რეზონანსი
17.06.2021

სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის დამკვიდრების ნება კონსტიტუციაში ავსახეთ, რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებისა და კანონის უზენაესობის გარეშე მხოლოდ ფიქციაა. სწორედ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭო (კიდევ კარგი მასაც „უზენაესი" არ დავარქვით...). თუმცა, ტოტალიტარიზმისგან თავდაღწეული საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად, პლუტოკრატიულ რეჟიმად რომ არ ჩამოყალიბდეს და სასამართლოში რეალური რეფორმა განხორციელდეს, პარლამენტმა ჯერ გონივრული კანონები უნდა მიიღოს და, უპირველეს ყოვლისა, თავად დაიცვას...

პარლამენტის რეგლამენტის (საკანონმდებლო აქტის) თანახმად, „კონკურსის საფუძველზე შერჩეული იუს არამოსამართლე წევრობის კანდიდატი პარლამენტს უნდა წარედგინოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა" (მუხლი 208.6). ამდენად, მე-10 მოწვევის პარლამენტმა კანონი უკვე მაშინ დაარღვია, როდესაც შოთა ქადაგიძის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (23 მარტამდე) მისი შემცვლელი არ ჩეარჩია...

ცხადია, როდესაც კანონის თანახმად, „უზენაესი მოსამართლის" კანდიდატურის შერჩევისთვის იუს მხოლოდ 10 წევრის მხარდაჭერაც საკმარისია, ხოლო მისი უვადოდ გამწესებისთვის დეპუტატთა ხმების ნახევარიც კმარა (რაც სრულიად არაგონივრულად მიმაჩნია...), არ უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა იუს-ში 15 წევრი გვეყოლება თუ ერთით ნაკლები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 21 ივნისს კიდევ 4 არამოსამართლე წევრს (გელაშვილი, გზირიშვილი, ხარებავა, ჯანეზაშვილი) ისე ეწურება უფლებამოსილების ვადა, რომ პარლამენტს მათი შემცვლელების შესარჩევად კონკურსი არ გამოუცხადებია, როგორც ჩანს, უკვე სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე... მითუმეტეს, რომ იუს იმ არამოსამართლე წევრების ლეგიტიმურობა, რომლებმაც 4 წელი მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე გაატარეს და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაშიც მიიღეს მონაწილეობა თვიდანვე იყო საეჭვო...

ვინაიდან 2017 წელს იუს 5 - ვე არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსები პარლამენტმა არსებითი ხასიათის კანონდარღვევებით ჩაატარა, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს, პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები იქნა შეტანილი (საქმეები: N3/684,NN3/2938 და NN3/5029), რომლებითაც კონკურსებისა და იუს არამოსამართლე წევრების არჩევის შესახებ მიღებული დადგენილებების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს (რეგლამენტის თანახმად, თავმჯდომარეს მხოლოდ კონკურსის ვადები უნდა გამოქვეყნებინა...), ხოლო კონკურსების დაწყების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოცემულიყო; კონკურსის პირობა (პარლამენტის რეგლამენტიდან აღებული ნორმა) არსებითად განსხვავდება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმისაგან; კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები არ წარუდგენიათ „შესაბამისი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს" და დოკუმენტურად არც ის დგინდება, რომ მათი წარმდგენი ა(ა)იპ-ები „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში"; კონკურსი პარლამენტის რეგლამენტის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დარღვევით ჩატარდა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ, ხოლო მეორე ტურში გასული კანდიდატები პარლამენტის სხდომაზე არ მიუწვევიათ) და კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი (კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი კანდიდატი მეორე ტურში ისე გავიდა პირველ ტურში - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენაში - მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია). ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტს კანდიდატთა მონაცემების ნაცვლად (რაც რეგლამენტით ევალებოდა), ფაქტობრივად, საკუთარი შეხედულებით შედგენილი მათი „მოკლე ბიოგრაფიული ცნობები" გააცნო... შედეგად, იუს „არამოსამართლე წევრებად", ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლო ხელისუფლების მესვეურების „წარმომადგენელები" გამწესდნენ...

მართალია, პრეზიდენტის მიერ გასულ წელს ჩატარებული კონკურსის კანონიერება სადავოდ არავის გაუხდია, მაგრამ ფაქტია, ზურაბიშვილის მიერ იუს არამოსამართლე წევრად დანიშნული პროფესორიც (იუს მოსამართლე წევრის ნათესავი...) არ არის წარდგენილი იმ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რომელშიც აკადემიური თანამდებობა ეკავა, ხოლო კონკურსში მონაწილეობა სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, ამასთან „უმაღლესი კოლეგიური ორგანოს" ნაცვლად, მხოლოდ რექტორის (იუს მოსამართლე წევრის ნათესავი...) მიერ ერთპიროვნულად გაცემული წარდგინებით მიიღო...

გასაგები მიზეზების გამო, მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების 4 - წლიანი ვადა ისე ამოიწურა და საეჭვო შემადგენლობის იუს მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები ისე გამწესდნენ უზენაეს სასამართლოში (სხვათა შორის, კომუნისტების დროს „უმაღლესი" ერქვა...), რომ სასამართლოში 4 წლის წინ შესულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოტანილი... (2019 წლის სექტემბრიდან საკასაციო საჩივარი „უზენაესში" თაროზეა შემოდებული და უკვე რამდენიმე მოსამართლემ აიცილა...). ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არ დაწყებულა უშუალოდ იუს წინააღმდეგ ორი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა, რომლითაც მოსამართლეების შესარჩევი კონკურსების შეჩერება იყო მოთხოვნილი...

ამდენად, თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონმა სასამართლოსაც დაუწესა საქმეების განხილვის ვადა, რომელიც ჩვეულებრივ ორი, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე, მაქსიმუმ ხუთი თვეა, გამოდის, რომ პარლამენტსაც და სასამართლოსაც იუს წევრების გამწესებასთან მიმართებით კანონმდებლობა (მათ შორის, კონსტიტუცია) აქვთ დარღვეული... ზემოაღნიშნულით კი დასტურდება, რომ ხელისუფლების ორივე შტო, ფაქტობრივად, სიმბიოზს (ერთიან ორგანიზმს) წარმოადგენს, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპს. არადა, ყველაზე დიდი საფრთხე ქართულ სახელმწიფობრიობას იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება კვლავ მოქალაქეთა ერთი ჯფუფის მიერ მართული დარჩება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვისას შენიშნა და გადაწყვეტილებაშიც ვერ დამალა გაოგნება თუ გაოცება დეპუტატებისა და მოსამართლეების „კოორდინირებული მოქმედების" გამო...

ცხადია, იმ რეალობაში, რომელშიც საზოგადოებაში მყარად ფესვგადმული სამართლებრივი ნიჰილიზმის გამო აღმოვჩნდით, აღარ უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა მოსამართლეთა კორპორაციას („ოჯახს", „კლანს"...) იუს-ში არამოსამართლე წევრებად რამდენი წევრი ეყოლებათ „ჩასმული", მაგრამ მათაც მინდა შეიგნონ, რომ თუ საქართველოში სამართლიანი კონკურსების (არჩევნების) ჩატარება ვერ ვისწავლეთ და კანონის უზენაესობა ვერ უზრუნველვყავით, „სტრატეგიული პარტნიორებიც" უარს გვეტყვიან თანადგომაზე და ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილადაც არავინ გვაღიარებს...

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×