მოსაზრება
12.07.2021

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ტოტალიტარიზმის პერიოდში საზოგადოებისთვის ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციად პირველი ქართული უნივერსიტეტი (თსუ) ჩამოყალიბდა, რომელიც ეროვნული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის მყარ საძირკველს წარმოადგენდა. შემდეგ მოდიოდა მეცნიერებათა აკადემია და ეკლესია. 

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში განხორციელებული „განათლების რეფორმების“ შედეგად, ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი, ფაქტობრივად, ემიგრაციაში აღმოჩნდა გადახვეწილი (საქართველოში „ჩარეცხილი“ 300-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო  დაწესებულებებში წამყვან თანამდებობებს იკავებს...), ხოლო ცოდნის ტაძრის ავტორიტეტი იმ დონემდე დაეცა, რომ მის პროფესორებს აზრს არავინ ეკითხება...

ცხადია, „რევოლუციურ“ ხელისუფლებას არ სჭირდებოდა რეალურად დამოუკიდებელი მეცნიერები, რომლებიც ძალისმიერი გზით ხელისუფლების ცვლას მიუღებლად მიიჩნევენ და სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავიდოდნენ. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ „ბოლშევიკებმაც“ ლექტორებად „წითელი პროფესორები“ გაამწესეს, რომლებიც ერთპარტიულ, ტოტალიტარულ სახელმწიფოს დემოკრატიულად ნათლავდნენ და რევოლუციურ ტრიბუნალებს მართლმსაჯულების ყველაზე ჰუმანურ ფორმად წარმოაჩენდნენ... შესაბამისად, ისტორიკოსებშიც ავტორიტეტად ის მიიჩნეოდა, ვინც ფაქტებს მმართველი კლასის სასარგებლოდ ყველაზე მეტად აყალბებდა...

როგორც  ჩანს, ჯერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და დედაეკლესიის დისკრედიტაციაზე მიდგა, რომელსაც ხალხი ყველაზე მეტად ენდობა. უკვე ერის სულიერ მამებსა და მათ მართლმადიდებელ მრევლს მოიხსენებენ  „ბნელებად“, „დესტრუქციულ ძალებად“, „მოძალადეებად“, „გარყვნილებად“ თუ „კორუმპირებულებად“...

პარლამენტის წინ 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებსაც ამ კონტექსტში განვიხილავდი, ხოლო სავალალო შედეგისთვის (აბა, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცემა რა საკადრისია?!.. მორის ფოცხიშვილის სიტყვებს მოვიშველიებ: „ძმებს ღალატობენ ძმები,  ვიღაც მესამის ნებით, ცუდ ხასიათზე ვდგები, ავად ხითხითებს მტერი...“) პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და ოპოზიციას თანაბრად დავაკისრებდი.

კარგი იქნებოდა, „პრაიდის“ მოწყობის მომხრეები საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმასაც გასცნობოდნენ, რომლის თანახმად, „სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში“. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება სახელმწიფო ან მის მიერ დაფინანსებული რომელიმე ინსტიტუტი (თუნდაც „სახალხო დამცველი“) მხარს უჭერდეს იმას, რასაც დომინანტი ეკლესია, ერთმნიშვნელოვანად, გარყვნილებად (ცოდვად) მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ტელეეთერითაც უნდა იკრძალებოდეს ტრადიციული რელიგიისთვის მიუღებელი ან/და ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მქონე იდეების ან ქმედებების პროპაგანდა...

რაც შეეხება პარლამენტის წინ აღმართულ ლითონის ჯვარს, ცხადია, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სახელმწიფოს დედაქალაქში ნებისმიერი კონსტრუქციის განთავსებისთვის მერიის ნებართვაა აუცილებელი. აქედან გამომდინარე, გონივრულად მიმაჩნია, საპატრიარქომ მოუწოდოს მრევლს, ჯვარი ქაშუეთის ტაძრის ეზოში ან რომელიმე სხვა შესაფერის ადგილზე გადაიტანოს, ხოლო თბილისის მერიას თხოვნით (წინადადებით) მიმართოს, რომ 9 აპრილის მემორიალის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადოს (ჩემი აზრით, ის, რაც დღეს დგას, სრულიად უსახური და შეუფერებელია...), რომლის პირობით, აუცილებელი იქნება წმინდა ნინოს ჯვრის უშუალო ან სიმბოლური სახით ასახვა. შესაბამისად, გამარჯვებული პროექტის გამოვლენა საზოგადოების მონაწილეობით მოხდება, ხოლო პარლამენტის წინ ჯვარი სრულიად კანონიერად განთავსდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×