პეტრე მამრაძე
16.11.2021

„სააკაშვილთან დაახლოებულმა ტელეარხმა შაბათ საღამოს მაყურებელს რუსული ინტერვენციის შესახებ აცნობა. არხმა გადმოსცა, რომ ქვეყანა იბომბება და მოაწყო იმის ინსცენირება, თუ როგორ იღებს ოპოზიცია ხელში ძალაუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის მოკვლის შემდეგ. ამით ამ ადამიანის სიგიჟეების რიგმა ახალ, უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში მან, თავისი პროვოკაციების მეშვეობით, ნამდვილი კავკასიური ომი წამოიწყო. 2008 წლის ნოემბერში მან მიიყვანა პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი სამხრეთ ოსეთის საზღვართან და სროლის ინსცენირება მოაწყო…. მშვიდობა? დღეს აბსოლუტურად ცხადია, რომ სააკაშვილის რეჟიმი მაღალი რისკების შემცველ განუკითხაობაზეა დამყარებული. ეს კაცი დასავლეთის მოკავშირე არ არის“, - წერდა „ბერლინერ ცაიტუნგი“ 2010 წლის მარტში „იმედზე“ ნაჩვენები „ქრონიკის“ შესახებ (წერილის სათაურია „ინსცენირების დიდოსტატის მიერ დადგმული კავკასიური ომი“). 

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა აუკრძალა არხის ხელმძღვანელობას, თუნდაც ტიტრებში აღენიშნათ, რომ ეს დადგმა იყო და არა _ სინამდვილე. მაშინ საქართველოში რაც დატრიალდა, ბევრს ახსოვს, მაგრამ ცოტამ იცის, როგორ შეაშფოთა და აღაშფოთა „ქრონიკამ“ დასავლეთის საზოგადოება და პოლიტიკოსები. ზოგი  სააკაშვილს „პატარა კავკასიური ქვეყნის შეშლილ დიქტატორად“ მოიხსენიებდა; „სქაი ნიუსმა“ საქართველოში არსებულ რეჟიმს „სააკაშვილის კლოუნების თეატრი“ უწოდა. 

დასავლეთში პუბლიკაციების ნიაღვარი კარგა ხანს არ წყდებოდა და „ინსცენირებულმა ქრონიკამ“ რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს ყველა დროის „10 უდიდეს გაყალბებაში“ დაიმკვიდრა ადგილი. 

შედარებისათვის, ინსცენირების დიდოსტატის მიერ ამჟამად დადგმული „შიმშილობა“ დასავლეთში რეალურ ინტერესს არ იწვევს, ხოლო „შიმშილობის“ 39-ე დღეს გლდანის ციხეში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ესხმის თავს წელზევით შიშველი და ენერგიით აღსავსე სააკაშვილი სამართალდამცველებს, ცხადყოფს, რომ სააკაშვილს არ უშიმშილია და ღიპიც ვერ მოიშორა.   

დასავლეთისათვის ინსცენირებული „ქრონიკა“ არ იყო სიურპრიზი. 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მიერ განხორციელებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ავანტიურამ, რომელმაც ლანგარზე მიართვა პუტინს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსებისა და აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საშუალება, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს აუხილა თვალი (დასალეთის პოლიტიკური ლიდერები კერძო საუბრებში არ იშურებდნენ სალანძღავ სიტყვებს სააკაშვილის მისამართით). 

„ევროკავშირის ანგარიში სააკაშვილის პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმანს დააჭედებს“, - წერდა სიმუს მარტინი და მართალიც აღმოჩნდა. 

დასავლური პრესა მაშინ წერდა, რომ სააკაშვილმა აღასრულა ის, რაც უნდოდა პუტინს. 

„აი, ის მძიმე და სასტიკი დასკვნა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიტანოს: ნატო-ს ევროპელი წევრები არასოდეს მიიღებენ წინდაუხედავ და თავნება საქართველოს ალიანსში. ქვეყნისთვის ამაზე დიდი ზიანის მიყენება საქართველოს ყველაზე საშინელ მტერსაც კი არ შეეძლო“, - წერდა აშშ-ში საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად აღიარებული უოლტერ მიდი. 

