პარლამენტის წევრი ისევეა ვალდებული დაიცვას რეგლამენტი, როგორც ფეხბურთელი - თამაშის წესი
რეზონანსი
29.01.2023

ცხადია, მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ პარლამენტში არჩეული და მის აპარატში დასაქმებული ის იურისტები, რომლებიც კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროპულ სამართლებრივ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციისთვის ზრუნავენ. ისევე, როგორც მოქალაქეთა უმრავლესობას, იმედი მაქვს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებასა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაზე ორიენტირებული ჩვენი დეპუტატები, არა მარტო ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავენ გონივრულად, არამედ მათზე კონტიტუციით დაკისრებულ სხვა მოვალეობებსაც კანონით დადგენილ ვადებში შეასრულებენ, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ტოტალიტარიზმის დროინდელიდან მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმი (სამართლის ნორმები არცოდნა ან/და აბუჩად აგდება) ჯერ ბოლომდე არ არის დაძლეული... 

მიუხედავად შესარჩევი კრიტერიუმების ბუნდოვანობისა („არაგანჭვრეტადობისა“) და პროცედურის ხარვეზებისა, მონაწილეობას ვიღებ, პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის განცხადებით, თითქმის ორი წლის დაგვიანებით, დაწყებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევ კონკურსში (არადა, ბრძანება უნდა გამოეცა...), რომელიც დღემდე არ დასრულებულა...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2022 წლის 10 დეკემბერს გამართული შეხვედრისას, თავი ვალდებულად ჩავთვალე, სასამართლოებში არსებული პრობლემების გარდა, ფაქტობრივად, პოლიტიკის რანგში აყვანილი ფეხბურთის თამაშის წესებზეც გამემახვილებინა ყურადღება, ვინაიდან ხორვატები ე. წ. პენალტების სერიით სწორედ იმ დღეს გავიდნენ ნახევარფინალში... 

ვინაიდან, დეპუტატების მიერ გამოყოფილი 5 - წუთიანი რეგლამენტის გადაცილებისთვის კომიტეტის თავმჯდომარემაც მომცა შენიშვნა და ერთ-ერთმა წევრმაც, სხდომაზე დამსწრეებს (კომიტეტის 15 წევრიდან მხოლოდ 5 ესწრებოდა...) დავპირდი, რომ მოგვიანებით ავუხსნიდი, თუ რატომ ჩავთვალე ფეხბურთის თემა აქტუალურად იმ კომიტეტისთვის, რომელიც ფეხბურთის გუნდივით, ფაქტობრივად, სულ მამაკაცებით არის დაკომპლექტებული... 

პარლამენტს განცხადებით მივმართე და შევახსენე, რომ როგორც ფეხბურთელები არიან ვალდებულნი დაიცვან მათივე პროფესიული გაერთიანების მიერ დადგენილი წესები, საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ დეპუტატებსაც ევალებათ პარლამენტის მიერვე დადგენილი რეგულაციების დაცვა. შესაბამისად, როგორც ფეხბურთელი ისჯება თამაშის წესის დარღვევისთვის, ლოგიკურია, პარლამენტის წევრსაც უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგელობა კანონის ძალის მქონე რეგლამენტის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. სამწუხაროდ, ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრი უნდა დაესწროს კომიტეტის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში, ზოგიერთი დეპუტატი საერთოდ არ ესწრება სხდომებს, ხოლო ვინც ესწრება, რატომღაც ყოველთვის „თავს იკავებს“ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების კენჭისყრისას, რაც მაფიქრებინებს, რომ საერთოდ არ იწუხებენ თავს მის გაცნობაზე... ამასთან, ფაქტია, კომიტეტს დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება ჩემს მიერ 2021 წლის 17 დეკემბერს წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე, რომელიც, რეგლამენტის თანახმად, გასული წლის დასაწყისშივე უნდა განეხილა... 

ფაქტია ისიც, მიუხედავად იმისა, რომ კონტიტუციისთანახმად, იუსტიციის უმღლესი საბჭოში 15 წევრი უნდა იყოს, ხოლო ახალი წევრი მანამდე უნდა გამწესდეს, სანამ 4 წლის წინ არჩეულს ამოეწურება უფლებამოსილების ვადა, უკვე წელიწადნახევარზე მეტია, რაც საბჭოს 5 წევრი აკლია... 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრებს რეგლამენტის დაცვა (მათ შორის, სხდომებზე დასწრება და საკანონმდებლო წინადადებების დროული განხილვა...) მოვთხოვე. ამასთან, ვინაიდან რეგლამენტში სანქციები ვერ მოვიძიე, მოვითხოვე, საჯარო ინფორმაციის სახით ეცნობებინათ, თუ რა სანქციებს ითვალისწინებს კანონმდებლობა კონკურსის კანონით დადგენილ ვადაში ჩაუტარებლობისთვის და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვის გაუმართლებელი გაჭიანურებისთვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან მიპასუხეს, რომ „რეგლამენტი არ ითვალისწინებს პარლამენტის კომიტეტის უფლებამოსილებას, ზოგადად კანონის ნორმის განმარტების შესახებ“, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან რეგლამენტი გამომიგზავნეს (153 ფურცელი...) და „განმიმარტეს, რომ ჩემთვის საინტერესო საკითხებს რეგლამენტის XIX თავი არეგულურებდა“...

