რეზონანსი
01.07.2021

მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტარებს და მის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2017 წელს „არჩეულ" 5 არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადები ამოეწურათ, ხოლო მათ მიერ უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა 2021 წლის 28 ივნისს ერთხმად განაცხადეს, რომ „სასამართლო ხელისუფლება საქართველოში ასეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა...", ჩამბარდა უზენესი სასამართლოს განჩინება თითქმის ორი წლის შეტანილი შეტანილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რითაც სადავო შემადგენლობის იუს მიერ შერჩეულმა და მოწინააღმდეგე მხარის (პარლამენტის) მიერ უვადოდ არჩეულმა მოსამართლეებმა, ფაქტობრივად, დაადგინეს, რომ თანამდებობაზე კანონის სრული დაცვით გამწესდნენ...

შევეცდები პრობლემის არსი ავხსნა: ვინაიდან 2017 წელს იუს 5-ივე არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსები პარლამენტმა არსებითი ხასიათის კანონდარღვევებით ჩაატარა, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს, პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები შევიტანე (საქმეები: #3/684, #3/2938 და #3/5029), რომლებითაც კონკურსებისა და იუს არამოსამართლე წევრების არჩევის შესახებ მიღებული დადგენილებების ბათილად ცნობა მოვითხოვე.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს (რეგლამენტის თანახმად, თავმჯდომარეს მხოლოდ კონკურსის ვადები უნდა გამოქვეყნებინა...), ხოლო კონკურსების დაწყების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოცემულიყო; კონკურსის პირობა (პარლამენტის რეგლამენტიდან აღებული ნორმა) არსებითად განსხვავდებოდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმისაგან, რასაც ენათმეცნიერების ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნაც ადასტურებდა; კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები არ წარუდგენიათ „შესაბამისი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს" და დოკუმენტურად არც ის დგინდებოდა, რომ მათი წარმდგენი ა(ა)იპ-ები „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში"; კონკურსი პარლამენტის რეგლამენტის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დარღვევით ჩატარდა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ, ხოლო მეორე ტურში გასული კანდიდატები პარლამენტის სხდომაზე არ მიუწვევიათ) და კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი (კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი კანდიდატი მეორე ტურში ისე გავიდა პირველ ტურში - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენაში - მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია). შედეგად, იუს „არამოსამართლე წევრებად", ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, ფაქტობრივად, პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურების მიერ შერჩეული „წარმომადგენლები" გამწესდნენ...

ბუნებრივია, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე, კონკურსების შეჩერება მოვითხოვე, რაზეც საქალაქო სასამართლომ უარი მითხრა. კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ იმ მოსამართლემ არ დამიკმაყოფილა, რომელიც, შემდგომ საბჭომ პარლამენტში წარადგინა და დღეს უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა... ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის კანცელარია თბილისშიც გამართულად მუშაობდა, სარჩელები, რატომღაც, ქუთაისში გადაიგზავნა... თავიდან, სასამართლოს თავმჯდომარეს დაეწერა. ბოლოს კი, მხოლოდ 2019 წლის დასაწყისში განიხილა იუს მიერ სამი წლის ვადით დანიშნულმა და, როგორც ჩანს, თბილისიდან საგანგებოდ მივლინებულმა მოსამართლემ, რომელიც მოსამართლეობამდე უცხო ენას ასწავლიდა და გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა... ცხადია, მოთხოვნები არ დამიკმაყოფილა, ვინაიდან სხდომაზევე განაცხადა, დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავად აღმოვჩნდები უკანონოდ დანიშნულიო... ცხადია, მალევე დედაქალაქში გააგრძელა „მოღვაწეობა"...

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი სწორედ იმ დღეს, 17 ივლისს, განიხილა (მურთაზ მეშველიანი), როდესაც იუს-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო... დარწმუნებული ვარ, ამ სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე, იუს აქტიური წევრი, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებზე სხდომების უცვლელი წამყვანი, დიმიტრი გვრიტიშვილი, არა თუ მის „სამფლობელოში" შესული ყველა საქმის შედეგის, არამედ პარლამენტის მიერ იუს წევრებად ან/და მოსამართლეებად ასარჩევი პირების თაობაზეც წინასწარ ფლობს ინფორმაციას...

