რეზონანსი
07.08.2022

2019 წლის 27 აგვისტოს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა „უნიკალური პროფესიის წამომადგენლებისთვის იმ პატივისცემისა და ღირსების დაბრუნების აუცილებლობას, რასაც ისინი იმსახურებენ“, რისთვისაც შრომის ანაზღაურების ეტაპობრივად ზრდას დაჰპირდა. მისი განცხადებით, 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1700 ლარი, წამყვანი მასწავლებლის - 2150, ხოლო მენტორი მასწავლებლების - 2450 უნდა გამხდარიყო. 

მართალია, ჯერჯერობით, მასწავლებლები ამის ნახევარსაც ვერ იღებენ და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არ იყოს, ხელფასების არსებითი მატების მხოლოდ „ნათელი პერსპექტივის“ ამარა არიან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მთავრობა დანაპირებს უთუოდ შეასრულებს. მით უმეტეს, ევროპაში განსწავლულმა ილია ჭავჭავაძემ „ცხოვრება და კანონში“ იმის თაობაზეც გაგვაფრთხილა, რომ „სამართალი და განათლების საქმე ისეთი უაღრესნი არსებითნი საჭირიოებანი არიან სახელმწიფო კეთილდღეობისათვის, რომ აქ ფულის გაფრთხილება, ფულის დაზოგვა, ხარჯვის შიში, მეტად მავნებელი რამ არის როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფოსათვის“. 

მანამდე კი, უპიანი იქნებოდა პედაგოგებისთვის ღირსეული პატივი მორალური წახალისების ფორმით მაინც მიგვეგო. იდეა, რომელიც თბილისის მერს გავანდე, საზოგადოებასაც მინდა გავუზიარო. 

რამდენიმე წლის წინ სოფელ ხუნჯულაურში გასვენებაში მომიწია ჩასვლა. ეკლესიის ეზოს შესასვლელში თეთრი მარმარილოს ბიუსტი შორიდანვე შევნიშნე. ცნობილი მეცნიერის, ხელოვანის ან ადგილობრივი ბიზნესმენის ოჯახის წევრის მეგონა. ახლოს მისულმა „პედაგოგი ელისო სტურუა“ ამოვიკითხე. საკუთარი ოჯახი არ ჰყოლია, თურმე დაწყებით კლასებს ასწავლიდა, ხოლო ძეგლი მის მოსწავლეებს დაუდგამთ. გამიხარდა, რომ ტოტალიტარიზმის პერიოდშიც კი მასწავლებელი ასეთი პატივისცემით სარგებლობდა და ხალხმა მისი ამაგი დამსახურებისამებრ დააფასა. ამასთან, ისიც გამახსენდა, რომ საფლავის ქვაზე სამხედრო ჩინიც, აკადემიური თანამდებობაც და ექიმის პროფესიაც მიუთითებიათ, მაგრამ მიწას მიბარებულის „პედაგოგობის“ თაობაზე არსად ყოფილა ხაზგასმული. 

ამდენად, ყველას, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და იურისტებს, ვუსურვებ, ცხოვრება ისე ღირსეულად გაევლოთ, რომ მადლიერ თანამოქალაქეებს მათი „საქმიანობის სფეროც“ (მინისტრი, მერი, მოსამართლე, ადვოკატი, პროკურორი) საუკუნეები ხსომებოდეთ.

თბილისის #42 ფიზიკა-მათემათიკის სკოლაში მეც მყავდა გამორჩეული პედაგოგი ქეთევან ტუსკია, რომელიც ძალას და ენერგიას არ იშურებდა, რომ სხვისი შვილებისთვის ქიმია ესწავლებინა. ჩემი მეუღლეც ხშირად ახსენებს თბილისის #31 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მარინა ფერიშვილს, რომელმაც ფილოლოგობა გადააწყვეტინა. დედაჩემისგან მსმენია პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მარიკა ალავიძეზე, რომელმაც ზესტაფონში საქართველოს ისტორია თაობებს შეაყვარა. ფოთშიც ვიცი დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლამარა მექვაბიშვილი, რომლისთვისაც, ელისო სტურუასავით, სკოლა, იგივე ოჯახი იყო და მოსწავლეებს შვილებივით ექცეოდა.

განათლების რეფორმამდე უმაღლეს სასწავლებლებშიც იყო მასწავლებლის თანამდებობა და პირველ ქართულ უნივერსიტეტშიც მოღვაწეობდნენ მოწოდებით „პედაგოგები“, რომლებმაც საკუთარი ოჯახებიც კი არ შექმნეს, ვინაიდან პრიორიტეტულად მეცნიერების განვითარება და მომავალი თაობების აღზრდა-განათლება დაისახეს. 

დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს ჰყოლია „პედაგოგი“, რომელსაც მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში მშობელზე არანაკლები დამსახურება მიუძღვის. ქალბატონი ელისო სტურუა გამორჩეულია. დარწმუნებული ვარ, ჩემს თაობაში უმრავლესობამ „საყვარელი მასწავლებლის“ საფლავის ადგილსამყოფელი არ ვიცით. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერს შევთავაზე თბილისში მაგ., იგივე დედაენის ბაღში ან სადმე სხვა უფრო შესაფერის ადგილზე დაიდგას პედაგოგის (აღმზრდელის) განზოგადებული ძეგლი ( მონუმენტი). საუკეთესო პროექტი ღია კონკურსის გზით და დაინტერესებული საზოგადოების აზრის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს (კარგი იქნება, თუ უცხოელებიც მიიღებენ მონაწილეობას), ხოლო, თუ დედაქალაქის ბიუჯეტში საამისოდ თანხა არ მიიპოვება, შეიძლება მერიამ სპეციალური ფონდი დაარსოს, რომელიც იდეას პოპულარიზაციას გაუწევს და მას მოქალაქეების მიზნობრივ შემოწირულებებით განახორციელებს.

ცხადია, არ არის აუცილებელი „პედაგოგის“ („აღმზრდელის“) ძეგლი ან მონუმენტი ელისო სტურუას ბიუსტივით გასული საუკუნის 50 –იანი წლების კლასიკურ (ტრადიციულ) სტილში იყოს გადაწყვეტილი. სავსებით შესაძლებელია, ყველასთვის მისაღები პროექტი მოდერნისტულ ან სრულიად ორიგინალური ფორმის აღმოჩნდეს, თუმცა სასურველია მასში ის განწყობა იკითხებოდეს ,რომელიც ცნობილმა ქართველმა პოეტმა იოსებ ნონეშვილმა უკვდავ სტრიქონებში გამოხატა: 

„მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი...“

საგულისხმოა, რომ ლექსი „მასწავლებელი“ ავტორმა ქართული ენის მასწავლებელს, ბარბარე (ვარო) ვარდიაშვილს მიუძღვნა, რომელსაც „მეორე დედას“ ეძახდა. სამწუხაროდ, არც მას ჰყავდა საკუთარი შვილები. სამაგიეროდ, ქალბატონ ვაროს „შვილები“ იყვნენ მუხრან მაჭავარიანიც და გიზო ნიშნიანიძეც, რომელმაც მას ნარკვევიც კი მიუძვნა („ვერა და ვარო“). საგანგებოდ უნდა გამოვყო ამონარიდი აკადემიკოს შალვა ამონაშვილის მოგონებიდან, რომელიც პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობის სრულად გააზრებაშიც დაგვეხმარება:

 „მერვე კლასში მთელი წელიწადი „ვეფხისტყაოსანს" ვსწავლობდით. ამ გაკვეთილებზე ჩვენ მოსწავლეები კი არა, მოაზროვნეები ვიყავით, ვმსჯელობდით გმირებზე, თვითონ ვირჩევდით საზეპიროებს, ამიტომ ვარ გაჟღენთილი "ვეფხისტყაოსნით" - ეს არის სიყვარულის, მეგობრობის, თავდადების ჰიმნი. ყველაფერია შიგნით. ვარვარა ვარდიაშვილი რომ გაქრეს ჩემში, მეც გავქრები. რა ვქნათ, როგორ გავამრავლოთ ასეთი მასწავლებლები ჩვენში, ცხოვრებაში ყველა ბავშვს ერთი მაინც რომ შეხვდეს ასეთი მასწავლებელი, ის გადაარჩენს მას."

დარწმუნებული ვარ, ვარო ვარდიაშვილმა და სხვა, ნაკლებად ცნობილმა, მაგრამ პიროვნული თვისებებით გამორჩეულმა პედაგოგებმა, მომავალი თაობის აღზრდაში უანგაროდ შეტანილი ღვაწლისთვის დაიმსახურეს, რომ მათი სახელები და სახეები გამორჩეული მხატვრული ფორმითაც იყოს უკვდავყოფილი. 

ძეგლის დადგმით (მონუმენტის აღმართვით) კი მოსწ„ავლეებსაც მოგვეცემა საშუალება გამოვხატოთ მადლიერება იმ პედაგოგებისადმი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი პიროვნებებად და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. ამასთან, გვეცოდინება ადგილი, სადაც გვექნება საშუალება შვილებთან ერთად მივიდეთ და პატივი მივაგოთ მათ ნათელ ხსოვნას... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×