იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართული კენჭისყრის შედეგები: მომხრე 0, წინააღმდეგი 0, თავი შეიკავა 9-მ...
რეზონანსი
09.05.2021

გაზეთ „რეზონანსში" პირველ მარტს გამოქვეყნებული სტატიის („სამართლებრივი სახელმწიფო ვართ თუ პლუტოკრატიული?!") ბოლოს აღვნიშნე, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მას პარლამენტის მესვეურების გადადგომა მოჰვებოდა... ნამდვილად არ მოველოდი, რომ არჩილ თალაკვაძე თანამდებობას დატოვებდა, რასაც უაღრესად პროგრესულ მოვლენად მივიჩნევ... როგორც ჩანს, სრულად შეიგრძნო პასუხისმგებლობა იმ პრობლემების გამო, რომლებიც საკანომდებლო ორგანოს ფორმირების პროცესში და საქმიანობის დაწყებისთანავე გამოვლინდა...

დარწმუნებული ვარ, ბატონმა არჩილმა ჩვენზე უკეთესად იცის, რომ ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაციისთვის დამოუკიდებელი სასამართლოც გვჭირდება და, კანონის უზენაესობასთან ერთად, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაც უნდა უზრუნველვყოთ. თუ რამდენად დავიცავით „ევროსტანდარტები" განვლილი საპარლამენტო არჩევნებისას, ნათლად გამოჩნდა, როდესაც ბარიერგადალახული ცხრა სუბიექტიდან რვამ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია, რასაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეებიც (ბურჯანაძე, ბაქრაძე უსუფაშვილი) დაეთანხმნენ... სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხზე მკაფიო წარმოდგენას კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა გვიქმნის, რომელიც, ფაქტობრივად, ერთი „ოჯახის" („კლანის") წევრებით არის დაკომპლექტებული... არადა, სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად, პლუტოკრატიულ რეჟიმად რომ არ ჩამოვყალიბდეთ, პირველ რიგში, სწორედ პარლამენტის წევრებმა უნდა დაიცვან კანონები... ერთპარტიულ პარლამენტში რა ვითარება შეიქმნა მკითხველმა (ამომრჩეველმა) თავად განსაჯოს:

ცნობილია, რომ „პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის მუშაობის წესს". ამასთან, მოქალაქეებს უფლება გვაქვს, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მივმართოთ, რომელიც „წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. პარლამენტის ბიურო საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს, რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ საკანონმდებლო წინადადების აღნიშნულ ვადაში განხილვა ვერ მოხერხდა, მისი განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს პარლამენტის ბიურომ არაუმეტეს 30 დღით".

იმავე რეგლამენტის თანახმად, კონკურსის საფუძველზე შერჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (იუს) არამოსამართლე წევრობის კანდიდატი პარლამენტს უნდა წარედგინოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60-ე და არაუგვიანეს 40-ე კალენდარული დღისა. ამასთან, პარლამენტმა სასამართლოსაც განუსაზღვრა ადმინიტრაციული საქმის განხილვის ვადა, რომელიც ჩვეულებრივ 2 თვეს, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე მაქსიმუმ 5 თვეს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ვალდებულია დაიცვას, მისივე დადგენილი, როგორც საკანონმდებლო წინადადების განხილვის, ასევე კონკურსის ჩატარების ვადები, ფაქტია, რომ იუს არამოსამართლე წევრს, შოთა ქადაგიძეს 23 მარტს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, თუმცა პარლამენტს მისი შემცვლელი ჯერ არ აურჩევია... ამასთან, 2017 წელს პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში სამი სარჩელი შევიდა, რომლებითაც იუს ხუთივე არამოსამართლე წევრის გამწესების პროცედურის უკანონოდ ცნობა იყო მოთხოვნილი (ფაქტობრივად, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მესვეურების მიერ წინასწარ შერჩეული პირები კონკურსის გარეშე გამწესდნენ თანამდებობებზე). გასაგები მიზეზების გამო წინა მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ისე ამოიწურა და გადაწყვეტილებაუუნარო იუს მიერ შერჩეული კანდიდატები ისე გამწესდნენ უზენაეს სასამართლოში, რომ 4 წლის წინ დაწებული დავის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოტანილი, ხოლო საკასაციო საჩივარი, მეორე წელია, სწორედ „უზენაესშია" თაროზე შემოდებული...

