„პარკირებისა“ და „ბასლაინების“ რეგულაციების გაუმართაობას მძღოლების რევოლუციის გამოწვევა შეუძლია...
რეზონანსი
05.02.2023

ცნობილი გახდა, რომ პირველი აპრილიდან ტაქსებსაც მიეცემათ „ბასლაინებზე“ შესვლის უფლება. ვინაიდან მხოლოდ ეს „დათმობა“ პრობლემას ვერ მოხსნის, მძღოლები ისევ რომ არ დავრჩეთ მოტყუებულები, თავი ვალდებულად ჩავთვალე, გაცნობოთ, რომ თბილისის მერიას გასული წლის 15 მაისს მივმართე „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლთან („ბასლაინი“) დაკავშირებული რეგულაციების მოწესრიგების აუცილებლობის თაობაზე“, ხოლო მას შემდეგ, რაც რეაგირება არ მოჰყოლია, 13 სექტემბრს პარლამენტშიც შევიტანე შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც დღემდე არ განხილულა... ცხადია, საგაზეთო ფორმატი საშუალებას არ იძლევა 12 გვერდზე ჩამოყალიბებული არგუმენტები გაგაცნოთ, რის გამოც, ვეცდები მხოლოდ პრობლემის არსსა და გადაწყვეტის გზებზე გავამახვილო ყურადღება. 

ცხადია, თუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ განვლილი 30 წლის განმავლობაში საგზაო მონიშვნა და საგზაო ნიშნები დედაქალაქშიც კი ვერ შევუსაბამეთ ევროსტანდარტებს ან ელემენტარულ ლოგიკას მაინც, ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს... ამასთან, თვალსაჩინოა, რომ, „ბასლაინის“ შემოღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში „გაპარული“ ხარვეზებს გამო, დედაქალაქში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი სამოძრაო ზოლების აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნაც, ბევრგან არასწორად იყო (და დღესაც არის...) დატანილი და შესაბამისი საგზაო ნიშნებიც არასწორად იყო (და დღესაც არის...) განთავსებული.

შეგახსნებთ, რომ უგულავასდროინდელი მერიისა და შპს „სი–ტი პარკის“ მესვეურები სატრანსპორტო საშუალების დგომა–გაჩერებასთან დაკავშირებით არსებულ განუკითხაობას, ფაქტობრივად, მხოლოდ იმით ამართლებდნენ, რომ „ნაციონალური“ პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მოქმედებდნენ და „პარკირების სფეროსაც“ თბილისელების მიერ არჩეული თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი წესებით „არეგულირებდნენ“... თუმცა ვერცერთი ევროპელი ექსპერტი დღესაც ვერ გაიგებს თუ რატომ აქვს კერძო სამართლის იურიდიულ პირს (ამჯერად უკვე შპს „თბილისის პარკინგს”) სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოძრაობის წესების დამრღვევი მოქალაქეების დაჯარიმების უფლება, ვინაიდან დემოკრატიულ ქვეყნებში სამართალი საჯარო და კერძო მიმართულებებად სწორედ იმიტომ არის დაყოფილი, რომ ბიზნესი (მეწარმეობა) და წესრიგის დაცვა სრულიად განსხავებული წესებით ითხოვს რეგულირებას.

ფაქტია, მერიის მიერ დაფუძნებული ნებისმიერი საწარმოს მიზანიც მოგების მიღებაა, ხოლო გზებზე წესრიგის დამყარება სახელმწიფოსა და თვიმმართველობის ორგანოების ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ლოგიკურია, როდესაც მერია პარკირების სფეროს დარეგულირებას იმ „შპს“-სთან ერთად ცდილობს, რომელშიც 100 %–ან წილს ფლობს, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ორივე დაინტერესებული აღმოჩნდეს შეძლებისდაგვარად მეტი დამრღვევის გამოვლენაში, ვინაიდან, თუ ყველა მძღოლმა დაიცვა მაგ., პარკირების წესები, შემოსავალს საერთოდ ვერ მიიღებენ.

სამწუხაროდ, უკვე შეიმჩნევა, შპს „თბილისის პარკინგის“ „სი–ტი პარკიზაციის“ ტენდენცია, რაც თბილისელთა აშკარა უკმაყოფილებას იწვევს. მით უმეტეს, დედაქალაქის ცენტრში ე. წ. ზონალურ პარკირებასთან გადასვლასთან დაკავშირებით, შესამჩნევად მცირდება საპარკინგე ადგილები (ისედაც 10-ჯერ ნაკლები იყო მანქანების რაოდენობაზე და ბოლო 5 წელიწადში კიდევ 5 ათასით შემცირდა...) და პროპორციულად იზრდება ჯარიმების სახით მოსახლეობიდან ამოღებულ თანხის ოდენობაც...), რაც „ბასლაინზე“ გავლისთვის მძღოლების დაჯარიმების ფუნქციის მერიის მიერ დაფუძნებული სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის გადაცემასთან ერთად, გარკვეულ კითხვებს ბადებს... შესაბამისად, „პარკირებასთან“ თუ „ბასლაინებთან“ დაკავშირებული რეგულაციები დაუყოვნებლივ არის მოსაწესრიგებელი. 

