რეზონანსი
03.10.2021

საქართველო მორიგი „ფერადი რევოლუციის“ მოლოდინშია, ვინაიდან ოპოზიცია 2 ოქტომბრის „რეფერენდუმის“ შედეგების გასაპროტესტებლად ემზადება და ბელადიც ადგილზეა... დიდი ალბათობით, ვითარება არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღეს კიდევ უფრო დაიძაბება. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას დაპირისპირებულ მხარეების მორიგების ორიგინალური გზა მინდა შეთავაზო... მართლაც „რევოლუციური“ იდეა მაშინ დამებადა, როდესაც მესამე პრეზიდენტის ფოტო ვნახე, რომელშიც იმპერატორის იერი აქვს და „ნაციონალური" საკრებულოს უხუცესი წევრის, კოტე ჩოლოყაშვილის ინტერვიუ გამახსენდა, რომელშიც განაცხადა; „მონარქიიის აღდგენის მომხრე ვარ და მეფე მიშა სააკაშვილი უნდა იყოსო...“ 

სხვათა შორის საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციაც სწორედ ხმის მიცემის უსამართლო პროცედურის გამო დაიწყო... თუმცა, ისიც რეალობაა, რომ რესპუბლიკის გამოცხადებას, ფაქტობრივად, მონარქიის აღდგენა მოჰყვა. ამასთან, ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები, თითქოს, სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლიანი არჩევნების გზით დამკვიდრებაზე შევთანხმდით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ხელისუფლება აჯანყება–რევოლუციების გზით ორჯერ უკვე შევცვალეთ და, როგორც ჩანს, მესამე ცდისთვისაც ვემზადებით... მესმის, სამართლებრივი კულტურის მხრივ ჩამორჩენილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ორი საუკუნის ყოფნის გამო, პლუტოკრატიულ მმართველობას შეგუებულები ვართ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება, როგორც ჩანს, არ გვეხერხება, ხოლო დღესასწაულებთან ერთად, ფაქტობრივად, დროშაც ორი გვაქვს. 

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად გავერთიანდეთ და ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის ვიზრუნოთ, ფაქტობრივად, ისევ შუაზე ვართ გახლეჩილი და გაპოლიტიკოსებული თანამედროვე „ყვარყვარეების“ (ოსტაპ ბენდერების თუ სქვილერების) ინტერესებში, ამჯერად უკვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ან რეფერენდუმებში ვხედავთ პრობლემების მოგვარების („ქვეყნის გადარჩენის“) გზას. ამასთან, გაურკვეველი წარმომავლობის ხუთჯვრიანი დროშის ფონზე ჩამწკრივებულ პოლიტიკოსებში პარტიიდან პარტიაში „პორტირებული“ ყოფილი კომპარტიელი და მოქკავშირელი აქტივისტები, აგრეთვე მათი ახლობლები ჭარბობენ... 

ამდენად, თუ ევოლუციურ განვითარებას (კანონის უზენაესობის დაცვას და ყველასთვის სანდო არჩევნების ჩატარებას) დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც ვერ ვახერხებთ და ისევ „რევოლუციებს“ (ლენინის სიტყვებით: „კანონით შეუზღუდავ ძალაუფლებას“) ვამჯობინებთ, იქნებ უარი ვთქვათ ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაზე (ანუ, რესპუბლიკაზე, კონსტიტუციასა და არჩევნებზე) და აღმაშენებლის დროინდელის მსგავსი აბსოლუტური მონარქია აღვადგინოთ. მით უმეტეს, რომ შესაბამისი სახელმწიფო სიმბოლოები უკვე გვაქვს („ნაციონალური“ დროშისა და გერბის მიხედვით, ნადვილად ვერავინ იფიქრებს, რომ რესპუბლიკა ვართ...), ხოლო ავლაბრის რეზიდენციას რომის იმპერატორებიც კი არ დაიწუნებდნენ... ამასთან, ვინაიდან, ხელისუფლებისა და გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეთა რიცხვი ამჯერადაც ფაქტობრივად თანაბარია, იქნებ მათი რჩეულები (ივანიშვილი და სააკაშვილი) მორიგეობით ვამეფოთ (მაგ., ხუთ–ხუთი წელი)... 

ამ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახელისუფლებო ორგანოების შენახვაზე ხაზინიდან ფული აღარ დაიხარჯებოდა, ხოლო ქვეყნის მმართველები საკუთარ გარემოცვას თავად (ყოველგვარი ფორმალური კონკურსების გარეშე) შეარჩევდნენ. შესაბამისად, მეფის მრჩევლები (დეკრეტების შემდგენლები) და გუბერნატორ–მოსამართლეები ხან იმერეთიდან გვეყოლებოდა (მაგ., კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე, კალაძე, ჩინჩალაზე, მურუსიძე...) ხან სამეგრელოდან (მაგ., მელია, ბოკერია, უგულავა, ალასანია, ახალაია, ტურავა, ხუბუა...). 

