003 წლის მობრუნებას ლამობს, "ოცნება" - 2012-ისა. ამაზე მეტყველებს კარვები რუსთაველზე და, მეორეს მხრივ, "ოცნების" უკვე ტრადიციული მოკავშირის - რუსულად შეფერილი პატრიოტული ძალების გააქტიურება.

დღევანდელ სიტუაციაში ქვეყანა საერთაშორისო მხარდაჭერას ჰკარგავს და ბიძინა ივანიშვილს რესურსი არ ეყოფა იმას, რომ ქვეყანამ ამის გარეშე შეძლოს ცხოვრება.

დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება მძიმე შედეგებს მოგვიტანს. ეჭვი მაქვს, ეს ყველას ესმის ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილის გარდა. სიტუაცია მომწიფებულია საიმისოდ, რომ რაღაც განსხვავებული იშვას, ოღონდ, ეგაა, ამ სიტუაციაში არაპროგნოზირებადია, რა იქნება ეს განსხვავებული და რისკენ წაგვიყვანს.

"რ": ანუ საზოგადოება მესამე ძალის მოლოდინშია? ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკვე გააკეთა განაცხადი რომ პოლიტიკაში რჩება. თქვენ როგორ ხედავთ მის პოლიტიკურ მომავალს?

ზ.ფ: თითქოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეთანხმებულან, რომ გახარიას გამოუთავისუფლონ სივრცე. ორივე გახარიას გამოჩენას აღიქვამს, როგორც საფრთხეს, მაგრამ ორივენი უნებურად ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ მისი გამოჩენა რაც შეიძლება ეფექტური იყოს.

გახსოვთ, 2011 წელს ივანიშვილის გამოჩენის გამო როგორ ამოისუნთქეს ჩვენმა რიგითმა მოქალაქეებმა? უდიდესმა ნაწილმა არც იცოდა, ვინ იყო ივანიშვილი, მაგრამ მაშინდელ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში ივანიშვილის გამოჩენას სუფთა ჰაერის ნაკადის შემოჭრის ეფექტი ჰქონდა.

დღეს გიორგი გახარიას მნიშვნელოვანი შანსი აქვს, რომ "ოცნებასაც" და ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილსაც ადგილობრივ არჩევნებში საკმაო რაოდენობის ხმები წაართვას.

ამასთან, მას თავისი აქილევსის ქუსლი აქვს და ეს ბიძინა ივანიშვილის აჩრდილია. თუ ის ვერ შეძლებს, გათავისუფლდეს ამ აჩრდილისაგან, დღევანდელი ეფექტი საპარლამენტო არჩევნებში ვეღარ იმუშავებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×