რეზონანსი
21.05.2023

საქართველოში 2021 წლის 1 ივლისიდან შეწყდა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რამაც გამოიწვია პურზე ფასების ზრდა. პურის საცალო ფასი მარკეტებში 70-90 თეთრით გაიზარდა და ეს პროცესი ფაქტობრივად, დღემდე გრძელდება. 

პური არა მარტო სურსათის ძირითადი და უპირველესი სახეობაა, არამედ უმნიშვნელოვანესი სოციალური ფუნქციის მატარებელი პროდუქტიცაა. ამიტომ სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს არა დაბალხარისხიანი ფქვილისა და პურის წარმოების სუბსიდირება დაბალი ფასების შენარჩუნებისთვის, არამედ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის (პურის ბარათის სახით, რაც სახელმწიფოს ყოველთვიურად არაუმეტეს 3,5 მლნ. ლარი დაუჯდება) გაცემა, რათა მათ შეძლონ მაღალხარისხიანი პურ-პროდუქტების შეძენა, და ამით საკუთარი ჯანმრთელობის და მატერიალური მდგომარეობის დაცვა და გაუმჯობესება.

თუ სახელმწიფოს მიზანია პურ-პროდუქტებზე დაბალი ფასების შენარჩუნება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ ეკონომიკურად ძლიერი დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება, პურზე დღგ-ს ტარიფის 7%-მდე შემცირებისა ან საერთოდ განულებისა.

ამით ასევე მოწესრიგდება პურის ვაჭრობის საკითხებიც. როგორიცაა გაუგებარი ქეშბექები, რეტრობონუსები, სავაჭრო დათმობები და აქტივობები (ამ ფასდანამატებმა პურის ღირებულება 50-55 პროცენტით გაზარდა, ეს იმ დროს, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ფასდანამატი არ აღემატება 3-5 პროცენტს, რაც უზრუნველყოფილია შესაბამისი ნორმატიული აქტებით) და გაყიდული პურის უკან დაბრუნების სისტემა.

სადღეისოდ საქართველოში რუსეთიდან ხორბალი აღარ შემოდის. იგი ჩაანაცვლა ამ ქვეყნიდან ფქვილის იმპორტმა. რუსეთის ფედერაციის სატარიფო პოლიტიკის გამო წარმოიშვა ე.წ. „ფასების საექსპორტო მაკრატელი“ გაძვირებულ ხორბალსა და შედარებით იაფ ფქვილს შორის, რამაც პრობლემები შეუქმნა საქართველოში ხორბლის მწარმოებლებს. - მათ 2022 წელს რეკორდულად მაღალი მოსავალი მოიწიეს (157.4 ათასი ტონა 54 ათას ჰა-ზე), მაგრამ წისქვილკომბინატებმა ზემოხსენებული იაფი, ფაქტობრივად დემპინგური რუსული ფქვილის იმპორტის გამო შეწყვიტეს ადგილობრივი მწარმოებლებისაგან ხორბლის შესყიდვა, რის გამოც ადგილობრივი მწარმოებლების არარეალიზებული ხორბლის მოცულობამ 2023 წლის გაზაფხულზე 30 ათას ტონას გადააჭარბა. შედეგად - ხორბლის ქართველი მწარმოებლები ორგვარ ზარალს განიცდიან - მათ, ერთი მხრივ, უხანგრძლივდებათ საწყობების იჯარის დრო, შესაბამისად უწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა, მეორეც, ეს საწყობები არაა გათვალისწინებული პროდუქციის გრძელვადიანი შენახვისათვის, იქ ხორბალი კარგავს სამომხმარებლო კონდიციას, მათ შორის მღრღნელებისაგან. 

თუ წისქვილკომბინატები არ მიიღებენ ადგილობრივ ხორბალს, ეს კატასტროფული იქნებოდა არა მარტო ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, არამედ მთელი დარგისათვის, სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა ქვეყნის სასურსათო და ზოგადად, ეროვნულ უსაფრთხოებას. 

საქართველოს აღნიშნული პრობლემები განსაკუთრებულად კონტრასტულია იმ წარმატებების ფონზე, რაც ჩვენმა უშუალო მეზობლებმა - აზერბაიჯანმა და სომხეთმა თავიანთი თანმიმდევრული და ეფექტიანი აგრარული პოლიტიკით მიაღწიეს ხორბლით თვითუზრუნველყოფაში. - დღეისათვის მათთან ეს მაჩვენებელი, ჯერადად აღემატება საქართველოსას. 

აღნიშნული წარმატების საფუძველი გახდა აგრარული სექტორის მხარდამჭერი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და ტრანზაქციაზე - დაწყებული თესლის, დიზელის საწვავისა და სასუქების სუბსიდირებიდან და დამთავრებული გარანტირებული შესყიდვითა და შეღავათიანი კრედიტით. მაგალითად, საქართველოსთან შედარებით ტერიტორიით - ორჯერ მცირე და საგრძნობლად ნაკლები მოსახლეობის, გაცილებით არახელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობების მქონე სომხეთში მარცვლეულით დაკავებული ფართობი თითქმის იმდენივეა, რამდენიც საქართველოში, ხოლო ხორბლით თვითუზრუნველყოფის დონე - 1.5-ჯერ უფრო მაღალი. სომხეთში მარცვლეულის წარმოების სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია ხორბლით თვითუზრუნველყოფის გაზრდა ამჟამინდელი 30-დან 50 პროცენტამდე; მარცვლეულის ყოველ ჰექტარ ნათეს ფართობზე სახელმწიფო სუბსიდირება ფარავს 300 კგ თესლის, 250 კგ აზოტოვანი სასუქისა და 70 ლ დიზელის საწვავის ღირებულებას (ჯამში - 160-დან 280 დოლარამდე), ფაქტობრივად კი - მთლიანი ხარჯების თითქმის ნახევარს. ამასთან, ხორბლის მწარმოებლებთან დადებულ ხელშეკრულებაში - გარიგებაში ჩადებულია ხორბლის სავალდებულო შესყიდვა წინასწარ დადგენილი, ფიუჩერსული ფასით.

