(ანუ, სამშობლოს ერთგულ ბეღურებს გაუმარჯოს!)
რეზონანსი
23.05.2021

 გულისტკივილით ვთქვი ადრეც და ახლა კიდევ უფრო მეტი გულისტკივილით ვიმეორებ - მთაწმინდას ქართველები ძალიან უდიერად ვექცევით.

მხედველობაში მაქვს მთაწმინდის პანთეონი.

ჩვენმა კარგმა ძმამ, ვახო ყანდაშვილმა, პირწიგნაკზე კამათისას ასეთი ფრაზა მითხრა - „სადაც კეკე და კიდევ „ის" უნდა განისვენებდეს, ეს მითუმეტეს!"-აო.

დავეთანხმე და ვერც დავეთანხმე.

კი, ბატონო, მთლიანად დავეთანხმებოდი, მაგრამ აუცილებლად უნდა გვქონდეს ეროვნული, საერთო, დიდი, რომელიც ყველაფერ სხვას დაგვავიწყებს და რომელსაც ყოველგვარ პიროვნულზე, ჯგუფურზე, ჯოგურზე მაღლა დავაყენებთ ყველა, ნებისმიერი გემოვნების თუ მიმართულების ჩვენი თანამემამულეები - უამისოდ ჯოგის დონეზე დავეშვებით.

თავს თუ არ შეგაწყენთ, ჩვენი ახალგაზრდობისდროინდელ, ცოტა არ იყოს გულუბრყვილოდ რომ მოჩანდა, ისეთ სადღეგრძელოს გავიხსენებ - იგი „სანაგვეზე დაგდებული ბრილიანტის", „ორი უგრძნობი კოცნის"და ამათი მსგავსი სადღეგრძელოების ციკლიდანაა:

"მოდით, გაუმარჯოს ბეღურებს, რომლებიც მერცხლებივით თბილ ქვეყნებში კი არ მიფრინავენ, არამედ ცივ ზამთარშიც სამშობლოში რჩებიან!"

მერცხლების საწინააღმდეგო არასოდეს არაფერი გვქონია. მერცხლების სადღეგრძელოც დაგვილევია. დიახ, დაგვილევია და არა მხოლოდ, როგორც გაზაფხულს მახარობლებისა. ჩვენი მერცხლები სხვა ქვეყნებში იმიტომ მიფრინავენ, რომ ჩაიტანოს და გააგებინოს, რა ლამაზი სამშობლო აქვთ. და, ყველაზე ლამაზი სამშობლო რომ აქვთ, სწორედ ამიტომ არ რჩებიან თბილ ქვეყნებში და სამშობლოსკენ მოეშურებიან. მერე რა, თუ ზოგიერთი მათგანი უცხოობაში ან სამშობლოსკენ მომავალ გზაზე იღუპება, ისინი სხვებს, სამშობლოსმოღწეულ მერცხლებს აბარებენ თავიანთი უსაზღვრო სიყვარულის ამბავს...

ბაღდათში ჩემს ოჯახში რაც თავი მახსოვს, ბუხრის ოთახის ფანჯრები მერცხლების მოფრენიდან მათ გაფრენამდე არ იკეტება - ისინი ყოველ წელიწადს იკეთებენ ბუდეს მთავარ ოთახში.

დავუბრუნდეთ მთაწმინდას.

ვის ექნება პატრიოტ კაცზე, სამშობლოსათვის მებრძოლ გენერალზე, აუგის თქმის უფლება ან ვის ეყოფა სინიდისი აუგი თქვას?!

ან ქაქუცა ჩოლოყაშვილზე მოუბრუნდება ვინმეს ენა, აუგი თქვას?!

(ფრჩხილებში შევნიშნავ - აქ ერთი ჩვეულებრივი პოეტი მოსატანიც არაა. პოეტი, რომელიც ზვიადმა პლაგიატობაში ამხილა, რის მერეც ბიოლოგიური ზიზღით შეიძულა. ქვეყანა დასწყევლა, ზვიადი რატომ აირჩიაო და თოფი ესროლა მთაწმინდის კალთებს ქვემოთ დადებულ გულს ქვეყნისას. ჩვენ კი პლაგიატი პოეტი და ჩვეულებრივი ბოღმიანი კაცი, ისეთი, ორი კონა თხუთმეტ კაპიკად რომაა, მთაწმინდაზე ავამაღლეთ... მერაბს, ზვიადს, ილიას და მისთანათ მივუწვინეთ გვერდზე. ჰოოდა, აქაც კი, ბატონო! - სადაც კეკე, იქაც ესა!).

