(ანუ, უტვინო თავმა ფეხებს ძალა დაატანაო)
რეზონანსი
22.04.2021

 ნაწილი I

დღეს საშუალო სტატისტიკურ ქართველს რომ უთხრა, როკის გვირაბსა და ხევსურეთზე გამავალ გზებს შორის ერთი აუცილებლად უნდა აირჩიოო, არაა გამორიცხული ხევსურეთზე გამავალი აირჩიოს.

ის ქართველები კი, „ჭკვიან, ჭკუის საკითხავ კასტას" რომ აკუთვნებენ თავს, დარწმუნებულ ვარ, ხევსურეთის მაშრუტს აირჩევენ და თავს დანანებით გადააქნევ-გადმოაქნევენ...

საშუალო სტატისტიკურ ქართველს არც მაშინ ეკითხებოდა ვინმე და არც ახლა ეკითხება.

„ჭკვიანი, ჭკუის საკითხავი კასტა" მაშინაც და ახლაც, რაიკომის მდივანთა უმეტესობასავით აქიცინებს თავს (თვითონ კი ჰგონია, რომ თავს მრავალმნიშვნელოვნად ვაქნევო) და დარწმუნებულია, რომ მის ტვინში ფოსფორის გარდაქმნებით მიმდინარე რეაქციების რაოდენობას კომპიუტერიც კი ვერ გაზომავს.

მაშინ საშუალო სტატისტიკურმა ქართველმაც და იქვე ნახსენებმა კასტამაც უარი უთხრა ხევსურეთზე გამავალ გზას.

ეს უარი ძალიან ძვირი დაგვიჯდა...

მივყვეთ ნელი ნაბიჯით და დინჯად.

რეპუბლიკას იმ პერიოდში დიიდი, მსოფლიო დონის პოლიტიკოსი მიუძღოდა წინ - ჯერ კომუნიზმისკენ, მერე, კომუნიზმისკენ მიმავალი გზა ადამიანის ძვლებით მოკირწყლული რომ აღმოჩნდა, ადამიანური სახის სოციალიზმისკენ გაგვიძღვა. ამანაც რომ არ გაამართლა და იმპერიასაც აგონია დაეწყო, სხვის მიერ დამოუკიდებლობა მოპოვებულ საქართველოს მოაჯდა ქედზე და სიბნელით და მკვლელობა-დახვრეტებით ხედნიდა ნათელი მომავლისკენ.

უნივერსიტეტში სწავლისას და მის შემდგომ წლებში ახალგაზრდები ხშირად დავეხეტებოდით მთასა თუ ბარში. ერთ წელიწადს პირიქითა ხევსურეთში ვიყავით. უმშვენიერესი ადგილები და უშვენიერესი ადამიანები... ხევსურეთში სტუმრობის შესახებ იმაზე ლამაზად, როგორც ჩემმა მეგობარმა გიორგი მეცხოვრიშვილმა უამბო პირწიგნაკს, მე ვერ ვილაპარაკებ და ვერ აღვწერ.

ამ წერილის მიზანი ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, მრავალი ჩემი თანამემამულისთვის მეტად მტკივნეული საკითხის ისეთი კუთხიდან დანახვაა, რომელიც, პირდაპირ ვთქვათ, ეწინააღმდეგება ზემოთნახსენებ საშუალო სტატისტიკური ქართველების კრებით აზრს.

დასაწყისშივე მინდა შეგითანხმოთ რამდენიმე მარტივი ტერმინი თუ დოგმა. საშუალო სტატისტიკურ ქართველს არ მოეთხოვება გულდასმით და გამოწვლილვით გააანალიზოს ის, რაც ქვეყანაში და ქვეყანაზე ხდება. მის მაგიერ ამას სხვები აანალიზებენ და მზამზარეულ დასკვნას მიათმევენ ჩვეულებრივ მოქალაქეს. მას ბევრი ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება, მზამზარეული დასკვნა მიართვეს. რამდენად მიიღებს, დამოკიდებულია დასკვნის ავტორის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე - ანუ, იმაზე, თუ რამდენად ჭკუის საკითხავია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მოსურნე ინდივიდი ან ინდივიდთა ჯუფი. ცალკე საკითხია მისი კეთილსინდისიერების ამბავიც. სჯერა, რასაც ამბობს თუ არ სჯერა, ვინმეს დავალებით აპირებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას თუ გულწრფელია და ა.შ.

ახლა კი ძირითადი სათქმელის შესახებ.

გონებიდან და მეხსიერებიდან არ ამოდის ერთი ჩვეულებრივი ხევსური კაცის ტკივილით ნათქვამი - „ცხენით მიმყავდა, ვერ მივედით ექიმამდე, გზაში მომიკვდა..."

