რეზონანსი
21.08.2022

ერთ ჩემს ადრინდელ წერილში ვწერდი - ქვეყანაში სოციალური პრობლემების მოგვარება ეკონომიკური, ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდეგ იწყება. მართლაც, ეკონომიკური სიძლიერე წარმოადგენს ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ქვეყნის უსაფრთხოების და ა.შ. ფინანსურ უზრუნველყოფას. ასეა ფეხბურთშიც. თუ ფინანსები გაქვს, გექნება საუკეთესო ბაზა, საუკეთესო სავარჯიშო პირობები და მოედნები, დაიქირავებ კვალიფიციურ მწვრთნელს, შეიძენ  კვალიფიციურ ფეხბურთელებს და შესაბამისად, იქნები მოწინავე. სამწუხაროდ, იგივე ფინანსების არ ქონის გამო, ქართულ რეალობაში ამას ყველაფერს მოკლებულნი ვართ. თუმცა, ცოცხალი ადამიანი უსიცოცხლო გარემოს არ უნდა შეეგუოს და იწყოს ფიქრი და მოქმედება მდგომარეობის სასიკეთოდ შესაცვლელად.

დავიწყოთ წლევანდელ ევროთასებზე ჩვენი გუნდების გამოსვლით. ნომერ პირველი პრობლემა ქართული ფეხბურთისათვის არის ფიზიკური მომზადების დაბალი დონე. არაფერს ვამბობ ევროპულ საშუალო დონესთან შედარებით, რომელსაც ისე ჩამოვრჩებით და განვსხვავდებით, როგორც ცა და დედამიწა. ამ კუთხით სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს აზერბაიჯანლებთან, ყაზახებთან, სომხებთან, მოლდოველებთან, ესტონელაბთან და ა.შ. თითქოს ბათუმის დინამომ მოაგვარა ნაწილობრივ ეს პრობლემა, ამ კუთხით სლოვანს ჯობდა, მაგრამ აქ გამოუცდელობამ, ცალკეული ფეხბურთელების შეცდომებმა და უიღბლობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. ხოლო პოლონურ ლეხთან მწვრთნელის ტაქტიკური შეცდომებიც დაემატა - არა ვართ ჩვენ იმ დონის გუნდი, რომ პოლონეთის ჩემპიონს გასვლაზე პირველ ნომრად ეთამაშო, რომელიც უფრო მოძრავ, მობილურ ფეხბურთს თამაშობს და ტაქტიკურად აშკარად უკეთ გამოიყურებოდა.  ჩემი აზრით, უპრიანი იყო კონტრშეტევაზე გვეთამაშა და ჩვენ შანსს დავლოდებოდით. დაცვაშიც ნაკლებ შეცდომებს დავუშვებდით და ასე კატასტროფულად არ წავაგებდით. სანუგეშოდ ვიტყვით იმას, რომ გუნდი სწორ გზაზეა და გაისისათვის უფრო უკეთესს შედეგს უნდა ველოდოთ.

ზოგიერთი შეიძლება შემომედავოს, რა წაიღე ტვინი ამ შენი ფიზმომზადებით, ჩვენ უფრო ტექნიკურები ვართ და კარგ ფიზიკურ მომზადებას ტექნიკით გავაბათილებთო. ეს ჩვენ გვგონია ასე. სინამდვილეში კარგი ფიზიკური მომზადება უკეთესი გამძლეობაა, უკეთესი მოძრაობა და მობილურობაა, უფრო სწრაფი სირბილი და უფრო ღონიერი დარტყმებია, მეტი შენარჩუნებული კონცენტრაცია და სიზუსტეა.

ქართული გუნდები, ევროპული საზომით, ერთი ტაიმის გუნდია. თუმცა უმრავლეს შემთხვევებში ვაგებთ, როგორც პირველ ტაიმს, ასევე მეორე ტაიმს. ქართველი ფეხბურთელები საწყისი წუთების შემდეგ აშკარად დაღლილები არიან, ვერ ასწრებენ მეტოქის სწრაფ გადაადგილებებს, განსაკუთრებით საკუთარ საჯარიმოში, უჭირთ ორთაბრძოლები, საერთოდ ვერ ურტყამენ კარში საჯარიმო მოედნის გარედან ან მოედნის შიგნიდან, ან თუ ურტყამენ იმდენად არაზუსტია, საფრენი აპარატების ჩამოგდებაში ვარჯიშს ჰგავს, ან იმდენად უღონოა, ხშირად მეტოქის მეკარემდე ძლივს აღწევს. 

