24 წლის წინ სააკაშვილის მიერ „რევოლუციურად რეფორმირებული“ სასამართლო ამოქმედდა...
რეზონანსი
14.05.2023

საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ 1999 წლის 15 მაისს ამოქმედდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნული „რევოლუციური“ კანონები ჯერ კიდევ 1997 წელს იქნა მიღებული, რისთვისაც 30-მდე არასამთავრობო ორნიზაციამ „რეფორმების მამა“ - სააკაშვილი „წლის ადამიანად“ აღიარა, თუმცა აშკარა ხარვეზების გამო, „სასამართლო რეფორმის“ ამოქმედებამ 1998 წლის 01 მაისიდან 1999 წლის 15 მაისამდე გადაიწია... 

აღსანიშნავია, რომ 1999 წლის 12 მაისს, სასამართლოს მესვეურებთან კულუარული გარიგების საფუძველზე, მიღებული იქნა სპეციალური კანონი „უზენაესი სასამართლოს შესახებ“, რომელიც უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეებს ათავისუფლებდა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებისგან (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დასაქმდა...). ფაქტია ისიც, რომ 1997 წლის 25 ნოემბერს პარლამენტის დღის წესრიგიდან, არსებითი ხარვეზების გამო, დილით ამოღებული „რევოლუციური“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ღამის 11 საათზე, „სამივე მოსმენით“ 4 წუთში, ფაქტობრივად, „საიდუმლო სერობაზე“ იქნა მიღებული (არადა, მისი პროექტი სახელმწიფო კომისიის გვერდის ავლით მომზადდა და მის ავტორს, რუს მეცნიერ იგორ პეტრუხინს 16 000 აშშ დოლარი გადაუხადეს...). ამასთან, სააკაშვილმა „აქტიური თანამშრომლობისთვის“ საჯაროდ გადაუხადა მადლობა შსს-ს იმ წარმომადგენელს, რომელსაც მანამდე სულ ლანძღავდა კოდექსის კრიტიკისთვის... 

ამის შემდეგ, საპროცესო კოდექსზე მუშაობა გაგრძელდა და 1998 წლის 20 თებერვალს, ფაქტობრივად, თავიდან იქნა მიღებული („მეოთხე მოსმენით“...), ხოლო ამოქმედებამდე (1999 წლის 15 მაისამდე) მასში ათასამდე ცვლილება-დამატება შევიდა... შედეგად, მოსამართლეობის საკვალიფიკაფიო გამოცდებზე არც გამოსაცდელებმა იცოდნენ სწორი პასუხები და არც შემფასებლებმა (ერთმა გაბედა და თსუ-ის პროფესორის მიერ დაწერილი 0 ქულა სასამართლოში გაასაჩივრა, რის შედეგადაც მაქსიმალურ ქულად გადაუსწორეს...). არაფერს ვიტყვი, იმ ფაქტზე, რომ ერთ-ერთი გამოცდის წინ, საგამოცდო ტესტების პასუხებმა „გაჟონა“, ხოლო 2009 წელს საპროცესო კოდექსის სრულიად ახალი ვერსია იქნა მიღებული, რომლის მომზადებაში არც ქართველს მეცნიერებს მიუღიათ მონაწილეობა და არც ადვოკატებს, რის გამოც ძირითადად პოლიცია-პროკურატურის ინტერესებზეა მორგებული... 

ლოგიკურია, რომ 15 მაისი „მოსამართლის დღედ“ მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაწესდა, ვინაიდან სასამართლო ხელისუფლებაში დამოუკიდებელი მოსამართლე, ფაქტობრივად, აღარ დარჩა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებებზეც ადეკვატურად აისახა... 

ფაქტია, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტისას, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ნაუცბადევად ვმოქმედებთ. შედეგად, ერთხელ აშენებულის მრავალგზის გადაკეთება გვიწევს, რისი მკაფიო მაგალითიც, სასამართლო ხელისუფლებაა, რომელიც მიუხედავად არაერგზის „რეფორმირებისა“, მაინც ვერ აკმაყოფილებს „ევროსტანდატებს“. 

