მარიამ ნებულიშვილი
06.08.2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახველდიანი დანიშნა. „მგონი აჩქარებულად დანიშნეს ეს ქალბატონი, კრიტიკისთვის თავის ასარიდებლად", - ასე ეხმიანება ამ ფაქტს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა ჩვენთან საუბრისას თქვა, მას ახვლედიანთან საქმიანი შეხება არასდროს ჰქონია.

„წარმოდგენა არ მაქვს, პირველად გავიგე ამ ქალბატონის სახელი და გვარი, არასდროს არ უმუშავია მას კონფლიქტებზე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში. სიმართლე გითხრათ, უშუალოდ მასზე ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს," - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისი აზრით, ახვლედიანის მინისტრად დანიშვნა ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილება უფროა, ვიდრე საქმიანი - ხელისუფლებამ კრიტიკა დაიმსახურა, რადგან მინისტრის პოსტი დიდხანს იყო ვაკანტური და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

„უცნაურია თუ რატომ დაინიშნა. მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო ტექნიკურ საკითხებს ეხება, ვიდრე კონფლიქტებს. მგონია კი არა, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ამაზე. მათ სჭირდებოდათ ვიღაც ადამიანი, რომელიც გააახლებდა მუშაობას.

„ამ ფონზე მგონია, რომ უფრო საინტერესოა ის, თუ ვის დაუნიშნავენ მას პირველ მოადგილედ. ალბათ მისი პირველი მოადგილე იქნება რეალური პოლიტიკის წამყვანი ამ სამინისტროში. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტია, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტების მიმართულებით, აქვთ საკმაოდ კარგი გამოცდილება და ისინი რატომ არ მოხვდნენ ამ პოსტზე, მიკვირს.

„ამიტომაც მგონია, რომ ეს უფრო ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. ძალიან ბევრი კრიტიკა დაიმსახურა ხელისუფლებამ, იმის გამო რომ მინისტრი არ დაინიშნა ამდენ ხანს და მგონი აჩქარებულად დანიშნეს ეს ქალბატონი, კრიტიკისთვის თავის ასარიდებლად", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

აქამდე თეა ახვლედიანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, მანამდე კი - საქართველოს ელჩი ესტონეთში.

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მან ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×