მარიამ ნებულიშვილი
05.08.2020

ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე ვერც თბილისში ახერხებს და ვერც რეგიონებში. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რეგიონების 22-ვე საარჩევნო ოლქშიც დააყენებს თავის კანდიდატებს და თბილისის ორ „ვაკანტურ" ოლქშიც. „ევროპულმა საქართველომ" კი რეგიონებში მხოლოდ 14 ოლქში დააყენა თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი და დანარჩენ 8 ოლქში შიდაოპოზიციური შეთანხმების იმედი ჰქონდა.

„ევროპულმა საქართველომ" 30 მაჟორიტრარული ოლქიდან 16-ში უკვე დაასახელა საკუთარი კანდიდატები. მათი თქმით, რეგიონებში დარჩენილ 8 ოლქზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, კვირის ბოლომდე წარადგენენ რეგიონების 22 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატებს.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან ამბობს, რომ რეგიონებში წარსადგენი მაჟორიტარობის 22 კანდიდატიდან ყველასთან შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და პარტია თავისი მაჟორიტარების სრულ სიას კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს.

„რეგიონების 22-ივე ოლქში „ნაციონალური მოძრაობა" საუკთარ კანდიდატებს დააყენებს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში დავასახელებთ უკვე სიას. სხდომა გვაქვს ჩანიშნული. ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე გვქენება სია.

„რამდენიმე ადამიანთან კონსულტაციები არაა ჯერ დასრულებული და გვინდა, რომ ერთიანად წარმოვადგინოთ. შესაძლებელია რეგიონალური სიაც დავასახელოთ, ვნახოთ. ჩემი კანდიდატურაც განიხილება რამდენიმე ოლქში. ვნახოთ, შევჯერდებით და წარმოვადგენთ სიას, მათ შორის შესაძლებელია ზესტაფონი-თერჯოლის ოლქში ვიყარო კენჭი", - თქვა დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ მათ „ნაციონალურ მოძრაობას" შესთავაზეს წინადადება რეგიონში ოლქების განაწილების შესახებ, რაზეც უარი მიიღეს.

„ნაციონალური მოძრაობის" უფლებაა დაასახელონ საკუთარი კანდიდატები ყველა ოქლში, თუმცა შეთანხმება იყო და როგორც ჩანს, ფორმალური ლიდერები ვერაფერს წყვეტენ, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას სხვა ღებულობს. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება, რომელიც იყო, არ შედგა", - თქვა ბობოხიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, თბილისის გარდა არცერთ ოლქში მოლაპარაკებები არ ყოფილა.

„თბილისის გარდა არაფერზე მოლაპარაკებები „ნაციონალურ მოძრაობას" და

„ევროპულ საქართველოს" შორის არ ყოფილა. მათ ჰქონდათ წინადადება რეგიონების 4 ოლქში მხოლოდ საკუთარი კანდიდატები დაეყენებინათ და ამ 4 ოლქიდან 2 „ნაციონალურ მოძრაობას" მოგებული აქვს, ამიტომ არ განვიხილეთ ეს წინადადება", - ამბობს დეკანოიძე.

ბობოხიძის თქმით, „ევროპული საქართველო" რეგიონებში დარჩენილ 8 ოლქში განიხილავს შეთანხმებას სხვადასხვა პარტიებთან და იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება არ შედგება, საკუთარ კანდიატებს დაასახელებენ.

„თუ პარტნიორ პარტიებს ენდომებათ მხარდაჭერა და მოხერხდება, ჩვენ მზად ვართ. სწორედ ამიტომ ჯერ-ჯერობით არ დავასახელეთ კანდიდატები, თუმცა ჩვენ კანდიდატები გვყავს და როგორც კი განიხილება უერთიერთშეთანხმების საკითხები, იმისდა მიხედვით დავასახელებთ მათ, ან საერთო შეთანხმებით დასახელებულ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს.

