ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
რეზონანსი
08.08.2021

საქართველოს მთაში მეცხოველეობის განვითარება  ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო არტერიის - მთიანეთის აღორძინების, მოსახლეობის  შენარჩუნება -გამრავლებისა და თავდაცვის უპირველესი პირობაა.

ილია ჭავჭავაძე

საქართველოს წინსვლა ქართული სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. სოფლის ძლიერება დამოკიდებულია სწორი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და მის აღსრულებაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში იყო არაერთი მცდელობა, გატარებულიყო რეგიონული პოლიტიკა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად. დრომ გვიჩვენა, რომ ამ მიზნით შემუშავებული ყველა სტრატეგია თუ პროგრამა ყოველთვის იყო არასისტემური და ფრაგმენტული. შედეგად მივიღეთ თითქმის შეუქცევადი პროცესი ქართული სოფლების დაცარიელებისა, განსაკუთრებით კი _ მაღალი მთის საზღვრისპირა სექტორში.

სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური გამოწვევებისა და მოსახლეობის უიმედო სოციალურ-ეკონომიკური ვითარების თვალსაზრისით, ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა პირიქითა კავკასიონისა (ხევი და თრუსოს ხეობა, პირიქითა ხევსურეთი, თუშეთი) და მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიებზე (მთიულეთი, გუდამაყარი, ფშავი). აქ მთელი წლის განმავლობაში ასეულობით კვადრატული კილომეტრის ფართობზე ცხოვრობს მხოლოდ რამოდენიმე ათეული ოჯახი.

საქართველოს ეს კუთხეები საჭიროებენ უაღრესად სპეციფიკურ მიდგომებს. ქართული ცივილიზაციის სათავეებთან ყველაზე ახლოს მყოფი ადგილობრივი ქართველობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ინარჩუნებს იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მრავალათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში უწყვეტად არსებობს. მათთვის განკუთვნილი მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების მიზანი არის მოსახლეობისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ადამიანს იქ მუდმივად ყოფნის სურვილს ბუნებრივად გაუჩენს.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ტერიტორიების მიხედვით შეიქმნას სპეციალური სამეურნეო-ეკონომიკური ერთეულები, რომელთა განკარგვაში (მუდმივ ფლობელობასა და სარგებლობაში) გადავა საძოვრებიდან და ტყის ფონდებიდან გენერირებული შემოსავლები. ამ ტიპის ეკონომიკური ერთეულების მფლობელები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები (მოხევეები, მთიულები, ხევსურები, ფშავები და თუშები), რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ განსაზღვრულ არეალში. იჯარიდან ან სხვა სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები სახალხო-დემოკრატიული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ საერთო მიზნებისათვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ასეთი მიზნები შეიძლება იყოს განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და სხვა, რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ. 

აღნიშნულ სამეურნეო ერთეულების ფარგლებში კოოპერაციულ საწყისებზე უნდა განვითარდეს სასოფლო-სამეურნეო წარმოება, ერთიანი საწარმოო ციკლის  (წარმოება, გადამუშავება, რეალიზაცია) ორგანიზებით. აგროკოოპერაციის ლოკალურ-ტერიტორიული გავრცელების ოპტიმალურ ფორმად სათემო კოოპერატივები მიიჩნევა. სათემო კოოპერატივები უზრუნველყოფენ კოოპერაციის პროცესში მოსახლეობის მასობრივი ჩართულობის პირობებს, სადაც შესაძლებელი გახდება მასშტაბის ეფექტის გამოყენება და ადგილებზე მოსახლეობის შესაძლებლობებისა და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაცია, რასაც მთის მოსახლეობის ინკლუზიურ სამეწარმეო განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 

