რეზონანსი
29.11.2021

ამირან სალუქვაძე

ბოლო დღეებში ნაცმოძრაობის პარტიული ტელევიზიები, სააგენტოებთან ერთად, სვავებივით დაესივნენ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს მოსალოდნელიც იყო. ავხსნი ქვემოთ.

გუშინდელ ყოველკვირეულ ფსიქოტროპულ გადაცემებში ტრადიციულად უტრვდნენ სახელმწიფო ინსტითუტებს: უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, სასამართლოს. დიახ, სასამართლოს. გუშინდელი ინტერვიუ მოსამართლესთან, ეს იყო მოსამართლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის დატოვება რომ ვერ გაყიდეს, გუშინ გამოაცხადეს, რომ ამერიკულ-კორეული ვოიაჟიდან დაბრუნდა.  ვოიაჟში რომც ყოფილიყო, კანონიერ მილიარდერს აქვს სეირნობის უფლება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარჯზე გამდიდრებულებს მიხედეთ. თუმცა, როგორ გაუბედავთ?!

დავუბრუნდეთ პრემიერს.

ღარიბაშვილის ახალი ინიციატივების შემდეგ, მასზე თავდასხმები გააქტიურდა. ნაცმოძრაობის ფსიქოტროპული ტელევიზიები ახლიდან აგორებენ მისი გადადგომის თემას.

ირაკლი ღარიბაშვილზე და ოცნების სხვა ლიდერებზე შეტევები მანამდეც იყო და მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ახალი ტალღა და მისი მასშტაბები საეჭვოდ უკავშირდება ახალ სამთავრობო ინიციატივებს.

რა თქმა უნდა ამ საინფორმაციო შეტევების მიზეზი მხოლოდ ახალი ინიციატივები არაა. ოპომედია ყოველთვის ურტყამს "ქაეთული ოცნების" ამომრჩეველში პოპულარულ პოლიტიკოსებს.

როცა გახარია გადადგა, ოპოზიციას ქართული ოცნება ჩამოშლილი ეგონა, რაც შეცდომა აღმოჩნდა. ახალი პრემიერის არა უბრალოდ სწრაფად შერჩევა, არამედ სწორი კანდიდატის დასახელება, ოცნების როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე გუნდისთვის, გამამხნევებელი აღმოჩნდა.

პრემიერობამდე ღარიბაშვილი ძალიან ეფექტიანი იყო თავდაცვის მინისტრის პოსტზე. მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ესაა მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სამხედრო მრეწველობის გააქტიურება და ახალ რელსებზე გადაყვანა, ჯარის საბრძოლო მომზადების და მზადყოფნის დონის მკვეთრი აწევა და სხვა, ადრე დავწერე და აღარ გავიმეორებ. მაგრამ თავდაცვის მინისტრის რანგში აღსანიშნავია აქტიური საქმიანობა აშშ-ნატოსთან პარტნიორობის მიმართულებით.

პრემიერის რანგშიც საკმაოდ აქტიურად შეუდგა საქმიანიბას. წინამორბედისგან განსხვავებით, მოკლე პერიოდში განახორციელა ვიზიტები ბაქოში, ერევანში, ანქარაში, კიევში, ბრიუსელში, ვაშინგტონში. ამ ვიზიტებში აღსანიშნავია განსაკუთრებული დახვედრა თურქეთში, წარმატებული შეხვედრები ბრიუსელსა და ვაშინგტონში.

შემდეგ ვიხილეთ საქართველოს შუამავლობა აზერბაიჯან-სომხეთს, სომხეთ-თურქეთს შორის, რასაც მანამდე მიჩვეული არ ვიყავით.

ღარიბაშვილმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ღირებულებები, მისი მომხრეებისთვის გასაგებ ენაზე. განსაკუთრებით ეს ეხება ეკლესიისადმი და ტრადიციული ღირებულებებისადმი დამოკიდებულებას.

ღარიბაშვილს უკავშირდება მნიშვნელივან სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობის დაწყება.

