რეზონანსი
25.04.2021

მიწის საკითხის მოუწესრიგებლობა, უწინარეს ყოვლისა – სახელმწიფოს, როგორც მიწის უმსხვილესი მესაკუთრის, მიწის ძირითადი განმკარგავის და მონოპოლისტის მდგომარეობა, ხელს უშლის მიწათსარგებლობის და მიწათმფლობელობის განვითარებას. 

სათემო მიწათმფლობელობის არარსებობა, მიწაზე მუნიციპალური და სახელმწიფო საკუთრების არაადექვატურად გამიჯვნა, მიწის ყიდვა-გაყიდვის არასათანადო რეგულირება, მიწათმფლობელობის, როგორც არა მხოლოდ უფლების, არამედ ვალდებულების უქონლობა ხელს უშლის საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.

მიწის სახელმწიფო და განსაკუთრებით, მუნიციპალური პოლიტიკის გაუმართაობა, მიწათსარგებლობის არასათანადო რეგულირება და დაგეგმვა, მიწათმოწყობის ფაქტიურად მთლიანად მოშლა და სხვ. რაც გადაულახავ ბარიერებს ქმნის ტერიტორიების კეთილგონივრული გამოყენებისთვის და წარმოშობს არსებით საფრთხეებს, რის გამოც ვეღარ შევძლებთ ჩვენი მიწის, მიწასთან ძირეულად დაკავშირებული ყველა სხვა ბუნებრივი რესურსის, ჯეროვნად მოვლა-პატრონობას.

უარესიც, სათემო მიწათმფლობელობის არ არსებობა, თავისთავად, იმდენად დიდი საფრთხეა, რომ სამკვიდრომოკლებული სოფელი კარგავს საკუთრ იდენტობას, მკვიდრი საზოგადოებრივი ერთობიდან, თემიდან, გადაიქცევა სხვისი ხელის შემყურე და მოიმედე ხიზანთა უსახურ მასად, რითაც სახელმწიფოს, ერს, ერთ-ერთი მთავარი ბურჯი ეცლება.

მიწის სახელმწიფო პოლიტიკის ამოსავალი პრინციპები უნდა იყოს:

1. მიწა არა მხოლოდ ეკონომიკური, ბუნებრივი რესურსი და წარმოების ძირითადი საშუალებაა, არამედ იგი ჩვენი იდენტობის დამდგენი ეროვნული საუნჯეა – მიწა სამკვიდროა;

2. მიწის, ე.ი. სამკვიდროს ჯეროვანი მოვლა-პატრონობა და დაცვა შეადგენს ყოველი მოქალაქის, ადგილობრივი თემისა და ეროვნული სახელმწიფოს ძირეულ, საარსებო (ეგზისტენციურ) ფუნქციას;

3. მიწის საკუთრება იმავდროულად სოციალურად დამავალდებულებელი ბუნებისაა, რაც ხაზგასმული იყო კიდეც საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 116-ე მუხლში; (ასევე ყურადსაღებია, რომ საკუთრების სოციალურად დამავალდებულებელი ბუნება მკაფიოდ არის ასახული თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სოციალური სახელმწიფოს – გერმანიის კონსტიტუციის მე-14 მუხლში). 

ამ ფუნდამენტური პრინციპებიდან, რაც ნაწილობრივ გაზიარებული და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, გამომდინარეობს 

უცხოელების მიწათმფლობელობის შეზღუდვა (იხ. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი), რაც რასაკვირველია, დისკრიმინაციული ხასიათისა არ არის;

ამ ფუნდამენტური პრინციპების ხორცშესხმისთვის მიწის სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის სამართლებრივი მოწესრიგება; ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის გადასაწყვეტად აუცილებელი იქნება მიწის კანონმდებლობის კოდიფიცირება, 

ე.ი. მიწათმფლობელობასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების სისტემატიზებული, კომპლექსური თავმოყრა „მიწის კოდექსში“.