საქართველოს მთიანეთში არსებობს მაღალხარისხიანი ბიოწარმოების უნიკალური შესაძლებლობები. ბუნებრივი საძოვრების რაციონალური გამოყენების საფუძველს ყველა ვერტიკალურ ზონაში წარმოადგენს პირუტყვის ნაკვეთმორიგეობითი  ძოვების სისტემის დანერგვა. ბუნებრივ საძოვრებზე ყველა სახის საკვების (მწვანე, წვნიანი, უხეში) წარმოების გადიდება მათი ხარისხის ამაღლება და თვითღირებულების შემცირება მეცხოველეობის განვითარების ძირითადი საფუძველია. სათემო კოოპერატივის ფარგლებში ერთიანი საწარმოო ციკლის ორგანიზება (პირუტყვის საკვების, რძისა და რძის პროდუქტების, მათ შორის ადგილწარმოშობის მიხედვით წარმოებული პროდუქციის: დამბალხაჭო, ტენინი ყველი, გუდის ყველი, ხორცისა და ხორცის პროდუქტების, მატყლისა და ტყავის წარმოება) უზრუნველყოფს სათიბ-საძოვრების რაციონალურ გამოყენებას, შეამცირებს პირუტყვის საკვების ხარჯებს და მნიშვნელოვნად გაზრდის მეპაიეთა შემოსავლებს. ასევე მნიშვნელოვანია ტყის არამერქნული პროდუქტების წარმოება, რაზეც   საერთაშორისო ბაზარზე დიდი მოთხოვნილებაა. აქ  სათემო კოოპერატივების ფარგლებში ველური ხილის (ასკილი, პანტა, შინდი, ქაცვი და სხვა) შეგროვებას, მათ შრობას, შენახვას, ბიოწარმოების განვითარებას და მაღალ ფასებში რეალიზაციას დიდი პოტენციალი გააჩნია. 

სწორად ორგანიზების შემთხვევაში, აღნიშნული წყაროებიდან მიღებული შემოსავლები შეიძლება იმდენად დიდი აღმოჩნდეს, რომ დედაქალაქიდან, საქართველოს სხვა ადგილებიდან და უცხოეთიდანაც კი ბევრი ადამიანი დაუბრუნდება მშობლიურ კუთხეს. სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ფინანსური დანახარჯებისა და ქვეყნის შიდა ტერიტორიული მოწყობის ცვლილებების გარეშე გადაიჭრება მაღალი მთის საზღვრისპირა სექტორებთან დაკავშირებული ურთულესი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხები. აქ მცხოვრები ადამიანები ერთდროულად შეასრულებენ ქვეყნის დარაჯის, მესაზღვრისა და მეურნის ფუნქციებს.

წარმოგიდგენთ მოსაზრებებს ქართული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციურ-ორგანიზაციული მოდელის შესახებ. საქართველოში სოფლად მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობის ზრდისათვის განსაზღვრეული სახელმწიფო ფუნქციები უსისტემოდ არის გაბნეული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებსა და უწყებებს შორის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხისმგებლობას განეკუთვნება რეგიონების განვითარება. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რეგიონებში მცხოვრები თითოეული ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური და მზარდი შემოსავლებით. ასეთი შემოსავლების მიღება მთლიანად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მხოლოდ არაპირდაპირი ხელშეწყობის ღონისძიებაა სოფლის მეურნეობის გასავითარებლად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობას განეკუთვნება სახელმწიფო მიწის მართვა და განკარგვა. ეკონომიკის სამინისტროს ამოცანაა, სახელმწიფომ მეტი შემოსავალი მიიღოს იჯარით გაცემული მიწებიდან (საძოვრები და სხვ.) ან მიწის ნაკვეთების ერთჯერადი პრივატიზაციიდან ისე, რომ არც იცის და არც აინტერესებს, თუ რა მდგომარეობაშია, მაგალითად, საძოვრები (პრაქტიკულად დეგრადირებულია) ან თუ ვინ გახდება მიწის მფლობელი (იმ სოფლად მცხოვრები ერთი მოსახლე, უკვე ემიგრირებული ადგილობრივი მკვიდრი მოსახლე, საქართველოს სხვა მოქალაქე თუ უცხოელი პირი), რომელიც, სინამდვილეში, გადაიქცევა ფეოდალად და სოფლის განვითარების შემაფერხებლად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებლობას განეკუთვნება სოფლის მეურნეობის განვითარება ისე, რომ მის კომპეტენციაში არ შედის სხვა სამინისტროების ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები, აგრეთვე, საზღვაო მეთევზეობა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმეა. ამასთან ერთად, გარემოს დაცვის საკითხების გადაჭრა ევალება იმ სამინისტროს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი აგროპროდუქციის წარმოების ორგანიზება, რაც თავის მხრივ შეიძლება, ყველაზე დიდი საფრთხე იყოს გარემოსთვის.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს გარემოს დაცვის სამინისტრო და შეიქმნას სოფლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  ისე, რომ იგი აღიჭურვოს ყველა ბერკეტით ქვეყნის სასურსათო უშიშროებისა და სოფლად მცხოვრები ყველა მოქალაქის შემოსავლების ზრდის უზრუნველსაყოფად. სამინისტრომ საქმიანობა უნდა წარმართოს დარგობრივი პრინციპით სამი ძირითადი დარგის მიხედვით: მრავალწლოვანი კულტურები, მათი და ბოსტნეულ-ბაღჩეულის გადამუშავების პროდუქტები, მემცენარეობა (მარცვლეული, ბოსტნეულ-ბაღჩეული, კარტოფილი, ტექნიკური და ზეთოვანი კულტურები, მდელოსნობადა სხვ.), მეცხოველეობა, ხორცისა და რძის წარმოება (მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა, მეთევზეობა და სხვა). სოფლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესასრულებლად უნდა დაუდგინდეს ის მაჩვენებლები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს სურსათის წარმოებისა (პური, ხორცი, რძე, ზეთი) და მოსახლეობის (ფერმერების) შემოსავლების ზრდას რეგიონების, მუნიციპალიტეტების, თემებისა და დარგობრივ ჭრილში,მაგალითად, სასურსათო ხორბლის წარმოების ზრდის უზრუნველყოფა წელიწადში 350-360 ათასი ტონის პირველ ეტაპზე, ხოლო მეორე ეტაპზე 400-420 ათასი ტონის ოდენობით (100 -120 ათას ჰექტარზე)  3-5 წლის პერიოდში სამცხე-ჯავახეთის, ქართლისა და კახეთის რეგიონებში. 