ამას მამა ამბობდა. მამა, რომელმაც ექიმამდე ვერ მიიყვანა შვილი ზამთარში. უგზოობის გამო დროზე ვერ მიიყვანა და მოუკვდა. 
ამის მთქმელის გულში რა ტრიალებდა, ამის წარმოდგენა თქვენთვის მომინდვია, ძვირფასო მეგობრებო. რამდენი ბავშვი და დიდი დაღუპულა უგზოობის გამო, ამაზე თქვენც გექნებათ თითები დაკბენილი.

მე კი, ცოტათი სხვა მხრიდან უნდა შევხედო და თქვენც იმ, განსხვავებული მხრიდან შეგახედოთ ამ პრობლემას.

ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში დაუნდობელი ბრძოლაა გაჩაღებული ეგრეთ წოდებულ „ტექნოკრატებსა" და ეგრეთ წოდებულ „გულანთებულ ქართველ ეკოლოგისტებს" შორის.

ორივე კედაროს მეტად კეთილშობილური მიზანი ჰქონდა გაცხადებული: პირველებს დიდი მშენებლობები უნდა ეწარმოებინათ, დიდი მიზნები დაესახათ, მეორეებს კი ჩვენი ქვეყანა და ეკოლოგია დაეცვათ ტექნოკრატების დამანგრეველი და მოუზომავი ზემოქმედებისგან.

ორივე მხარეს თვისი სიმართლე გააჩნდა (Sic! ხომ არ გეცნოთ, მეგობრებო?!). ორივე მხარე გააფთრებით იცავდა თავის იდეას.

ვთქვათ მართალი, პირველების ფაქტიურ ინტერესს ფული და ქონება წარმოადგენდა, რომელსაც აუცილებლად მოტეხავდნენ და დააგროვებდნენ დიდ მშენებლობების განხორციელებისას.

მეორეებს კი საზოგადოებრივი მდგომარეობა, საზოგადოებაზე ზემოქმედების ბერკეტების გამყარება სჭირდებოდათ, რათა მათი ერთობა, - არ მინდა ვიხმარო ტერმინი „პარტია", - რაც შეიძლება ახლოს მისულიყო მართვის სადავეებთან. ეს კი, თავის მხრივ, ისევ ფულის მოტეხვის და ქონების დაგროვების გარანტიაა.

აქ არაა სახსენებელი სესხად გამოტანილი რაღაც ასხუთი, თუ რამდენიც იყო, მილიარდი კუპონი, რომელიც ერთ თვეში თუ ორ თვეში დააბრუნეს ბოლო კუპონამდე. არც ვახსენებდი, რადგან ეს გვიან, იმ მოვლენებზე გაცილებით გვიან მოხდა, რაზეც ამ წერილში იქნება საუბარი. უბრალოდ, მაშინდელმა „გამარჯვებამ" ეკოლოგისტებს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მანამდე არნახული ძალა შესძინა.

კამათი ტექნოკრატებსა და ეკოლოგისტებს შორის, როგორც წესი ხმის ჩახლეჩამდე ბღავილში გადადიოდა. უნდა ვთქვა, რომ ვიყავით კიდევ ერთი, მცირე ნაწილი საზოგადოებისა, ვინც არც ტექნოკრატებს ვაღმერთებდით (მათ უბრალოდ, საქმოსნებს ვეძახდით. საქმოსანი და ბიზნესმენი არაა სინონიმები. ბიზნესმენი საქმიანი ადამიანია. საქმოსანი კი ტიპიური ოსტაპ ბენდერია) და არც ეკოლოგისტების მხარეს ვიჭერდით. სხვათაშორის არც შუაშისტები გახლდით. მე, მაგალითად, თუ ვინმეს აინტერესებს, ვიტყვი - ერთი მხრივ დიდი ჰესების აშენების წინააღმდეგი, მეორის მხრივ, გზების გაყვანის აქტიური მომხრე ვიყავი.

ხევსურეთში გზის გაყვანის აუცილებლობას ბევრით ვერა, მხოლოდ იმ, ზემოთმოხმობილი მაგალითით ვცდილობდი. როგორც აღმოჩნდა, არც ისე გერგილიანად ვცდილობდი.

გაიმარჯვეს ეკოლოგისტებმა მაშინ.

აღარ გავიდა ხევსურეთზე ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გვირაბი და გზა.

დიდმა პოლიტიკოსმა ყური უგდო და „დაუჯერა" ხალხს.

დიახ, წერტილი დაუსვეს სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებულ გაცხარებულ პოლემიკას - გათხარონ თუ არა გვირაბი და გაიყვანონ თუ არა გზა ხევსურეთზე.

მახსოვს, ჩემმა მეორე მეგობარმა, მიშა ხიდეშელმა, ასეთი ფრაზა მითხრა - „შენ თუ გგონია, სოლომონ, მაგენს ეკოლოგია და იმპერიის ზრახვები ადარდებთ, ძალიან ცდები. მაგენს სანადირო ადგილები უფუჭდებათ, რომ ვეღარ ინადირებენ, იმას დარდობენ"-ო.

