თუ იყიდით, ერთაბზაციან ინსტრუქციას მაინც გაეცანით!
რეზონანსი
27.12.2022

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერი მომავალი წლიდან „გარკვეული გადაწყვეტილებების“ მიღებას ე. წ. პიროტექნიკის მიმართაც აპირებს. ამდენად, არც მისი რეალიზაციის და გამოყენების სრული აკრძალვაა გამორიცხული, რაც მისასალმებელია, მაგრამ, ვინაიდან ეს ყველაფერი მხოლოდ „მომავალი წლიდან“ იგეგმება, ხოლო ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, თავი ვალდებულად ჩავთვალე, თანამოქალაქეები საფრთხეების თაობაზე კიდევ ერთხელ გამეფრთხილებია. მით უმეტეს, რომ ყოველწლიურად 100-მდე ბავშვია დაზარალებული... თუმცა, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული ქვეყნის მოქალაქეებს არც ცხოველებისა და ფრინველების მიმართ გვეკადრება არაჰუმანური მოპყრობა...

შარშან წინასაახალწლოდ გავრცელდა თბილისის ზოოპარკის მესვეურების მიმართვა, რომელშიც მიმდებარე სახლების მაცხოვრებლებს სთხოვდნენ, მაშხალები ზოოპარკის ტერიტორიის მიმართულებით მაინც არ გაეშვათ. აღმოჩნდა, რომ სინათლით და ხმაურით დაფეთებული ბინადრები ბარიერებს აწყდებიან და ზიანდებიან, ხოლო ზოგიერთებს შიშისგან გული უსკდებათ... სტრესისგან რომ დაიცვან, ცხოველებს და ფრინველებს თურმე დამამშვიდებელ ნემსებს უკეთებენ... 

ადამიანები ნაკლებად ზარალდებიან?! წელი არ გავა, ათეულობით ოჯახს დღესასწაული ტრაგედიად არ ექცეს. 2022 წლის პირველივე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია პიროტექნიკით დაშავებულების თაობაზე. ზოგიერთ ბავშვს სახე ჰქონდა დამწვარი , ხოლო რამდენიმეს აფეთქების ტალღამ მტევანი ან თითები ადგილზე მოაგლიჯა... არადა, მტერს არ ვუსურვებ, შვილის გასახარებლად საკუთარი ხელით ნაყიდმა მაშხალამ საზეიმო დღეები საავადმყოფოში გაატარებინოს და ბავშვს, თუნდაც ერთი თითის ამპუტაცია დასჭირდეს... 

მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო პიროტექნიკის სრული აკრძალვის მომხრე ვარ და მერიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ფოიერვერკი (სალუტი) სრულიად საკმარისად მიმაჩნია, გასულ წელს მეც ვუყიდე პატარებს მცირე ზომის მაშხალები, მაგრამ არც მათი მოხმარების წესებს გავეცანი (მით უმეტეს, მხოლოდ უცხო ენაზე და წვრილი შრიფტით იყო დატანილი...) და გასროლის მომენტშიც ხელში ერთად გვეჭირა... 

მეორე დღეს კი, მაშხალების მთელი შეკვრა გვაჩუქეს, რომლებსაც ისევ უცხო ენაზე ჰქონდათ დაკრული მცირე ზომის ტექსტები, თუმცა მთლიან შეკვრას ცალკე ფურცელზეც ახლდა ინსტრუქცია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულადაც. ვინაიდან ტექსტს გავეცანი, თავი ვალდებულად ჩავთვალე, თანამოქალაქეებისთვისაც მეცნობებინა, თუ რის თაობაზე გვაფრთხილებენ მწარმოებელი და იმპორტიორები: 

„საახალწლო მაშხალა („რომაული სანთელი“) საყოფაცხოვრებო დანიშნულების პიროტექნიკური ნაკეთობაა და გამოიყენება მხოლოდ ღია სივრცეში (შენობის გარეთ). ვინაიდან ხანძარსაშიშია, მისი შეძენისა და გამოყენების უფლება მხოლოდ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს აქვთ. „აკრძალულია ნაკეთობის ხელში დაჭერა, მისი გამოყენება ნასვამ მდგომარეობაში, აშკარა დაზიანების დროს სნ ვადის გასვლის შემდეგ“. ნაკეთობა უნდა დამაგრდეს ვერტიკალურად გრუნტში (გამკვრივებულ თოვლში) წინასწარ მომზადებულ ნახვრეტში, „მისი სიგრძის 2/3-ზე“ (სავარაუდოდ, გულისხმობენ 1/3 ით ჩასმას), ისე რომ არ წაიქცეს. ჩამაგრების ადგილი „ადამიანებისგან, შენობებისგან, ხეებისგან, გზიდან“ არანაკლებ 15 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, ფითილს წინ გაშვერილი ხელით უნდა მოვუკიდოთ და 4-6 წამის განმავლობაში უნდა დავცილდეთ 8 მეტრით... თუ ნაკეთობა არ ამოქმედდა, 15 წუთის განმავლობაში არ უნდა მივუახლოვდეთ....

