რეზონანსი
15.01.2023

14 იანვარს, მეხუთე პრეზიდენტთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, ზოგიერთმა მოქალაქემაც აივნებიდან გადმოფინა ხუთჯვრიანი დროშა.. ჩემს მეზობელს („ნაცმოძრაობის“ აქტივისტს...) კი მუდმივად, თანაც ორი აქვს გამოკიდებული... როდესაც წარმომავლობის განმარტება ვთხოვე, „იმას ხომ სჯობიაო…” - მიპასუხა. ვიზუალურად, შეიძლება, შავ-თეთრზოლებიან შინდისფერზე ეფექტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ 1918 წელს მიღებული და 1991 წელს აღდგენილი ძველი დროშა ლეგიტიმური იყო, ხოლო თუ „სამართლებრივ სახელმწიფოში“ გვინდა ცხოვრება (1991 წლიდან გვიწერია კონსტიტუციაში...), მისი შეცვლა მხოლოდ კანონით დადგენილი წესით უნდა მომხდარიყო...

ცხადია, ხუთჯვრიანი სიმბოლო ლამაზი რომ არ ყოფილიყო, არც ევროპელი რაინდები აირჩევდნენ და იერუსალიმის (იესოს) სიმბოლოდაც („წმინდა ნიშნად“) არ იქნებოდა აღიარებული... როგორც მკვლევრები ამტკიცებენ, მანამდე სომხურ ტაძრებზეც ყოფილა გამოსახული და ჰუნთა ბელადი ატილაც ხუთჯვიანი დროშით აოხრებდა ევროპას... შესაბამისად, მას ფრანგებიც, გერმანელებიც, ებრაელებიც, თურქებიც და სომხებიც თავისად თვლიან, თუმცა, ფაქტობრივად, კათოლიკეების მიერ დამკვიდრებულ სიმბოლოდ არის აღიარებული... 

საქართველოსთან რა აკავშირებს?! შეიძლება ჯვაროსანი რაინდები ქართველების გვერდით საკუთარი დროშით იბრძოდნენ, საზღვაო რუკაზე თბილისში არსებული კათოლიკური მისიაც ხუთი ჯვრით იყო მონიშნული ან ჩვენმა წინაპრებმა ზოგადქრისტიანული (იესოს) სიმბოლო რამდენიმე ტაძარზე გამოვსახეთ, მაგრამ ეს საკმარისია, ხუთჯვრიან დროშას „ისტორიული“ ვუწოდოთ?! დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ სააკაშვილმა ის „აღმაშენებლის“ დროშად მონათლა, პარტიულ დროშად გამოიყენა და სახელმწიფო დროშადაც, ფაქტობრივად, თვითნებურად „გაამწესა“... თუმცა, ვინაიდან ზოგიერთები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს უკვე „მიხეილ აღმაშენებლადაც“ მოიხსენიებენ, გამოდის, რომ „ხუთჯვრიანი დროშა“ მართლაც „აღმაშენებლის“ ყოფილა... 

ამდენად, ბოდიშს ვუხდი თანამოქალაქეებს, ვისაც ხუთჯვრიანი სიმბოლო „ხუთოსნების პარტიასთან“ ასოცირების ან მხოლოდ სილამაზის გამო მოსწონთ, მაგრამ სახელმწიფო დროშა სრულიად „დეპოლიტიზებული“ უნდა იყოს და არც „ფოტომოდელია“, რომ ფავორიტი მხოლოდ გარეგნობით აირჩიო... კონტიტუციის თანახმად, სახელმწიფო დროშა ორგანული კანონით უნდა იყოს დადგენილი, რაც გულისხმობს, რომ მისი შინაარსი (სემანტიკა) მოქალაქეების უმრავლესობისთვის უნდა იყოს გასაგები და, რაც მთავარია, მისაღები... 

ვინაიდან ხუთჯვრიან დროშას უკვე 19 წელია ვაფრიალებთ და მორიგი „მიშას დროშის დღე“ აღვნიშნეთ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, პოლიტიკოსებისთვის და თანამოქალაქეებისთვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის ნაწილი გამეცნო.

„სახელმწიფო დროშის დღე“ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, თავად დააწესა. წლების შემდეგ განაცხადა კიდეც, „არავინ ისე არ ამაყობს ხუთჯვრიანი დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის“... 