ვერავინ აუგს და ძვირს ვერ იტყვისო, ვთქვი და შემიძლია ბევრჯერ გავიმეორო. ახლა კი, სხვა მხრიდანაც მინდა, სხვა რაკურსით შეგახედოთ პრობლემას და იმ ტკივილს, რომელიც, ვფიქრობ, ყოველ საღად მოაზროვნე ჩემს თანამემამულეს აწუხებს.

მოდით, ვაჟკაცურად, ერთ-ერთი უდიდეს ქართველთაგანი გავიხსენოთ, რომლის ბადალი პოეტი, ვაჟკაცი, პატრიოტი და მებრძოლი ძნელად მოსაძებნია. გავიხსენოთ გენიოსი, ჩვენს ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული და უსაზღვროდვე თავგადადებული ბიჭი, მისსავე „მეგობრებმა", სულგაყიდულმა ღორებმა, ათას ცხრაას ოცდახუთი წლის ოცდახუთ იანვარს, ოცდამეხუთე დაბადების დღეზე რომ მოწამლეს და მოჰკლეს.

გუშინწინ, გუშინ და დღეს, სწორედ ისინი და მათი შთამომავლები წყვეტენ ვინ დასაფლავდეს მთაწმინდაზე, ეს ბიჭი რომ მოწამლეს. ვაი, რომ ხვალაც ისინი გადაწყვეტენ.

მე კი გეტყვით თქვენ: სადაც მიხა ხელაშვილია დასაფლავებული, ისაა სწორედ ჩვენი მთაწმინდა - ის ადგილი გახდა წმინდა.

ოთხმოციანი წლების ბოლომდე, მის სიმღერებს ისე მღეროდა ხალხი, რომ ხალხური ეგონათ. დღესაც ბევრს ჰგონია ხალხური...

არ გაიქცა მიხა ხელაშვილი.

მერცხალივით თბილ ქვეყანას კი არ მიაშურა, ბეღურასავით სამშობლოს ცივი ზამთარი ამჯობინა.

და, ვაი რომ შეეწერა კიდეც იმ ცივ და გრძელ, უსაშველოდ გრძელ ზამთარს.

წასულიყო, ვინ იცის, კიდევ რამდენ შედევრს დაგვიტოვებდა.

"ბინდისფერია სოფელი"-ს დარს, მსოფლიო პოეზიაში თუ მომიძებნით, ამაღამვე გამიცხია სული!...

ესა ვართ, დღევანდელი პატარა კაცები - პატარა ქართველები... ბედოვლათები და სულით პატარა კაცები...

იმდენად პატარა კაცები, რომ გვეშინია სინამდვილეს გავუსწოროთ თვალი.

საინტერესოა, პრემიერმა კვირიკაშვილმა ერთპიროვნულად მიიღო ერთი ჩვეულებრივი, მრავალი მისნაირისგან არაფრით გამორჩეული პოეტის (როგორც ხედავთ, არც პლაგიატს ვახსენებ და არც სანადირო ადგილების შენარჩუნებისთვის მის ღვაწლს და ბრძოლას) მთაწმინდის პანთეონში დასაფლავების გადაწყვეტილება თუ ჰკითხა ვინმეს, კომპეტენტურს, აზრი?

არ ვიცი, ვერ გეტყვით - ყოველ შემთხვევაში მის გარშეო არავინ აღმოჩნდა სიმართლე მოეხსენებინა მისთვის.

„პანთეონს ჩვეულებრივ სასაფლაოდ ნუ გადავაქცევთო", ამის თქმას გაუბედავდა ვინმე?!...

ან, ისე არ ვქნათ, ბატონო პრემიერო, რომ მომავალმა თაობამ ჩვეულებრივ სასაფლაოზე გადაასვენოს და ჩვენც შესაბამის ბრუნვებში მოგვიხსენიოსო - იქნებ ამას გაუბედავდა ვინმე?

არა მგონია.

რატომ არ მგონია?

იმიტომ რომ ამ თაობის, თაობის, რომელიც ახლა მართავს ქვეყანას, ჩვენი თაობის აბსოლუტურ უმრავლესობას სიმართლის თქმის ვაჟკაცობა არ ჰყოფნის. მშვენივრად ვერგებით სულგანათლებული შოთა ნიშნიანიძის მიერ გამოტანილ განაჩენს. ვერგებით კი არა კრედოდაც კი გავიხადეთ:

„სულელო, მეფეს ჭკვიანი არ უყვარს,

მეფეს ერთგული უყვარს".

ვამბობ ამას და ქედს ვიხრი და ბოდიშს ვუხდი იმ ცოტა პროცენტს ჩემი თანამემამულეებისას, რომელთც გასული დრო, სულის წამბილწველი და გამათახსირებელი დრო სუფთად გამოიარეს - არ დაუკარგავთ სინიდისი, ნამუსი და, რაც მთავარია, არ დაუკარგავთ ღირსება.

