რეზონანსი
05.05.2021

 პანდემიამ მთელი მსოფლიოს პარალიზება მოახდინა. იგი ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო - თუმცა, ყველაზე დიდი დარტყმა მან ტურიზმის სექტორს მიაყენა. შემოღებულმა შეზღუდვებმა სერიოზული ნეგატიური ზეგავლენა იქონია როგორც მსოფლიო ტურიზმზე, ისე ცალკეულ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე - ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

სასტუმრო „ვაინ პალასის" და ღვინის მაღაზია „ბრენდ ვაინის" მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი ჩხაიძე „რეზონანსთან" ტურიზმთან მიმართებაში პანდემიის გავლენაზე საუბრობს - ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა ტურისტული ნაკადი ფაქტობრივად შეჩერებულია, როგორც სასტუმროში, ისე მაღაზიაში შემოსავლების მნიშვნელოვანი კლებაა. მიიჩნევს, რომ ამ სფეროს გადასარჩენად სახმელეთო საზღვრები უნდა გაიხსნას.

„პანდემია როგორც ყველასთვის, ისე ჩემზე და ზოგადად, ბიზნესზე უარყოფითად აისახა, ტურიზმის გადასარჩენად სასწრაფოდ სახმელეთო საზღვრები უნდა გაიხსნას, რომ ხალხი შემოვიდეს - ვაცქინირებულებს უნდათ შემოსვლა და რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალება უნდა მიეცეთ, რათა ტურიზმი რეალურად ამოძრავდეს და ეკონომიკა გამოცოცხლდეს.

„მე პირადად ტურიზმის ბიზნესში ვარ ჩართული - მაქვს სასტუმრო „ვაინ პალასი" და ღვინის მაღაზია „ბრენდ ვაინი", მუშაობა ორივეგან გაჭირდა, ძალიან მძიმე ვითარებაა, რადგან პანდემიის ფონზე ტურისტები არ ჩანან, ხალხი არ არის და მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ სახმელეთო სასწრაფოდ უნდა გაიხსნას - ხალხს დასვენება უნდა.

„სახელმწიფოს მხრიდან 200-200 ლარიანი კომპენსაცია ჩემმა თანამშრომლებმა მიიღეს. სახელმწიფომ ის უნდა გააკეთოს, რომ საზღვრები გახსნას და ხალხი შემოვიდეს, რომ ყველა დასაქმდეს, ყველა თავის საქმეს დაუბრუნდეს.

„დღეის მდგომარეობით სასტუმროში და მაღაზიაში ჯერჯერობით მუშაობა არაა, კვლავ მინდა გავიმეორო, რომ ხალხი უნდა შემოვიდეს, რომ მუშაობა დაიწყოს და ეტაპობრივად ყველაფერი აღდგეს," - განაცხადა ჩხაიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×