ვინაიდან „მესამე პრეზიდენტი“ განსასჯელის სკამზე სწორედ იმ დროშის წინ აღმოჩნდა, რომელსაც თავისივე „შემოტანილად“ თვლის... (ერთ-ერთი სხდომის დაწყებისას განაცხადა კიდეც „ჩემი გაკეთებულიაო...“), საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ხუთჯვრიანი დროშა პირველად „მოქალაქეთა კავშირის” წინასაარჩევნო ღონისძიებებზე, ჯერ კიდევ 1995 წელს გამოჩნდა. ოპოზიციაში გადასულმა სააკაშვილმა ის ჯერ პარტიულ სიმბოლოდ აქცია, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელმწიფო დროშადაც „დააკანონა”. 

არადა, პარლამენტის მიერ 1999 წლის 9 ივნისს მიღებული დადგენილების თანახმად, ახალი სახელმწიფო დროშა „ისტორიული“ უნდა ყოფილიყო. 2004 წლის 14 იანვარს მოხდა „ვადაგასული” დეპუტატების „მობილიზება” (1999 წელს არჩეულ დეპუტატებს უფლებამოსილება 2003 წლის 22 ნოემბერს შეუწყდათ...) და „რევოლუციური” დროშის ცაიტნოტურ რეჟიმში „დაკანონება”, ისე, რომ „მოქკავშირელი” საპარლამენტო უმრავლესობიდან მისი ფორმისა და შინაარსის თაობაზე არავის ჰქონდა მკაფიო წარმოდგენა... ამასთან, არც სპეციალისტებისთვის უკითხავთ აზრი და არც კანონპროექტის თანხლები განმარტებითი ბარათი მოუკითხავს ვინმეს. როგორც ვიცი, სხდომათა დარბაზში მხოლოდ აკადემიკოსი გურამ შარაძე იყო ჯვაროსნულ-კათოლიკური სიმბოლოს სახელმწიფო დროშად აღიარების წინააღმდეგი, ხოლო გუბაზ სანიკიძემ „რევოლუციის“ მესვეურებს მცირე ჯვრების ფორმის „კორექტირება“ ურჩია (ვინაიდან პარლამენტის აივნებიდან გადმოფენილ დროშებზე, ფაქტობრივად, კათოლიკური სიმბოლოები იყო გამოსახული...), რის გამოც დროშის ზუსტი აღწერილობის განსაზღვრა იმ დღეს ვერ მოხერხდა. თუმცა, ორგანული კანონი „სახელმწიფო დროშის შესახებ“ შეკრებილებმა (ფაქტობრივად, დარბაზში „შერეკილმა“ არაუფლებამოსილმა პირებმა...) მაინც მიიღეს... 

მხოლოდ 2004 წლის 25 იანვარს, სააკაშვილის მიერ, ერთპიროვნულად, მისი ინაუგურაციის დღეს გამოცემული N31 ბრძანებულებით მოხდა ახალი „სახელმწიფო დროშის ზუსტი გამოსახულების დადგენა” და, ისიც მას შემდეგ, რაც პარლამენტში გამოფენილისგან მცირედ სახეშეცვლილი ხუთჯვრიანი დროშა ილია II-მ აკურთხა და ქრისტეს ხუთი ჭრილობის სიმბოლოდ მოიხსენია (ე. წ. მალტური, ანუ რვაქიმიანი ჯვრები ან მათი იმიტაცია რომ არ გამოსულიყო, მცირე ჯვრების მომრგვალებული ფორმები სწორით შეცვალეს...). მანამდე კათალიკოს-პატრიარქმა პარლამენტს სახელმწიფო დროშის საკუთარი პროექტი წარუდგინა, რომელიც დღეს სამების ტაძარში „ხუთჯვრიანის” გვერდით არის გამოფენილი და „წმინდა ნინოს დროშის“ სახელით მოიხსენიება... (როგორც ჩანს, ზოგიერთებს სტურუას სპექტაკლი „ბედი ქართლისა“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეწონებოდათ, წმინდა ნინო სცენაზე ჯვრით ხელში კი არა, „ნაციონალური დროშით“ რომ გამოჩენილიყო. არადა, ბატონი რობიკო სიმართლის თქმას და „გამარჯვებული ხალხის“ ძილ–ბურანისგან გამოყვანას ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობის პერიოდიდან ცდილობდა...) 

