რეზონანსი
07.11.2021

მიუხედავად იმისა, პირველი „სახალხო-დემოკრატიულ აჯანყების“ შემდეგ აფხაზეთი, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სამაჩაბლო და კოდორის ხეობაც დავკარგეთ, ამასთან, „ბოლშევიკებივით“ პარტიული სიმბოლო ვაღიარეთ სახელმწიფო („ნაციონალურ“) დროშად და რესპუბლიკის მოედანს „რევოლუციის“ სახელი დავარქვით, როგორც ჩანს, მესამე ცდისთვისაც ვემზადებით... თანაც, ისევ წალენჯიხაა „ქვეყნისა და მიშას განთავისუფლებისთვის“ ბრძოლის ავანგარდში... ამდენად, თავი ვალდებულად ჩავთვალე, არჩევნების შედეგებით და მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებით უკმაყოფილო „გამარჯვებული ხალხისთვის“ (უკვე არაერთგზის მოტყუებულებისთვის) „აჯანყების (რევოლუციის) უფლების” თაობაზე კიდევ ერთხელ მიმეწოდებინა ინფორმაცია.

გაეროს მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში ხაზგასმულია, რომ „აუცილებელია ადამიანის უფლებები დაცული იყოს კანონის ძალაუფლებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი იძულებული არ იყოს, სხვას რომ ვერაფერს გააწყობს, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ აჯანყების გზას დააადგეს“. ანუ, განვითარებულმა სახელმწიფოებმა სწორედ იმიტომ აღიარეს ადამიანის ძირითადი უფლებები (მათ შორის, სიცოცხლის, სამართლიანი არჩევნების, აზრის გამოხატვის, შეკრების...) და აიღეს ვალდებულება კანონის ძალით უზრუნველეყოთ მათი დაცვა, რომ ადამიანი იძულებული არ გამხდარიყო „ტირანიის” (ძალადობაზე და თვითნებობაზე დაფუძნებული რეჟიმის) წინააღმდეგა ჯანყების (რევოლუციის) გზას დადგომოდა. ამასთან, მხოლოდ მას შემდეგ, რაც „სხვას რომ ვერაფერს გააწყობდა”... 

უფრო მარტივად გასაგები რომ გავხადო, ვიტყოდი, სახელმწიფომ ადამიანი ღირსეული ცხოვრებისთვის უნდა უზრუნველყოს მაგ., სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვებით, რათა იძულებული არ გახადოს, შიმშილის გამო, „სხვას რომ ვერაფერს გააწყობს“ (ანუ, გასაჩივრებისა და პროტესტის სხვა ფორმებისგამოყენები სშემდეგ) პროდუქტები მოიპაროს, ან „კანიბალად“ იქცეს.... 

ცხადია, ამ დანაწესიდან არ გამომდინარეობს, რომ ადამიანს თავის გადასარჩენად, ქურდობის ან სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება აქვს. 

ამდენად, დეკლარაციაში საკმაოდ გასაგებად არის მინიშნებული სახელმწიფოთა ვალდებულებაზე დაიცვან ადამიანის უფლებების წორედ იმ მიზნით, რათა ადამიანები იძულებული არ გახდნენ, აგრესია უკიდურესი ფორმით გამოავლინონ. შესაბამისად, როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობას საარჩევნო პროცედურებზე შეთანხმებისას (მათ მიერ არჩეული დეპუტატების მიერ საარჩევნო კოდექსის მიღებისას) არ უჩნდება პროტესტის გრძნობა, მონაწილეობს არჩევნებში და მხოლოდ არჩევნების პროცესში ან შედეგების გაცნობისთანავე აცნობიერებს, რომ წლების წინ, თურმე „ტირანი” („დიქტატორი”, „ოლიგარქი”, „გიჟი” ან„ქაჯი”...) მოუყვანია ქვეყნის სათავეში, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურად მიმაჩნია, პროტესტის კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატვის ნაცვლად, თანამოქალაქეებს მოუწოდო რევოლუცია მოაწყონ ან ხელისუფლება, თუნდაც „მშვიდობიანად დაამხონ“. ამასთან, ვინაიდან საქართველოს „უზენაესი კანონი“ ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ „არავის აქვს უფლება უკანონოდ მიითვისოს ხელისუფლება“, ყველა ის ქმედება და მოწოდებაც კი, რომელიც არსებული ხელისუფლების ძალადობით (რევოლუცია-აჯანყებით) შეცვლისკენ არის მიმართული, სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი. 