საგულისხმოა, რომ იმავე ინსტრუქციაზე დატანილ რუსულ ტექსტში გაცილებით მკაცრი მოთხოვნებია: მაგ., ნაკეთობა ადამიანებისგან ან გზიდან არანაკლებ 30 მეტრით უნდა იყოს დაცილებული, ფითილის ანთების შემდეგ აუცილებლად უნდა მოტრიალდეთ და დაუყოვნებლივ დავტოვოთ 5 – მეტრიანი სახიფათო ზონა. ამასთან, ამოქმედებული ნაკეთობის წვის (ქრობის) დროც არის მითითებული და ის სახიფათო ფაქტორებიც, რომლებმაც ზიანი შეიძლება გამოიწვიონ (მაგ., ხანძარსაშიში ელემენტების გაფანტვა ან გამოსხივება...). აღნიშნული კი იმ გარემოებით უნდა იყოს განპირობებული, რომ, როგორც ჩანს, დსთ-ს სივრცეში „პიროტექნიკური ნაკეთობების უსაფრთხოების შესახებ “ ტექნიკური რეგლამენტიც მოქმედებს და იმპორტირებული საქონელიც ჯეროვნად კონტროლდება. 

ფაქტია, რომ მაღაზიაში გასულ წელს შეძენილ ჩინურ მაშხალებზე მოხმარების წესები მხოლოდ უკრაინულ ენაზე იყო გადაკრული. არადა საქართველოს კანონმდებლობა იმპორტიორს ავალდებულებს ინსტრუქცია სახელმწიფო ენაზე გამაცნოს. აქედან გამომდინარე, თუ პიროტექნიკის გამოყენებას არ კრძალავს, სახელმწიფომ კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა მაინც უნდა უზრუნველყოს, რომ მოქალაქეები ნაკეთობის მოხმარების წესისა და მისი დაუცველობით გამოწვეული საფრთხეებისა თაობაზე გააფრთხილოს. ამასთან, აუცილებელია წინასაახალწლოდ ტელევიზიებით ისეთი ე. წ. სოციალური რეკლამაც განთავსდეს, რომელიც მოქალაქეებს მაშხალების გამოყენებას თუ ვერ გადააფიქრინებს, უსაფრთხოდ გამოყენების წესებს მაინც აუხსნის თვალსაჩინოდ. 

ცხადია, როდესაც მწარმოებელიც, იმპორტიორიც და ნაკეთობის ცალობით რეალიზატორიც დეტალურად გააფრთხილებენ მისი მოხმარების წესის თაობაზე გონიერი ადამიანისთვის ნათელი გახდება, რომ მაშხალის სახით, პირველ რიგში, საკუთარი შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უაღრესად სახიფათო ნაკეთობასთან აქვს საქმე. ამასთან, „მაშასადამე ევროპელებმა“, ყველა შემთხვევაში, ის მაინც უნდა გავიხადოთ ჩვევად, რომ ნებისმიერი საქონლის (ნივთის, ნაკეთობის) შეძენისას, მისი წარმომავლობისა და შემადგენლობის თაობაზე ინფორმაციასთან ერთად, გამოყენების ინსტრუქციაც უნდა მოვითხოვოთ, რომელიც აუცილებლად ქართულ ენაზეც უნდა არსებობდეს. 

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას კონსტიტუციაც არ აქვს წაკითხული, რომელშიც მათი „ურყევი ნებაა“ ასახული (არადა, ფაქტობრივად, სახელმწიფოს აშენების ინსტრუქციაა...). უმრავლესობა მართვის მოწმობის ასაღებად მხოლოდ ტესტებს იზუთხავს და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის გაცნობას არ თვლის საჭიროდ (არადა, ფაქტობრივად, მანქანის უსაფრთხოდ მართვის ინსტრუქციაა...). ბანკიდან იპოთეკური სესხის აღებისას ხელშეკრულება არც მე წამიკითხავს და ე.წ. ლოკდაუნის პერიოდში სესხის დაფარვის გადავადების თაობაზე მობილურ ტელეფონზე მიღებულ შემოთავაზებასაც ისე დავეთანხმე, პირობებს არ გავცნობივარ, რის გამო „მთავრობის ხელშეწყობა“ საკმაოდ ძვირი დამიჯდა...

ამდენად, თუ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას და ევროპულ კავშირში ინტეგრაციას ვაპირებთ, მოქალაქეებმა ერთაბზაციანი ინსტრუქციების წაკითხვა–გააზრება მაინც უნდა ვისწავლოთ, ხოლო საქართველოს ხელისუფლება საახალწლო მაშხალების ჩინელი მწარმოებლებისა და რეალიზატორთა ინტერესებთან ერთად, მოსახლეობის უსაფრთხოებაზეც მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე წელს 6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა ყოფილა იმპორტირებული, რომლის რეალიზაციიდან ერთი ამდენი მოგება უნდა დარჩეს, დედაქალაქის მერიისთვის პრიორიტეტული მაინც თითოეული ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა იყოს. შესაბამისად, არც პრობლემის დარეგულირებისთვის აუცილებელი „გარკვეული გადაწყვეტილებების“ სამომავლოდ გადადება მიმაჩნია გაონივრულად...

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×