რეზონანსი
08.08.2021

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის ბედით საზოგადოების დაინტერესება სრულიად ბუნებრივია, მით უმეტეს, რომ დროში დაემთხვა დედაქალაქის ცენტრში მორიგი მინის „მონსტრის“ დასრულების პროცესს. საფუძვლიან შიშს ივანიშვილის ინტერესებში ქართული ისტორიული მემკვიდრეობის უგულებელყოფისადმი საყდრისთან დაკავშირებით მიღებული არაგონივრული გადაწყვეტილებაც განაპირობებს. 

მეც მოქალაქეთა იმ ნაწილს მივეკუთვნები, რომელიც თავისუფლების მოედანზე დომინანტად აშკარად არაპროპორციული და გარემოსთან სრულიად შეუსაბამო „კომერციული ცენტრის “ აღმართვას ვანდალური ურბანიზმის ან ურბანული ვანდალიზმის მორიგ გამოვლინებად აღვიქვამ. ამასთან, ვთვლი, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა თბილისელებს მეტი აქტიურობით უნდა გაგვეპროტესტებინა, მით უმეტეს, რომ რუსთაველის პირველ ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საცხოვრებლად უვარგისი გახდა და, ფაქტობრივად, დასანგრევად არის განწირული...

მართალია, მერიის მესვეურების მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება უკვე გვიანია, მაგრამ იმედი მაქვს, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მიმართ იგივე არ განმეორდება და, როგორც გავიგე, ავარიული შენობის გამაგრების „არარენტაბელობის“ გამო, მისი დემონტაჟი და იმავე სახით აღდგენაა დაგეგმილი, რაც მისასალმებელია. მით უმეტეს, რომ სახეზეა რეაბილიტირებული ათონელის მოედანი, ხოლო მალე განახლებულ გუდიაშვილის მოედანზეც გავივლით და ავლაბარში, იმავე ადგილზე, სომხური თეატრის ახალი შენობაც დასრულდება.

ვინაიდან ბატონი ბიძინა დაინტერესებული უნდა იყოს, რომ სავაჭრო-კომერციული ობიექტის წინ კულტურული დაწესებულებაც ფუნქიონირებდეს, დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სრულიდ რეაბილიტირებულ ახალ შენობაში ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობა სათანადო პირობებში განთავსდება. დღეს კი ხელოვნების ქომაგებს, პირველ რიგში, უნიკალური ექსპონატების დროებითი განთავსების ადგილის მიმართ აქვთ პრეტენზია, რის გამოც რამდენიმე ალტერნატივა მინდა, შევთავაზო.

მიმაჩნია, რომ ამ მიზნით სრულიად შესაფერისია პარლამენტის წინ მდებარე შთამბეჭდავი შენობა, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი (ჯოხთაბერიძის ხელოვნების ცენტრი), რომელშიც ამჟამად გია ჯოხთაბერიძისა და მანანა შევარდნაძის საოჯახო კოლექციაა გამოფენილი. თუ ადგილი საკმარისი არ იქნება, ექსპონატების ნაწილის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შენახვაც შეიძლება. არ მგონია, ბატონი გია ან ზურაბი წინაანღმდეგნი იყვნენ, უნიკალური ექსპონატები დროებით მათ კერძო მუზეუმებში „დასაწყობდეს“ ან/და გამოიფინოს, ხოლო დამთვალიერებლების მიერ გადახდილი თანხა იჯარის ქირის სახით შეუვიდეთ. მით უმეტეს, რომ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ცნობილი მხატვრის, დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით ყოფილა დაფუძნებული... 

თბილისში კიდევ ერთი ადგილი მეგულება, რომელიც ქართული ხელოვნების ქომაგებს დააკმაყოფილებთ. სახელმწიფოს მესვეურებს არაერთხელ შევთავაზე, გამოთავისუფლებული ავლაბრის რეზიდენცია სასამართლო ხელისუფლებისთვის გადაეცათ. თუ მართლა გვინდა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, ევროპასთან დაახლოება, კარგი იქნებოდა, „მართლმსაჯულების სასახლე“ მტკვრის მეორე მხარეს, მით უმეტეს, სამების ტაძრის სიახლოვეს განთავსეულიყო, რაც სიმბოლურადაც გაუსვამდა ხაზს სასამართლოს დამოუკიდებლობას ხელისუფლების დანარჩენი შტოებისგან. 

ყველა შემთხვევაში, „პირველი პირებისთვის“ აგებულ შენობაში საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო საქმეთა პალატის ან „ადმინისტრაციული იუსტიციის“ განთავსებით სასამართლო ხელისუფლება შესამჩნევად აიმაღლებდა შელახულ ავტორიტეტს და ამ შთამბეჭდავი შენობის ფასადზე ამოკვეთილი შეგონება („ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!”) სიმბოლურ შინაარსს შეიძენდა. 

ვინაიდან ავლაბრის რეზიდენცია დღემდე უფუნქციოდ არის დარჩენილი, სანამ მისი შემდგომი გამოყენებისა და რეკონსტრუქციის „რენტაბელობის“ თაობაზე ჩამოვყალიბდებით, გონივრულად მიმაჩნია, დროებით, მასში ხელოვნების მუზეუმში დაცული ექსპონატები შეგვენახა, ხოლო გამორჩეული ნიმუშები დარბაზებში გამოგვეფინა.

ამასთან, ავლაბრის სასახლეში სასამართლო ხელისუფლებაში შემავალი რომელიმე ინსტიტუტის განთავსება ან ხელოვნების მუზეუმში დაცული საგანძურის გამოფენა იმითაც იქნებოდა გამართლებული, რომ ბუნებრივ ლანდშაფტურ ძეგლზე (ავლაბრის კლდეზე, ფატობრივად, უნიკალურ „ვერტიკალურ ბაღზე“) აღმართული შენობის (ეს შენობაც არაპროპორციულია და სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად არის აგებული, რაც ცალკე მსჯელობის თემაა) წინ არსებული ტერიტორია საჯარო სივრცეს დაუბრუნდებოდა და მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემოდათ. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×