სწორედ „მიწის კოდექსმა“ უნდა შექმნას ამ ეგზისტენციური ფუნქციის – მიწის ჯეროვანი მოვლა-პატრონობისა და დაცვის, საჯარო პოლიტიკის სამართლებრივი საფუძვლები და ასეთი პოლიტიკის დემოკრატიულობის, ასევე მისი ეფექტიანობის გარანტიები;

მიწის საჯარო პოლიტიკა მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის მიზნიდან (რის გარეშეც თანამედროვე ეფექტიანი და დემოკრატიული მმართველობა წარმოუდგენელია) გამომდინარე და სუბსიდიარობის ფუნდამენტური პრინციპის დაცვით ორ სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეზე უნდა წარიმართოს; ამისთვის აუცილებელია მიწის რეფორმის დაგეგმვა და გატარება;

მიწის რეფორმის ძირითადი მიზნები, გარდა მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ფუნდამენტური მოწესრიგებისა, უნდა იყოს:

1) მიწათმლობელობის მიმართულებით:

ა) ისტორიული სამართლიანობის, მაშასადამე, საკუთარ სამკვიდრო მიწაზე ადგილობრივი თემის უფლებათა თანამედროვე ფორმით აღდგენა, რაც გულისხმობს ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მუნიციპალურ საკუთრებას და ადგილობრივი თემის მუდმივ, უსასყიდლო სარგებლობას და მფლობელობაში გადაცემას;

ბ) იმ ვითარების, როდესაც სახელმწიფო კვლავაც რჩება ყველაზე მსხვილი და ამასთანავე სრულიად არაეფქტიანი მიწათმფლობელი, რაც შეიძლება დროულად გამოსწორება; სახელმწიფო საკუთრებიდან მუნიციპალურ საკუთრებას და ადგილობრივი თემის მუდმივ, უსასყიდლო სარგებლობას და მფლობელობაში გადაცემული უნდა იქნეს, როგორც სასოფლო (უწინარესად საძოვრები და სათიბები, სათემო ტყე, მაგრამ არამარტო), ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ყველა ის მიწა, რაც არ გამოიყენება კონკრეტული სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელების, ან სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებით, ან საერთო ეროვნული მასშტაბის ეკონომიკური პროექტებისთვის;

გ) მიწის ბაზრის მოწესრიგებისთვის აუცილებელია შემოღებული იქნეს სოფლის მეურნის (ფერმერის) სტატუსი და დადგინდეს მიწის გაყიდვის დროს უპირატესი შესყიდვის უფლებათა შემდეგი რიგითობა: მკვიდრი სოფლის მეურნე (ფერმერი), სათემო კოოპერატივი, საქართველოს მოქალაქე არამკვიდრი სოფლის მეურნე, მუნიციპალიტეტი (იმ პირობით, რომ მიწა სათემო სარგებლობისა იქნება), სახელმწიფო;

2) მიწათსარგებლობის მიმართულებით – ეროვნულ დონეზე 2022 წლიდან (და არა 2024 წლიდან რასაც ითვალისწინებს სამთავრობო დადგენილება) უნდა აღდგეს მიწის სტრატეგიული მართვის, ე.ი. მიწათსარგებლობის აღრიცხვის (მიწის ბალანსის სისტემური წარმოების), სახელმწიფო რეგულირების (მიწათსარგებლობის მონიტორინგი, მიწის დაცვის ნორმების მიღება და მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა) და მიწის რაციონალური გამოყენების სტრატეგიული დაგეგმარების ფუნქციის, ხოლო ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე – მიწის ადგილობრივად ოპერატიული მართვის, ე.ი. მიწათმოწყობის (ადგილობრივი მიწათსარგებლობის აღრიცხვა და რაციონალური მიწათსარგებლობის ოპერატიული დაგეგმარება) ფუნქციის განხორციელება.

პაატა კოღუაშვილი

პროფესორი, ექსპერტი აგრარულ ეკონომიკაში,

დავით ზარდიაშვილი

ექსპერტი მუნიციპალურ სამართალში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×