თანამდებობაზე არჩევიდან მალე, გერმანიის ბუნდეს-კანცელერმა ოლაფ შოლცმა, რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის გამო, მოითხოვა ჩაეტარებინათ ბუნდესტაგის საგანგებო სხდომა და გამოსვლისას გერმანიის ახალი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება დაანონსდა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინის მიმართ მას თვალი აუხილა. „ასე გაგრძელება არ შეილება. ჩვენ დემოკრატია უნდა დავიცვათ" - განაცხადა შოლცმა. ამიტომ გადაწყდა გერმანიის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა და ახალი სამხედრო ტექნიკის შეძენა. შოლცი ირწმუნებოდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პარადიგმა იცვლებოდა და ახალი ეპოქა იწყებოდა.
ბუნდესტაგში ერთსულოვნება სუფევდა. მედიამ შოლცის გამოსვლა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის 11 სექტემბრისადმი მიძღვნილ გამოსვლას შეადარა. როგორც ამერიკაში საგარეო პოლიტიკა დაიწყო 11 სექტემბრამდე და შემდეგ, ისე გერმანიის საგარეო პოლიტიკაც იყოფოდა უკრაინის ომამდე და ომის შემდგომ პერიოდად. გამოცემა „დი ველტმა" ამ გამოსვლას შემდეგი სიტყვები მიუძღვნა. ცნობილი გერმანელ-ამერიკელი ისტორიკოსი ფრიც შტერნი წერდა, რომ ცხოვრების მანძილზე 5 გერმანიას მოესწრო: ვაიმარის რესპუბლიკას, ნაცისტურ მესამე რაიხს, დასავლეთ გერმანიას, კომუნისტურ გერმანიას და ბოლოს გაერთიანებულ გერმანიას. როგორც ჩანს, დღეს ჩვენ და მთელი მსოფლიო ახალი, მეექვსე გერმანიის დაბადების მოწმეები ვხვდებით.
რა თქვა ასეთი ბუნდეს-კანცლერმა და რატომ ეძახიან მის გამოსვლას ისტორიულს?
გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერი მოთამაშეა. ეკონომიკის სიდიდით ის
აშშ-ის, ჩინეთის და იაპონიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა. ექსპორტის საკითხში კი მესამეზეა. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ბრენდი „დამზადებულია გერმანიაში" არის აღიარებული მთელ მსოფლიოში, როგორც ბრწყინვალე ხარისხის ეტალონი. ევროპაში კი გერმანია უდაო ლიდერია. ტყუილად კი არ ეძახიან საფრანგეთს და გერმანიას ევროპის ლოკომოტივს. მხოლოდ გერმანიის მეშვებოით მოხდა 2010-წელს ევროკავშირის გამოყვანა სავალო კრიზისიდან, 2015 წელს მიგრანტების გამო გამოწვეული კრიზისის მძიმე ტვირთი გერმანიამ აიღო, 2020 წელსაც ევროპაში პანდემიის დასაძლევი გეგმა გერმანიამ ჩამოაყალიბა. მაგრამ, მსოფლიო არენაზე გლობალურ მოთამაშის როლის მორგებისთვის მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა და, ასე ვთქვათ, „რბილი ძალა" საკმარისი არ არის. ამისთვის ძლიერი სამხედრო პოტენციალი და აქტიური საგარეო პოლიტიკაა საჭირო. გერმანია კი გაერთიანების შემდეგ სამხედრო ბიუჯეტს და პოტენციალს ამცირებდა. იმ პერიოდში დომინირებდა მოსაზრება, რომ ქვეყნის მილიტარიზაცია უნდა დამთავრებულიყო. ქვეყანა გარშემორტყმულია მეგობრებით და ყველა ახალ გამოწვევას ის „რბილი ძალის" მეშვეობით მოაგვარებდა. სწორად ასეთი განწყობა სუფევდა მაშინ.