მანამდე კი, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს მომავალი სახელმწიფო სიმბოლოების იერსახის თაობაზე ჯერ პოზიცია არ ჰქონდა ჩამოყალიბებული, თბილისის „ოპოზიციურმა” საკრებულომ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი 2002 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით თბილისის მერიის შენობაზე „ისტორიული (დავით აღმაშენებლის) თეთრი წითელჯვიანი დროშები” აღმართა (45 წევრიდან 43-მა დაუჭირა მხარი...). სასამართლომ, 2003 წლის 21 მარტს, თბილისის საკრებულოს ზემოაღნიშნული, აშკარად უკანონო დადგენილება ბათილად სცნო და მოპასუხეს კანონით გაუთვალისწინებელი („ხუთჯვრიანი”) დროშების ჩამოხსნა დაავალა (სარჩელი გურამ შარაძემ და რამდენიმე იურისტმა შეიტანა). 

ფაქტია, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდა, ხოლო დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე დამზადებული „მიშას დროშები” წლის ბოლოს სხვა ადმინისტრაციული შენობების თავზეც აღიმართა... მახსოვს, როდესაც გიორგი არველაძემ მოსარჩელეების კითხვებს სხდომაზე ვერ უპასუხა, ისღა მოახერხა, რომ შესძახა: - „ამ დროშას პარლამენტის თავზეც აღვმართავთო!“... (შეასრულა კიდეც...). მის გარდა, სასამართლოში საკრებულოს ზურაბ ადეიშვილი, კობა დავითაშვილი და დიმიტრი ქიტოშვილი წარმოადგენდნენ, ხოლო სრულიად დაუსაბუთებელ შესაგებელს თავად სააკაშვილი აწერდა ხელს. ფაქტია ისიც, რომ „რევოლუციის“ შემდეგ, გადაწყვეტილების მიმღები სამივე მოსამართლე სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო გურამ შარაძე, ფაქტობრივად, საჯაროდ დახვრიტეს... 

აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინდელმა კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციულ ქმედებებში, მათ შორის, ბიუჯეტის ხარჯზე პარტიული დროშების დამზადებაში, ამხილა, თუმცა თავად აღმოჩნდა ციხეში... როგორც ჩანს, სააკაშვილს დაავიწყდა, რომ ერთ დროს შევარდნაძის „ვარსკვლავთბიჭუნაც” გახლდათ და თვითნებობისთვის მისთვის პასუხი არასდროს მოუთხოვია, თორემ ტელეეთერით გამოსვლისას არ განაცხადებდა: „დროშის გამო ჩემს მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრულიო...” 

ფაქტია, როდესაც „ნაციონალური“ საკრებულოს შენობის თავზე ხუთჯვრიანი დროშა აღიმართა, არავის გახსენებია, რომ პროფესორ თედო დუნდუას აზრით „თეთრ ფონზე გამოსახული ხუთი ჯვარი კათოლიკური სამყაროს ინტეგრაციული სიმბოლოა და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა” („ძელი ცხოვრებისა და მისი ვარიანტები“, თბილისი, 2000), ხოლო ქართული ისტორიული დროშების ცნობილმა მკვლევარმა, პროფესორმა სვიმონ გამსახურდიამ გაზეთების მეშვეობითაც ამცნო საზოგადოებას, რომ „მე-14 საუკუნეში კათოლიკე ბერის მიერ შექმნილ ატლასზე ჩახატული ხუთჯვრიანი დროშა შეუძლებელია 2 საუკუნით ადრე მოღვაწე დავით აღმაშენებელს დავუკავშიროთ. ამის დამადასტურებელი არც ერთი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება“.

როგორც ჩანს, სახელმწიფო (ეროვნული) დროშის თაობაზე მკაფიო წარმოდგენა არც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ და თვითონაც ჰერალდიკის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული „ოფიციალური ინფორმაციით” სარგებლობენ, რომელიც კონიუქტურის შესაბამისად იცვლება და, ფაქტობრივად, ისეთივე სანდოა, როგორც თავად ქართველი პოლიტიკოსები... (ფაქტია, ჰერალდიკის საბჭოს ვებგვერდის თანახმად, ხუთჯვრიანი დროშა საქართველოში უკვე „სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულა“...). შედეგად, არცთუ იშვიათად, შენობებზე გამოფენილი „ხუთჯვრიანი“ დროშები და პოლიტიკოსების მკერდზე მიმაგრებული „საიდენტიფიკაციო ნიშნები“ აშკარად არსებითად განსხვავდებიან კანონმდებლობით (ორგანული კანონის ნაცვლად, სააკაშვილის ბრძანებულებით...) დადგენილი „სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომისა და ზუსტი გამოსახულებისგან”. 

ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალების“ პარტიულ სიმბოლოზე ცენტრალური ჯვარი გაცილებით ვიწროა ვიდრე ე. წ. სახელმწიფო (ეროვნულ, „ნაციონალურ“) დროშაზე, რომელზეც სააკაშვილის ბრძანებულებით ცენტრალური ჯვრის სიგანე დროშის სიგანის 1/5 უნდა იყოს. ამდენად, იმისდა მიხედვით, თუ რა ფორმის ხუთჯვრიან დროშას იყენებს, იოლად დასადგენია, ცალკეული პირის, პოლიტიკური გაერთიანების ან მედიასაშუალების პოლიტიკური სიმპატიები. 

კურიოზული (ფაქტობრივად, სრულიად აბსურდული...) ვითარება კი პანდემიის პერიოდში შეიქმნა, როდესაც მეხუთე პრეზიდენტი ოფიციალურ ღონისძიებებზე „პოლიტიზებული“ სამედიცინო პირბადით ჩნდებოდა, რომელზეც, ფაქტობრივად, მთავარი ოპოზიციური პარტიის ხუთჯვრიანი სიმბოლო ჰქონდა გამოსახული (სააკაშვილის მიერ დადგენილი „სახელმწიფო დროშისგან“ განსხვავებით, ზურაბიშვილის პირბადეზე დიდი ჯვარი გაცილებით ვიწრო ზოლებით იყო გამოსახული...). მას კი, როგორც ჩანს, კენი დეგნანმა მიჰბაძა და ვიწროზოლებიანი ხუთჯვრიანი პირბადით, ფაქტობრივად, დემონსტრაციულად გამოხატავდა აშშ-ის მთავრობის კეთილგანწყობას „ნაცმოძრაობისადმი“, ვინაიდან 2005 წელს გამოცემული წიგნის „ვარდების რევოლუცია“ (ავტორი მერაბ ბუჭუხიშვილი) გარეკანზე 2004 წელს მიღებული „სახელმწიფო დროშის“ ნაცვლად სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ალამია გამოსახული (ვიწროზოლებიანი ცენტრალური ჯვრით და ე. წ. მალტური მცირე ჯვრებით...). 

ფაქტია ისიც, რომ ხუთჯვრიანი „ეროვნული დროშები“ ეკლესიებშიც, მასობრივად, მხოლოდ „ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა, რითაც რელიგიური დღესასწაულები (თუნდაც, ალილო...) პომპეზურ პარტიულ ღონისძიებებს და ტოტალიტარიზმის დროინდელ „სახალხო” ალღუმებს დაემსგავსა... არადა, საქართველოს ავტოკეფალული მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციით არის დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საკუთარი სიმბოლოები და ატრიბუტები გააჩნია. 

სამწუხაროდ, ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომლის არც ხელისუფლების წარმომადგენელთა და არც მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სახელმწიფო დროშის შინაარსის მკაფიოდ ახსნაც კი არ შეუძლია... არადა, 2012 წელს „ქართული ოცნება” სახელმწიფო სიმბოლიკასთან მიმართებითაც გვპირდებოდა „სამართლიანობის აღდგენას”. ცხადია, არაგონივრულია, როდესაც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ფაქტობრივად, ერთი კაცის (თუნდაც, პარტიის) ხუშტურების მიხედვით ვწყვეტთ, ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ `ხელისუფლების წყაროს” _ ხალხს თუ არა, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს მაინც დავეკითხოთ. 

მახსოვს, რომ 2000 წელს სწორედ „რეზონანსმა” ჩაატარა კონკურსი (არადა ჰერალდიკის კომისიას უნდა გამოეცხადებინა...), რომელსაც მკითხველთა მიერ შემოთავაზებული სახელმწიფო დროშის პროექტებიდან საუკეთესო უნდა გამოევლინა. 50-მდე ორიგინალური ვარიანტი გამოქვეყნდა და, თითოეულს დროშის შინაარსის (სემანტიკის) თაობაზე სათანადო განმარტება ახლდა. დღეს კი, თუნდაც პარლამენტის შენობაში 100 კაცი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, დარწმუნებული ვარ, 99 სწორად ვერ აგიხსნით დღევანდელი სახელმწიფო დროშის შინაარსს ან/და წარმომავლობას. 

ამდენად, საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა თუ ეღირსა და ტერიტორია არსებულ საზღვრებში მაინც შეინარჩუნა, სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე სპეციალისტებსაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც სერიოზული სჯა-ბაასი მოუწევთ. ვთვლი, რომ ახალი სახელმწიფო დროშა კონკურსით უნდა შეირჩეს და ისეთივე გამორჩეული იყოს, როგორიც თავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ და 4 ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერია. ამასთან, სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველესი სიმბოლო მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის უნდა იყოს მისაღები... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×