ღია წერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს
რეზონანსი
06.09.2022

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგმომ ქვეყანაში რამდენჯერმე განვითარდა ისეთი ეკონომიკური პროცესები, რომელთაც კატასტროფული ზიანი მიაყენეს ქართულ სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს. მაგალითად, ეროვნილი ფულადი ერთეულის ათასობით პროცენტით გაუფასურება და ჰიპერინფლაცია; სტრატეგიული სამრეწველო და არასამრეწველო ობიექტების გაუაზრებელი პროვატიზაცია და ჩარხ-დანადგარების უცხოეთში ჯართად გაყიდვა; საოკეანო თევზსაჭერი ფლოტილიის 60 გემის უცხოელებზე გასხვისება უმცირეს ფასებში; ყალბი ანგარიშ-ფაქტურებით სახელმწიფო ფინანსური სისტემის სრულად მოშლა და სხვა ასეთივე არაერთი შემთხვევა. აქედან მიღებული მატერიალური ზარალი, რომელიც საქართველომ მიიღო სამი ათეული წლის განმავლობაში, შეადგენს ასეულობით მილიარდ ლარს.

ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარეობს ზემოაღნიშნული პროცესების მსგავსი მოვლენა, რომელსაც ძალუძს არამარტო მიაყენოს მაშტაბური ეკონომიკური ზიანი საქართველოს მოქალაქეებს და ზოგადად ქვეყნის სასურსათო უშიშროებას, არამედ საერთოდ კითხვის ქვეშ დააყენოს ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობა.

რასთან გვაქვს საქმე?

საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვას არარეზიდენტ პირებზე, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (აუცილებელი საზოგადოებრივი და სახელმწიფო საჭიროება). დღემდე კანონმდებლობას არ განუსაზღვრავს რა არის განსაკუთრებული შემთხვევა. შესაბამისად, უცხოელებს არც ერთ შემთხვევაში არ აქვთ უფლება შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. გვერდს უვლიან რა კონსტიტუციით დადგენილ შეზღუდვებს, დიდი ოდენობის მიწის ნაკვეთების უცხოელების ხელში ჩაგდების მიზნით ამოქმედებულია თვალთმაქცური მექანიზმი, რომელიც რამდენიმე საფეხურს მოიცავს:

1) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდულობს თვალთმაქცურ ოპერაციაში მონაწილე საქართველოს მოქალაქე;

2) ეს მოქალაქე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს თხოვნით, შეეცვალოს მიწის ნაკვეთს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია არასასოფლო-სამეურნო კატეგორიად. კატეგორიის ცვლილება მოითხოვება მიზნების და მიზანშეწონილობის დასაბუთების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მიზეზ-შედეგობრიობის გათვალიწინებას;

3) კატეგორიის ცვლილების შემდეგ ხორციელდება ამ მიწის ნაკვეთის სპეკულაციური გადაყიდვა უცხოეთის მოქელაქეზე, რომელიც აშენებს ათეულობით და ასეულობით საცხოვრებელი სახლისაგან შემდგარ ურბანულ დასახლებას შემდგომში უცხოეთის მოქალაქეებზე გასასხვისებლად.

აღნიშნული თვალთმაქცური და სპეკულაციური მოქმედებების აღსაკვეთად საჭირო და საკმარისი იქნება თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლელებისას, ამ ნაკვეთს ავტომატურად მიენიჭება სტატუსი სპეციალური პირობით, რომ მისი არარეზიდენტ პირებზე გასხვისება იზღუდება ისევე, როგორ ეს განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან მიმართებაში.

ამასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტს:

„საჯარო რეესტრის“ შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის #487 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის შესაბამისად

ვბრძანებ:

მუხლი 1.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბერის #487 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www. matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.0169 83 დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„კ“. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის შეცვლისას შემდგომი მანიპულაციის გამორიცხვისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილით გაცხადებული მიწის რესურსებისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების პრინციპის დაცვის მიზნით, მიწის კატეგორიის შეცვლისას ნაკვეთს უნდა მიენიჭოს სპეციალურად აღმნიშვნელი სტატუსი (სპეციალურ გრაფაში აღინიშნება, რომ მიწის ნაკვეთს შეცვლილი აქვს კატეგორია), რომელიც არარეზიდენტი პირებისათვის წარმოადგენს შემზღუდავ გარემოებას აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვისას“.

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სასოფლო მიწის, როგორც განსაკუთრებული ეროვნული რესურსის (სიმდიდრის) მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მიწის კატეგორიის შეცვლასთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა იხილებოდეს და წყდებოდეს მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან არსებულ მიწათსარგებლობის კომისიაზე, როგორც ეს არის განვითარებულ ქვეყნებში.

კეთილი სურვილებით,

აკადემიკოსები: ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე, ნოდარ ჭითანავა, პაატა კოღუაშვილი;

პროფესორები: ნოდარ ნათაძე, ჯუმბერ ფანჩულიძე, ანზორ მესხიშვილი, რევაზ გოგოხია, ჯუმბერ კოპალიანი, როლანდ თოფჩიშვილი, ანზორ აბრალავა, ვაჟა ოთარაშვილი, ნიკოლოზ ჩიხლაძე;

ეკონომიკის დოქტორი: დავით გალეგაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×