ეს დოკუმენტებია:

- ეროვნული იდეის შემუშავება. უამრავ ადამიანს გამოგვითქვამს ასეთი საბუთის აუცილებლობის შესახებ. პრემიერის დონეზე, მგონი, არ გახმოვანებულა;

- ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. დიდი ხანია გასაახლებელია;

- დეოკუპაციის სტრატეგია. წლებია ვწერ და ვითხოვ. თუმცა ამ საკითხში შიდაპოლიტიკური პღობლემები გვაქვს, დესტრუქციული ოპოზიციის სახით;

- ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება და სხვა.

სხვათაშორის ეს 10-წლიანი გეგმაც საქილიკო გახადეს. ვერ დაასახელებთ წარმატებულ ქვეყანას, რომელიც 5, 10 და, შესაძლოა, მეტი წლით წინ არ იხედებოდეს. გრძელვადიან დაგეგმვაზე 21 წლის წინ დავწერე ნაშრომი და ვერავინ გადამარწმუნებს, რომ გრძელვადიანი მიზნების დასახვა და მათ შესაბამისად განვითარების დაგეგმვა არასწორი გზაა.  პირიქით, ნებისმიერს დავუმტკიცებ, რომ გრძელვადიანი დაგეგმვის გარეშე ნებისმიერი მოკლევადიანი პროგრამა, არარაციონალური იქნება, თუ "ღირებულება-ეფექტიანობის" კრიტერიუმით შევაფასებთ. განა არ იციან?!

ამ ჩამონათვალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეროვნული იდეის თემა. წესით ამ განცხადებას საზოგადოებაში ფართო განხილვები უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, ოპოზიცია, საკუთარი მედიის მეშვეობით, ცდილობს სხვა დღის წესრიგი მოგვახვიოს თავს.

ასევე, თუ გავიხსენებთ, ქართული ოცნების ყველა წარმატებული პროექტი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო. ეს პროექტებია "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი", "იაფი აგროკრედიტი" და სხვა. ამ პროგრამების მეშვეობით ასობით საწარმო შეიქმნა და ათასობით მეწარმე და ფერმერი დაფინანსდა. მომავალ რამდენიმე წელშიც 1000-ზე მეტი საწარმოს გახსნაა დაგეგმილი, რაც, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, სავსებით რეალისტურია.

ამ 9 თვის მანძილზე პერიოდულად აგორებდნენ გადადგომის თემას. გახსოვთ როგორ დასდევდნენ კამერებით და თავხედური კითხვით, როდის გადადგებითო.

ზემოთ რაც აღვწერე, ამ ყველაფერმა დაარწმუნა ოპოზიცია, რომ "ქაეთულმა ოცნებამ სტაბილურობა შეინარჩუნა, ხოლო ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო.

ეკონომიკის ზრდა ზუსტად იმ ორნიშნა ნიშნულზე გავიდა, რომელზეც მუდმივად საუბრობდა ნაცმოძრაობა, რომ თუ ორნიშნა ზრდა არ იქნება, სწრაფად ვერ განვითარდებითო. ლარის კურსი 3,45-დან 3,09-მდე გამყარდა, მიუხედავად სავალუტო რყევებისა თურქეთში, რომელიც ერთერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

ასევე, ოპერაცია "არაჟანი პრეზიდენტი" ჩავარდა. საერთოდ რევოლუციის მოლოდინებიც ჩაფლავდა. ეგონათ, რომ სააკაშვილის ყოფნა საქართველოში მუხტს აწევდა. რევოლუციურ მოლოდინებზე და სააკაშვილის ფაქტორზე, წინა წერილში დავწერე.

ეს ორი ფაქტორი, პანდემიის ფონზე ეკონომიკის გამოცოცხლება და რევოლუციის ჩაფლავება, ნაცმოძრაობას უქმნის უსუსურობის განცდას და რჩებათ ჩვეული გზა: წერტილოვანი აქციები, ხმაური, ნეგატიური ფონის შექმნა, მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების გაგრძელება.

