საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
რეზონანსი
15.01.2023

მიმდინარე პერიოდში ქვეყნის სოფლის მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გაძლიერებული მიგრაცია წარმოადგენს განსაკუთრებული აქტუალობის პრობლემას. არსებულ პირობებში, მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო გააქტიურების, სიღარიბის დაძლევის და გაძლიერებული მიგრაციის შეჩერების რთული პროცესის განხორციელებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მოგეხსენებათ, 2019 წელს გაუქმდა სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო და მისი ფუნქციები შეითავსა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტომ, სადაც შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, თავისი რიცხოვნობით და კვალიფიკაციის დაბალი დონით ვერ უზრუნველყოფს დასმული ამოცანების გადაწყვეტას. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩავარდა მთავრობის დადგენილებით მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კოოპერაციული პროგრამა, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების ძლიერი ბერკეტი, ხოლო ამ პროექტებზე მიმართული მილიონობით ლარი ფუჭად არ დაიხარჯებოდა. კერძოდ: 

2018 წელს მთავრობის N265 დადგენილების შესაბამისად დაიწყო „მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება, რომლის მიხედვით 39 კოოპერატივს 25 წლიანი იჯარით გადაეცა სათიბ-საძოვრები და პირუტყვის საკვების დამზადებისთვის საჭირო ტექნიკა, ხოლო 4 მუნიციპალიტეტში (დუშეთი, წალკა, დმანისი, ახალქალაქი), უნდა აშენებულიყო რძის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლის მეშვეობით, ამ კოოპერატივების მეპაიეები მიიღებდნენ მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს რძის პროდუქტების რეალიზაციიდან. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აშენდა მხოლოდ ერთი რძის გადამმუშავებელი საწარმო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შუაფხოში. იგი აღიჭურვა მოწინავე ტექნოლოგიური დანადგარებით, რომელსაც უნდა მიეღო რძე უკანაფშავის, ბარისახოს და მაღაროსკარის სოფლების მოსახლეობიდან. 

სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი ეს საწარმო, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ძლიერი ბერკეტი, საერთოდ არ ამოქმედებულა.

იმავე პერიოდში, „მეფუტკრეობის განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერბუკში შეიქმნა კოოპერაციული თაფლის გადამმუშავებელი საწარმო. იგი აღჭურვილია უმაღლესი დონის იტალიური დანადგარებით და რომელსაც თაფლი უნდა მიეღო მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული თაფლის მწარმოებელი კოოპერატივებიდან. ეს საწარმოც, რომელიც ასევე შეიქმნა საბიუჯეტო დაფინანსებით და რომლის შექმნის მიზანი იყო მეფუტკრეობაში ჩართული მოსახლეობის შესაძლებლობების და ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება, დღემდე უმოქმედოდ არის დარჩენილი. 

2021 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი გაუუქმდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედ კოოპერატივს „დარჩელის თხილი“, რომელშიც გაერთიანებული იყო 500-ზე მეტი მეპაიე, ხოლო მასზე გადაცემული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მილიონამდე ლარის ღირებულების შენობა და დანადგარები (ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში გრანტით მიღებულ დანადგარებთან ერთად), მართვის ქვეშ გადაეცა სხვა ორგანიზაციას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, აუცილებლად სჭირდება მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, მაღალკვალიფიციური მონიტორინგის სახით, რასაც დღეს ფიქტიური ხასიათი აქვს. ამის შედეგია თუნდაც ის, რომ არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების უმრავლესობა არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად არ შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, რაც აძლევს მათ შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის და საგადასახადო შეღავათების გამოყენების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ, ასევე დაკავშირებულია სოლიდური საბიუჯეტო სახსრების დანაკარგებთან.

გასულ წელს კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ შევიდა ცვლილებები და დამატებები, რომელთა შორის არის კოოპერაციული პროცესის აშკარად შემაფერხებელი და დამაზიანებელი ნორმები, რომელთაგან რამდენიმე მათგანი არსებით წინააღმდეგობაშიც კი მოდის ერთმანეთთან. კოოპერაციული პროცესის დამაზიანებელი ნორმების გამოსწორების მიზნით მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ აქამდე წარდგენილი არაერთი წინადადება სამწუხაროდ, რეაგირების გარეშე დარჩა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ არასრულფასოვნად და არაკვალიფიციურად იქნა ჩატარებული ქვეყანაში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის ანალიზი და შეფასება, რაზეც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი ზემოაღნიშნული პროგრამების ჩავარდნის მიზეზები და მიღებული იქნა ყოვლად გაუმართლებელი საკანონმდებლო ცვლილებები.

კოოპერაციული სექტორის განვითარების კოორდინირების როგორც ქართული, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალსახად განისაზღვროს მთავარი: დასმული ამოცანის გადაწყვეტა არ შეიძლება პრობლემათა ყველა ასპექტის გათვალისწინებისა და სათანადო საფუძვლების მომზადების გარეშე, რაც დაკავშირებულია განვითარების მექანიზმების კონცეპტუალური საფუძვლების შექმნასთან და სახელმწიფოს და კერძო სექტორის ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებასთან. ამისათვის აუცილებელია ადექვატურად იყოს გააზრებული ქვეყნის განვითარებაზე კოოპერაციული სისტემის განსაკუთრებული გავლენა და მთავრობის მხრიდან სათანადო შესწავლას და რეაგირებას დაექვემდებაროს შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული აშკარად არასწორი და არაკვალიფიციური აქტივობები, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის განვითარებაზე. თუნდაც მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ნეგატიური ფაქტები იძლევა საკმარისზე მეტ საფუძველს, მთავრობის მხრიდან ზემოაღნიშნული პროგრამების ჩავარდნის მიზეზების შესწავლის და მთლიანად სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის მიმდინარეობის ანალიზისა და შეფასებისთვის.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, 

ზემოაღნიშნულიდან და წარმოდგენილი საკითხის განსაკუთრებული აქტუალობიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, პირად კონტროლზე აიყვანოთ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი და დაავალოთ სსიპ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას (რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მთავრობის მრჩეველს აგრარულ საკითხებში), განახორციელოს ქვეყანაში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის ანალიზი და შეფასება, რათა ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ესოდენ საჭირო პროცესმა შეიძინოს განვითარების სათანადო შესაძლებლობა და დინამიზმი.

პატივისცემით,

იოსებ არჩვაძე, პროფესორი

ნიკოლოზ ჩიხლაძე, პროფესორი

დავით გალეგაშვილი, ეკონომიკის დოქტორი

გოჩა ცოფურიშვილი, ეკონომიკის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×