რეზონანსი
28.10.2021

ვინაიდან „გაერთიანებული ოპოზიცია" სრულიად საქართველოსა და მესამე პრეზიდენტის გასანთავისუფლებლად ემზადება, როგორც ჩანს მორიგი „რევოლუცია" აქვს დაგეგმილი... ფაქტია, ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეები, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად გავერთიანდეთ და ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის ვიზრუნოთ, ისევ შუაზე ვართ გახლეჩილი და გაპოლიტიკოსებული თანამედროვე „ყვარყვარეების" (ოსტაპ ბენდერების თუ სქვილერების) ინტერესებში, ამჯერად უკვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ან კოალიციურ მართვაში ვხედავთ პრობლემების მოგვარების („ქვეყნის გადარჩენის") გზას. ამასთან, გაურკვეველი წარმომავლობის ხუთჯვრიანი დროშის ფონზე ჩამწკრივებულ პოლიტიკოსებში პარტიიდან პარტიაში „პორტირებული" ყოფილი მოქკავშირელები და მათი ახლობლები ჭარბობენ...

მიუხედავად იმისა, რომ „უზენაესი კანონით" სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება და ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაცია გვაქვს დეკლარირებული, ფაქტობრივად, აზიური ტიპის „პლუტოკრატიულ რეჟიმად" ვყალიბდებით... ფაქტია, რომ მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას არა მარტო საარჩევნო კოდექსისა და „სახელმწიფო დროშის" შინაარსის, არამედ პარლამენტისა და თვითმმარველობის ორგანობის დანიშნულების თაობაზეც კი არ აქვთ წარმოდგენა, ხოლო საარჩევნო დავებს სწორედ იმ სააპელაციო ინსტანციიაში ვასრულებთ, რომელსაც ჩინჩალაძე-მურუსიძე მესვეურობენ, რაც ნებისმიერი დონის არჩევნების შედეგების მიმართ აჩენს საფუძვლიან ეჭვებს...

მართალია, „გამარჯვებულმა ხალხმა" დამოუკიდებლობის აღდგენასაც ერთხმად დავუჭირეთ მხარი და „რევოლუციურ" ჰიმნში „თავისუფლებასაც ვადიდებთ", ფაქტია, უკვე მტერ-მოყვარეც ვერ გაგვირჩევია ერთმანეთისგან და „ვიღაც მესამის" ინტერესებში (მორის ფოცხიშვილს აქვს ასეთი ლექსი: „ძმებს ღალატობენ ძმები, ვიღაც მესამის ნებით, ცუდ ხასიათზე ვდგები, ავად ხითხითებს მტერი..."), ერთად დგომის ნაცვლად, 30 წელია, ფაქტობრივად, მხოლოდ „პოლიტიკური შეხედულებებისთვის" ვლანძღავთ და ვასისხლიანებთ ერთმანეთს... როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილის გამოთაყვანება („ზომბირება") „რეიტინგულმა ტელევიზიებმა" იმდენად ეფექტურად მოახერხეს, რომ უკვე ექიმები, ხელოვანები, სპორტსმენები და მამაოებიც კი დაუპირისპირეს ერთმანეთს... ამასთან, ქვეყანაში იმ დონის სამართლებრივი ნიჰილიზმია გამეფებული, რომ კოვიდრეგულაციებიც არაადეკვატური შემოვიღეთ, რის გამოც ავადობის ერთეული შემთხვევებისას სრულ ლოკდაუნებს ვაცხადებთ, ხოლო კორონავირუსის მორიგი მორიგი ტალღის შემოტევისას მრავალათასიან მიტინგებს უპრობლემოდ ვატარებთ...

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×