„ამ ეტაპზე დარჩენილ 8 ოლქში შეთანხმება განიხილება იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომელიც მონაწილეობდნენ თბილისის შეთანხმებაში. მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც მზადაა საერთო ფრონტით, შეთანხმებულად ვიმუშაოთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„იმედი მაქვს, რომ თბილისში ბოლომდე მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, თუ არადა სხვა რომელიმე დამოუკიდბელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს დარჩენილ ორ ოლქში. ჯერ-ჯერობით ვფიქრობთ, რომ ჩვენს კანდიდატს არ დავასახებთ, ჩვენ გაცილებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მრავალფეროვნებას", - ამბობს აკააკი ბობოხიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ექსპერტი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიციურ ერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუკი ერთი-ერთზე დარჩებოდნენ ხელისუფლებასთან და „შუა გაიკრიფებოდა".

„იმის პროგნოზირება რთული არ იყო, რომ ოპოზიციური ერთობა დაიშლებოდა იმ დროს, როდესაც კვოტების გადანაწილება დაიწყებოდა საარჩევნო სუბიექტების კუთხით. საქმე ისაა, რომ ე.წ. „ოპოზიციურ ერთობაში" ბევრად მეტი სუბიექტია, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააჩნია, მაგრამ საერთო ულუფა, რაც შეიძლება მიიღონ არჩევნების შედეგად, არ არის იმდენი, რომ ამგვარი შეთანხმება მოახდინონ. შესაბამისად, სუბიექტები, რომლებიც უფრო მეტ-ნაკლებად თავდაჯერებულები არიან, ან უფრო მეტი ამბიციები აქვთ, თავისთავად ცდილობენ, რომ უფრო მეტი საკუთარი ხალხი „გაიყვანონ".

„თუმცა, პოლიტიკური ან საარჩევნო თვალსაზრისით ეს სრულიად ნორმალური და ჯანსაღი პროცესია, იმიტომ, რომ ამგვარი ერთობა ეფექტური არის ხოლმე საერთო სახალხო პროტესტის დროს, მაგრამ საარჩევნო კონტექსტში ასეთი ერთობა არ ამართლებს.

„გაერთიანებული ოპოზიციის" არსებობის შემთხვევაშიც კი ხელისუფლებას ერთი ოპოზიციური კანდიატი არ ეყოლებოდა. ოპოზიციის წარმატებაზე ლაპარაკი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ერთი-ერთზე დაუპირისპირდება მთელი ოპოზიცია ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში კი „გაერთიანებული ოპოზიციის" იქით იყვნენ სხვა სუბიექტებიც, მაგალითად „ლელო", „პატრიოტთა ალიანსი" და სხვა დამწყები პარტიები. ამიტომაც, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციას ერთსახოვანი პაექრობა ხელისუფლებასთან ვერ ექნებოდა, შესაბისად, მივიღეთ ის მოცემულობა, რომელიც არსებობს ახლა", - ამბობს გამზარდია.

მისი შეფასებით, საერთო კანდიდატებზე შეთანხმების ვერმიღწევა ოპოზიციისთვის წამგებიანი არ არის.

„პარტიებისთვის საერთო კანდიდატები წამგებიანი იქნებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელს რამდენიმე რეგიონში გამარჯვების მნიშვნელოვანი შანსები ექნებოდა. მაგრამ, მაჟორიტარების თვალსაზრისით არ მგონია, რომ მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა ჰქონდეს ოპოზიციას.

რომ ვთქვათ, ცალ-ცალკე დასახელებული კანდიდატები წამგებიანი იქნება, არ გამოვა სწორი. ისედაც არ არის ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიატები მომგებიან რეჟიმში და ეს გადანაწილება, რაც ხელისუფლებასთან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდა, სწორედ იმ 30 ადგილს გულისხმობს, რომელიც ძირითადად ისედაც ხელისუფლების აქტივში წავა და არა ოპოზიციის. ამიტომ დაისვა ეს პროპორცია.

„ძალიან დიდია ადმინისტრაციული რესურსი. მეორე მხრივ, ოპოზიცია ჩვენთან არ სარგებლობს ელექტორატის დიდი მხარდაჭერით. თავ-თავიანთი პატარ-პატარა ჯგუფები ჰყავთ და სულ ესაა მათი საარჩევნო ბაზარი. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ამ ფაქტორმა მათი წამგებიანობა გაზარდა, ისედაც არ აქვს ოპოზიციას ეფექტური პერსპექტიები და შესაბამიად, დიდად არც არაფერი იცვლება ამით", - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×