რუსეთშიც ბევრს ესმოდა, რომ სააკაშვილი კრემლის მორჩილი იარაღი იყო. 2011 წლის 26 მაისის დარბევის წინ, როდესაც ნინო ბურჯანაძეს თავისი ვაჟიშვილი ამშვიდებდა იმით, რომ დარბევის შემთხვევაში კოჯრის ბატალიონს მოუწევდა რუსეთის „გრუ“-ს „სპეცნაზთან“ ბრძოლა, კავკასიის ცნობილმა სპეციალისტმა მიხეილ ალექსანდროვმა ინტერვიუში თქვა: „სააკაშვილი დარჩება თავის თანამდებობაზე და, არსებითად რომ მივუდგეთ, ხელისუფლებაში მისი შენარჩუნება რუსეთის გრძელვადიან ინტერესებში შედის... პარადოქსი ის არის, რომ საქართველოში კრემლის ინტერესების მთავარი დამცველი სადღეისოდ თვითონ სააკაშვილია“. 

ალექსანდროვმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი საყოველთაოდ ცნობილია თავისი მიდრეკილებით ავანტიურებისადმი და ამ ავანტიურებში პოტენციური მოკავშირეების ჩათრევის მცდელობით. სწორედ ამიტომ დაიბლოკა ნატო-ში საქართველოს მიღება და ეს პროცესი შეიძლება განახლებულიყო მხოლოდ სააკაშვილის პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ.

2009 წლის დეკემბერში სააკაშვილმა „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოაქვეყნა წერილი „საქართველო და ომი ავღანეთში“. რამდენიმე დღის შემდეგ იმავე გაზეთში დაიბეჭდა მოკლე წერილი - „დიდი იმედების მსხვრევა“. წერილის ავტორი იყო ერნესტ ბარჩელა, საერთაშორისო ტერორიზმსა და კორუფციასთან ლეგენდარული მებრძოლი. 

ბარჩელა სააკაშვილს თანამედროვე პოტიომკინს უწოდებს და წერს, რომ დასავლეთმა ვეებერთელა თანხები დახარჯა სააკაშვილის მხარდასაჭერად იმ იმედით, რომ ეს დემოკრატიის აღმშენებლობას მოხმარდებოდა, მაგრამ შედეგი ისაა, რომ საქართველოში მთავრობა, პარლამენტი და სასამართლო „მონურად ემორჩილება სავალალოდ უმწიფარ ლიდერს, რომელიც მისი ქვეყნის უბედურებებს აბრალებს ყველაფერს, გარდა საკუთარი არაადეკვატურობისა“, ხოლო „საქართველოს მოქალაქეებს პოლიციის ეშინიათ, ვინაიდან პოლიციის ჩექმების ქუსლები პირდაპირ მათ კისრებს აწვება“.

2012 წლის აგვისტოში საქართველოს შესანიშნავმა მცოდნემ, ამერიკელმა მეცნიერმა ლინკოლნ მიტჩელმა წერილში „ვინ ასრულებს რეალურად რუსულ ბრძანებებს თბილისში“, აღნიშნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება აღარ ესაუბრებოდა დასავლეთს თავის დემოკრატიულობასა და რეფორმებზე, ვინაიდან დასავლეთი აღარ ისმენდა ამ ტყუილს. „ნაცებს“ ისღა დარჩათ, რომ უმტკიცებდნენ დასავლეთს, რომ ერთადერთ პროდასავლურ ძალას წარმოადგენდნენ საქართველოში და  შეუპოვრად ებრძოდნენ რუსულ ექსპანსიას. 

მიტჩელი დასძენს, რომ სააკაშვილის რიტორიკა მართლაც მკვეთრად ანტირუსულია და პროდასავლური, მაგრამ 2003 წელს კრემლს რომ გამოეგზავნა თბილისში თავისი აგენტი იმ დავალებით, რომ გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი და გაეკეთებინა ყველაფერი, რასაც კრემლი დაავალებდა, ისიც კი ვერ შეასრულებდა კრემლის დავალებებს უკეთესად, ვიდრე ეს სააკაშვილმა გააკეთა (მიტჩელი გამორიცხავს, რომ სააკაშვილი შეგნებულადაა კრემლის აგენტი, ანუ გულისხმობს, რომ იგი კრემლის სასარგებლო იდიოტია). მიტჩელი ურჩევს დასავლეთს, ყური არ უგდოს სააკაშვილის რიტორიკას და გაითალისწინოს ის, რასაც აკეთებს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. 