1991 წელს მოსამართლეების კომუნისტებისდროინდელი კორპუსი, ფაქტობრივად, სრული სახით შევინარჩუნეთ და 10 წლით გავამწესეთ თანამდებობებზე. სასამართლოებში 1997 წელს დაწყებულმა გაუზრებელმა „რევოლუციურმა რეფორმამაც“ შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ტოტალიტარიზმისდროინდელივით, ისევ მმართველი პარტიის მიერ სრულად კონტროლირებადი მოსამართლეთა კორპუსი მივიღეთ, რის გამოც 2012 წლის ბოლოს, ფაქტობრივად, მორიგი რეფორმის დაწყება გახდა საჭირო. დღეს კი, უკვე მის მე–4 ეტაპზე („ტალღაზე“) ვიმყოფებით, თუმცა პრეტენზებს „სტრატეგიული პარტნიორებიგანაც“ ვისმენთ და „ევროპელი მეგობრებისგანაც“... 

ცხადია, რომელ დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, როდესაც მოსამართლეები შპს „თბილისი პარკინგის” ინსპექტორების მიერ კანონდარღვევით გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გაუქმებასაც ვერ ბედავენ. ერთ-ერთმა მოსამართლე ქალბატონმა კი, გარდა იმისა, რომ პოლიციელის მიერ შეცდომით გამოწერილი საჯარიმო ქვითარი ვერ გააუქმა, პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს იმის თაობაზეც კი არ მისცა შენიშვნა, რომ კონსტიტუციის იგნორირებით ჩათვალა, რომ მისი „გადაწყვეტილება საბოლოოო და არ საჩივრდება”... 

გარდა იმისა, რომ ნაუცბათევად გადაკეთებულ, მაგრამ 2005 წლის მე-5 თვის მე-5 დღეს „საზეიმოდ“ გახსნილ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები 5 - სართულიანი შენობის სხვენსა („ჩერდაკში“) და სარდაფში („პადვალში“) იმართება (სამოქალაქო საქმეებზე მიმართვიდან 1-2, ხოლო ადმინისტრაციულზე 3-4 წლის შემდეგ...), ფაქტია, 2017 წელს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების თაობაზე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთივე არამოსამართლე წევრის გამწესება იყო უკანონოდ მიჩნეული) საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დეპუტატებსაც ამოეწურათ უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა და მათ მიერ „არჩეულ“ არამოსამართლე წევრებსაც, ხოლო უშუალოდ იუს წინააღმდეგ 2019 წლის 16 ივლისს შეტანილი სარჩელის განხილვა (უზენაესი სასასამართლოს წევრების შესარჩევი კონკურსის შეჩერებაა მოთხოვნილი) მხოლოდ მ. წლის 23 მაისს არის ჩანიშნული, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება უნისონში მოქმედებს... 

არადა, სამართლებრივ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა დაცვის ქმედით გარანტს, აგრეთვე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტურ შემაკავებელს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს. არც ის უნდა იყოს სადავო, რომ ევროპული ტიპის სასამართლოს ფორმირებისთვის, პირველ რიგში, „პოლიტიკური ნებაა“ აუცილებელი, ხოლო თუ კანონმდებლებს რეალურად სურდათ ევროინტეგრაცია და ე. წ. მესამე ხელისუფლებისთვის სახელმწიფო მექანიზმში სათანადო ადგილის მიჩენა, იუს არამოსამრთლე წევრები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მაინც უნდა შეერჩიათ ევროპაში მიღებული სტანდარტებით. 

ერთის მხრივ, კარგია, რომ პარლამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსი (29.09.2022) დღემდეა შეჩერებული, თუმცა, ვინაიდან არც მისი იმავე პირობით გაგრძელებაა გამორიცხული (არადა, კანონსაც ეწინააღმდეგება და არაგანჭვრეტადია), შექმნილ, რბილად რომ ვთქვა არაორდინარული ვითარებაში (ფაქტია, თითქმის ორი წელია საბჭო არამოსამართლე წევრების გარეშე „მოღვაწეობს“. პრეზიდენტის წარმომადგენელიც აშკარა კანონდარღვევით არის დანიშნული, ვინაიდან კონკურსზე თსუ-ის აკადემიურ საბჭოს არ წარუდგენია...), გონივრულად მიმაჩნია, პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება არსებული საბჭოს ძირეული რეფორმის ან დაზუსტებული პირობებით ახალი კონკურსის ჩატარების თაობაზე. 

დარწმუნებული ვარ, თუ სამართლებრივი ბაზა შეიცვლება და იუს-სა და უზენაეს სასამართლოში, თუნდაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შერჩეული („რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებელი“...) იურისტები გამწესდებიან, ჯერ კიდევ შესაძლებელია, „სარეფორმო ტალღებში“ აღმოჩენილი სასამართლო გადარჩეს, მოსამართლეებმა ნდობა დაიმსახურონ, საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმიც დავძლიოთ და საქართველო, მართლაც ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×