ფაქტია ისიც, რომ 2020 წლის 4 სექტემბერს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მეცნიერებმა მიმართეს და „წინააღმდეგ ხმის მიცემის უფლების" აღიარება ურჩიეს, რის შედეგადაც ამომრჩევლის მიერ შევსებული ის საარჩევნო ბიულეტენიც, რომელშიც გასაგებად არის გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება საარჩევნო სუბიექტისადმი, ნამდვილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობაში აისახებოდა. შესაბამისად, შეიცვლებოდა არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაც (სავარაუდოდ, გაიზრდებოდა, არანაკლებ 100 000-ით), რაც გამორიცხავდა მანიპულაციებს პოლიტიკური მოწინააღმდეგის სასარგებლოდ მიცემული ბიულეტენებით და მანდატებიც უფრო ობიექტურად განაწილდებოდა. აღნიშნული წინადადება დღემდე არ განხილულა.

გასული წლის 17 დეკემბერს კი, პარლამენტში ორი საკანომდებლო წინადადება შევიდა. ერთით, იუს არამოსამართლე წევრის ასარჩევი კონკურსების ღია წესით ჩატარება იყოს შეთავაზებული (როგორც ეს საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცედურით არის გათვალისწინებული), რითაც ასარჩევ პირთა წრეც საგრძნობლად გაფართოვდებოდა და პარლამენტსაც აღარ მოუწევდა კანონის დარღვევა. ამასთან, „საერთო სასამართლოების ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 და პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-3 პუნტებს შორის არსებული აშკარა შეუსაბამობაც აღმოიფხვრებოდა. ხოლო მეორე საკანონმდებლო წინადადების თანახმად, იუს არამოსამართლე წევრის ასარჩევი კონკურსი პარლამენტის სპიკერის „საჯარო განცხადებით" კი არ გამოცხადდებოდა, არამედ შესაბამისი ბრძანებით, რაც აინტერესებულ პირებს მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მისცემდა.

მხოლოდ ახლახან აცნობეს ავტორს, რომ წინადადებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 12 აპრილს მის გარეშე განუხილავთ და „უარყოფილად უცნიათ", თუმცა სხდომის ოქმი დღემდე არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც მაფიქრებინებს, რომ, რეალურად არაფერი განხილულა, მითუმეტეს, რეგლამენტთან დაკავშირებულ წინადადებაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტში უნდა ემსჯელათ.

სამაგიეროდ, გამოქვეყნებული ოქმებიდან შევიტყვე, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ერთხმად უჭერენ ხმას მთავრობისა და პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს (მომხრე 9, წინააღმდეგი 0, თავი შეიკავა - 0), ხოლო გარედან შესული რამდენიმე ათეული საკონმდებლო წინადადებებიდან ერთსაც კი არ გამოუჩნდა თუნდაც ერთი მხარდამჭერი, თუმცა, არც წინააღმდეგი წასულა ვინმე (მოხრე 0, წინააღმდეგი 0, თავი შეიკავა - 9), რაც, შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ დეპუტატებს ხალხის („ხელისუფლების წყაროს") აზრი საერთოდ არ აინტერესებთ...

თუ გავითვალისწინებთ, რომ იმავე რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო კომიტეტის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგელია კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაზე, გამოდის, ბიუჯეტის სახსრები არაფექტურად იხარჯება...

ამდენად, იმ ვითარებაში, როცა მიკერძოებული მოსამართლეებიც არღვევენ კანონს და დეპუტატებიც სამართლებრივ ნიჰილიზმს (სამართლის ნორმების არცოდნა ან/და აბუჩად აგდება) ამკვიდრებენ, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა ღირსეულ საქციელად მიმაჩნია. თუმცა, თუ მოქალაქეებს რეალურად გვსურს ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება, მომავალი პარლამენტის არჩევისას თავადაც გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა და დაკვირვება.

ავთანდილ კახნიაშვილი,

სამართლის დოქტორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×