პარლამენტის წინააღმდეგ დავას სასამართლო 4,5 წელი იხილავდა...
რეზონანსი
26.12.2021

სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად, აგრეთვე მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფად და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოში კონსტიტუციური ორგანო – იუსტიციის უმაღლესი საბჭოა შექმნილი (შემდგომ ტექსტში „იუს“). ცხადია, თუ კანონმდებლებს რეალურად სურთ ევროინტეგრაცია, და მესამე ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობა, იუს წევრები მაინც უნდა შეარჩიონ კანონმდებლობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპის დაცვით. 

სწორედ იმის გამო, რომ 2017 წელს იუს 5-ვე არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსები პარლამენტმა არსებითი ხასიათის კანონდარღვევებით ჩაატარა, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს, პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 სარჩელი შევიტანე (საქმეები: #3/684, 31.01.2017; #3/2938, 24.04.2017; #3/5029, 19.07.2017), რომლებითაც კონკურსებისა და იუს არამოსამართლე წევრების არჩევის შესახებ მიღებული დადგენილებების ბათილად ცნობა მოვითხოვე. 

მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს (რეგლამენტის თანახმად, თავმჯდომარეს მხოლოდ კონკურსის ვადები უნდა გამოქვეყნებინა...), ხოლო კონკურსების დაწყების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოცემულიყო; კონკურსის პირობა (პარლამენტის რეგლამენტიდან აღებული ნორმა) არსებითად განსხვავდებოდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმისაგან, რასაც ენათმეცნიერების ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნაც ადასტურებდა; კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები არ წარუდგენიათ „შესაბამისი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს“ და დოკუმენტურად არც ის დგინდებოდა, რომ მათი წარმდგენი ა(ა)იპ–ები „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“, როგორც ამას კანონი ითხოვდა; კონკურსი პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ, ხოლო მეორე ტურში გასული კანდიდატები პარლამენტის სხდომაზე არ მიუწვევიათ) და კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი (კონკურსში გამარჯვებული ერთ–ერთი კანდიდატი მეორე ტურში ისე გავიდა პირველ ტურში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია...). შედეგად, იუს არამოსამართლე წევრებად, ფაქტობრივად, პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურების „წარმომადგენლები“ გამწესდნენ... 

ბუნებრივია, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე, კონკურსების შეჩერება მოვითხოვე, რაზეც საქალაქო სასამართლომ უარი მითხრა. კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ იმ მოსამართლემ არ დამიკმაყოფილა, რომელიც იუს–მა პარლამენტში წარადგინა და დღეს უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა... ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის კანცელარია თბილისშიც გამართულად მუშაობდა, სარჩელები, რატომღაც, ქუთაისში გადაიგზავნა... თავიდან, სასამართლოს თავმჯდომარეს დაეწერა. ბოლოს კი, მხოლოდ 2019 წლის დასაწყისში განიხილა იუს მიერ სამი წლის ვადით დანიშნულმა და, როგორც ჩანს, თბილისიდან საგანგებოდ მივლინებულმა მოსამართლემ, რომელიც მოსამართლეობამდე უცხო ენას ასწავლიდა და გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა... ცხადია, მოთხოვნები არ დამიკმაყოფილა, ვინაიდან სხდომაზევე განაცხადა, დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავად აღმოვჩნდები უკანონოდ დანიშნულიო... (მალევე დედაქალაქში გადმოიყვანეს სამუშაოდ...). 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი სწორედ იმ დღეს, 2019 წლის 17 ივლისს, განიხილა, როდესაც იუს–ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო და არ დააკმაყოფილა... დარწმუნებული ვარ, ამ სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე (იუს წევრი, რომელიც დღეს უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეა...), არა თუ მის „სამფლობელოში“ შესული ყველა საქმის შედეგის, არამედ პარლამენტის მიერ იუს წევრებად ან/და მოსამართლეებად ასარჩევი პირების თაობაზეც წინასწარ ფლობდა ინფორმაციას... 