ამ პრობლემის გადაჭრის უამრავი მეთოდი არსებობს. მსოფლიოში ფიზიკური კონდიციების ამაღლების უთვალავი სისტემაა, დაწყებული ვარჯიშების სისტემიდან, ვიტამინიზირებული კვებით და სპორტული მედიცინით დამთავრებული, რომელთა მთავარი არსი ის არის, რომ ფეხბურთელს ორი ტაიმის განმავლობაში შეეძლოს აქტიურობა, მოძრაობა, საჭირო მომენტში აჩქარება. საბოლოოდ, ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ფეხბურთი მანამ იქნება ფსკერზე, სანამ ფიზმომზადების პრობლემას არ აღმოვფხვრით. 

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა ტაქტიკური მომზადება ან უფრო სწორად ტაქტიკური განუსწავლელობა, რაც ჩვენს მწვრთნელებს, სპეციალისტებს და ექსპერტებს ახასიათებთ. ტაქტიკური უვიცობის თვალსაჩინო ნიმუშია ჩვენი ნაკრების თამაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში. როდესაც მეტოქე პრესინგს გეთამაშება და 7-8 ფეხბურთელით შენს მოედანზეა, ამ დროს მეტოქის ნახევარზე უზარმაზარი თავისუფალი სივრცეა. საჭიროა 2-3 შემტევი ცენტრის ხაზისკენ წაწიო და კონტრშეტევისათვის მზადყოფნა. ბურთის ხელში ჩაგდების შემთხვევაში ბურთი ან დრიბლიორს უნდა მიუვიდეს, რომ სწრაფი კონტრშეტევა განხორციელდეს ან მეტოქის თავისუფალი ზონისკენ გაიგზავნოს, სადაც ჩვენი შემტევი უნდა გარბოდეს. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა ეს ვერ მოახერხა და ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩით ევროპის ჩემპიონატს. ნაწილობრივ ნაკრებში, მაგრამ ძირითადად ეროვნული ჩემპიონატის გუნდებში იგნორირებულია ტაქტიკის ისეთი ელემენტები, როგორიცაა უბურთოდ მოძრაობა, სწრაფი კონტრშეტევის ორგანიზება. გუნდები ძირითადად აკადემიურ სტილში, ნელ ტემპში უტევენ. გუნდი მანამ ვერ ახერხებს მეტოქის ნახევარზე გადასვლას, სანამ თვითონ მეტოქის ფეხბურთელები არ დატოვებენ ჩვენს ნახევარს და არ გაათავისუფლებენ ბურთის გვერდებზე და უკან საგორებელ სივრცეს. რომელ უბურთო მოძრაობაზე არის საუბარი, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები, შეტევისას, მეტოქის ფეხბურთელებთან ტანდემში, ნელ რიტმში გადაადგილდებიან. ამ დროს არავითარი მოძრაობა მეტოქის მეურვეობისაგან გასათავისუფლებლად, არავითარი მოძრაობა თავისუფალი და ხელსაყრელი პოზიციებისაკენ გადასაადგილებლად, არავითარი დროული მანევრი. ვფიქრობთ, აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტექნიკური ფეხბურთელისათვის დამახასიათებელი ბურთის თრევის დაუოკებელი სურვილი. გუნდური და უბურთოდ მოძრაობა მანამ არ გამოვა, სანამ ბურთის მფლობელი ფეხბურთელი თავს არ აწევს და მოძრავი პარტნიორის ძებნას არ დაიწყებს და სანამ პარტნიორს არ ეცოდინება, რომ გახსნის, დროული მანევრის შემთხვევაში, მას ასევე დროულ პასს გაუკეთებენ. ამ ყველაფრის გაკეთება სინქრონში, ფეხბურთელებს მწვრთნელმა უნდა ასწავლოს, ამისათვის არსებობს ტაქტიკური მეცადინეობები. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მომენტი თვითონ ჩვენი მწვრთნელებისთვისაა ჯერ გაუცნობიერებელი. იყო საჭირო თუ არა, ჩვენი გუნდები ყოველთვის, დინჯ, ნელ, აკადემიურ სტილში უტევდნენ. ამ დროს, თანამედროვე მწვრთნელები, როგორიცაა ანჩელოტი, კლოპი, მაურინიო, უახლოეს წარსულში ფერგიუსონი,  ცდილობენ მათი გაწვრთნილი გუნდები სწრაფად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და არ მისცენ საშუალება მეტოქის გუნდს დაცვის ორგანიზების.  სწრაფმა ტემპმა, სწრაფი აზროვნება მოითხოვა, რასაც ჩვენი ფეხბურთელები შეჩვეულები არ არიან და იქიდან მოდის ეს ელემენტარული შეცდომები. სამომავლოდ, უნდა გაუმჯობესდეს ქართველ მწვრთნელთა მომზადების დონე და ხარისხი. ალბათ, უნდა ჩამოვაყალიბოთ ეროვნული სასწავლო ცენტრი ან ლაბორატორია, სადაც სამეცნიერო დონეზე განიხილება და დამუშავდება მწვრთნელთა ტაქტიკური იდეები, სიახლეები. მოვიწვევთ ცნობილ უცხოელ მწვრთნელებს ლექციების წასაკითხად და გავაგზავნით სასწავლებლად ჩვენს კადრებს ცნობილ კლუბებში საწვრთნელი პროცესის გასაცნობად. 

