საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კახა კუჭავას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პარლამენტში შემავალი და მის გარეთ დარჩენილი პარტიების თავმჯდომარეებს,
რეზონანსი
02.12.2021

ბატონო კახა, ძვირფასო ბატონებო, თავს უფლებას ვაძლევ, დაჟინებით მოგთხოვოთ, განახორციელოთ ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. ეს ცვლილებები ძირითადად ეხება, სსკ-ში ადრე არსებული, მაგრამ წინა ხელისუფლების მიერ გაუქმებული ნორმების და მუხლების აღდგენას.

დღეს მხოლოდ ერთი მუხლის აღდგენის შესახებ მოგახსენებთ. სსკ-ში აუცილებლად უნდა აღდგეს მუხლი ცილისწამების შესახებ - აღდგეს ახალი რედაქციით, სადაც გათვალისწინებული იქნება მრავალი თანამედროვე ნიუანსი. ამ მუხლის სსკ-დან ამოღებამ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები სრულიად დაუცველ პიროვნებებად გვაქცია.

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩვენზე თქვას, გამოაქვეყნოს, გაავრცელოს ნებისმიერი სახის, თვით გაუგონარიც კი, ცილისწამება. და, ეს შეუძლია მოიმოქმედოს თავისუფლად, სინდისის ქენჯნის გარეშე და რაც მთავარია, დასჯის შიშის, პასუხისმგებლობის რიდის გარეშე.

მრავალი მაგალითის მოტანა შემიძლია, პასუხგაუცემელი ცილისწამების შემთხვევებისა და მისგან დაზარალებული, ან სულაც გაუბედურებული ადამიანებისა.

გემახსოვრებათ, ერთმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ წამოიწყო ერთის შეხედვით სასარგებლო საქმე - საქვეყნოდ ემხილათ ნარკოტიკების გამავრცელებლები და გამყიდველები. როგორ ადგენდნენ ნარკობარიგებს, არ ვიცი, არ გამოუქვეყნებიათ, არ ამბობდნენ. მათ მიერ ნარკობარიგებად შერაცხული ადამიანების სახლების კედლებზე აწერდნენ: "აქ ცხოვრობს ნარკობარიგა".

რამდენიმე შემთხვევაში გაირკვა, რომ ახალგაზრდებმა სრულიად უდანაშაულო ადამიანებს მოცხეს ჩირქი - უბრალოდ რომ ვთქვათ, ცილი დასწამეს. ახალგაზრდებმა, რომლებიც საუკეთესო განზრახულობით და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმისთვის მოქმედებდნენ, მათი დამრიგებლების მითითებით ბევრ შემთხვევაში ცილი დასწამეს ზოგიერთ მოქალაქეს.

მათი ოჯახებს ცხოვრება, მათ შვილებს კი ბავშვობა კოშმარად და ჯოჯოხეთად უქციეს. და, რახან ცილისწამებისთვის პასუხს არავინ სთხოვდათ, ცილისმწამებელთა რიცხვმა იმატა. საზოგადოების ნორმალური, კანონმორჩილი ნაწილი კი, სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. ცილისწამებისთვის პასუხის ადგილზე გამცემი საპატიმროს ბინადარი ხდებოდა.

ამან წაახალისა პოტენციური ცილისმწამებლები და ის ადამიანებიც კი, ვინც ადრე მორალური თუ კანონის წინაშე ვალდებულების გამო, უკადრის არ კადრულობდნენ. ცილისწამების კიდევ ძალიან ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ საკმარისია და თქვენთვის გასაგები ჩვენი შეშფოთება და გულისწუხილი. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, დაჟინებით გთხოვთ, აღადგინეთ ცილისწამებაზე პასუხისმგებლობის მუხლი!

ბატონებო, ვთხოვ პარლამენტში წარმოდგენილი და პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიების ხელმძღვანელ ორგანოებს, გაითავისონ და კარგად გააანალიზონ ჩვენი ეს მოთხოვნა. მისი გათვალისწინება და მეტად საჭირო მუხლის აღდგენა საზოგადოებას გაწმენდს ცილისწამების სენისგან.

ამ მოთხოვნის გარდა, კიდევ გვაქვს რამდენიმე, აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნა - ყველა მოთხოვნა არაპოლიტიკურია. მათ შესახებ უახლოეს მომავალში მოგახსენებთ.

დღეს კი უბრალოდ გპირდებით - ის გაერთიანება, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს ყურად იღებს და ჩათვლის ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის საჭიროდ, მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერა კი არ გულისხმობს ერთი ან ორი, გინდაც ასი კაცის მხარდაჭერას - ჩვენ ბევრნი ვართ.

ჩვენ, ანუ ისინი, ვისაც სინდის-ნამუსზე და მაღალ მორალზე დამყარებული საზოგადოებაში ცხოვრება უნდა. ღმერთმა დალოცოს ყველა სასიკეთო საქმის მომქმედი, ღმერთმა დალოცოს საქართველო,

 

სოლომონ ნერგაძე (მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი პავიას უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტი), პავია, იტალია.

 

პოსტ-სკრიპტუმ: ეს ამ ხასიათის პირველი წერილია - იგი სსკ-ში ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის მუხლის აღდგენას ეხება. მეორე, მესამე და მომდევნო წერილებში და მიმართვებში, მოვითხოვთ სამშობლოს ღალატის მუხლის, გამფლანგველებისათვის ქონების კონფისკაციით პასუხისმგებლობისა და სხვა მუხლების აღდგენას. ვისაც სურვილი აქვს მოთხოვნაზე შემოერთებისა, ვთხოვ გამოგვეხმაუროს პირწიგნაკის გვერდზე. ჩვენ ეს შეგვიძლია - ჩვენ დიახ, შევძლებთ! ს.ნ.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×