შესაბამისად, გასაგები ხდება, თუ რატომ არ დაესწრნენ ქუთაისში გამართული ხუთი სხდომიდან არც ერთს სასამართლოს მიერ მესამე პირებად ჩართული იუს არამოსამართლე წევრები და საქმის განხილვაზე არც წარმომადგენლები გააგზავნეს... როგორც ჩანს, დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ ინტერესებს მოსამართლეებიც ეფექტურად დაიცავდნენ... თუმცა, უპრიანი იქნებოდა, სასამართლოს მიმართ მაინც გამოეხატათ პატივისცემა და საქმის არსს მაინც გასცნობოდნენ, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოში სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნის ან/და აბუჩად აგდების) მასშტაბებს.

2019 წლის სექტემბრიდან კი საკასაციო საჩივარი „უზენაესში", ფაქტობრივად, თაროზე იყო შემოდებული, ვინაიდან რამდენიმე მოსამართლემ აიცილა, ხოლო დიდი პალატისთვის გადაცემის თაობაზე შუამდგომლობა არ დამიკმაყოფილეს... ამასთან, საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არ დაწყებულა 2019 წლის 16 ივლისს უშუალოდ იუს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა, რომლითაც, სრულიად ლოგიკურად, არამოსამართლე წევრთა ლეგიტიმურობის საკითხის გარკვევამდე, მოსამართლეების შესარჩევი კონკურსების შეჩერება იყო მოთხოვნილი...

შესაბამისად, ფაქტია, რომ წინა მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ისე ამოიწურა და იუს მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები ისე გამწესდნენ „უზენაესში", რომ თავად იუს არამოსამართლე წევრების არჩევის კანონიერების თაობაზე 4 წლის წინ დაწყებულ დავაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა გამოტანილი...

იმ გარემოებასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონის თანახმად, იუს არამოსამართლე წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 40 დღით ადრე პარლამენტს მათი შემცვლელები უნდა შეერჩია, ხოლო სასამართლოს საქმეების განსახილველად მხოლოდ ხუთი თვე აქვს გამოყოფილი, გამოდის, რომ პარლამენტიც და სასამართლოც იუს არამოსამართლე წევრებთან მიმართებით კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას საჭიროდ არ მიიჩნევენ...

ზემოაღნიშნულით კი დასტურდება, რომ ხელისუფლების ორივე შტო, ფაქტობრივად, შეთანხმებულად მოქმედებს და სასამართლოს დამოუკიდებლობა ფიქციაა, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპს. არადა, ყველაზე დიდი საფრთხე ქართულ სახელმწიფობრიობას იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება კვლავ მოქალაქეთა ერთი ჯფუფის მიერ მართული დარჩება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვისას შენიშნა და გადაწყვეტილებაშიც ვერ დამალა გაოგნება თუ გაოცება დეპუტატებისა და მოსამართლეების „კოორდინირებული მოქმედების" გამო...

მართალია, აშშ-ის და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები უკვე ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას მოსამართლეების შერჩევის პროცედურის მიმართ და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად რეალური რეფორმების განხორციელებას გვირჩევენ, თუმცა, ფაქტია, არც უცხოელ და არც ადგილობრივ ე. წ. არასამთავრო ორგანიზაციებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ იუს არამოსამართლე წევრების თანამდებობებზე „ქართულ-ჯიგრულ პონტში" გამწესებაზე... ამდენად, ვთვლი, რომ არც დღევანდელ პარლამენტს აქვს, თუნდაც მორალური უფლება, იუს მიერ შერჩეული კანდიდატურები განიხილოს.

იმედი მაქვს, სამართლიანი არჩევნებით საკანონმდებლო ორგანოში არჩეული მომავალი დეპუტატები იუს წევრთა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსაც გადახედავენ და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მნიშვნელობასაც ჯეროვნად გაიაზრებენ. არადა, თუ სამართლიანი კონკურსების (არჩევნების) ჩატარება ვერ ვისწავლეთ და კანონის უზენაესობა ვერ უზრუნველვყავით, „სტრატეგიული პარტნიორებიც" უარს გვეტყვიან თანადგომაზე და ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილადაც აღარავინ გვაღიარებს...

ავთანდილ კახნიაშვილი,

სამართლის დოქტორი

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×