ამასთანავე მინდა შევეხო ჩვენი მოედნების საფარის ხარისხს. თუ გვინდა ევროპული მაღალი დონის ფეხბურთის თამაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, უნდა გავაუმჯობესოთ მოედნის საფარის ხარისხი. არ მინდა გამონათქვამებში მკაცრი ვიყო, მაგრამ ზოგიერთი ჩვენი ყანა-მინდვრების შემხედვარე ძნელია ზუსტი პასის გაკეთება, დრიბლინგის განხორციელება, ბურთის სწრაფად და ზუსტად გორება, რაც საბოლოო ჯამში მოქმედებს თამაშის ხარისხზე.

და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო ევროპის გასული წლის ჩემპიონატის ჩვენი სპეციალისტების შეფასებებს, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ სიახლეები ამ ჩემპიონატზე არ ყოფილა. პირველ რიგში, აღნიშვნის ღირსია მეორე რიგის საფეხბურთო ქვეყნების პროგრესი, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, შვეიცარიის, ავსტრიის და სხვათა ნაკრებები, რომელთაც ფიზიკური მომზადების და გააზრებული სათამაშო ტაქტიკის ხარჯზე შეძლეს ევროპულ გრანდებთან ტოლ-სწორად თამაში და რომ არა კლასთა შორის სხვაობა, უფრო მეტს მიაღწევდნენ. ამას იმიტომ აღვნიშნავ ხაზგასმით, რომ აღნიშნული ფაქტორების სათანადო დონეზე დაყენებით ჩვენც შეგვიძლია მსგავსი წარმატებების მიღწევა. ცალკე აღნიშვნის ღირსია იტალიის ნაკრები, რომელმაც დაბალანსებული ტაქტიკის, ბრწყინვალე ფიზიკური მომზადების და მობილურობის ხარჯზე შეძლო სხვა ნაკრებებზე უკეთესი თამაშის ჩვენება. შეიძლება სხვა გუნდების თამაშში ანალოგიური მომენტები საკმაოდ იყო, მაგრამ იტალიელებმა სისტემურ დონეზე, სათამაშო სტილის ხარისხში აიყვანეს ეს კომპონენტები. მთელ რიგ სათამაშო ეპიზოდებში იტალიელები სწრაფი, გააზრებული, ჯგუფური მოძრაობის ხარჯზე ახერხებდნენ წარმატების მიღწევას. მხოლოდ ფინალში, ისიც საწყის ეტაპზე, მეტოქის წნეხში მოქცევის მიზნით, დაარღვია იტალიამ დაბალანსებული სათამაშო ტაქტიკა და უმალ გოლი გაუშვა, თუმცა შემდეგ ჩვეულ, გააზრებულ სტილში გააგრძელა ასპარეზობა და აჯობა ინგლისის ნაკრებს, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე შედეგით. გააზრებული მოძრაობის და დროული პასის სინთეზის კარგ ნიმუშს წარმოადგენდა ესპანეთის ნაკრები, მაგრამ მათ აკლდათ იტალიელებისათვის დამახასიათებელი სწრაფი, მობილური, ინტენსიური მოძრაობა, განსაკუთრებით კონტრშეტევების და პოზიციური შეტევითი ოპერაციების დროს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენ ყველაფერი ეს შეგვიძლია, თუ გამოვიყენებთ ფიზიკური მომზადების პროგრესულ მეთოდებს, სათანადო დონეზე ავიყვანთ ტაქტიკურ მომზადებას და განუხრელად გავაგრძელებთ პროგრესისაკენ ყოველდღიურ სწრაფვას, რომელიც ნიშნავს უფრო შორს, უფრო მაღლა და უფრო სწრაფად.

თენგიზ გაბიძაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×