საწარმოებისა და ფერმერების ფინანსური მხარდაჭერის ახალი პროექტების განხორციელებას წინ უნდა უძღოდეს სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებული თითოეული სესხის ან გაცემული გრანტის დეტალური ფინანსური ანალიზი შემდეგნაირად: ორგანიზაციის ან ფერმერის მიერ ბანკში წარდგენილი პროექტი წარმოებული პროდუქციისა და დასაქმებული თანამშრომლების შესახებ შეუდარდეს საგადასახადო ორგანოებში მათსავე წარდგენილ დამატებული ღირებულების, ექსპორტისა და საშემოსავლოს საგადასახადო დეკლარაციებს. ასეთი ანალიზი საფუძველი იქნება, შეფასებულ იქნეს სახელმწიფო რესურსების ხარჯვის ეფექტიანობა დარგებისა და რეგიონების მიხედვით.

მაღალმთიანი კავკასიონის ზემოაღნიშნული მოდელი შეიძლება გავრცელდეს  ყველა თემსა და სოფელზე სოფლისა და სოფლის მეწარმის სტატუსის (სოფელი, როგორც ტერიტორიული ერთეული/სასიცოცხლო არეალი) განსაზღვრის შემდეგ. 

თუ დღეს მოქმედი უარყოფითი ტენდენციები შენარჩუნდა, მოკლე ხანში აღარ გვექნება არა მარტო ფორმალური სოფლის მეურნეობა, არამედ თვით სოფელიც კი. ამიტომაც, აგრარული პოლიტიკის ძირითადი იდეაა - გლეხკაცის მიწასთან მარადიული ურთიერთობა, ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფა, სოფელსა და ქალაქს შორის სოცკულტურული განსხვავებების შემცირება, სოფლად მცხოვრები  მოსახლეობის მოფრთხილება და მათი შრომის სტიმულირება  საზოგადოების გამოსაკვებად. ასეა ჯანსაღ ქვეყნებში - ნაკლებად განვითარებულიდან დაწყებული და ყველაზე განვითარებული დემოკრატიებით დამთავრებული, რადგან მათ იციან, რომ გლეხკაცი სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქმნელია. წააგებს ყველა, ვისაც არასწორი აგრარული პოლიტიკა აქვს.

პაატა კოღუაშვილი - პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

დავით გალეგაშვილი - ეკონომიკის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×