რეზონანსი
24.07.2021

თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა 5 და 7 ივლისს პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს, დაწვეს და მის სანაცვლოდ ჯვარი აღმართეს. ამ აქტს ისინი აშკარად აღიქვამდნენ ქრისტიანული ფასეულობების „დასავლულ პროპაგანდაზე“ გამარჯვების სიმბოლოდ. არადა საქმე სწორედ საპირისპიროდ არის - ამ აგრესიული ჯგუფების მოქმედების შემთხვევაში სწორედ რომ ქრისტიანული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვის მცდელობასთან გვაქვს საქმე. ამ სტატიაში სწორედ ამის ახსნას შევეცდები. 

ის, რაც პრინციპულად განასხვავებს დასავლურ პოლიტიკურ სისტემებს დანარჩენ სამყაროსგან, არის ადამიანის უფლებების პატივისცემა. მაგრამ რას წარმოადგენს ადამიანის ეს უნივერსალური უფლებები? საიდან მოდის ეს ცნება? როგორია მისი გენეოლოგია? ცხადია, რომ ის მეცნიერებს არ აღმოუჩენიათ დნმ-ის ანალიზის ან ფიზიკის კანონების შესწავლის შედეგად. მაშ რას ეფუძნება ამერიკის დამფუძნებელი მამების თავდაჯერებულობა, როდესაც ირწმუნებიან: „ჩვენ ვთვლით აშკარა ჭეშმარიტებად, რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორუფლებიანად და მათ შემოქმედი აძლევს ხელშეუხებელ უფლებებს“?  

საინტერესოა, რომ კლასიკურ ანტიკურ ხანაში ადამიანის უფლებების ცნება, როგორც ასეთი, არ არსებობდა. პლატონისა და არისტოტელესთვის, მაგალითად, უცხოა აზრი, რომ ადამიანს მისი ბუნებიდან გამომდინარე გარკვეული უნივერსალური უფლებები გააჩნია. არისტოტელე ამტკიცებს, რომ ზოგი ადამიანი მისი ბუნებიდან გამომდინარე მონადაა შექმნილი. რომაელები კი ამფითეატრებში ადამიანებს ლომებს უყრიდნენ დასაგლეჯად და თავად სანახაობით ირთობდნენ თავს. ადამიანის, როგორც ასეთის, ღირსება, მისი სიცოცხლის ფასი და მისი უფლებები ის ცნებებია, რომელნიც უცხოა ანტიკური მსოფლმხედველობისთვის. სწორედ ეს აძლევდა იულიუს კეისარს იმის საშუალებას, რომ ეამაყა მილიონი გალის გაჟლეტვით  და კიდევ მილიონის შეპყრობითა და დამონებით.   

ჩვენთვის ცხადია, ეს ყველაფერი წარმოუდგენელ ველურობასა და ამორალურობის მაგალითებს წარმოადგენს. მაგრამ რა არის ამის მიზეზი? რამ გამოიწვია ჩვენი მორალური სენტიმენტების ასეთი განსხვავებულობა? მაგალითად განვიხილოთ მონობის ინსტიტუტის მიუღებლობის იდეა. მონობის პირველი ღია და უკომპრომისო უარყოფა ეკუთვნის  გრიგოლ ნოსელს, მეოთხე საუკუნის კაბადოკიელ თეოლოგს. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც ღმერთმა შექმნა „ხატად და მსგავსად თვისსა“, იყოს მონა? - კითხულობს გრიგოლი. იგი წერს: „მას, ვისაც სწორად აქვს გააზრებული, თუ რას წარმოადგენს ადამიანი, ესმის, რომ მთელი სამყარო არ ღირს ერთი ადამიანის სულის ფასად“. აქ მნიშვნელოვანია, რომ გრიგოლ ნოსელის არგუმენტი ეყრდნობა ადამიანის ბუნების ბიბლიურ გააზრებას. ის ადამიანის ღირსების საფუძველს მისი ღმერთის მსგავს ქმნილებად აღწერაში ხედავს. რა თქმა უნდა, ბიბლიაში და განსაკუთრებით ძველ აღთქმაში ვერ იკითხება მონობის აშკარა მიუღებლობა (ეფესელთა 6:5-8, რიცხვები 31), მაგრამ აქ საქმე გვაქვს უმნიშვნელოვანეს სვლასთან, რომელიც, როგორც მოგვიანებით ვაჩვენებ, თბილისში განვითარებული მოვლენებისთვისაც რელევანტურია. გრიგოლი ქრისტიანული მსოფლმხედველობის ფუნდამენტური პრინციპის საფუძველზე მის ზედაპირულ და ნაკლებად მნიშვნელობან ასპექტს უკუაგდებს: თუ ადამიანი ღმერთმა საკუთარი თავის მსგავსად შექმნა, თუ ღმერთმა მიიღო ადამიანის ფორმა, რათა მათი ცოდვები საკუთარი წამებით გამოესყიდა, შეუძლებელია, რომ ადამიანის მონობა იყოს გამართლებული, თუნდაც ეს არ იყოს ბოლომდე გააზრებული ბიბლიის ამა თუ იმ პასაჟში.  

