მარიამ ნებულიშვილი
05.08.2020

„არ მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოზრაობის" სიაში ყოფილიყო და ვიღაცებს უარი ეთქვათ პარტიისთვის ხმის მეცემაზე", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის არ იქნება პარლამენტის წევრი და არ დაიკავებს თანამდებობებს მომავალ პარლამენტში.

„მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის", - წერს მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ზაქარეიშვილის აზრით, მერაბიშვილის ეს გადაწყვეტილება პირადი მოტივებითაა ნაკარნახევი და არა პარტიულით. მისი თქმით, მერაბიშვილის სიაში ყოფნა ცუდად არ აისახებოდა „ნაციონალურ მოძრაობაზე".

„ახლა ისეთი დროა, რომ ვისაც არ უყვარს „ნაციონალური მოძრაობა", გინდ ვანო მერაბიშვილი ყოფილა მათ რიგებში გინდ არა, სულერთია. არ მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" სიაში ყოფილიყო და ვიღაცებს უარი ეთქვათ პარტიისთვის ხმის მეცემაზე.

„დღეს უკვე ძალიან მკაფიოდ არსებობენ „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ვანო მერაბიშვილი ვერ წაართმევდა ხმებს პარტიას თუ არ შესძენდა. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ამომრჩევლის გამო გააკეთა ეს. ვისაც ვანო მერაბიშვილის მიმართ ნამდვილად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ის ხალხი უკვე დიდი ხანია არ აპირებს ხმა მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ. მერაბიშვილს საზოგადოების მხრიდან აქვს უარყოფითი ელექტორალური დამოკიდებულება, მაგრამ ეს გამომდინარეობს მისი პარტიული საქმიანობიდან და არა პიროვნებიდან. ეს პირადი გადაწყვეტილება უფროა, ვიდრე ელექტორალური გათვლა", - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".

რაც შეეხება ხელისუფლების შეფასებებს, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის სოზარ სუბარის თქმით, ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა და ამიტომ მოიშორეს პოლიტიკიდან.

„ცხადი გახდა მეორე დღესვე, რომ ეს ადამიანი არავის სჭირდებოდა, დისკრედიტირებული, არაფრის შემძლე, არაინტელექტით, არაადამინისტრაციული რესუსით, ნუ, ახლა მოპარული ფული თუ აქვს, იმას რომ არ დახარჯავს, ეს ვიცით. ამიტომაც, არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, არსად წასულა, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო, ის პოლიტიკიდან წავიდა, გაუშვა ქართველმა ხალხმა 2012 წელს", - თქვა სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×