საქართველოში ხორბლის წარმოების სტიმულაციისთვის აღნიშნული მიდგომა საგულისხმო და დიდწილად გასათვალისწინებელიცაა, რადგანაც ჩვენთან ყოველ ჰექტარ ხორბლის ნათესზე მწარმოებლის საშუალო ხარჯმა უკვე 2200 ლარს (სიმინდზე - 2600 ლარს) მიაღწია. 

კიდევ უფრო შთამბეჭდავია აზერბაიჯანის მაგალითი, რომლის ხორბლით თვითუზრუნველყოფის დონე 80 პროცენტია. დღეისათვის აზერბაიჯანის ხორბლის ნათესი ფართობები საქართველოსას 8-ჯერ, ხოლო ხორბლით თვითუზრუნველყოფის დონე - თითქმის 4-ჯერ აღემატება.

ჩვენი მეზობლები მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და მარცვლეულის ნათესი ფართობებისა და მოსავლიანობის საგრძნობი ზრდა აქვთ დაგეგმილი. 

 აზერბაიჯანსა და სომხეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, აკრძალულია ფქვილის იმპორტი, რითაც გაკოტრებისაგან დაცულია ხორბლის გადამმუშავებელი კომპანიები (წისქვილკომბინატები). საქართველოში ასეთივე აკრძალვის შემოღების ან ფქვილის მხოლოდ კვოტირებული (არა უმეტეს 20 პროცენტისა) იმპორტით შეზღუდვის გარეშე ქართული წისქვილკომბინატების მუშაობას პერსპექტივა არ გააჩნია. ამ დარგის პარალიზება კომერციულად არასაინტერესოდ ხდის ადგილობრივი სასურსათო ხორბლის წარმოებას, ქვეყანა კარგავს ასობით მილიონი ლარის შემოსავალს ბიუჯეტისთვის, კომპანიებისთვის, ფერმერებისთვის და უმუშევრად ტოვებს ათასობით მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს. 

საკუთარი მწარმოებლების ინტერესების დაცვაში საგულისხმო მაგალითს იძლევიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც (პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი etc.). - მიუხედავად იმისა, რომ ისინი მასშტაბურ ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევენ უკრაინას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლების დაცვის მიზნით მათ უარი თქვეს შედარებით იაფი უკრაინული ხორბლის მიღებაზე და ამ უკანასკნელისთვის თავიანთი სახელმწიფო საზღვრები მხოლოდ ტრანზიტისთვის გახსნეს. 

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ხორბლის წარმოების ზრდა ქვეყნის თვითუზრუნველყოფის არსებითად ამაღლებისათვის. ამისათვის კი უნდა მოახდინოს ხორბლის გარანტირებული რაოდენობის შესყიდვა საბაზროზე არანაკლები ფასით, ანუ თვითღირებულებაზე სულ ცოტა 30 პროცენტით მეტად, რაც ხორბლის ადგილობრივ მწარმოებლებს მისცემს შესაძლებლობას, დაფარონ მიმდინარე ხარჯები, საკრედიტო ვალდებულებები და შეინარჩუნონ საკმარისი ეკონომიკური და ყოფითი მოტივაცია მომავალში აღნიშნული პროდუქციის უფრო მასშტაბური წარმოებისათვის. ვფიქრობთ, საკითხის მნიშვნელობისა და მის გადასაჭრელად მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებების გასატარებლად ყველაზე ეფექტიანი ფორმა იქნებოდა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის მიღება, რომლის ანალოგების წარმატებით რეალიზაციის თვალსაჩინო მაგალითის დემონსტრირება უკვე მოახდინეს ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა და სომხეთმა. 

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის პური იყო და რჩება კვების და კალორიების მიღების ძირითად წყაროდ, რის გამოც როგორც თავად პროდუქტი, ისე მისი ფასიც არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალური კატეგორიაა. ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წისქვილკომბინატებს, პურის ქარხნებს, აღნიშნული პროდუქციის სხვა მწარმოებლებს შეუმცირდეთ თავის დროზე ლარის კურსის დაცემის საბაბით უზომოდ გაზრდილი კომუნალური (წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის) ტარიფები. ეს საგრძნობლად შეამცირებდა პურის საცალო ფასს, იქნებოდა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი როგორც აღნიშნული სექტორის მხარდაჭერის, ისე მოსახლეობის სოციალური დაცულობის მიმართულებით. 

საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდამჭერი (3-5 წლიანი) პროგრამა –,,მარცვალი“ (100-110 ათას ჰექტარზე, 3,5-4 ტ/ჰა საშუალო მოსავლიანობით ), რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მოთხოვნილების 60-65%. 

პაატა კოღუაშვილი

მალხაზ დოლიძე

სოსო არჩვაძე

დავით გალეგაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×