ბატონო პრემიერო, მიხარია, რომ თავდაცვის მინისტრობისას მოგსვლიათ ეს დიდებული აზრი - მშობლიური მიწისთვის მიგებარებინათ ჩვენი თანამემამულე, ჩვენი ქვეყნისთვის მებრძოლი გენერალი.

სამარადისო ხსოვნა და დიდება მას!

მაგრამ, ბატონო პრემიერო, თავდაცვის მინისტრობის დროს, თქვენ იმდენი საქმე უნდა გქონოდათ, რომ მაგ საქმის მოგვარება სხვებისთვის უნდა გადაგებარებინათ.

მესმის, რომ წარმატებული მინისტრი იყავით, მაგრამ მე, ცოტა არ იყოს ნამეტანი ჟინიანი და მომთხოვნი მოქალაქე ვარ - მეტს და მეტს ვითხოვ. ნამდვილად არ მაკმაყოფილებს მიღწეული - სულ უფრო მეტი და მეტი მიღწევა მინდა.

მაგალითად, ნამდვილად მეტს მოვითხოვდი და ბედნიერი ვიქნებოდი, ქართულ არმიაში ე. წ. „დედოვშჩინობის" გაქრობაზე თუ არა, მის უმცირესობამდე დაყვანის შესახებ მაინც თუ გვიპატაკებდით.

ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ქართულ არმიაში სამსახურს სულიერ და მოქალაქეობრივ მოთხოვნილებად ჩამოუყალიბებდით ჩვენს ახალგაზრდობას - ახალგაზრდობას, რომლებიც ავანტიურისტ ზ.გირჩ ჯაფარიძის და მისნაირების მახეში ებმებიან და სამხედრო სამსახურს მათი სექტის ქალის კაბების ჩაცმას ამჯობინებენ, მტრის წინ შარვლების ჩახდით და ტიტველი უკანალის მიშვერით სამშობლოს რომ არცხვენენ.

მერჩივნა, ისეთი კანონის მიღება მოგეთხოვათ პარლამენტისთვის, რომელიც სამხედრო სამსახურის გაუვლელ ადამიანებს სახელმძღვანელო პოსტების დაკავების გზებს გადაუკეტავდა. იმ ქალებს, რომლების სამხედრო სამსახურს გადიან ან გაიარეს, მნიშვნელოვან უპირატესობას მიანიჭებდა არა მარტო სხვათა, არამედ არმიაგაუვლელ კაცებთან შედარებითაც.

დღეს კი, პრემიერ-მინისტრის რანგში მომუშავისგან მერჩივნა, სიტყვა მოგეცათ, რომ ამერიკის და ევროპის მიერ გამოყოფილი გრანტები ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას კი არა მხოლოდ, არამედ და უპირატესად სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას მოხმარდება.

მერჩივნა გეპატაკებინათ, რამდენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი ქარხნის შეძენა შესძელით წელს, რამდენისას შესძლებთ გაისად...

თუ წელს, სამოცდაშვიდ მილიონად ასეთი, ათი მაინც ქარხნის, შეძენას და ამუშავებას შესძლებთ, გაისად, ხუთჯერ მეტის შეძენა-ამუშავებას შესძლებთ, რადგან სამასორმოცდაათ მილიონამდე გაიზრდებაო მხოლოდ ამერიკის დახმარება.

ამ საქმეთა მაგივრად, ნამდვილად არ მინდა ჩვენი ღირსეული და ჩვენი ქვეყნისთვის მებრძოლი თანამემამულეების გადმოსვენებით და მთაწმინდაზე მათი დასაფლავებით იყოთ დაკავებული. ამ საქმეს სხვებმა უნდა მიხედონ.

სხვებმა, უფრო კომპეტენტურმა პიროვნებებმა უნდა მიხედონ და გადაწყვეტილებები არა ნახევარ საათში, არამედ ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ მიიღონ.

დიახ, მირჩევნია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთაწმინდის პანთეონში ახალი მიხა ცხაკაიები და ახალი ფილიპე მახარაძეები მომრავლდებიან ისევ.

არ დაგიმალავთ, როგორც პრემიერ-მინისტრი მომწონხართ. მომწონს სხვადასხვა მიმართულებით თქვენი ძალისხმევა. თქვენი მინისტრებიდანაც რადენიმე მათგანი ძალიან მომწონს. მაგრამ ფარისევლობას და ზედმეტ შექებას ვამჯობინებ „პირში გიზრახოთ, როგორც მოყვარეს".

ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ღმერთი შეგეწიოთ ყველა კეთილ საქმეში!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

 

პატივისცემით და საუკეთსოს სურვილებით,

სოლომონ ნერგაძე

მოლეკულური ბიოლოგიის ას.-პროფესორი,

პავიას უნივერსიტეტი, პავია (იტალია)

2021 წლის 22 მაისი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×