ამის გამო ამერიკის მეთაურობით ნატოს ბევრი ქვეყანა გერმანიას ხშირად უპირისპირდებოდა, მაგრამ დიპლომატიისა და დიდი ფინანსების მეშვეობით ის პრობლემას როგორღაც ანეიტრალებდა-ხოლმე. 90-იან წლებში სპარსეთის ყურის ომისა თუ 2003 წელს ერაყის ომის, ასევე სხვა სამხედრო კონფლიქტებისას გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ მონაწილეობდა, თუმცა სანაცვლოდ მოკავშირეებს ფინანსურად ეხმარებოდა.
თუმცა 2018 წელს კანცლერ ანგელა მერკელს და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა. ამერიკის პრეზიდენტი მოითხოვდა გერმანიისგან სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას და ნატოს სამხედრო ოპერაციებში მეტ ჩართულობას. შვიდეულის სამიტის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ ევროპას საკუთარი უსაფრთხოება თვითონ უნდა დაეცვა.
უკრაინის ომის დაწყებამდეც ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა გერმანიას აკრიტიკებდა და პასიურობაში ადანაშაულებდა. როცა მთელი დასავლეთის მედია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეგმებს ამხელდა, გერმანიის მთავრობა თავის მოკავშირეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მოკავშირეები კი ელოდებოდნენ ბერლინისგან მოსკოვის წინააღმდეგ გადამწყვეტ ქმედებებს. ჯერ ერთი, უკრანისთვის იარაღის მიწოდებას და მეორეც, გაზსადენ „ნორდ სტრიმ 2"-ის დაბლოკვას.
ახლად არჩეულმა კანცლერმა კი ორივე საკითხში თავშეკავება გამოიჩინა. გერმანიის მთავრობის მოტივაცია იყო არ დაეზიანებინა გერმანული ბიზნესი, რომელსაც იაფი ენერგორესურსები ესაჭიროებოდა.
შოლცმა კანცლერად გახდომისთანავე რუსეთის მიმართ ანგელა მერკელის პრაგმატული პოლიტიკის გატარება განაგრძო. ის ცდილობდა რუსეთის ხელმძღვანელობა დაეშოშმინებინა. ჯერ მოსკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზავნა. მერე პუტინს პირადად ეწვია. შოლცმა რა არ სცადა, რომ უკრაინაში ომი აეცილებინა. პირადად შეჰპირდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ვეტოს დაადებდა უკრაინის ნატოში მიღების საკითხს. მაგრამ გერმანიის ამ ძალისხმევამ ფიასკო განიცადა. მოგვიანებით შოლცმა გერმანელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ომის დაწყებიდანვე საგონებელში ჩავარდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიხვდა, გერმანიის მიერ ახალი საგარეო პოლიტიკის გატარების დრო მოვიდა.
ნიშანდობლივია, რომ ტრანსფორმაცია განიცადა ევროპის ქვეყნების შეხედულებებმა გერმანიაზე. ადრე მათი უმრავლესობა გერმანიის გაძლიერების გამო შიშს გამოთქვამდა. გერმანიის გაერთიანების წინააღმდეგები იყვნენ არა აშშ და საბჭოთა კავშირი, არამედ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერი მარგარეტ ტეტჩერი ხმამაღლა ამბობდა, რომ მას ეშინოდა გრმანიის გაძლიერების. 21-ე საუკუნეში კი დასავლეთის ბევრი ქვეყანა უკმაყოფილო იყო გერმანიის პასიურობით. საფრანგეთი ცდილობდა, გერმანია გააქტიურებულიყო ევროპის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკაში, გერმანია კი დიპლომატიურად უარს ეუბნებოდა. ყირიმის კრიზისის დროს ევროპის ბევრი ქვეყანა უკვე მოითხოვდა გერმანიის გააქტიურებას. პოლონეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ამ საკითხზე შემდეგი განცხადება გააკეთა:, „ალბათ მე ვიქნები პოლონეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინც ამას იტყვის, მე გერმანიის უმოქმედობის უფრო მეშინია, ვიდრე მისი მილიტარაზაციის." მაგრამ, კიდევ რვა წელიწადი დასჭირდა გერმანიას და მთელ ევროპას, რომ პოლონელი მინისტრის ეს სიტყვები მთლიანად გაეზიარებინა. დღეს კი მთელი ევროპა მხურვალედ ხვდება გერმანიის ახალ პოლიტიკას და ახალი ეპოქის დაწყების მოწმეები ვართ.
