პეტრე მამრაძე
10.08.2021

მეცამეტე წელიწადია, რაც სააკაშვილის ტელევიზიები ავრცელებენ დეზინფორმაციას სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების ღალატზე ქართველი ერისა და სახელმწიფოს მიმართ. დეზინფორმაციის ეს ნაკადი თავის პიკს ყოველი წლის აგვისტოში აღწევს. სწორედ აგვისტოს დღეებში აკეთებენ მაღალფარდოვან „პატრიოტულ“ განცხადებებს პუტინის „სასარგებლო იდიოტი“ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები. ბევრი მათგანი დღესაც აქტიურ პოლიტიკაში „მოღვაწეობს“, ნაცვლად იმისა, რომ ციხეში  იხდიდეს სასჯელს უმძიმესი დანაშაულისათვის. 

ასეთ განცხადებებს ისინი ხშირად დაღუპული მეომრების საფლავებზე აკეთებენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან პატრიოტულ პათოსში და მოქმედ ხელისუფლებას ამხელენ პრორუსულობასა და ანტიდასავლურობაში.  მათ შორის ბევრი მილიონერია. ისინი გამდიდრდნენ სააკაშვილის ავტორიტარული კლეპტოკრატიის დროს საქართველოს მოსახლეობის ძარცვის შედეგად, ხოლო ,,ოცნების’’ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ,,ოქროს ხანა’’ დაუდგათ: ბიზნესწილები შეინარჩუნეს, სააკაშვილის ე.წ. ,,აბშჩიაკში’’ კი ფულის შეტანა აღარ უწევთ...

,,ახლა წარმოვიდგინე ასეთი მოდელირება: ნიურნბერგის პროცესი არ ჩატარდა!..

საღამოობით გერინგი, გებელსი და რიბენტროპი „დოიჩე ველეს“ თოქ-შოუებში გამოდიან და ადენაუერის ხელისუფლებას სასტიკად აკრიტიკებენ უმუშევრობის ზრდისა და გერმანელი ერის იმედების გაცრუების გამო. შპეერი და შახტი გერმანული ეკონომიკისა და მარკის მოახლოებულ კრახზე ლაპარაკობენ. შპეერმა თავისუფალი უნივერსიტეტი დააარსა...

გებელსიც კვლავინდებურად მოდაშია და ამტკიცებს, რომ სწორედ ნაცისტური გერმანიის კრახმა უნდა მოახდინოს გერმანელ ხალხში ნაციზმის ხელახალი აღორძინება, რადგან სწორედ ახლა მიხვდება გერმანელი ხალხი, რა საშინელი შეცდომა იყო ჰიტლერისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა და ამით ფიურერის გრანდიოზული რეფორმების შეჩერება…

„ჩვენ დავბრუნდებით! – ამაყად აცხადებენ ნაცისტები – ჩვენ ისევე დემოკრატიულად დავბრუნდებით, როგორც პირველად მოვედით! ჩვენ გვიყვარს დემოკრატია და დემოკრატიაც გვწყალობს ჩვენ!“

ეს ნაწყვეტებია ცნობილი ბლოგერის, სოლომონ თერნალელის „არალირიული ინტერმეცოდან’’ (2013 წლის ივლისი), მაგრამ რეალობამ გროტესკულ მოდელირებას აჯობა. კოლექტიურმა ნაცებმა თანდათან ირწმუნეს საკუთარი დაუსჯელობა და აიწყვიტეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამშობლოს მოღალატეებმა სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას ხელმძღვანელობით 21-ე საუკუნის „შულავერის კომიტეტი“  შექმნეს და „დემოკრატიისათვის ბრძოლას“ განაგრძობენ. 

2011 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილს მიმართა:

,,გახსოვს, ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი და მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწად-ნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის  აგვისტოში განახორციელეთ. ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები  გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად  შეუშვებდნენ. 

მე მაშინ შევძელი, ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ  შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის,  რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და  ავანტიურა იყო. 

ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე  უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: ,,ხომ შეიძლება, თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა  ვქნათ?’’ სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ  განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია,  ხელი არ ახლოთ არაფერს-მეთქი, გავაფრთხილე. მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო  გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იმავე სცენარით  იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში,  სახეზეა“.

ამ წერილში სრული სიმართლეა ნათქვამი და ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია. ის რად ღირს, რომ 2007 წლის გაზაფხულზე სააკაშვილი დიდხანს ეხვეწებოდა ივანიშვილს, შეხვედროდა მას, ბოკერიასა და მერაბიშვილს. წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა გუნდში და როგორი ავტორიტეტი ჰქონდა მაშინ ივანიშვილს. ძალზე საინტერესოა, თუ რატომ ჰქონდა ბოკერიას რუსი სამხედროების „გაწევის“ მტკიცე იმედი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია სააკაშვილის კითხვა - რუსებმა რომ შემოგვთვაზონ ცხინვალში შესვლა, მაშინ რა ვქნათ?