პრემიერის ახალი ინიციატივები ასუსტებს ნაცმოძრაობის და მისი მოკავშირეების პოზიციებს, ამ ფონზე კი მოსახლეობაში ამყარებს პროსახელისუფლებო განწყობებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოჰკიდა საზოგადოებისთვის მტკივნეულ თემებს. ესენია:

- წამლების ფასები;

- ნარკოპოლიტიკა;

- სოციალური პოლიტიკა;

- ონლაინ კაზინოები.

ამ მიმართულებებით უახლოეს თვეებში წარმატრბული ნაბიჯების გადადგმა, ისედაც გათითოკაცებულ ოპოზიციას, შანსებს აღარ დაუტოვებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პრინციპში, ამ ფაქტორმა დამაწერინა ეს წერილი.

მხოლოდ უცხოური ონლაინ კაზინოები 1,5 მილიარდიანი ბიზნესია. ვიღაც ამ შემოსავალს ვერ მიიღებს. ამ მილარდნახევარს დაამატეთ მრავალმილიარდიანი ფარმაცევტული ბიზნესი. ამ სფეროსაც მოუწევს მადის შემცირება. აქვე ცალკე მსუყე ლუკმაა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე კონტროლის გამკაცრება.

როგორ ფიქრობთ, მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე ბიზნესების დარეგულირება მთავრობისთვის, მისი პირველი პირისთვის, სერიოზული გამოწვევა არის, თუ არა?

შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის მედიაში ატეხილი ახალი ხმაურის დამკვეთები იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფები.

ამიტომ ვფიქრობ, რომ გადადგომის თემის ახალი ტალღა ახალ ინიციატივებსაც უკავშირდებოდეს, რადგან მათი ჩავარდნა აწყობთ არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს.

ქართული ოცნების შიგნით, ლიდერებს შორის განხეთქილებას, ან სხვა საფუძველს, რომ მსგავსი ცვლილებებია მოსალოდნელი, ვერ ვხედავ.

გარედან კი ბევრია ღარიბაშვილის დასუსტების მსურველი. მსურველთა შორის პოლიტიკურ ოპონენტთა გარდა, არიან თუ არა სხვა ჯგუფები, გამოჩნდება.

პოლიტიკური გემოვნება რომ გვერდზე გადავდოთ, მოსახლეობაში არსებობს ფარმაცევტული სფეროს, ნარკოპოლიტიკის, ონლაინ კაზინოების და სხვა სფეროების დარეგულირების მოლოდინი.

ვინც ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწევს, ოპონენტებს საგრძნობლად ჩამოიტოვებს უკან. თუმცა, ბევრ მტერსაც გაიჩენს მრავალმილიარდიანი შემოსავლების შევიწროების გამო.

პოლიტიკური ძიძგილაობისგან, ყოველწლიური არჩევნებისგან და ნეგატიური დღის წესრიგისგან გადაღლილი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღდგენის ტენდენციების, მ.შ. ლარის სტაბილურობის და სხვა პოზიტიური მოლოდინების შენარჩუნება.

პოლიტიკური მომავალი ექნება იმ ოპოზიციურ სუბიექტებს, რომლებიც თავის თავში იპოვიან ძალას, გაიაზრებენ პოლიტიკურ რეალობას და შეეცდებიან საბოლოოდ გამოვიდნენ ე.წ. მთავარი ოპოზიციური პარტიის გავლენებიდან და ჩაერთონ სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ეს დღის წესრიგია ხელისუფლების ოპონირება და ამ ოპონირებაში საკუთარი თავის წარმოჩენა.

პოზიტიური დღის წესრიგი, ეკონომიკა და განვითარება არის როგორც მოსახლეობის დაკვეთა, ასევე საქართველოს მეგობრების მოწოდება.

ზიზღის, სიძულვილის, სიბილწის და ერთმანეთის კორტნის დრო წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ვისაც სხვა მიზნები აქვს, უნდა გაირიყოს პოლიტიკური პროცესიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×