შოლცის ახალმა პოლიტიკამ გაანეიტრალა ევროპაში გერმანიის კრიტიკოსები და ევროკავშირს ბიძგი მისცა ახალი საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის. ერთ კვირაში გერმანიამ ასევე ახალ დონეზე აიყვანა ტრანსატლანტიკური პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. ბაიდენის ადმინისტრაცია გერმანიას განიხილავდა, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს ევროპაში. მაგრამ ყველას არ სჯეროდა თეთრი სახლის და მწვავედ აკრიტიკებდა გერმანიას და პრეზიდენტ ბაიდენს. ახლა კი გარმანიამ გააჩუმა თავისი კრიტიკოსები, განსაკუთრებით აშშ-ის კონგრესში, სადაც სკეპტიკოსების ჯგუფს ხელმძღვანელობდა რესპუბლიკელი სენატორი ტეხასიდან ტედ კრუზი. საფრანგეთის მთავრობა მიესალმა შოლცის ახალ პოლიტიკას, რადგან გერმანია საფრანგეთთან ერთად შეიძლება გამხდარიყო ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტი.
შოლცმა პირობა დადო მოკავშირეებთან ერთად დაეცვა ნატოს ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიის თითოეული კვადრატული მეტრი. ამით შოლცმა ფაქტიურად გაიმეორა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა რუსეთის აგრესიის პირველ დღეს უკრაინაში. შოლცის ეს სიტყვებიც სიმბოლურია, რადგან გერმანია ადრე მკაფიოდ არ გამოხატავდა თავის აზრს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლზე, რომლის თანახმადაც თავდასხმა ნატოს ერთ-ერთ წევრზე განიხილება, როგორც თავდასხმა მთელ ალიანსზე.
ისმება კითხვა, რას წარმოადგენს კანცლერის გეგმით გერმანიის ხისტის ძალის გაძლიერება: ოლაფ შოლცის გეგმით შეიქმნება სპეციალური თავდაცვის ფონდი 100 მლრდ. ევროს ოდენობით. ამ ფონდის მეშვეობით გერმანიის სამხედრო ძალები, ბუნდესვერი აღჭურვილი იქნება ყველაზე თანამედროვე იარაღით. ასევე ფონდის მეშვეობით დაფინანსდება ახალი პროექტები სამხედრო იარაღის განვითარებისათვის. ფონდი მოემსახურება მხოლოდ გრძელვადიან და კომპლექსურ შეიარაღების პროექტებს. სხვა პროექტები დაფინანსდება ყოველწლიური სამხედრო ბიუჯეტიდან. რაც შეეხება სამხედრო ბიუჯეტს, გადაწყდა, რომ ის ყოველწლიურად გაიზრდება და მშპ-ის 2%-ზე მეტი იქნება. ახლა გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი 47 მილიარდ ევროა, ანუ მშპ-ის 1.3%.
გერმანიის სამხედრო ძალები ნატოს ეგიდით ასევე აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას სამხედრო მისიებში. ბერლინი პასუხისმგებლობას იღებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაცვაზე. ის ბალტიისპირეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში გაზრდის თავისი სამხედრო კონტიგენტს.