ფაქტია, რომ მაგ., ავლაბრის (ბარათაშვილის) აღმართზე დაშვებული შეცდომა მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოსწორდა და „ბასლაინის“ დასაწყისის აღმნიშვნელი უწყვეტი ხაზი, წყვეტილით შეიცვალა, რამაც აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიული ვითარების აღმოფხვრასაც შეუწყო ხელი... (პირველ ზოლში კანონის დაცვით მიმავალი მანქანების მძღოლები, უწყვეტი ყვითელი ხაზის მოულოდნელად დანახვისთანავე, დაჯარიმების შიშით, იძულებული ხდებოდნენ, მკვეთრად აეღოთ საჭე მარცხნივ, რის გამო, საკმაოდ ხშირად, მეორე ზოლში მოძრავ ავტომობილებს ექმნებოდათ რეალური საფრთხე...). არაგონივრულად იყო მონიშნული „ბასლაინი“ ფილარმონიასთანაც, სადაც კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები, ფაქტობრივად, მოულოდნელად ხვდებოდნენ „ბასლაინზე“... 

სამწუხაროდ, პუშკინის ქუჩაზე სრულიად არაგონივრულად მოწყობილი „ბასლაინი“ მხოლოდ მას შემდეგ გაუქმდა (ერთი წლის შემდეგ...), რაც მძღოლების გარდა, საპატრულო პოლიციელებიც შეწუხდნენ, ვინაიდან, ფაქტობრივად, ყოველ დილა-საღამოს ხელით უწევდათ მოძრაობის რეგულირება და ხელოვნურად შექმნილი „საცობების“ განსატვირთად (უკვე „შერატონის“ სასტუმროდან და თავისუფლების მოედნიდან რომ იწყებოდა...) მსუბუქი ავტომობილების „ბასლაინზე“ სამოძრაოდ დაშვება... თუმცა, ფაქტია, განვლილი ერთი წლის განმავლობაში ე. წ. ვიდეოჯარიმებიც მრავლად გამოიწერებოდა... 

დღემდე სრულიად აბსურდული ვითარებაა შექმნილი ვარაზისხევში, სადაც, ფაქტობრივად, ზედ „ბასლაინის“ აღმნიშვნელი უწყვეტი ხაზების დასაწყისის თავზე (ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან...) დამონტაჟებული „ჭკვიანი კამერა“ სრულიად კანომორჩილ მძღოლებს აჯარიმებს... არადა, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ის „ევროინტეგრაციის სახედ“ მიიჩნევა, რის გამოც, არა მარტო ნაგვის ურნებით და მოწესრიგებული ტროტუარებით, არამედ საგზაო მონიშვნითაც და საგზაო ნიშნებითაც უნდა იყოს სანიმუშო...

ვინაიდან გზის პირველი და მეორე ზოლი ხშირად გადატვირთულია, საგზაო მოძრაობის წესების დაცვით მძღოლები უკიდურეს მარჯვენა ან მარცხენა ზოლშიც მოძრაობენ და, ფაქტობრივად, მხოლოდ გზაჯვარედინთან მიახლოებისას ამჩნევენ ასფალტის საფარზე მკაფიოდ დატანილ უწყვეტ ყვითელ ხაზებს, მაგრამ ვინაიდან გვერდზე მანქანებიც, ფაქტობრივად, უწყვეტ ნაკადად მოძრაობენ, ავარიული ვითარების შეუქმნელად და საგზაო მონიშვნის გადაკვეთის გარეშე, ლოგიკურია, „ბასლაინს“ (რომელზეც უნებლიედ აღმოჩნდნენ), ვეღარ ტოვებენ, რის გამოც 100 ლარით ჯარიმდებიან... (წელიწადში კი, 16 ათასზე მეტი საჯარიმო ქვითარია შედგენილი და მოქალაქეების ჯიბეებიდან მილიონნახევარზე მეტი ლარია „ამოღებული“...).

ვინაიდან „ბასლაინის“ აღმნიშვნელი უწყვეტი ყვითელი ხაზის განახლება, მხოლოდ ვიდეოკამერის წინ ხდება, შთაბეჭდილება რჩება, რომ ვარაზისხევის ბოლოს ე. წ. პოლიციური მახეა დაგებული, რაც ტოტალიტარიზმის პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი („ავტოინსპექციის“ ინტერესებში კეთდებოდა...), თუმცა სრულიად მიუღებელია ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული ქვეყნის დედაქალაქისთვის. 