„სხვა დროს, როდესაც სააკაშვილი დასავლეთს განუცხადებს, რომ რუსეთი მისი მოსისხლე მტერია, გონივრული იქნებოდა, დასავლელ პოლიტიკოსებს ეკითხათ - თუ რუსეთს სააკაშვილის მსგავსი მტრები ჰყავს, მაშინ რაღაში სჭირდება მას  მეგობრები?“ - წერს მიტჩელი. 

ეს წერილი მაშინვე ითარგმნა ქართულად და მე მხოლოდ იმას დავუმატებ, რაც მიტჩელისთვის მაშინ არ იყო ცნობილი: პრეზიდენტობის ბოლო წლებში სააკაშვილმა და ბიძამისმა, „რეფორმატორ“ ბენდუქიძის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ყველა ღირებული ობიექტი ექსკლუზიურად გადასცეს რუს ბიზნესმენებს, რითაც არაერთხელ გააწბილეს ტენდერში მონაწილე დასავლური კომპანიები. ამ ობიექტების ნუსხა წლების წინათ გამოქვეყნდა ქართულ პრესაში.

აქვე შეგახსენებთ, ზელენსკი არ უბრუნებდა სააკაშვილს პოროშენკოს მიერ ჩამორთმეულ მოქალაქეობას, მაგრამ პუტინმა სატელევიზიო გამოსვლაში (იხ. „იუთუბზე“) განაცხადა, რომ სააკაშვილს უკანონოდ ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა და ის უკანონოდ გააძევეს უკრაინიდან. პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, აღედგინათ სააკაშვილის მოქალაქეობა, რაც ზელენსკიმ მაშინათვე შეასრულა...          

მაშ, ვინ იცავს სააკაშვილს დასავლეთში დღეს? ცნობილი ამერიკელი მეცნიერისა და მოღვაწის, ენდერს ვიმბუშის აზრით, სააკაშვილი სამართლიანად არის გასამართლებული და მსხვერპლნი ის ადამიანები არიან, „რომლებიც სააკაშვილის გამო დაზარალდნენ“. 

„ჩემი პოზიციაა, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. სამწუხაროდ, მას ჰყავს მეგობრები ვაშინგტონსა და ბრიუსელში, რომლებიც ასე ამაყად ამბობენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. როდესაც ის პრეზიდენტი იყო, მან ასეთ ადამიანებს დახმარება გაუწია, დააფინანსა მათი კვლევითი ცენტრები და გააკეთა ყველაფერი, რათა ამ ადამიანებისთვის ესიამოვნებინა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართველებმა ახლა უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და გააგრძელონ სვლა წინ. ბატონი სააკაშვილი წარსულია და ის ციხიდან ექვს წელიწადში გამოვა“, - აცხადებს ვიმბუში.

„კა-გე-ბეს“ ეფრეიტორის წოდება სააკაშვილმა უკრაინაში „კა-გე-ბეს“ ჯარში მსახურობისას მიიღო, იქ კი ბიძამისის, თემურ ალასანიას პროტექციით მოხვდა. შეგახსენებთ, რომ თემურ ალასანიას რუსული პრესა „კა-გე-ბეს“ გენერლად მოიხსენიებს ხოლმე და რომ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები, ანუ 21-ე საუკუნის „შულავერის კომიტეტი“, ალასანიას მიერ საჯაროდ გამოცხადებული გეგმით მოქმედებენ.

„პატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარია“, - თქვა სემუელ ჯონსონმა ორ-ნახევარი საუკუნის წინათ. 

ჯონსონი, ცხადია, ყალბ პატრიოტიზმს გულისხმობდა, რომლითაც ნაძირალები ნიღბავენ საკუთრ ღალატსა და დანაშაულს. სწორედ ამ უკანასკნელ თავშესაფარს შეაფარა თავი „კა-გე-ბეს“ ეფრეიტორმა სააკაშვილმა თანამზრახველებთან ერთად ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში და აღარც გამოდის იქიდან. ჩვენი ყალბი და გახრწნილი ელიტისა და „ბომონდის“ წარმომადგენლები კი კვლავაც ემსახურებიან პუტინის სასარგებლო და მორჩილ იდიოტს, რომელმაც თავისი ღალატითა და სხვა უმძიმესი დანაშაულით უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ერსა და სახელმწიფოს, ხოლო სააკაშვილის პროპაგანდონი ტელევიზიები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ხალხის მოტყუებას. 

ნეტა, რა ჰქვია ჩვენს ქვეყანაში არსებულ ასეთ პოლარიზაციას?

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×