გერმანიამ მილიტარიზაციის პირველი ნაბიჯი უკვე გადაგა. ბუნდეს-კანცლერის თაოსნობით
მთვრობამ გადაწყვიტა შეიძინოს მეხუთე თობის ყველაზე ძლიერი სამხედრო თვითმფრინავები. კერძოდ ბუნდესვერი შეისყიდის 35 ამერიკულ F-35 გამანადგურებელს. ეს თვითმფრინავები ბირთვული იარაღით აღჭურვილი იქნება. გრმანია თავად არ ფლობს ატომურ პოტენციალს, მაგრამ იქ განთავსებულია ნატოსა და ამრიკის ბირთვული რაკეტები. ცივი ომის შემდეგ, გერმანია ხშირად აყენებდა საკუთარი ტერიტორიიდან ატომური იარაღის გატანის საკითხს. ახლა უკვე პირიქითაა. გრმანიის ტორნადოს სახის ზოგიერთი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ნატოს ძალებში შედის, ატომური იარაღითაა აღჭურვილი. ეს თვითმფრინავები უკვე მოძველდა, მაგრამ ბუნდესვერი მაინც არ ცვლიდა ახლით. ამიტომ, ნატოს ძალების სარდლობა ფიქრობდა, გერმანიის ავიაცია ევროპის სხვა ქვეყნების სამხედრო ავიაციით ჩაენაცვლებინა. ახლა კი გერმანიამ ყველაზე თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავების შეძენით ეს პრობლემა უმტკინვეულოდ გადაწყვიტა.
24 თებერვლამდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მწვანეთა პარტიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ასეთ სიტყვებს იტყოდა: „ნატოს ბირთვული შემაკავშირებელი ძალა სანდო ხელში უნდა იყოს. სწორედ ამიტომ გვსურს F-35-ის ყიდვა".
ნიშანდობლივია ის, რომ ბირთვული იარაღის საკითხმაც დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიის შეხედულებები ამ საკითხზე ყოველთვის უცვლელი იყო და განიარაღებას გულისხმობდა. ეს ორი პარტია ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გერმანული იარაღის გაყიდვას ნატოს არაწევრ ქვეყნებზე. იყო დრო, როცა ეს ორი პარტია ნატოს და თვით გერმანიის სამხედრო ძალებსაც კი „მსოფლიოს მშვიდობისათვის საშიშროებად" მიიჩნევდა.
ოლაფ შოლცის პოლიტიკურ ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, მივხვდებით თუ რა ტრანსფორმაცია განიცადა ამ მთავრობამ და მისმა კანცლერმა. შოლცი ახალგაზრდობაში პაციფისტური იდეებით იყო გართული. მან უარი თქვა ბუნდესვერში მსახურებაზე, ხოლო მოგვიანებით გამოაქვეყნა სტატია, რომელიც „აგრესიულ-იმპერიალისტური ნატოს" კრიტიკით იყო სავსე.
ახლა კი ბუნდეს-კანცლერი მოითხოვს მთავრობისგან უსაფრთხოებისა და საგარეო ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბებას. გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ დოკუმენტი, „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია" პირველად დაიწერა და ძალაში შევიდა 1949 წელს მაშინდელი ბუნდეს კანცლერის, კონრად ადენაუერის თაოსნობით. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ის იცვლებოდა. ყველაზე დიდი ცვლილება გერმანიის გაერთიანების შემდეგ მოხდა. მაშინ საგარეო პოლიტიკის მთავარი კრედო იყო Wandel darch Handel - ცვლილება ვაჭრობის გზით. ეს გულისხმობდა ოპონენტ ქვეყნებთან ვაჭრობის მეშვეობით კარგი ურთიერთობის დამყარებას.
ახალი პოლიტიკის ტრანსფორმაცია რომ ძვირი იქნება, ყველას ესმის. განსაკუთრებით ენეგეტიკის სექტორს. მაგრამ როგორც თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა პარლამენტში განაცხადა, ეს ხარჯები „თავისუფლების ფასია". ახალი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გატარებისთვის გრმანიას ჰაერივით სჭირდება ენერგოდამოუკიდებლობა არადასავლელი ქვეყნებისგან.