შესაბამისად, გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ არ დაესწრნენ ქუთაისში გამართული ხუთი სხდომიდან არც ერთს სასამართლოს მიერ მესამე პირებად ჩართული იუს არამოსამართლე წევრები და საქმის განხილვაზე არც წარმომადგენლები გააგზავნეს... როგორც ჩანს, დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ ინტერესებს საქმის განმხილველი მოსამართლეებიც ეფექტურად დაიცავდნენ... თუმცა, უპრიანი იქნებოდა, სასამართლოს მიმართ მაინც გამოეხატათ პატივისცემა და საქმის არსს მაინც გასცნობოდნენ, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მიკერძოებისა და სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნის ან/და აბუჩად აგდების) მასშტაბებს. 

2019 წლის სექტემბრიდან კი საკასაციო საჩივარი „უზენაესში“, ფაქტობრივად, თაროზე იყო შემოდებული, ვინაიდან რამდენიმე მოსამართლემ აიცილა, ხოლო დიდი პალატისთვის გადაცემის ან საქმის ე. წ. ზეპირი მოსმენის წესით განხილვის თაობაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა... 

მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2016 წელს არჩეულ პარლამენტს და მის მიერ იუს–ში 2017 წელს „არჩეულ“ 5 არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების 4 – წლიანი ვადები ამოეწურათ, ჩამბარდა უზენესი სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რითაც სადავო შემადგენლობის იუს მიერ შერჩეულმა და პარლამენტის მიერ უვადოდ არჩეულმა მოსამართლეებმა (საქმის განმხილველი 3 მოსამართლიდან ორი თანამდებობაზე 2019 წლის ბოლოს იყო არჩეული...), ფაქტობრივად, საკუთარი თავის მიმართ დაადგინეს, რომ თანამდებობაზე კანონის სრული დაცვით გამწესდნენ... 

შესაბამისად, ფაქტია, იუს არამოსამართლე წევრების მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები ისე გამწესდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, რომ თავად იუს არამოსამართლე წევრების არჩევის კანონიერების თაობაზე პარლამენტთან 4,5 წლის წინ დაწყებულ დავაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა გამოტანილი... 

იმ გარემოებასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმეების განსახილველად კანონით მხოლოდ ხუთი თვეა გამოყოფილი, გამოდის, რომ სამართლწარმოება არაგონივრული ვადით სწორედ მოპასუხის ინტერესებში გაჭიანურდა. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ „დადგინა“, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება კონკურსის ჩატარების თაობაზე თურმე მხოლოდ აზრის გამოხატვაა და არ საჩივრდება, ხოლო კონკურსი კანონის სრული დაცვით ჩატარდა, ამით დადასტურდა, რომ საქართველოში ხელისუფლების ორივე შტო, ფაქტობრივად, შეთანხმებულად მოქმედებს და სასამართლოს დამოუკიდებლობა სრული ფიქციაა, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსთვის ფუნდამენტურად აღიარებულ ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპს. არადა ყველაზე დიდი საფრთხე ქართულ სახელმწიფობრიობას იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ტოტალიტარიზმის დროინდელივით კვლავ მოქალაქეთა ერთი ჯფუფის (ან ერთი პარტიის) მიერ მართული დარჩება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვისას შენიშნა და გადაწყვეტილებაშიც ვერ დამალა გაოგნება (გაოცება) დეპუტატებისა და მოსამართლეების „კოორდინირებული მოქმედების“ გამო... 

ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივი მექნიზმებით სამართლიანობის აღდგენას გონივრულ ვადაში ვერ მივაღწიე, ხოლო სასამართლო არ იყო მიუკერძოებელი, თავი ვალდებულად ჩავთვალე, საჩივარი სტრასბურგში გამეგზავნა (დანართებიანად 430 გვერდი გამოვიდა...). იქნებ, საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაინც მიუთითოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დამოუკიდებელი სასამართლოს, სამართლიანი კონკურსების (არჩევნების) ჩატარებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობის თაობაზე...

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×