რაც შეეხება ჩვენი „დემოკრატიული რესპუბლიკის“ ბრუნეის, ომანის ან საუდის არაბეთის მსგავს მონარქიად რეფორმირების სამართლებრივ მექანიზმს, 1992 წელს აპრობირებული „ნოვაცია“ გამოგვადგებოდა, როდესაც სპორტის სასახლეში შეკრებილმა „აჯანყებულებმა“ 1921 წლის კონსტიტუცია „ერთხმად“ აამოქმედეს... დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო „გამარჯვებული ხალხი“ ამჯერად დედაქალაქის მთავარ სტადიონსაც შეავსებს და მისთვის სასურველი მეფობის კანდიდატის სახელის სკანდირების ფონზე მონარქიის აღდგენას დაუჭერს მხარს.... ამასთან, არც ქვეყნის გარედან დაფინანსებული „არასამთავრობო ორგანიზაციებისა“ და „რეიტინგული“ ტელევიზიების მხრიდან ველოდები პროტესტს (მითუმეტეს, თუ სააკაშვილიც გამეფდება, რომელიც ადრე „წლის ადამიანადაც“ კი ჰყავდათ აღიარებული...), ვინაიდან უპრობლემოდ გადაერთვებიან მონარქიული რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა ხელყოფის ცალკეული ფაქტების მხილებაზე… 

ამასთან, ვინაიდან „ვარდების რევოლუციის“ მოედანს „რესპუბლიკის“ სახელი დავუბრუნეთ, თუმცა სააკაშვილთან ასოცირებული ორსაჭიანი ველოსიპედის „მონუმენტი“ (რომელიც რუსეთის იმპერიულ გერბზე გამოსახული ორთავიანი არწივივით დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენ ერთდროულად არის მიმართული) ადგილზე დავტოვეთ, ლოგიკური იქნებოდა, მოედანი ამჯერად უკვე „მონარქიის“ გამხდარიყო. შესაბამისად, იმისდა მიხედვით, თუ ვის მოუწევდა ავლაბრის სასახლეში მეფის ტახტზე ჯდომა, ქვეშევრდომებსაც გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა ხან ევროკავშირის მიმართულებით იმოძრავებდა და ინგლისური ენა იქნებოდა პოპულარული, ხან რუსეთის...

„ელექტორატი“ კი, ამჯერად, უკვე იმისთვის რომ არ დაუპირისპირდეს ერთმანეთს, თუ ვისი რჩეული გამეფდება პირველი, მმართველი პარტიისა და „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ შერჩეულ კანდიდატები ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწყობილ ღია აუქციონში მიიღებდნენ მონაწილეობას. შესაბამისად, ამ გზით, ხაზინაც საკმაო თანხით შეივსებოდა, არც წინასაარჩევნო „ბუკლეტ-ბილბორდ-ბანერების” დასამზადებლად გავწევდით უაზრო ხარჯებს და რევოლუციებსაც ავიცილებდით თავიდან... ამასთან, ყველა დაინახავდა: ივანიშვილის მიერ რუსეთში დაგროვებული კაპიტალი გადაწონიდა თუ სააკაშვილის გარემოცვის მიერ საქართველოშივე ნაშოვნი, ხოლო, ვინაიდან „ქართულ ჯიგრულ პონტში“ გამეფებულები სამების ტაძარში, სავარაუდოდ, ფეხით ივლიდნენ და გზაში ქვეშევრდომებს ხელზე მთხვევის უფლებას მაინც მისცემდნენ, სამეფო ტახტს კი მათი შვილებიც მორიგეობით გადაიბარებდნენ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ბოლოსდაბოლოს მშვიდობა დაისადგურებდა... ყველა შემთხვევაში, თუ ტერიტორიულ მთლიანობა ვერ აღდგებოდა, ზოგიერთ „ხუთწლედში“ „მცოცავი ოკუპაცია“ მაინც შეჩერდებოდა...

იმ შემთხვევაში, თუ ქვეშევრდომები მეფის „თანამდებობაზე“ საკუთარი რჩეულის დროებით გამწესებას მიუღებლად მიიჩნევენ, შეიძლებოდა, ივანიშვილისთვის აღმოსავლეთ საქართველო ჩაგვებარებინა სამართავად, ხოლო სააკაშვილი დასავლეთ საქართველოში გამეფდებოდა უვადოდ (სადაც აშკარად მეტი მხარგამჭერი ჰყავს), ხოლო რეზიდენცია ქუთაისში, მის მიერ აგებულ პარლამენტის შენობაში ექნებოდა.

სერიოზულად კი, თუ ე. წ. ევროსტანდარტების შესაბამისი სამართლიანი კონკურსების და არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს და ნამდვილად არაფერი გვეშველება... მიმდინარე „რევოლუციურ“ პროცესებს კი, სულმნათი მორის ფოცხიშვილის სიტყვებით შევაფასებდი: „ძმებს ღალატობენ ძმები, ვიღაც მესამის ნებით. შრება სიცოცხლის წყარო, ვიღაც მესამე ხარობს. ავად ხითხითებს მტერი, ცუდ ხასიათზე ვდგები...“ 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×