შოლცმა უკვე განაცხადა, რომ გერმანია დამოუკიდებელი გახდება რუსული ენერგეტიკისგან. ქვეყანა დაუყოვნებულ დაიწყებს თხევადი ბუნებრივი აირისთვის ორი პორტის მშენებლობას, შექმნის ქვანახშირის და გაზის ეროვნულ რეზერვებს, მოიძიებს გრძელვადიან კონტრაქტებს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე და დააჩქარებს განახლებადი ენერგიის წარმოებას.
ამასთან, ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად კოალიცია თავის დანაპირებს არ შეასრულებს. კერძოდ, დროებით გააჩერებს ატომური ელექტროსაგურების გათიშვას. მაგრამ როგორც მთავრობა ირწმუნება, ამ დანაპირების შესრულებას ოდნავ გვიან მიუბრუნდება.
მილიტარიზაციის გარდა ბერლინს მოუწევს პასუხის გაცემა ყველაზე მნივნელოვან გრძელვადიან კითხვაზე: როგორი იქნება ახალი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია, რომელშიც სამხედრო ფაქტორი იზრდება? გერნმანიის თანამედროვე საერთაშორისო იმიჯი განისაზღვრება დასავლური ღირებულებებით. რბილი ძალის ინსტრუმენტებზე დაყრდნობით ბერლინი ავრცელებს ლიბერალურ პოსტულატებს და ამას თავის მთავარ ვალდებულად თვლის. გერმანიას აქვს რბილი ძალის გამოყენების მრავალფეროვანი ინსტრუმენტები, რომლისთვისაც ყოველწლიურად 115 მილიონ ევროს ხარჯავს. ამით ფინანსდება საზღვარგარეთ საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო პროგრამები.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მონისტრმა განაცხადა. სამხედრო კომპონენტის ზრდა არ ნიშნავს ღირებულების უარყოფას. მინისტრი მუშაობს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე. მისი თქმით, ამ სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის მთავარია ღირებულების კომპასი, ასე ვთქვათ, ახალი უსაფრთხოების სტრატეგიაა, რომელშიც ლიბერაზმი ჭარბობს.
გერმანიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი კვლავ იქნება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. რადგან ეს არის და რჩება გერმანიის პოლიტიკის ფუნდამენტად და ამას ვერცერთი ბუნდესტაგში გამომსვლელი ვერ უგულვებელყოფს. მაგრამ ლიბერალური იდეებიც თავსებადია გერმანიის მილიტარიზაციასთან. გერმანიის საგარეო პოლოტიკის სხვა საყრდენი არის და რჩება პასუხუსმგებლობა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ, სადაც გერმანიას გრძელვადიანი ფუნქცია აქვს. შეიცვალა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობა და მიდგომა. ადრე იყო დაშოშმინების პოლიტიკა, ახლა კი გერმანია რუსეთის მიმართ შეჩერების პოლიტიკას გაატარებს.
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ გამოწვევები უზარმაზარია. გერმანიის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია საგულდაგულოდ იყო შემუშავებული ათწლეულების განმავლობაში და ძნელად შეიცვლება ფუნდამეტურად ერთ დღეში. ინერციის ძალები და სტრუქტურები, რომლებიც ათწლეულის განმავლობაში განვითარდა, ერთბაშად ვერ გამოიცვლება ბუნდესტაგში გასაოცარი გამოსვლით. ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბებას დასჭირდება მძიმე შრომა და დრო. მაგრამ რაც მთავარია, გერმანია თავის ძველ პოლიტიკას აღარ დაუბრუნდება. ნელ-ნელა მსოფლიოში ყველა და თავად გერმანელებიც იგრძნობენ თავიანთი ქვეყნის ახალი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ძალას.
ივანე კოტეტიშვილი,
პოლიტოლოგი