გრიგოლ ნოსელის არგუმენტის ფონზე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ადამიანის უფლებების ცნება არა განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსებში (როგორც ეს ხშირად მიიჩნევა), არამედ ქრისტიანულ თეოლოგიაში იბადება დაახლოებით მე-13 საუკუნეში. სწორედ ქრისტიანული მეტაფიზიკა და ეთიკაა ამ ცნების წყარო და აქედან ხდება განმანათლებლობის ეპოქის გავლით მისი ჩამოყალიბება დასავლეთის მთავარ მაორგანიზებელ და მამოძრავებელ პრინციპად. თუ ქრისტიანობის თანახმად, ღმერთი ადამიანის ფორმით მოევლინა სამყაროს, თუ ღმერთი გახდა ადამიანი, მაშინ გარკვეულწილად ადამიანიც დაუახლოვდა ღმერთს და მას აქვს განსაკუთრებული ღირსება და ამდენად უფლებები, რაც სხვა არფერს ფიზიკურ სამყაროში არ გააჩნია. რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანის უფლებების ცნების რელიგიური რწმენისგან დამოუკიდებელ საფუძველზე დერივაციის მაგალითებიც. მაგალითად, კანტი ამტკიცებს, რომ ადამიანს ყველაფერ დანარჩენისგან სამყაროში განასხვავებს მისი რაციონალური ბუნება და სწორედ ეს რაციონალობაა მორალური კანონის, თავისუფალი ნებისა და მისი უნივერსალური უფლებების წყარო. მაგრამ თავად ადამიანის უფლებების ცნება არც კანტს, არც ლოკს, არც რუსოსა და არც ამერიკის დამფუძნებელ მამებს არ გამოუგონიათ. მათ ის სწორედ ქრისტიანული თეოლოგიიდან ერგოთ მემკვიდრეობით. 

სექსუალური უმცირესობათა უფლებების შემთხვევაში საქმე გვაქვს იმასთან რაც უკვე განვიხილეთ გრიგოლ ნოსელისთვის მონობის მიუღებლობის კონტექსტში: ქრისტიანული მსოფლმხედველობის ფუნდამენტური პრინციპის საფუძველზე მის ზედაპირულ ასპექტის უარყოფასთან. ბიბლიაში ჰომოსექსუალობა ნამდვილადაა დაგმობილი (დაბ. 9:20–27, ლევ. 18:22). მაგრამ იმავე ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან აღმოცენდა ადამიანის უფლებების ცნება, და უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დასავლური საზოგადოებების უმრავლესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის უფლება გადაწყვიტოს თუ რომელი სქესის პარტნიორი ჰყავდეს მისი ფუნდამენტური უფლების შემადგენელი ნაწილია და ისეთივე დაცვას იმსახურებს, როგორც აზრის გამოხატვისა და სინდისის თავისუფლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასავლეთში უმრავლესობას ჰომოსექსუალური იდენტობა მოსწონს. ეს უბრალოდ იმისი აღიარებაა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანს იგივე უფლებები გააჩნია, როგორიც ყველა სხვა დანარჩენს. თბილისი პრაიდის ორგანიზატორების მიზანი კი საზოგადოების მიერ მათი სრულუფლებიან ადამინებად აღიარების მიღწევაა, ისეთივე ღირსებისა და უფლებების მქონედ, როგორიც საზოგადოების ნებისმიერი დანარჩენი წევრი და არა ჰომოსექსუალური ცხოვრების წესის პროპაგანდა.  

მეორე მხარეს, ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, რომელიც ყელზე ჯვარჩამოკიდებული ქრისტიანობის სახელით უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობს. მაგრამ რამდენი ჯვარიც არ უნდა ჩამოიკიდო ყელზე, შენ ვერ იქნები მისი მიმდევარი, ვინც ასწავლიდა: ,,შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, და შეიყვარე მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი", როდესაც არათუ მტერზე, არამედ საკუთარ მოყვასზე ძალადობ. ასე რომ, მგონი ცხადია, თუ რომელ მხარეს დგას ჭეშმარიტი ქრისტიანული ფასეულობები, იმ ჯგუფების, რომელნიც ჯვრით ხელში თანამოქალაქეებზე ძალადობენ და ევროკავშირის დროშას წვავენ, თუ იმ სამყაროსი, რომლის სიმბოლოსაც ეს დროშა წარმოადგენს.

გიორგი ლებანიძე

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ფორდამის უნივერსიტეტისა და მერისტ კოლეჯის პროფესორი 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×