ამდენად, პირველ რიგში, გონივრული („განჭვრეტადი“) მონიშვნითა და საგზაო ნიშნებით „ბასლაინების“ თაობაზე მძღოლების სათანადოდ ინფორმირებაა აუცილებელი, ხოლო საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის 671 პუნქტში შემდეგი ცვლილება-დამატებები უნდა შევიდეს:

ა) „ბასლაინის“ თაობაზე მძღოლს ინფორმაცია, არა მარტო საგზაო მონიშვნით, არამედ შედარებით დიდი ზომის საგზაო ნიშნებითაც უნდა მიეწოდებოდეს, რომლებიც უშულოდ „ბასლაინის“ დაწყებამდეც (არანაკლებ 50–100) მეტრით წინ მაინც) უნდა განთავსდნენ და აუცილებლად უნდა მეორდებოდნენ;

ბ) „ბასლაინის“ დასაწყისი, აუცილებლად, წყვეტილი ხაზებით უნდა მოინიშნოს (არანაკლებ 50 მეტრი);

გ) გზის მარჯვენა ზოლში მოწყობილ „ბასლაინზე“ მარჯვენა მხრიდან შესულ ავტომობილს მასზე მოძრაობის უფლება უნდა მიეცეს, თუ უახლოეს გზაჯვარედინზე ან მანამდე (მაგ., სახლის ეზოში ან შიდა გზაზე) ისევ მარჯვნივ აპირებს შეხვევას; 

დ) ნებისმიერი ავტომობილს უფლება უნდა ჰქონდეს გზავრთა ჩასხდომა–გადმოსხმისთვის შევიდეს და გაჩერდეს „ბასლაინზე“ ამისთვის მინიმალურად აუცილებელი დროით (გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე), თუ ამით არ შეაფერხებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას;

გარდა ამისა, შესაბამის კანონებში ცვლილება-დამატებების შეტანის გზით ან/და ახალი კანონების მიღებით, შპს „თბილისის პარკინგს” და სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა ჩამოერთვას მძღოლების დაჯარიმების უფლებამოსილება. ამასთან, დაუშვებელი უნდა იყოს, რომ „ბასლაინის“ აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნის დატანა, აგრეთვე საგზაო ნიშნების და მაკონტროლებელი ვიდეოკამერების მონტაჟი იმავე სააგენტომ (სამსახურმა) განანახორციელოს, რომელსაც სამართალდამღვევი მძღოლების გამოვლენა და მათი დაჯარიმების უფლებამოსილება აქვს მინიჭებული;

მისაღებია კანონი „თბილისის მუნიციპალურ პოლიციის შესახებ“, რის შემდეგაც „პარკირების“ ან „ბასლაინზე“ მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს, მხოლოდ შსს თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ან მერიის „მუნიციპალური პოლიცია“ დააჯარიმებს, რომელშიც მერიის საწარმოებისა და სააგენტოების „ინსპექტორები“ დასაქმდებიან, ხოლო მერიის შპს-ებისა და საგენტოების სხვა თანამშრომლები „ბასლაინების“ აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნის დატანითა და საგზაო ნიშნების მონტაჟით იქნებიან დაკავებულები. 

გონივრულად მიმაჩნია, თუ საქართველოს პარლამენტი აღადგენს სამართლიანობას და გააუქმებს სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაკისრებული სანქციებს იმ სამართალდამღვევი მძღოლების მიმართ (გამოაცხადებს ე. წ. ამნისტიას), რომლებიც მერიის მიერ ავტობუსების მორიგი გაჩერების პერიოდში (2021 წლის 14 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე) „ბასლაინზე“ მოძრაობისთვის არიან დაჯარიმებულები. ფაქტია სასამართლოში შეტანილი ათასობით საჩივარი დღემდე განუხილველია.

ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას ვაპირებთ, დაუშვებლად მიმაჩნია, საკანონმდებლო ხარვეზების, აგრეთვე მავანთა არაკომპეტენტურობის, მინდობილი საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ან, კიდევ უარესი, კორუფციული ინტერესების გამო (პოლიტიკოსებსაც ვგულისხმობ და მერიის შესაბამისი სამსახურების მესვეურებსაც...), ე. წ. საპროტესტო („რევოლუციური“) მუხტი ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილ იმ მოქალაქეებშიც გავაღვივოთ, რომლებსაც ადმინისტრაციული ჯარიმების (მით უმეტეს, სიმბოლურად „გახუთმაგებულის“...) გადახდა ბრალის არარსებობის მიუხედავად უწევთ. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×