იძულებული გავხდი, საჯაროდაც განვმარტო, რომ კონტიტუციის თანახმად ხალხი („ხელისუფლების წყარო“) ხელისუფლებას წარმომადგენლების მეშვეობით ვახორციელებთ, რომლებსაც საკმაოდ სოლიდურ ხელფასს ვუხდით. ამასთან, კონსტიტუციის გარდა, რეგლამენტიც ადგენს, რომ „პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას“, ხოლო „პარლამენტის წევრი არის საკანონმდებლო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი“. ამდენად, ვინაიდან საკანონდებლო საქმიანობა სწორედ სავალდებულო ძალის მქონე „კანონის (სამართლის) ნორმების“ დადგენაა, ცხადია მათი განმარტების ვალდებულებაც მათ დამკანონებელს, ანუ პარლამენტს აკისრია. მით უმეტეს, რომ ევროპულ სამართლებრივ სისტემაში შემავალ ნებისმიერ ქვეყანაში გამოცემული სამართლის თეორიიდან (მეთოდები, საფუძველები) ცნობილია ცნობილია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ სამართლის (კანონის) ნორმას ოფიციალურად (ავთენტურად) მხოლოდ მისი დამდგენი (კანონმდებელი, კანონშემოქმედი) განმარტავს, ხოლო სამართლის ნორმის არაოფიციალურად განმარტება, მეცნიერების გარდა, მის შემფარდებლებსაც შუეძლიათ... 

ევროპული სამართლებრივი სისტემა, რომელშიც ვაპირებთ ინტეგრირებას, სწორედ სამართლის ნორმებისა და ცალკეული იურიდიული ტერმინების განჭვრეტადობით გამოირჩევა, რაც, პირველ რიგში, იმ იურისტების დამსახურებაა, რომლებიც კანონშემოქმედებით არიან დაკავებული. ლოგიკურია, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმის შინაარსი მოქალაქეებს სწორედ იმ დეპუტატებმა აუხსნან, რომლებმაც ის დააკანონეს, ხოლო არაოფიციალურად, შეუძლიათ მეცნიერებმაც განმარტონ და სამართალდამცავებმაც. შესაბამისად, სამართლის საფუძვლების (თეორიის, მეთოდების) სახელმძღვანელოებში, გარდა იმისა, რომ სამართლისა და ლოგიკის კავშირზეა ხაზგასმა, სამართლის ნორმის განმარტების მეთოდები (ხერხები, საშუალებები) არის ჩამოთვლილი. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტი, მხოლოდ იმიტომ ამბობს უარს მის მიერვე დადგენილი სამართლის ნორმების განმარტებაზე (ფაქტობრივად, კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე...), რომ თურმე „რეგლამენტი არ ითვალისწინებს ასეთ უფლებამოსილებას“...

ამდენად, თუ ჩვენი დეპუტატები თვლიან, რომ „ზოგადად კანონის ნორმა“ ოფიციალურად ვინმე სხვამ უნდა განმარტოს (მაგ., სახალხო დამცველმა, იუსტიციის მინისტრმა, თსუ იურიდიული ფაკ-ის დეკანმა ან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ...), მაცნობონ და მას მივმართავ...

სტუდენტებსაც ვასწავლი, რომ სამართალი სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქცევის წესების (სამართლის ნორმების) ერთობლიობაა, რომელთა შესრულება იძულების მექანიზმებით (სანქციებით) არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, მორალური ნორმებისგან განსხვავებით, თუ თითოეული იურიდიული ვალდებულების (რაიმე წესის) შეუსრულებლობისთვის არ არის გათვალისწინებული ეფექტური და თანაზომიერი სანქცია, სამართლებრივმა ნიჰილიზმმა სახელმწიფოს ორგანიზმი, შეიძლება, „ხუთჯვიან სტადიამდეც“ დაასნეულოს... წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმარისი იქნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის ნაცვლად, ბიბლიური მცნებები „დაგვეკანონებინა“ ან ბანერები გამოგვეკრა, რომელზეც ეწერებოდა, რომ მაგ., „მკვლელობა, ქურდობა, კორუფცია, ნეპოტიზმი ან/და ნასვამ მდომარეობაში მანქანის მართვა სასტიკად აკრძალულია!“...).

მახსოვს, რომ პარლამენტის რეგლამენტში იყო ნორმა, რომლითაც აკრძალული იყო ხმის მიცემისას სხვისი პულტით სარგებლობა, თუმცა სანქცია არ იყო გათვალისწინებული, რის გამოც ჟურნალისტებს, რამდენიმე პულტით ხელში, ისეთი ავტორიტეტული „მოქკავშირელები“ ჰყავდათ შემჩნეული, როგორებიც ბატონები ვიტალი ხაზარაძე და რევაზ ყიფიანი ბრძანდებოდნენ... 

ამდენად, ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილი რომ გავხდეთ, პირველ რიგში, საკანონმდებლო საქმიანობას უნდა მოვეკიდოთ მეტი პასუხისმგებლობით და მიღებულ კანონებსაც მეტი პატივისცემით მოვეპყრათ. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×