რუსების „შემოთავაზებამაც“ არ დააყოვნა. იმავე წლის დეკემბერში სააკაშვილი უკვე საჯაროდ აცხადებდა, რომ „რუსებსაც წამოსცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთი ოსეთი მათ არ აინტერესებთ“. 2008 წლის ივლისის ბოლოს კი სააკაშვილის თანამზრახველები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ კულახმეტოვმა (ცხინვალის რეგიონში რუსი სამშვიდობო ძალების მეთაურმა) რამდენიმე მილიონი დოლარი აიღო საქართველოს ხელისუფლებისაგან და მალე „შევალთ და გავალთ ბოლომდე“. ეს ამბავი მთელ საქართველოს მოედო. მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი და, ნაცნობებზე რომ არაფერი ვთქვა, უცნობი ადამიანები მაჩერებდნენ ქუჩაში, იმედიანად მიყვებოდნენ ამ ამბავს და მეკითხებოდნენ აზრს. 

გავიდა წლები და სანდო წყაროებისგან გავიგე, რომ კულახმეტოვმა ფული მართლაც აიღო, ოღონდ მანამდე მოსკოვს მოახსენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ ფულს სთვაზობდა, რომ ქართული ჯარი გაეტარებინა, იქიდან კი უბრძანეს: ,,აიღე ფული და ჯარიც გაატარე!’’ კულახმეტოვმა ეს ზუსტად შეასრულა და ბოკერიას სცენარით დაწყებული ოპერაციაც ეროვნული კატასტროფით დასრულდა.  

2008 წლის 7 და 8 აგვისტოს პირადად სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აქ არ მოვიყვან, იმედი მაქვს, ბევრს ახსოვს. მაგრამ შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს სააკაშვილმა გამოსცა 402-ე ბრძანებულება, რომელშიც წერია, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო პირები და ტექნიკა შემოვიდა 8 (და არა 7) აგვისტოს (შეადარეთ ეს წლების განმავლობაში სააკაშვილის თანამზრახველების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას). იმასაც შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ამოაშლევინა სარკოზის ცნობილი დოკუმენტიდან ის პუნქტი, რომელიც არ აძლევდა რუსეთს საშუალებას, ეცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

„ჩვენ გავაფრთხილეთ რუსები (რომ შევიდოდით ცხინვალის რეგიონში) და მივხედავდით იქ განლაგებულ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. მათ მწვანე შუქი აგვინთეს. ჩვენ არ გვეგონა, რომ რუსები ასე შორს წავიდოდნენ“, უთხრა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ბათუ ქუთელიამ „ფიგაროს“ ჟურნალისტს 2008 წლის 15 აგვისტოს. 21 აგვისტოს ქუთელიამ „ფაინენშნლ თაიმსის“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ საქართველოს ვერ წარმოედგინა, რუსებს თუ ასეთი რეაგირება ექნებოდათ. ამიტომ საქართველო სრულიად მოუმზადებელი იყო რუსეთის კონტრიერიშისათვის (!). „არავინ მოელოდა, რომ რუსეთი მობილიზაციას მოახდენდა და შემოიჭრებოდა“, _ დაუმატა ქუთელიას სიტყვებს დავით დარჩიაშვილმა. ორივე სააკაშვილის დავალებას ასრულებდა - უცხოელი მრჩევლების რჩევით „ნაცები“ დასავლეთში რუსეთისაგან მოტყუებული ახალგაზრდა ლიბერალი რეფორმატორების იმიჯს იქმნიდნენ, თუმცა დასავლეთის რეაქცია სააკაშვილის ღალატზე მძიმე იყო. „სააკაშვილი პუტინის თამაშს თამაშობს“, _ წერდნენ ცნობილი ექსპერტები დასავლეთის წამყვან გამოცემებში. 

ვითარება ჭეშმარიტად გროტესკულია: სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების ღალატი დასაბუთებულია საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებითა და მრავალი თვითმხილველის ჩვენებით. ,,ოცნების’’ ლიდერებმა იციან ეს და ხშირად საუბრობენ „ნაცების“ ღალატზე, მაგრამ ეს უმძიმესი დანაშაული დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელი რჩება.

ისმის კითხვა: რა ელის იმ ერსა და სახელმწიფოს, რომელშიც ერის მოღალატეები დაუსჯელი არიან, რჩებიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად და განაგრძობენ ბრძოლას „დემოკრატიისათვის“?

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×