პოეტების და მწერლების, საზოგადო მოღვაწეების თუ უღვაწოების მთელი ჯგუფი აღდგა ხევსურეთზე გზის გაყვანის წინააღმდეგ. მათგან ერთ-ერთი, ყველაზე მეტად აქტიური, ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი დამამახსოვრდა. თქვენც გემახსოვრებათ, მისი ომახიანი გამოსვლები.

პოეტების და მწერლების ამ ჯგუფიდან ბევრი იყო ჩემთვის მეტად პატივსაცემი. მეტსაც გეტყვით, ბევრი ჩემი საყვარელი პოეტი და მწერალი იყო მათ შორის - დიდებული ადამიანები. როგორც ქვეყნის პოლიტიკის გამსაზღვრელები კი, ვერ აღმოჩდნენ ისეთები და ისეთი დონისანი, როგორსაც დღევანდელი გადასახედიდან ვისურვებდი.

არ ჩამითვალოთ, რომ პოეტებს და მწერლებს ვადანაშაულებდე. ღმერთმა დამიფაროს!

მე, მაშინდელ „პოლიტიკოსებს" და, განსაკუთრებით იმ დიიდ, მსოფლიო დონის პოლიტიკოსს ვადანაშაულებ, ვინც თავისი ავტორიტეტი გამოიყენა და ცეკას თუ, რა ოხრობაც ერქვა, იმ ორგანოს, ხევსურეთის მარშრუტზე უარი ათქმევინა.

ერთი კაციც არ აღმოჩნდა, ვინც იტყოდა, მაგენი გზას მაინც გაიყვანენ და სხვა, ჩვენთვის უფრო ცუდი, სამომავლოდ თავშისაცემი მონაკვეთი არ ამოარჩიონო.

დიახ, არ აღმოჩნდა...

რატომ არ აღმოჩნდა იცით?!

სულგანათლებულმა შოთა ნიშნიანიძემ გვითხრა, რატომ არ აღმოჩნდა ერთი მაინც ჭკვიანი, საქართველოს ბედზე გულით და გონებით მოფიქრალი ადამიანი, რომელიც იმას იტყოდა, რაც ზემოთ ვთქვი.

ვერ თუ არ აღმაჩნდა ისეთი, ვინც გრანდისსიმოჰალლეს სიმართლეს ეტყოდა. მთქმელს a priori ეცოდინებოდა, რისხვას რომ დაიმსახურებდა, მაგრამ მაინც გაბედავდა სიმართლის თქმას.

საწყენი და მეტად გულსაწყვეტია, მაგრამ არ აღმოჩნდა.

„სულელო, მეფეს ჭკვიანი არ უყვარს, მეფეს ერთგული უყვარს"-ო, ამოთქვა პოეტმა. ჭეშმარიტება ბრძანა.

ვინ იცის, იქნებ იყო კიდეც ჭკვიანი და სიმართლის ყველაფერზე წინ დამყენებელი, მაგრამ ჭკვიანს, როდის იყო, ყურს უგდებდნენ საქართველოში?!

ჩემზე მეტად განათლებული ადამიანებიც მახსოვს, ვინც ასე, ჩემსავით (თუ, მე მათსავით) ხევსურთში გზის გაყვანის მომხრეები გახლდნენ. ვაი, რომ უკიდურეს უმცირესობას წარმოვადგენდით.

რომ მცოდნოდა, ან ჭკუა რომ მყოფნოდა და მეთქვა, ხევსურეთზე თუ არ გავაყვანინებთ, მაშინ როკის გვირაბს გაგვითხრიან-მეთქი, ალბათ ასე მშვიდად ვერ გავჩერდებოდი. არ მეყო მაშინ არც ჭკუა-გონება და არც ანალიზის უნარი.

მე, მაშინ ახალგაზრდას, რომ არ მეყო განჭვრეტის უნარი, ალბათ არ უნდა იყოს გასაკვირი. მე კი არა, ნამეტანი ჭკვიან და ქვეყნის ბედზე მოფიქრალებათ რომ მოჰქონდათ თავი (ზოგს იმხელა თავი ჰქონდა, ძლივს მოჰქონდა), მათ ვერ გათვალეს ასეთი მარტივი სვლა: რუსეთიდან სამხრეთ კავკასიისკენ გზა რომ იყო გასაყვანი, ამას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებდა. აუცილებლად რომ გაიყვანდნენ, ვერც ამას დააყენებდა ეჭვქვეშ ვერავინ. ხევსურეთზე თუ არ გავაყვანინებდით, როკს რომ გამოთხრიდნენ, ამის მოფიქრალი კაცები არ გვყოლია. თურმე არ გვყავდა.

წინგამხედავი კაცების და ქალების ნაკლებობა კი ნებისმიერ ერს და ხალხს უკან რომ დასწევს, ამაში ეჭვი არავის გვეპარება.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

 

სოლომონ ნერგაძე

მოლეკულური ბიოლოგიის ას.-პროფესორი,

პავიას უნივერსიტეტი, პავია (იტალია)

2021 წლის აპრილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×