ცივილიზებულ სახელმწიფოებში, არა მარტო პარლამენტისა და თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობის განახლების მექანიზმი, არამედ, მოქალაქეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის დასაშვები ფარგლებიც („წითელი ხაზები“) კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ხოლო აჯანყება-გადატრიალებით სამართლებრივად განუვითარებელ რუსეთში1917–ში გაბატონდნენ კომუნისტები, რომელთა მთავარი იდეოლოგი (ლენინი) თვლიდა, რომ „მოძღვრავდა“ გაუნათლებელ მასებს ასე: „რევოლუცია – კანონით შეუზღუდავი ხელისუფლებააო!“ (არადა, სამართლებივ სახელმწიფოში ხელისუფლება კანონით არის შეზღუდული). 

მართლაც, თუ რუსეთის მეფე რევოლუციონერების გასამართლებას და გადასახლებას სჯერდებოდა, „აჯანყების“ გზით ხელისუფლებაში მოსულებმა „ნათელი მომავლის“ შენება „ტირანის“ დახვრეტით დაიწყეს, შემდეგ კი მის ქვეშევრდომებს ჩამოართვეს უძრავ–მოძრავი ქონება... 

ფაქტობრივად, იგივე განმეორდა საქართველოშიც, როდესაც „ვარდების რევოლუციას“ მასობრივი რეპრესიები, თსუ–დან მეცნიერების „ჩარეცხვა“ („ვარდისფერი პროფესორებით“ ჩანაცვლება...) და ქონების ახალი გადანაწილება („გაკულაკება“) მოჰყვა...

ამასთან, ვისაც ჰგონია, რომ საფრანგეთმა რაიმე იხეირა როტშილდების მიერ დაფინანსებული „ბურჟუაზიული რევოლუციით“ (ე. წ. ტამპლიერების ორდენის წევრებმა მეფეზე იძიეს შური...), ვურჩევ, თუნდაც ოთარ იოსელიანის „შემოდგომის ბაღები“ ნახოს...

როგორც ჩანს, ქართველი იურისტების ერთ ნაწილს (განსაკუთრებით, ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან პოლიტიკაში „პორტირებულებს“...) დემოკრატიაზეც და „რევოლუციაზეც“ ერთობ სპეციფიკური წარმოდგენა აქვთ (შესაძლებელია, სამართლის თეორია გიორგი ხუბუას მიერ 2004 წელს გამოცემული წიგნით ისწავლეს, რომელშიც არარსებულ „დაუმორჩილებლობის უფლებას“ ცალკე პარაგრაფი ეთმობა... ). არადა, არც საერთაშორისო და არც შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ სივრცეში არავითარი „აჯანყების (რევოლუციის) უფლება“ არ არსებობს და ამ „ნოვაციის“ კიდევ ერთხელ „იმპლემენტირება“ ქართულ სახელმწიფოებრიობას საერთოდ მოუშლის ისედაც მორყეულ საძირკველს. 

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, „ვიღაც მესამეს“ ხელს აძლევს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება დამოვლენების განვითარება „რევოლუციური სცენარით“, რომელიც უკვე მხოლოდ რუსეთში არ უნდა იწერებოდეს (ამჯერად, არც ამერიკელებისა და თურქების „ჩართულობას“ გამორიცხავ...).

ამდენად, თუ მმართველი პარტიის მესვეურები და „გაერთიანებული ოპოზიციონერები“, როგორც თავად აცხადებენ, ქვეყნის (ხალხის) ინტერესებში მოქმედებენ, სადღეისოდ არსებული ურთულესი საგარეო და საშინაო გამოწვევებიდან გამომდინარე, გონივრული იქნებოდა, უმწვავესი კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას კომპრომისისთვის მიეღწია და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე (შესაძლებელია, მიშას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზეც) თანხმობის სანაცვლოდ (ანუ, ფაქტობრივად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად), არათუ რევოლუციის მოწყობაზე, არამედ ნებისმიერი მასობრივი შეკრებების გამართვაზე დროებით ეთქვათ უარი... 

მოქალაქეებსაც მინდა ვთხოვო არ აყვნენ პროვოკაციებს და, თუ მაინც გადაწყვეტენ პროტესტის კოლექტიურად გამოხატვას, აქციები მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში და კოვიდრეგულაციების დაცვით გამართონ. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ცივილიზებული ერი ვართ და ვიცით სად გადის ზღვარი საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებასა და დანაშაულს („აჯანყებას“, „რევოლუციას“) შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინაიდან დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილი 30 წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, ვერც სამართლიანი არჩევნების ჩატარება ვისწავლეთ და ყველა დონის ხელისუფლებაც, ტოტალიტარიზმის დროინდელივით, ფაქტობრივად, ისევ ერთპარტიული გვყავს, თუ ამას კიდევ ერთი, თუნდაც „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოვაყოლეთ, დარწმუნებული ვარ, ევროპული სამართლებრივი სივრცისკენ წვალებით გაჭრილი სარკმელიც საბოლოოდ დაიხურება და „ხუთჯვრიან სტადიამდე“ მისულ ქვეყანასაც ვეღარაფრით განვკურნავთ...

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×